ჰაინრიხ ჰაინე თანამედროვე გერმანული აზროვნების სათავეებთან

ჰაინრიხ ჰაინე თანამედროვე გერმანული აზროვნების სათავეებთან

 

 

დავუშვათ, რომ ჭეშმარიტება ქალია

– როგორ? განა დაუსაბუთებელია ეჭვი, რომ ვერცერთმა ფილოსოფოსმა - რადგან უკლებლივ ყველა მათგანი დოგმატიკოსი იყო

– ქალებს ვერაფერი გაუგო? რომ ის საზარელი სერიოზულობა, მოუქნელი ჩამციებლობა, რომლითაც ფილოსოფოსები აქამდე ჭეშმარიტებისკენ ილტვოდნენ, მოუხერხებელი და შეუფერებელი საშუალებები გახლდათ ქალის

გულის მოსანადირებლად?

 

ფრიდრიხ ნიცშე

„კეთილისა და ბოროტის მიღმა“

 

„რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისათვის გერმანიაში“ ჰანრიხ ჰაინეს ისეთ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება რომელებსაც ჩვენში ნაკლებად იცნობენ. ამის მიზეზი, პირველ რიგში ისაა, რომ საქართველოში ფილოსოფიური ტექსტების თარგმანების მწვავე დეფიციტთან გვაქვს საქმე (ცოდვა გამხელილი სჯობს და არც თავად ორიგინალური ქართული ფილოსოფიური ტრაქტატები გვიხარებენ გულებს ხშირად). ამის გამო, მავანმა შესაძლოა სამართლიანად შენიშნოს: რა დროს ჰაინეს ფილოსოფიური წიაღსვლების თარგმანია, როცა ფილოსოფიური კლასიკის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ამეტყველებულა ქართულადო? თუმცა, ჩვენი ჯიუტი (მაგრამ, ვფიქრობთ, სამართლიანი) აზრით, ამ ტექსტის გამოცემა (თუმცა, ის ნამდვილად არ განეკუთვნება ფილოსოფიის კლასიკურ ნაწარმოებთა რიგს) იმიტომაა მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი ფილოსოფიური თუ ლიტერატურული საზოგადოებისთვის, რომ ჰაინე ამ წიგნში გერმანული ფილოსოფიის (რომელიც  ბერძნულთან  ერთად  ალბათ

 

ყველაზე გავლენიანი ტრადიციაა ფილოსოფიის ისტორიაში) და რელიგიის ისტორიის ერთ-ერთი უმახვილგონივრულეს, უორიგინალურეს და უნატიფეს გააზრებას გვთავაზობს მათ შორის რაც ოდესმე ამ თემაზე დაწერილა.

 

ერთობ საინტერესოა, რომ გერმანული კლასიკური ფილოსოფია, ბედის ირონიით, გასაოცარი სირთულითაა დაწყევლილი -  მას არც პლატონის პოეტურობისა  სცხია რა და არც დეკარტის აზროვნებისთვის დამახასიათებელი სიცხადის ფრთები აქვს გამობმული. ალბათ ამ მიზეზით, გერმანული აზროვნების მემატიანენი ისეთი სერიოზულობით უდგებიან ხოლმე ამ საგნის ისტორიის გადმოცემის ურთულეს ამოცანას, რომ მკითხველს (განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი მაინც და მაინც ამ საეჭვო პროფესიის წარმომადგენელთა რიგს არ მიეკუთვნება) ამ თემაზე დაწერილი წიგნების უმეტესობის გადაშლის და პირველივე აბზაცის თვალის შევლებისთანავე იმგვარი მოწყენილობა და სევდა მოეძალება, რომ ჩათვლემის გარდა კაპიტულაციის სხვა უფრო ღირსეულ ვარიანტს ვეღარ პოულობს და სიზმართა უღრმეს სიღრმეებს მიაშურებს ხოლმე - ასე იყო წარსულში და სამწუხაროდ ასეა დღემდე.

