ქართული კულტურის სული – ბრძოლის კულტი

ქართული კულტურის სული – ბრძოლის კულტი

საქართველოს წარსულში ჩვენ ვხედავთ ქართველის დამახასიათებელ თვისებებს: ქართველი, როგორც ტიპი, ისტორიული პიროვნებაა, რადგან ქართველის ინდივიდუალურ თვისებებს ქმნიდა ქართველი ერის ისტორია. საზოგადოდ ტიპი გამომხატველია  ისტორიულ-კულტურული მოძრაობისა და განვითარების. პეჩორინი წარმოუდგენელია გერმანიაში ისე, როგორც ფაუსტი წარმოუდგენელია რუსეთში. ფაუსტი შეიძლება საკაცობრიო, მსოფლიო იდეალების და აზრების გამომხატველი ტიპი იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაუსტის ფსიქოლოგიური დაზგა გერმანულია და ფაუსტი გერმანელი. ჩვენი ბარათაშვილი ძალიან წააგავს ლერმონტოვს და ბაირონსაც, მაგრამ ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია ბარათაშვილი – რუსი, ლერმონტოვი – ინგლისელი და ბაირონი – ქართველი.

 

შემოქმედ ინდივიდუალობაში ლაპარაკობს არა მარტო ინდივიდუუმი – კონკრეტული პიროვნება, არამედ საუკუნეთა მოძრაობა და განცდა. ტიპი არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ისტორიული ფენომენიცაა. ყოველი ქართველის მოძრაობაში ისახება მთელი ისტორია თავისებურების: უბრალო ლაპარაკის დროს თქვენ შეგიძლიათ ქართველის სახეზე ამოიკითხოთ საქართველოს წარსული.

 

საუკუნეთა განმავლობაში იქმნება ფსიქოლოგიური კავშირი ერსა და ტერიტორიას შორის. ეს კავშირი ორგანული ნაყოფია მრავალ წელთა ძიების, ბრძოლის და შეთანხმების.

 

გრენლანდიაზე მცხოვრებლებს პარიზში ცხოვრება არ შეუძლიათ და პარიზელები გრენლანდიაზე ვერ იცხოვრებენ: სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა ტიპებს შეუძლიათ ცხოვრება და ისიც მხოლოდ ისტორიული შეგუების და შეგრძნების შემდეგ.

 

საქართველოს ისტორიული თვისება ბრძოლაა: ჩვენში იბრძოდნენ არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც. საქართველოში ქალები ისეთივე მხედარნი არიან, როგორც მამაკაცები, – ამბობს საბერძნეთის ისტორიკოსი ჰეროდოტე – ნადირობენ ქალებიც და ქმარს არ ირთავენ, ვიდრე თითო მტერს სამშობლო ქვეყნისას არ მოკლავენ. ჩვენ ვიცით, აგრეთვე, რომ როდესაც რომის მხედართმთავარი ეომებოდა ქართველებს, ქართველთა ლაშქარში იყვნენ ქალებიც.

 

მაგრამ, ყველაზე უფრო საყურადღებოა დიოდორ სიცილიელის სიტყვები საქართველოს ამაზონებზე და ამაზონთა სამეფოზე: მდინარე თერმოდორის მახლობლად ცხოვრობდა თურმე ერთ დროს ვიღაც თავადი ამასიელი. როდესაც ეგვიპტელები შემოვიდნენ საქართველოში, მამაკაცთ გაუჭირდათ მათი ძლევა და განდევნა საქართველოდან. მაშინ ამასიელი თავადის ქალმა შეადგინა თურმე ახალგაზრდა ქალთა მხედრობა თემის კარში, შემდეგ ეს მხედრობა გაძლიერდა საკვირველად, გაუმკლავდა და დაესხა თავს ეგვიპტელებს; ეგვიპტელები არ მოელოდნენ ამას და დამარცხდნენ: უმრავლესობა ქალებმა ამოწყვიტეს და დანარჩენიც უკანვე განდევნეს, მათმა მხნეობამ და ბრძოლამ თავზარი დასცა უცხოელებსა და უცხოელებმა ამასიელ ქალებს დაარქვეს ამაზონები, ხოლო საქართველოს დასავლეთს, ზღვის პირად მცხოვრებლებს – კოლხიდარნი (ქალნი მხედარნი) და მათ ქვეყანას კოლხიდა.