 

რა გასაკვირია, რომ ჰაინე - გერმანული ლიტერატურის ყველაზე ენამოსწრებული კაცი, ირონიის დიდოსტატი, ერთ დროს რომანტიკოსი და რომანტიზმისვე მძლეველი პოეტი - გერმანული აზროვნების თავგადასავლის ასე ჩიქორთულად მოყოლის მეთოდის მომხრე ვერაფრით იქნებოდა და ამის შემყურემ, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ფილოსოფოსი არ ყოფილა, გადაწყვიტა გერმანული რელიგიური და ფილოსოფიური აზრის ისტორია ყველასთვის გასაგებ და დახვეწილ ენაზე დაეწერა.

 

ალბათ, არც იმის თქმა იქნება უადგილო, რომ ჰაინეს მიერ ფილოსოფიაზე მსჯელობისას სტილის გალიტერატურულება და აზრების უფრო ხელმისაწვდომი მანერით გადმოცემა არაა ერთადერთი ღირსება, რომელიც ამ წიგნს ახლავს. ჰაინეს დამსახურების ამ ფაქტით შემოფარგვლა, მხოლოდ ჩვენი ზედაპირულობის მანიშნებელი თუ იქნებოდა. იმ სამწუხარო ზედაპირულობისა, რომლის გამოც საქართველოში გავრცელებულია აზრი, რომ  ჰაინე სხვა არაფერია თუ არა ლამაზი, დახვეწილი, ჰაეროვანი, ირონიით გაზავებული ლირიკოსი. მას ხშირად დაცინვით (დავწერდი ხუმრობით მეთქი, მაგრამ არაზუსტი ვიქნები) გერმანელ აკაკი წერეთლადაც მოიხსენიებენ, რაც როგორც ერთი ასევე მეორე ავტორის დაკნინების მიზნით ხდება ხოლმე - ორი ქარაფშუტა პოეტი, რომელთა ნიჭი და მემკვიდრეობა ლამაზი, მაგრამ ცარიელი ფორმების და ენამოსწრებული სიტყვა-პასუხის იქით ვერ მიდის. საუბედუროდ არც ის უნდა დავმალოთ, რომ აკაკის ჰაინეს ერთ-ერთი ლექსის მთარგმნელობასაც მიაწერენ ხოლმე შეცდომით; მაგრამ როგორ უნდა ვემდუროთ         ქართველ          ტურფა ინტელექტუალებს       მაშინ, როცა ილია ჭავჭავაძის მიერ ციტირებული ლაიბნიცის სიტყვები - აწმყოს მშობელი წარსულისა და მისი შვილიშვილი მომავლის შესახებ - ვერავის დაუდგენია დღემდე ზუსტად რომელი ნაწარმოებიდანაა აღებული, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საქართველოს პირზე აკერია ეს გამონათქვამი. თუმცა, ჰაინემ თავისი შემოქმედების საკმაოდ დიდი ნაწილი პუბლიცისტიკას უძღვნა, ჩვენთვის მისი ლიტერატურული საქმიანობის ეს მხარე მაინც ბურუსითაა მოცული და ცოტა არ იყოს გვიჭირს იგი ჰეგელისა და კანტის აზრების თამამ ინტერპრეტატორთა რიგებს მივაკუთვნოთ და უფრო მეტიც ისეთ მოაზროვნედ გამოვაცხადოთ, რომელმაც კლასიკური გერმანული ფილოსოფიის ერთობ ორიგინალური ინტერპრეტაციით აზროვნების იმგვარი სახის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რომელიც საბოლოოდ ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიით დაგვირგვინდა, ცოტა  მოგვიანებით კი ისეთი მოაზროვნეების იდეებზე მოახდინა გავლენა როგორებიც ზიგმუნდ ფროიდი და ვალტერ ბენიამინი იყვნენ.

 

მაშ დავსვათ კითხვა: მაინც რა არის ამ წიგნში ასეთი ენიგმატური, რომელიც ჯერ კიდევ იზიდავს თანამედროვე მკითხველთა ნათელ გონებებს?

 

ფორმის მიხედვით თითქოს არაფრით  გამოირჩევა: წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი და გერმანული რელიგიური აზროვნების და ფილოსოფიის განვითარების სამი სხვადასხვა ეტაპის შესახებ მოგითხრობს.

 

პირველ წიგნში საუბარი გერმანიაში შუა საუკუნეებში გავრცელებული ქრისტიანობის მანიქეველურ და გნოსტიკურ საფუძვლებზეა, რომელმაც კეთილი და ბოროტი საწყისების შემოტანით ძველი გერმანული ღმერთები განდევნა, გადააგვარა, ჯუჯებად, გნომებად, კობოლდებად და პოლტერგაისტებად აქცია, ადამიანის სხეული ბოროტების ეკვივალენტად შერაცხა, სული კი სიკეთის. ცოტა მოგვიანებით, ძველი ღმერთების ამ დაკნინებას დაერთო რომის ეკლესიის თავშეუკავებელი ქცევა, რაც ასკეტური ცხოვრების წესის ქადაგებასა და ამ ქადაგების პარალელურად ინდულგენციების გაყიდვასა და უკიდურესი ფუფუნებით ცხოვრებაში გამოიხატებოდა. ამ ყველაფერმა კი იმ მარტინ ლუთერის გაჩენას შეუწყო ხელი, რომელმაც გერმანია ხელიდან გამოგლიჯა კათოლიციზმს და გერმანიის სწორედ ისეთი სახით ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი, როგორადაც ის მეცხრამეტე საუკუნეში მოგვევლინა - მუსიკის, ხელოვნების, მეცნიერების, და ფილოსოფიის გერმანიის.

 

მეორე ნაწილი თავიდან გერმანული და ებრაული აზროვნების ურთიერთობას მიმოიხილავს (ჰაინესთვის, როგორც გერმანელი ებრაელისთვის, ებრაული და გერმანული აზროვნების და კულტურების ურთიერთმიმართება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი მოტივი იყო). ეს წიგნი სპინოზას გავლენაზე მოგვითხრობს - რომლის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელი კლასიკური გერმანული ფილოსოფია (შელინგი იქნება ეს თუ ჰეგელი), შემდეგ განმანათლებლობაზე, მოზეს მენდელსონის როლზე და ბოლოს კვლავ დიდი ებრაელი სპინოზისტით - გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგით სრულდება.

 

მესამე ნაწილში კანტზე, ფიხტეზე და შელინგზე გვესაუბრება. ბოლოს ჰეგელსაც ახსენებს, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, მისი ფილოსოფიის მიერ მიღწეულ შედეგებს საერთოდ არ აღგვიწერს. წიგნის უკანასკნელ გვერდებზე ჰაინე წინასწარმეტყველურად აფრთხილებს ფრანგებს და ეუბნება, რომ იმ ისტორიული და ფილოსოფიური კატაკლიზმების შემდეგ რაც გერმანულმა აზროვნებამ და გერმანიამ გამოიარა, ფრანგები და მთელი მსოფლიო შიშით უნდა ელოდებოდეს აფეთქებას, რომელიც გარდაუვლად მოჰყვება ამ სააზროვნო რევოლუციას, იმ სააზროვნო წრის შეკვრას, რომელიც გერმანიამ ქრისტიანობის მიღების შემდეგ, განმანათლებლობის გავლით და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ჩამოყალიბებით გაიარა. ეს აფეთქება ჰაინეს აზრით დიდი კატასტროფით უნდა დამთავრებულიყო მთელი მსოფლიოსთვის:

 

„... და როცა ისეთ გრგვინვას გაიგებთ, როგორაც არასდროს დაუგრგვინია მსოფლიო ისტორიაში, იცოდეთ, გერმანულმა ჭექა-ქუხილმა საწადელს მიაღწია. ამ ხმაურზე არწივები ზეციდან დაიწყებენ ცვენას, აფრიკის უშორეს უდაბნოში კი ლომები კუდს ამოიძუებენ და თავიანთ სამეფო გამოქვაბულებში შეიძურწებიან. გერმანიაში ისეთი სპექტაკლი დაიდგმება, რომ მასთან შედარებით ფრანგული რევოლუცია უვნებელ იდილიად მოგეჩვენებათ.“