 

ამასიელი ქალები იბრმავებდნენ მარჯვენა ძუძუს, რომ იარაღი უკეთესად ეხმარათ. ამასიელ ქალთა მეფობამ დიდხანს გასტანა: ტროელებთან საბერძნეთში ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ: ეხმარებოდნენ ტროელებს: აქილევსმა მოკლა მათი დედოფალი პენთასილა, ამასიელი ქალები შემდეგ შევიდნენ საბერძნეთში, დიდხანს ეპყრათ საბერძნეთი და ჯავრიც ამოიყარეს.

 

მერმე ააშენეს ეფესოს სახელოვანი ტაძარი, რომელიც დაიღუპა ალექსანდრე მაკედონელის დაბადების ღამეს და რომლის დაღუპვას ისტორიაში აქვს ღრმა სიმბოლური სახე: იკარგება ქალთა შემოქმედების უძვირფასესი ნაშთი და იმავე დროს იბადება მამაკაცი გენიოსი: როდესაც ალექსანდრე მაკედონელი პირველად შემოვიდა, მას მიეგება პატივსაცემად ლამაზი დედოფალი თალისტრია სამასი ამაზონით.

 

ჩვენში საუკუნეთა განმავლობაში იბრძოდნენ ქალები, იბრძოდა სამღვდელოება, იბრძოდნენ ქართველები, ქართველი ერი. ბრძოლა საქართველოს მოძრაობის და სიცოცხლის ესთეტიკური პრინციპია: ბრძოლა და უთანხმოება ჩვენი რელიგიაა. ქართველის ფილოსოფია ბრძოლის ფილოსოფიაა. ქართველი გრძნობს ბრძოლის სტიქიურობას და გამარჯვების წარმავლობას: ამიტომ შექმნა მან მეტად სიმბოლური სიტყვა – წუთისოფელი – სიტყვა გამომხატველი ცხოვრების უკუღმართობისა და ამაოების, სიტყვა მჭრელი და მარადიულად კონკრეტული: დააკვირდით დილის სალამს: დილა მშვიდობისა, ამბობს ქართველი. განა ამ სიტყვებში არ გამოიხატება ქართველი ერის ისტორიული ფსიქოლოგია? დააკვირდით სიტყვებს: საღამო მშვიდობისა. დღე და ღამე მთელი ცხოვრებაა ქართველისათვის, ბრძოლის არენაა და დილა მშვიდობისა  სანატრელი გამხდარა ისე, როგორც საღამო მშვიდობისა: ამ სიტყვებში ისმის საუკუნეთა ბრძოლისა და მღელვარების ხმა, გვემულთა ძახილი და სურვილი შესვენებისა, – მშვიდობიანობისა, დილა ნებისა – ამბობს აგრეთვე ქართველი, საღამო ნებისა, – ამბობს იგი, აქ დილა ნებისა – ამბობს აგრეთვე ქართველი, საღამო ნებისა, – ამბობს იგი, აქ კიდევ უფრო ღრმად ესმის არსებობის ტრაგედიის ხმა, რომელსაც ეძახიან ნების თავისუფლების საკითხს.

 

დილა ნებისა, საღამო ნებისა – აქ ნების თავისუფლების საკითხია დასმული. ნების თავისუფლება აქ გამოხატავს ინდივიდუალობის განთავისუფლებას, ცხოვრების სტიქიურობის ძლევას, ადამიანის გამარჯვებას და არა რაციონალისტების „კატეგორიულ მოვალეობას”. სიტყვა – გამარჯობა (გამარჯება) საუცხოოდ ასურათებს ქართველის სულიერ წყობილებას და ცხოვრების შემეცნების და შეგრძნების ხასიათს: ქართველი, როდესაც ქართველს ან ვისმე სხვას ეუბნება – გამარჯობას (გამარჯვებას) ამით ინსტინქტურად უახლოვდება ცხოვრებას – ახასიათებს ცხოვრებას როგორც ბრძოლას, ბრძოლის ფენომენს და გამოთქვამს სურვილს, რომ ადამიანი იყოს მარჯვედ, გამარჯვებული: აქ იხატება ისტორია, წარსული, წინაპართა გმირობა, საუკუნეთა ბრძოლა და სისხლი, გულკეთილობა და ცხოვრების სტიქიურობის მიღება.

 

საქართველოს ისტორიულ-ფსიქოლოგიური სახე გამორკვეულია. ამ სახეზე დასმულია ბრძოლის ბეჭედი, წარმართობის ცეცხლში გატარებული. ბრძოლა საქართველოს ისტორიული თვისებაა და ქართველი ერის სულიერი დრამა დღესაც გვიმტკიცებს ამას, საქართველოში განყენებული მსჯელობის დრო არ იყო.