 

პირველი რაც თვალში გვხვდება რა თქმა უნდა ჰაინეს წინასწარმეტყველური სიტყვებია, რომელიც გერმანულ საფრთხეზე მიგვანიშნებს. ჩვენ მართლებიც ვიქნებით თუ ვიფიქრებთ, რომ ჰაინე ამ წინადადებით პირველ და მეორე მსოფლიო ომს მრავალი ათწლეულით ადრე განჭვრეტს. თუმცა, საინტერესოა, რომ ჰაინე გერმანული სულის დამანგრეველ ენერგიაზე საუბრის დროს, ამ სამომავლო მოვლენას სრულებითაც ვერ წარმოიდგენს იმგვარ კატასტროფად, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ უბედურების მომტანი შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ინტუიციურად ამოიცნობს გერმანული სულის სამომავლოდ გარდაუვალ აფეთქებას, ამ მოვლენას მოყოლილ უამრავ უბედურებას, ის მაინც ვერაფრით წარმოიდგენს ჰოლოკოსტის იმ საშინელებებს რომელიც ამ გამოღვიძებას მოჰყვა. ჰაინე ჯერ კიდევ ისტორიული პროგრესის რწმენითაა სავსე - მას სჯერა, რომ ეს რევოლუცია აუცილებლად კაცობრიობის ბედნიერი მომავლის გარანტი იქნება, რომელიც უფრო ლამაზ, ესთეტიკურ, მდიდარ და სიამოვნებით სავსე სამყაროს შექმნის:

 

დიდი რევოლუციური სიტყვა, რომელიც სენტ ჟუსტმა წარმოთქვა: “le pain est le droit du peuple”, ჩვენში ესე ჟღერს: “le pain est le droit divin de l’homme.” ჩვენ ვიბრძვით არა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ხალხისთვისაა განკუთვნილი, არამედ ღვთიური უფლებებისთვის, რომელიც ადამიანს ეკუთვნის. ამაში კიდევ რამდენიმე საკითხით განვსხვავდებით რევოლუციის ხალხისგან. ჩვენ სანსკულოტობა, ბიურგერული ხელმომჭირნეობა, ან იაფფასიანი პრეზიდენტები კი არ გვწადია: ჩვენ თანაბარსაოცარ, თანაბარწმინდა, თანაბარნეტარ ღმერთთა დემოკრატიას ვეფუძნებით. თქვენ მოითხოვთ: უბრალო ტანსაცმელს, თავშეკავებულ ზნე-ჩვეულებებს და შეუკმაზავ სიამოვნებებს; ჩვენ, ამის საპირისპიროდ, ნექტარი და ამბროზია, აბრეშუმის მოსასხამები, ძვირადღირებული ნელსურნელება, მგრძნობელობა და ბრწყინვალება, მოკისკისე ნიმფების როკვა, მუსიკა და კომედია გვსურს - ძალიანაც ნუ აბუზღუნდებით, სათნო რესპუბლიკელებო! თქვენი ცენზურული საყვედურების საწინააღმდეგოდ, შექსპირის მასხარის სიტყვებით გიპასუხებთ: „ფიქრობ, რადგანაც თავად ხარ სათნო, ამ ქვეყანაზე არც გემრიელი ნამცხვრები და არც საამური შამპანური არ უნდა იყოს?“

 

ჰაინეს აზროვნებაში მყარად ჰქონდა გადგმული ფესვი ისტორიის შესახებ იმგვარ წარმოდგენას, რომელიც ისტორიის დასასრულად თავისუფლების, სოციალურ თანასწორობას და კეთილდღეობის დადგომას მოიაზრებდა. სწორედ ამ აზრში შეიძლება ვეძებოთ პასუხი შეკითხვაზე, რომელიც რომელიც ჩვენ ზემოთ დავსვით, ანუ რა შეიძლება ყოფილიყო ჰაინეს წიგნის ამგვარი მიმზიდველობის (დახვეწილი სტილისა და მასში ჩაწნული მახვილგონივრულობის გარდა) მიზეზი? რომელმა ინტელექტუალურმა წყაროებმა, უბიძგა მას ამგვარ დასკვნებამდე მისვლა? რა ვიზიონერულმა ძალამ აიძულა გერმანიის და მსოფლიოს მომავალი ასე საინტერესოდ განეჭვრიტა? ამის მიზეზი კი, არც მეტი არც ნაკლები, ჰეგელის ისტორიის ფილოსოფიის მეთოდის ერთობ ორიგინალურ გამოყენებაში მდგომარეობს.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჰეგელმა თავისი აკადემიური კარიერის განმავლობაში არაერთხელ წაიკითხა ლექციების ციკლი მსოფლიო ისტორიის ფილოსოფიის შესახებ, რომელშიაც ისტორიის პროცესში მსოფლიო სულის მოძრაობის მოუთხრობდა მსმენელს და ამავდროულად არწმუნებდა მას, რომ ისტორია შესაძლოა გაგვეგო როგორც თავისუფლების ცნობიერებაში წინ გადადგმულ ნაბიჯთა ერთობლიობა, რომელიც საბოლოოდ საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციასთან და განმანათლებლობის ეპოქასთან ერთად სრულდებოდა. ასევე ცნობილია, რომ ბერლინის უნივერსიტეტში სწავლისას ჰაინე ესწრებოდა ჰეგელის ლექციების სწორედ ამ კურსს და კარგად იცნობდა ამ კონცეფციას, გარდა ამისა იგი ჰეგელის უმცროსი მეგობარი იყო და ჰქონდა პრივილეგია მასთან პირად საუბრებში კიდევ უფრო ჩაღრმავებოდა სხვადასხვა ფილოსოფიურ საკითხს. აშკარაა, რომ პარიზის ემიგრაციაში ყოფნისას, სხვა ობიექტურ გარემოებებთან ერთად, სწორედ ამ საუბრებმა მისცა ბიძგი მას, რომ გერმანული კულტურისა და აზროვნების შესახებ რთული ამოცანისთვის სრული სერიოზულობით მოეკიდა ხელი, ამავდროულად ეს სერიოზულობა მისთვის ჩვეული ირონიით შეეზავებინა და ორიგინალური ნაწარმოები შეექმნა, რომელიც ისტორიას არამხოლოდ ქრონოლოგიურად არამედ ფილოსოფიურადაც გადმოგვცემდა და მასში სოციალურ მნიშვნელობას, სოციალური ცვლილებების ფილოსოფიურ საზრისს და ფილოსოფიური აზრების წარმოშობის ფილოსოფიურ საფუძვლებს დაგვანახებდა. საინტერესო ის იყო, რომ ჰაინეს მიერ შემოტანილი სიახლე ერთის მხრივ იმაში მდგომარეობდა, რომ მან ჰეგელის მსოფლიო ისტორიის გააზრების მეთოდი უფრო ლოკალური გახადა, გერმანული რელიგიისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბების პროცესის აღსაწერად გამოიყენა და გვიჩვენა, რომ ისტორიული და სოციალური კონტექსტის გარეშე ნებისმიერი ფილოსოფიური იდეის თუ კონკრეტული ნაწარმოების გაგება საზრისს მოკლებულია, რადგან აზრი ისტორიაში, თავად ისტორიული პროცესების შედეგად და მისგან შობილი სინამდვილის გასაგებად იქმნება; მეორეს მხრივ კი, დაგვანახა, რომ რომ ისტორიის გაგება შეუძლებელია, კონკრეტული სისტემების ერთმანეთისგან განცალკევებით, რომ რელიგიის და ფილოსოფიის ურთიერთმიმართება სრულებითაც არაა, ცალკეული მსჯელობის საგანი და თუ ერთს მეორისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ, ხელიდან გაგვისხლტება სრული სურათი,  რომელიც ამ აზროვნების და თვითშემეცნების ამ ორი სახის ურთიერთმიმართების შედეგად წარმოიშობა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ თავად „რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისთვის გერმანიაში“ ჰაინეს ჩაფიქრებული ჰქონდა, როგორც ისტორიულ-იდეური ნიადაგი 1836 წელს გამოცემული წიგნისთვის - „რომანტიკული სკოლა“, რომელშიაც ის გერმანული ლიტერატურის ისტორიას მიმოიხილავს რომანტიზმის პერიოდის ჩათვლით. თუ ამ მიდგომას ჰეგელის ფილოსოფიის პერსპექტივიდან შევხედავთ ვნახავთ, რომ ჰაინემ აქაც ჰეგელის ფილოსოფიური შეხედულებების მიხედვით იმოქმედა, რადგან ჰეგელის მიხედვით, სწორედ რელიგია, ფილოსოფია და ხელოვნებაა ის სამი გზა, რომლის საშუალებითაც ადამიანი საკუთარი თავის შემეცნებისკენ მიდის. ზუსტად ამას გულისხმობს ჰაინე, როცა პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში, წიგნს დიდი გარეგნულად დასრულებული ფორმის მიუხედავად,უფრო დიდი მთლიანობის ნაწილად მოიხსენიებს. იგი ჰეგელის კვალდაკვალ ცდილობს გერმანული აზროვნება ამ სამი გზის მთლიანობაში წარმოდგენის. ჰეგელი „სულის ფენომენოლოგიის“ წინასიტყვაობაში ამბობს: „ჭეშმარიტი არის მთელი. მაგრამ მთელი არის მხოლოდ თავისი განვითარებით დასრულებული არსება.“ შესაძლოა ამ სიტყვებში უნდა ვეძიოთ ჰაინეს ნაწარმოების და გასაღები. ჰაინეს სურს, რომ გერმანული სულის (ფილოსოფიის, რელიგიის და ლიტერატურის) ჭეშმარიტი არსი წარმოგვიდგინოს, ამისთვის კი ის ჰეგელის ისტორიულ მეთოდს იყენებს. მას სწამს, რომ აწმყოს გასაგებად წარსულის გააზრებაა საჭირო - მისი ისტორიული სვლის, განვითარების გააზრება, რომელიც სრულ, მთლიან წარმოდგენას შეგვიქმნის საკითხზე. ეს მთლიანობა და ისტორიული განვითარების გაგება კი საბოლოოდ გერმანიის ჭეშმარიტ, ნამდვილ გაგებამდე მიგვიყვანს.