 

რელიგიას საქართველოში ჰქონდა ესთეტიკური და პოეტური ხასიათი: ჩვენი ერი მწვალებლობას არ იცნობს სწორედ იმიტომ, რომ მას სრულებით არ ეცალა განყენებული მსჯელობისათვის და, როდესაც მწვალებლობა შემოიჭრა ჰერეთში, ქართველი ერი სრულებით გულგრილად შეხვდა მას. ქართველის სული მთლიანია ისტორიულად და მწვალებლობა, როგორც რელიგიური აჯანყება, გაუგებარია მისთვის.

 

ქართველი ბუნებით წარმართია, ვნებიანი, პანთეისტი: ქართველი ორგანულად პოეტია და მგოსანი.

 

ქართველმა ერმა არ იცის პესიმიზმის საშინელებანი, ქართველი ტრაგედიას აძლევს ლოცვის და ელეგიის ხასიათს: ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება საუკეთესო დამამტკიცებელია ამის: სული განმარტოებული, სული ობოლი უარყოფს წუთისოფელს, სატრფოს კოცნას, უარყოფს სამშობლოს, საზოგადოებას, ნათესაობას – ერთი სიტყვით, განიცდის მთელ ტრაგედიას, მაგრამ მაინც სიყვარულით აღსავსე, სულ იმაზე ფიქრობს, რომ ქართველ ერს სიძნელე ცხოვრების გაუადვილოს და გზა მერნის მიერ თელილი თავისუფალი დაუტოვოს მომავალ თაობას.

 

ამაში გამოიხატება გულის სითბო და ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარული. შოპენჰაუერის, ბაირონის, ლეოპარდის და ობერმანის შემოქმედებაში ვერ ნახავთ ასეთ სიყვარულს ადამიანისა და კაცობრიობისადმი. მართალია, იქ ევროპაში შემოქმედების ცეცხლი უფრო დიდია და შადრევანი უფრო მაღლა ჩქეფს, მაგრამ სიყვარული და გულის ადამიანური სითბო იქ არსად ჩანს: წყევლა-კრულვა კი არის, მაგრამ თანაგრძნობას კი ვერსად ნახავთ.

 

ქართველი ისტორიულად მიჯნურია და შეყვარებული.

 

სწორედ ამიტომ ქალის იდეალიზაცია არსად ისეთი ფართო და ცეცხლეული არ ყოფილა, როგორც საქართველოში. და არსად ქალი არ ყოფილა მამაკაცის ოცნებით ისე გამშვენებული და ღვთაებრივად გაცისკროვნებული როგორც ჩვენში.

 

ბრძოლაში ადამიანი გრძნობს ნათლად ცხოვრების წარმავლობას და ეს გრძნობა წარმავლობის ყოველთვის იწვევს ადამიანში ქალის და სქესობრივი დამოკიდებულების გაღმერთების სურვილს. საშუალო საუკუნეებში რაინდობის იდეალი სწორედ ფსიქოლოგიაზე იყო აშენებული და დამყარებული. საშუალო საუკუნეებში ინდივიდუალობა იყო უნუგეშო მდგომარეობაში, სახელმწიფოს არ ჰქონდა ძალა ინდივიდის დაცვის, საზოგადო ცხოვრება არ იყო დაკანონებული, იყო ინტრიგებით სავსე, – ადამიანი გრძნობდა მარტოობას და ობლობას: ყოველდღიური ცხოვრება იყო მხოლოდ ბრძოლა და თავდაცვა. არავინ იცოდა, თუ რა მოელოდა მას ხვალ და ამიტომაც ადამიანი ცხოვრებას უყურებდა როგორც რელიგიურ-ესთეტიკურ ფენომენს: ერთი მხრით, რელიგია, მეორე მხრით, მშვენიერების იდეალი – აი, რით ინუგეშებდა თავს ადამიანი.

 

ამიტომ საკვირველია ის სტილი შემოქმედების, რომელიც ახასიათებს საშუალო საუკუნეებს როგორც ჩვენში, ისე ევროპაში: ტაძრები მთებზე აშენებული, უზარმაზარი ციხე-კოშკები, საშინელი და ფანტასტიური ხასიათის გამოქვაბულები: მასთან მიჯნურობა და ქალის გამშვენიერების სურვილი – მარადიული ქალურობის იდეალის ღრმა გამოხატვა – აი ამ სტილის თვისებები.

 

ადამიანს თითქოს სურს განამტკიცოს თავისი ინდივიდუალობა საზღვარაუცილებელ ოცნებაში – მარადიული ქალურობის განმტკიცებაში. ბეატრიჩე შესანიშნავი მაგალითია ქალის გაღმერთებისა ევროპაში. მაგრამ ჩვენში ქალი უფრო გამშვენიერებულია მამაკაცის ოცნებით და უფრო გაღმერთებულია, ვიდრე ევროპაში: ქართველმა ერმა არც კი იცის, რომ დავით აღმაშენებელმა შექმნა საქართველოს ისტორიული სახე. სამაგიეროდ ქართველ ერს თამარ მეფის სახელი ენაზე აკერია, თუმცა თამარ მეფეს იმის მეათედი არ გაუკეთებია, რაც დავით აღმაშენებელმა გააკეთა საქართველოსათვის.

 

საქართველოს ისტორია მარადიული ტრფიალებისა და ისტერიულობის ისტორია: საქართველო ესთეტიურ-რელიგიური ფენომენია და არსად იმდენი მუხანათობა და აფექტების აყოლა არ ყოფილა, რამდენიც საქართველოში.

 

ქალი და სიყვარული

 

ქალის კულტი ჩვენში ისტორიული და ორიგინალობისა და თავისებურების ერთგვარი სახეა. საჭიროა გავიმეოროთ: საქართველოს ისტორია წმინდა ბრძოლისა და სისხლის ისტორიაა: ბრძოლა ჩვენი ისტორიული თვისებაა. ჩვენში იბრძოდნენ არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც. საქართველოში ქალები ისეთევე მხედრები არიან, როგორც მამაკაცები. – ამბობს საბერძნეთის ისტორიკოსი ჰეროდოტე, – ნადირობენ ქალებიც და ქმარს არ ირთავენ, ვიდრე თითო მტერს სამშობლოს ქვეყნისას არ მოკლავენო. როდესაც რომის მხედართმთავარი ეომებოდა ქართველებს, ქართველთა ლაშქარში იყვნენ ქალებიც.

 

მაგრამ ყველაზე უფრო საყურადღებოა დიოდორ სიცილიელის სიტყვები საქართველოს ამაზონებზე და ამაზონთა სამეფოზე: მდინარე თერმიდორის მახლობლად ცხოვრობდა თურმე ერთ დროს ვიღაც თავადი ამასიელი. როდესაც ეგვიპტელები შემოვიდნენ საქართველოში, მამაკაცთ გაუჭირდათ მათი განდევნა საქართველოდან. მაშინ ამასიელთა თავადის ქალმა შეადგინა თურმე ახალგაზრდა ქალთა მხედრობა თემის კარში, შემდეგ ეს მხედრობა გაძლიერდა და შეებრძოლა ეგვიპტელებს. ეგვიპტელები არ მოელოდნენ ამას და დამარცხდნენ. უმრავლესობა ქალებმა ამოწყვიტეს და დანარჩენი კი უკან განდევნეს. მათმა მხნეობამ და ბრძოლამ თავზარი დასცა უცხოელებს, უცხოელებმა ამასიელ ქალთა გუნდს დაარქვეს ამაზონები, ხოლო საქართველოს დასავლეთს, ზღვის პირად მცხოვრებლებს – კოლხიდარნი (ქალნი მხედარნი) და მათ ქვეყანას კოლხიდა. ამასიელი ქალები იბრმავებდნენ მარჯვენა ძუძუს, რომ იარაღი უკეთესად ეხმარათ. ამასიელ ქალთა მეფობამ დიდხანს გასტანა: ტროელებთან საბერძნეთში ისინი თაგანწირვით იბრძოდნენ, ეხმარებოდნენ ტროელებს; აქილევსმა მოკლა მათი დედოფალი პენთასილა, ამასიელი ქალები შემდეგ შევიდნენ საბერძნეთში, ააშენეს ეფესის სახელოვანი ტაძარი, რომელიც დაიღუპა ალექსანდრე მაკედონელის დაბადების ღამეს.

 

როდესაც ალექსანდრე მაკედონელი პირველად შემოვიდა საქართველოში, მას მიეგება პატივსაცემად ლამაზი დედოფალი თალისტრია თავისი ქალთა რაზმით, რომელმაც აღტაცებაში მოიყვანა ალექსანდრე მაკედონელი. ქართველი ქალის მხედრული და რაინდული ტიპი შეიქმნა შორეულ წარსულში, შემდეგ საუკუნეთა განმავლობაში ეს ტიპი ინახებოდა და იწვრთნებოდა.

 

ასეთმა ტიპმა ერეკლე მეფის დრომდისაც მოაწია: საყურადღებოა ამ მხრივ თამრო ვაშლოვანელის ისტორია. თამრო ვაშლოვანელი (სოფელი ვაშლოვანი არის კოჯრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს) იყო სახელგანთქმული მხედარი, რომელმაც ერეკლე მეფის დროს საქართველოდან განდევნა ლეკები:

 

                        ლეკები სულ გავაქციეთ მთვარიანი ღამითაო,

                        უკან თამრო გამოუდგა ჟანგიანი ხმალითაო,

                        ჩვენცა თამროს გავყევით და გვიკვირდა სულ თავადთაო,

                        ლეკები მთლად გადავრეკეთ, ვარბენინეთ სხვა გზითაო.

 

თამრო ვაშლოვანელი ჩვენი ჟანა დარკია და ამისთანა ჟანა დარკები საქართველოში ბევრი იყო.

 

საზოგადოდ, გამბედაობა ახასიათებს ქართველ ქალს: სოფელ ანაგაში ცხოვრობდა ერთი ღარიბი გლეხის გოგო. ერთხელ თურმე ეს ქალი ლეღვზე იყო ასული და ამ დროს ერეკლე მეორემ გაიარა გზის პირას, მეფე ერეკლე სპარსულად იყო გამოწყობილი. ქალმა ვერ მოითმინა, მოგლიჯა ლეღვი და სთხლიშა მეფეს ზურგში. ქალი დაიჭირეს, მიჰგვარეს მეფეს, გამოკითხეს მიზეზი ასეთი უზნეო ქცევისა. ქალმა უპასუხა: მე რა ვიცოდი, ის ქართველი მეფე იყო, ყიზილბაში მეგონაო.

 

მხედრული, რაინდული ამპარტავნობა ისტორიულად განმტკიცდა ქართველი ქალის ბუნებაში და ეს იყო ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში ოჯახი ვერ მოეწყო, ოჯახის კულტი ისტორიულად ვერ განმტკიცდა, ვერ შემუშავდა.

 

ქართველი ქალი მოკლებულია ოჯახის პატივისცემას, იგი სუსტია როგორც დედა, ქართველ ქალში არ არის წყურვილი ონტოლოგიური ესთეტიზაციის ოჯახის მოწყობისა.

 

ჰომეროსის “ილიადაში” ანდრომაქეს ჩვენ ვხედავთ როგორც ოჯახის ქალს. ის მოსამსახურეებს დარიგებას აძლევს, თვითონაც ქსოვს, ოჯახს უვლის. როდესაც სამუდამოდ ეთხოვება თავის საყვარელ ქმარს, მაშინაც ხელში ბავშვი უკავია და ეჩქარება, ოჯახში რამე არ წახდესო. იმავე სურათს ჩვენ ვხედავთ “ოდისეაში”: პენელოპე უცდის ოცი წლის განმავლობაში თავის ქმარს და სულ მუშაობს, სულ დაზგასთანაა”.

 

სულ სხვა სურათს ვხედავთ ჩვენ “ვეფხისტყაოსანში” – თინათინი და ნესტან-დარეჯანი ოჯახზე სრულებით არ ფიქრობენ: სიამაყე და მიჯნურობა – აი, მათი სულიერობის შინაარსი, ოჯახი, შვილები, ქსოვა, დაზგა მათ არ აინტერესებთ. ავთანდილი მიდის ტარიელის საძებრად და ეთხოვება თავის საყვარელ თინათინს. თინათინი ავთანდილს სრულებით არაფერს ჰპირდება: არც ოჯახის მოწყობას, არც კაბის და ძოწეულების მოქსოვას. მხოლოდ ჩემ თავს დაგახვედრებო;

 

“კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი”. – აი, თინათინის უდიდესი დაპირება.

 

მხოლოდ საუკუნეთა განმავლობაში მხედრული, ამაზონური სულიერი განწყობილების გამო, ეს მიჯნურობაც გაქრა ქართველი ქალის ბუნებაში, დარჩა მხოლოდ თავმოყვარეობა, რომელიც ქმნის ქართველი ქალის გაზვიადებულ პრეტენზიებს.

 

ქართველი ქალი დღეს არ არის ეროტიკული: ამაზონობამ მასში ჩაკლა სურვილი სქესობრივი მოთხოვნილებისა. ქართველმა ქალმა არ იცის რომანი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. ქართველი ქალი თავისი სულიერი წყობითა და მსოფლმხედველობით “მეშჩანკაა”. ქართველი ქალის იდეალია გათხოვება.

 

ქართველი ქალი დღეს არც ამორძალია და არც ჰეტერა, არც დედაა და არც მეოჯახე. განსაკუთრებით რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართველმა ქალმა დაივიწყა მოვალეობა ისტორიულ-გენეტიკური, გადაეჩვია ამორძალობას. ოჯახის სიყვარული ქართველი ქალში ჩაკლა ისტორიულმა კულტმა. მხოლოდ როდესაც საქართველო შეუერთდა რუსეთს, ქალი მხედარი საქართველოში აღარ იყო საჭირო და ამორძალობა, როგორც კულტი ტრადიციული, თანდათანობით დაიშალა, გაქრა. ქართველი ქალი დარჩა უსაგნოდ, როგორც ლუარსაბ თათქარიძე. მეცხრამეტე საუკუნე საქართველოში ქართველი ერისთვის ფიზიკური დასვენების ხანაა და ამ დროს ქართველი ქალი ნელ-ნელა ივიწყებს ამორძალობას, მხედრულ სულიერ ლტოლვას. ქართული სოციალური კულტურის ევოლუციაში ქართველი ქალი კარგავს დანიშნულებასა და ადგილს, კარგავს კულტურულ-ცივილიზაციურ უფლებასა და პოზიციას, რჩება ქართველი ქალი მოკლებული ფიზიოლოგიურ ნორმალობას – მოკლებული დედობის ინსტინქტს და სექსუალობას. ფიზიოლოგია გარდაიქმნა სოციალურ-ისტორიულ პირობებში და ბიოლოგიური პოტენცია ჩაახრჩო ამორძალობამ. ქართველი ერი ვერ გამრავლდა, ქართველი ოჯახი ვერ შეიქმნა და ქართველურმა ნებისყოფამ მიიღო დეგენერაციული ფორმა, ისტორიამ დაღუპა ქართველი ქალი, ქართველმა ქალმა დაღუპა საქართველო, ამორძალობამ დაახრჩო დედობა, ვნებიანობა, ოჯახი. დედობის ინსტინქტის სისუსტემ და უოჯახობამ წარმოშვეს საქართველოში მოლაყლაყე, ანტისახელმწიფოებრივი და დეგენერაციული მოდგმა ღორმუცელა, თქლაფია პერსონალისტებისა და მეჭორე ინტრიგანების. კულტურული შემოქმედებისათვის საჭიროა ორგანული ეროსი, ტრფიალების განცდა, კეთილშობილი იდეალიზმი, საჭიროა იმედი, ხალისი, მოქნილობა – საჭიროა სული ეროტიკული – საჭიროა ქალი და ოჯახი.

 

საქართველოში ქალი არის მხოლოდ ფიზიოლოგიური ფენომენი, მოკლებული ინდივიდუალობას, სექსუალობას, ეროტიკულ ვნებას – ქალურობას.

 

პოეტი გრიშაშვილი, რომელსაც არშიყობის სურვილი არ აკლდა და არც ეროტიკული მეტყველების პათოსი, მიუხედავად თავის იმედებისა და ქართველი ქალისადმი ტრფიალებისა, გულგატეხილი უსაყვედურებს ქართველ ქალს:

 

                                    რად უარყოფ ნაფეთქ ჟინს, ჟინს ცეცხლოვანს

                                    ჟინს შვებულს,

                                    ან რად იჭერ მაგ გრძნობას,

                                    გრძნობას ზონარ მიშვებულს?

 

პოეტი ატყობს, რომ ქართველი ქალი სულით და მსოფლმხედველობით “მეშჩანკაა”, ატყობს რომ იგი თავის ვნებას უმორჩილებს საზოგადოების ტრადიციულ მორალს და სასოწარკვეთილებით ეკითხება მას:

...რას მისდევ უქნარ ბრბოს უხეშ გემოვნებასა?

 

– რომანი, ეროტიკული სიმთვრალე, ვნებიანობა – ქართველი ქალისათვის უცნობია. ქართველი მწერალი ეძიებს გმირს რომანისას და ხშირად ვერ ნახულობს იმიტომ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მეტად მეშჩანურადაა აწყობილი, და ამ უსახო, უსიცოცხლო მეშჩანობის გამომხატველია დღეს ქართველი ქალი, რომელსაც აქვს თავისი მხედრულ-რაინდული სახე ისტორიაში. თავმოყვარეობა, როგორც ერთგვარი ფსიქოლოგიური ნაშთი ამ მხედრულ-რაინდული სულიერი წყობილებისა, ახრჩობს ქართველი ქალის ეროტიკულ გრძნობას. ყაზბეგის ელეონორა განსახიერებაა ისეთი ქალის ტიპისა, რომელიც შენახულა მთაში და რომელშიც მხედრული სულის ესთეტიკა ანელებს, აქრობს ვნებას ეროტიკული აღგზნებისას: ელეონორას უყვარს ასლან-გირეი, ისე უყვარს, რომ ავად ხდება სიყვარულისაგან, მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე, სანამ შეიტყობს, რომ ასლან-გირეიც შეპყრობილია მისდამი სიყვარულით. როგორც კი ელეონორა შეიტყობს ასლან-გირეის სიყვარულს, მაშინვე გამხიარულდება. ეშხიანი, მომხიბლავი, თვალგაღვივებული ელეონორა ერთი ორად ხდება. თავმოყვარეობა ძლევს სიყვარულს, მაგრამ ელეონორა სიყვარულსაც არ ივიწყებს, მხოლოდ მას უნდა, სიყვარული ბრძოლით მოპოვებული, სიყვარული შეჯიბრებისა და შერჩევისა. ელეონორას უყვარს ასლან-გირეი, მაგრამ როდესაც ასლან-გირეი მის წასაყვანად მოვა, წინადადებას აძლევს ხელთუბნელის რაინდებს: ვისაც ჩემი თავი უნდა, შეებრძოლოს ასლან-გირეის, ვინც გამარჯვებული დარჩება, თუნდაც მახინჯი იყოს, მას გავყვები და შევეყრებიო.

 

ელეონორა სიყვარულის ესთეტიკას უმორჩილებს ბრძოლის ესთეტიკას. ასლან-გირეი მას უყვარს: მაგრამ მას უფრო შეუყვარდება ის, ვინც დაამარცხებს ასლან-გირეის. ელეონორას სიყვარული განსახიერებაა სულიერი ლტოლვისა ძლიერებისადმი. ეროტიკული აღგზნება აქ ადგილს უთმობს ნერვული სისტემის მხედრულსა და აგრესიულს, ვაჟურ სურვილებს.

 

ქართველი ქალის ამაზონური ბუნება ამას მოითხოვს. ბრძოლის სურათი ქართველ ქალს უყვარს და თვით თამარ მეფის სახე საქართველოს ისტორიაში არის მხოლოდ ერთგვარი ეპიფენომენური გამოხატულება ქართველი ქალის მხედრული ფსიქოლოგიისა.

 

თამარ მეფეს თვითონ არაფერი გაუკეთებია. დავით აღმაშენებლის ნიჭმა და გიორგი მთაწმინდელის რეფორმისტულმა იდეებმა ნიადაგი მოუმზადეს ჩვენი ისტორიის ოქროს ეპოქას. თამარ მეფის სილამაზემ აღაფრთოვანა ქართული სული, პოეტი აამღერა, მხედარი აამოქმედა. თამარ მეფემ თავისი სინაზე და მშვენიერება შეუერთა ქალის ტრადიციას საქართველოში. თავისი პირადობით მან განასახიერა მხოლოდ ამაზონობის კულტი, რომელიც დიდი ხნიდან შეიქმნა საქართველოს ისტორიაში და რომელმაც ნიადაგი მოუსპო ქართულ ოჯახს, ქართულ რომანს, რომლიდანაც დარჩა მხოლოდ “მეშჩანობა”, მისი საზიზღარი პრეტენზიები.

 

საქართველოს ისტორიის ბედი რომ უკუღმართად არ დატრიალებულიყო, ქართველი ერის სოციალური, საზოგადოებრივი მიმდინარეობა უფრო სისტემატური და მწყობრი ხასიათისა ყოფილიყო, ამაზონობის კულტიდან შეიქმნებოდა კულტი ესთეტიკური ფენომენისა. საქართველოში ქალი დაიჭერდა ისეთ ადგილს, როგორც მას ეჭირა ძველად საბერძნეთში, სადაც სოციალური ცხოვრება უფრო ხალვათად და ვნებიანად მიმდინარეობდა.

 

ხოლო ეს ვნებიანი მიმდინარეობა საზოგადოებრივი ცხოვრებისა საბერძნეთში ხელს არ უშლიდა ყოველდღიური ცხოვრების გამშვენიერებას, ოჯახის მოწყობას. პენელოპაც იყო და ასრულებდა თავის ოჯახურ მოვალეობას იდეალურად, ელენეც აღელვებდა საზოგადოებას თავისი დიონისური გაშლილობით.

 

იყო ონტოლოგიური ყოფის სიმშვენიერე, იყო “ობივატელური” ესთეტიკა, მაგრამ ამავე დროს იყო აღმაფრენა ვნებიანი. იყო განცდა ძლიერი ეროტიკული აღგზნებისა. მართალია, ძველი ელინი ოჯახში ცოტა დროს ატარებდა, იგი უფრო საზოგადოებაში იყო, მაგრამ ოჯახშიც შეეძლო მას სულიერად დასვენება, როდესაც იგი საზოგადოებრივი ჩოჩქოლიდან დაბრუნდებოდა დაღლილი და დათენთილი, ოჯახში მას ხვდებოდა ასპაზია, პენელოპე. საზოგადოებაში, ქუჩაში რომ გავიდოდა, ელინი ჭვრეტდა სიამოვნებით ჰეტერას მშვენიერი ტანის რხევას და მისი ცხოვრება იშლებოდა როგორც დაუსრულებელი ფენომენი.

 

საქართველოში შემუშავდა ტიპი მხოლოდ ამაზონი ქალისა: ვერც ელენეს და ვერც პენელოპეს საქართველოში ვერ ვხვდებით. პუშკინი, რომელიც საქართველოს იცნობდა მხოლოდ en gros [ზოგადად/უხეშად – რედ.] ქართველი ქალის დამახასიათებელ თვისებას ამაზონობაში ხედავს. პუშკინის პოემაში ქართველი ქალი მეტოქეობისათვის ხანჯლით ემუქრება პოლონელ ქალს.

 

ყაზბეგის მოთხრობებსა და რომანებში ხშირად ვხედავთ ქალებს ხანჯლებით და სხვა იარაღებით, ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივი ნამდვილი ამაზონი ქალია: ტკბილი სიტყვა, სიყვარული, სინაზე მან არ იცის, იმ დროსაც კი, როდესაც მის თვალწინ კვდება მისი საყვარელი შვილი გიორგი, ოთარაანთ ქვრივი იმ ზომამდე გიჟური, ამაზონური ხასიათის ქალია, რომ ტირილსაც ვერ ახერხებს და მშრალი სახით შეჰყურებს საყვარელი შვილის უკანასკნელ წუთებს. ოთარაანთ ქვრივმა თითქოს იცოდა, რომ გიორგი ტრაგიკულად მოშორდებოდა წუთისოფელს, თითქოს ამ უბრალო სოფლის დედაკაცს შეუთვისებია ფილოსოფიურად ცხოვრების უკუღმართობა და წესი ადამიანის ბედის მუდმივი ცვალებადობისა, ერთადერთი შვილი უკვდება დედას, დედას, რომელიც შვილისათვის იტანჯებოდა მთელი თავისი სიცოცხლე, დედას, რომელიც შვილის სიყვარულს დღე და ღამე განიცდიდა ორგანულად და ეს დედა შვილის სიკვდილის დროს (იმ ზომამდე გაკაჟებია ნერვები), ტირილსაც ვერ ახერხებს. დედის გრძნობა გალესილა და ჩაძირულა მთელი თავისი სინაზით ამაზონობის გრძნობაში. ქალური ხასიათი ქალს დაჰკარგვია და სამაგიეროდ შეუთვისებია ცივი მორალი ბრძოლის კულტისა. ტკბილ სიტყვას ვერავის ეტყვის და ცრემლებით ვერ იტირებს.

 

თვით რუსთაველის პოემაშიც ჩვენ ვხედავთ ამაზონობის კულტს: თინათინს უყვარს ავთანდილი, მაგრამ თუნდაც რომ სამ წელიწადს ავთანდილმა ეძიოს ტარიელი, თინათინი უარს არ იტყვის. თინათინს ავთანდილის მოშორება არ შეაწუხებს, თუკი ეცოდინება, რომ ავთანდილი ეძებს ტარიელს. ტარიელის ძებნა, უღრან ტყეში ხეტიალი, მხეცებთან შეტაკება – ყველაფერი ეს მოითხოვს გმირობას, რაინდობას და თინათინს ამ გმირობის ცხადყოფა, ბრძოლის ესთეტიკა