 

ფილოსოფიის  ისტორიას  თვალს  თუ  გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ადამიანის განსაზღვრების არაერთი მცდელობა ყოფილა - კლასიკური ბერძნული ფილოსოფიიდან მოყოლებული არაერთი ამგვარი დეფინიცია შემოუთავაზებიათ, რაც ადამიანის არსის დადგენაში დაგვეხმარებოდა. ზოგი ფილოსოფოსი ადამიანს პოლიტიკურ, ზოგი რაციონალურ, ზოგი სიმბოლურ და ზოგი საერთოდაც დაუდგენელ ცხოველად განსაზღვრავდა. თუმცა, ურთულესი საქმეა რომელიმე კონკრეტულ ფილოსოფოსს მივაწეროთ განსაზღვრება „ისტორიული ცხოველი“, ჰეგელის ფილოსოფია ჩვენ სწორედ ამგვარი დასკვნისკენ გვიბიძგებს: ადამიანის არსის ტრადიციულ განსაზღვრებებთან ერთად „ისტორიული ცხოველს“ საპატიო ადგილის დაკავება შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილ (ან წინასიტყვაობის ავტორის მიერ უყურადღებობით გამორჩენილ) დეფინიციებს შორის (მიუხედავად იმისა, რომ ჰეგელის შრომათა კორპუსში ძალიან გაგვიჭირდება ადამიანის ამგვარი განსაზღვრების მოძებნა). ადამიანის ბუნების ამგვარი გაგება, მართებული იმიტომაც შეიძლება იყოს, რომ ადამიანი, როგორც საზოგადოებრივი არსება, კონკრეტული ისტორიული მოვლენების შედეგად ყალიბდება, რომლებსაც მანამდე სხვა ისტორიული მოვლენები უძღოდა წინ, ამ ისტორიულ მოვლენებს კი სხვა მოვლენები უსწრებდნენ და ა.შ. და ა.შ. ამიტომ თუ ვიტყვით, რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია - პოლიტიკური, როგორც სპეციფიკური ნიშანი გადაჭარბებით აბსტრაქტული შეიძლება იყოს, რადგან საზოგადოებრივი ევოლუციის ისტორიაში, პოლიტიკურის სხვადასხვანაირი გაგება და გამოვლინება არსებობდა. განსხვავებულ პოლიტიკურ წყობაში განსხვავებული პოლიტიკური ცნობიერება ყალიბდებოდა ადამიანებში, ისვე როგორც რელიგიურ ერთობებში ამოიზრდებოდა განსხვავებული ცნობიერება, ეს ყველაფერი კი სოციალური ცვლილებების მიზეზი ხდებოდა. ჰეგელი (რომელიც ცნობილია თავისი სირთულით), სხვა უაღრესად საინტერესო იდეებთან ერთად, თითქმის მთელი თავისი შემოქმედების განმავლობაში უტრიალებდა და ამუშავებდა ამ იდეას. ისტორიული განვითარებისა და პროგრესის იდეამ შემდგომში არაერთი გაგრძელება პოვა ფილოსოფიის ისტორიის მსვლელობისას. ჰეგელის ეს იდეა ჩვენს ყოველდღიურ მეტყველებაშიც კი ისე შემოიპარა, რომ ვერც კი ვამჩნევთ როგორ ხშირად ვიყენებთ, ამ საკმაოდ რთულ აზრს, როცა მაგალითად ვამბობთ: „როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ოცდამეერთე საუკუნეში?“, რადგან წინსვლის და პროგრესის იდეა ჩვენი ყოველდღიური ცნობიერების განუყოფელ ნაწილად იქცა (თუმცა ვინ იცის, სადაც წინსვლაა იქ უკუსვლაც არაა გამორიცხული - სამწუხაროდ ამაში ხშირად ისევ ზემოთნახსენები ყოველდღიურობა გვარწმუნებს ხოლმე). მაგრამ ჩვენ არასდროს ვფიქრდებით, იტყოდა თუ არა მაგალითად მერვე საუკუნეში მცხოვრები რიგითი გლეხი სიტყვებს: „როგორ შეიძლება ეს მერვე საუკუნეში ხდებოდეს?“ ექნებოდა თუ არა მას ისტორიულად განსაზღვრული და წინსვლასთან დაკავშირებული ამგვარი ცნობიერება?!

 

ამ რთული იდეის  პირველი  ორიგინალური  და მახვილგონივრული ინტერპრეტაცია სწორედ ჰაინრიხ ჰაინეს ეკუთვნის. რომელიც არ შეუშინდა საქმის სერიოზულობას და მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქითა და სილაღით დაგვიწერა გერმანული  რელიგიური და  ფილოსოფიური აზრის სოციალური ისტორია, ნარკვევის ბოლოს კი იმ სამომავლო შედეგების საკმაოდ ზუსტი და თავზარდამცემი პროგნოზიც შემოგვთავაზა, რომელიც ამ განვითარებას უნდა მოჰყოლოდა. რთული ფილოსოფიური და რელიგიური განვითარების ასე პოეტურად და დახვეწილად წარმოჩენით კი დაგვანახა, რომ ურთულესი ჭეშმარიტებების მოხელთებისთვის მხოლოდ მოსაბეზრებელი და მოსაწყენი გზები კი არ არსებობს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეცნიერება მხიარულიც შეიძლება და უნდა იყოს, რითაც ჰეგელსა და ნიცშეს შორის დაიკავა ღირსეული ადგილი, თანაც ისე რომ მის ნაწერში ყოველგვარი გულისგამაწვრილებელი სერიოზულობის მისხალიც კი არ ყოფილა.

 

ამგვარად, თქვენს წინაშეა ჰაინრიხ ჰაინეს ნაშრომი, რომელმაც მთარგმნელის გული გადაშლისთანავე მოინადირა, კითხვის დამთავრებისთანავე დაარწმუნა ავტორის გამაოგნებლად მახვილგონივრული მიდგომის სამართლიანობაში, სამერმისოდ კი დამარხულ ქართულ ენაზე მოთარგმანებისთვის შეაგულიანა. ეს არის წიგნი, რომელიც ისე, რომ მავანი და მავანი ინტელექტუალის ელეთ-მელეთს ყურადღების ღირსადაც არ თვლის და გვიმტკიცებს, რომ ფილოსოფოსობა და აზროვნება მაინც და მაინც იმგვარი ბნელმეტყველება კი არაა, რომელსაც  ფილოსოფიური აზრის გადმოცემა განზრახ გაბუნდოვნებული წერის სტილით და კუდაბზიკა ყოყოჩობით შესუნელებული კონცეპტების გრგვინვა-გრიალით განუზრახავს, არამედ ადამიანთათვის გასაგებ ენაზე დაწერილი, ცხადზე უცხადესი აზროვნებაა და საბედნიეროდ გამოვლინებას მხოლოდ სქელჩარჩოიანი სათვალეებით ცხვირდამძიმებულ მოაზროვნეთა მოხუჭუჭებულ ტვინის ხვეულებში, გაუგებარ ტრაქტატებში და მოსაწყენ სამეცნიერო კონფერენციებში კი არ პოვებს, არამედ ჩვენს ყოველდღიურობასა და სინამდვილეში,  ჩვენს  საფიქრალსა და გასაჭირში, ჩვენს ცრემლსა და აღმაფრენაში, ჩვენს დამარცხებებსა და გამარჯვებებში.

 

* * *

თარგმანისას ვიყენებდი 2016 წელს გამოცემულ გერმანულ აკადემიურ გამოცემას (Heinrich Heine, Zur Geschichte der Religion und Philosophie in Deutschland, Herausgegeben von Jürgen Fernenr, Stuttgart Bibliographisch ergänzte Ausgabe, 2016.), შედარებისთვის კი ნაწარმოების ინგლისურსა (Heinrich Heine, On the History of Religion and Philosophy and other Writings, ed. by Terry Pinkard, Cambridge University Press, 2007.) და რუსულ თარგმანებს (Генрих Гейне, К истории религии и философии в Германии, Генрих Гейне, собрание сочинений в 10 томах, том 6, Ленинград, 1958.). კომენტარების დართვისას ნაწილობრივ ფერნერის, ნაწილობრივ პინკარდის გამოცემას ვეყრდნობოდი, ნაწილობრივ კი თავად მიწევდა რაღაცების ჩამატება.

 

ცალკე მსურს გამოვყო ადამიანები, რომელთა გარეშეც ეს თარგმანი ვერაფრით შეისხამდა ფრთებს: დიდი მადლობას ვუხდი არაჩვეულებრივ პოეტს და პუბლიცისტს ანდრო ბუაჩიძეს, რომელმაც ბრწყინვალედ და უანგაროდ თარგმნა მარტინ ლუთერის ჰიმნი „ჩვენი ციხეა ღმერთი მაღალი“, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს რედაქტორებს: ალექსანდრე ალადაშვილს, ივანე შატბერაშვილს და ნინო ჯაფარიძეს, რომელთა შრომის გარეშე წიგნს რადიკალურად სხვა სახე ექნებოდა ვიდრე ამჟამად აქვს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა სოსო დუმბაძეს რომელმაც გერმანიიდან საჩუქრად ჩამომიტანა ამ წიგნის აკადემიური, კომენტირებული გამოცემა, რამაც არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა წიგნის გადმოქართულების და კომენტირების რთულ საქმეში. ბოლოს კი, თუმცა არა უკანასკნელ ადგილას, მსურს მადლიერების გრძნობა თბილისის გოეთეს ინსტიტუტისადმიც გამოხვატო, რომლის კეთილშობილური ხელშეწყობის გარეშეც წიგნი ვერაფრით იხილავდა მზის სინათლეს.

 

 

გაზიარება: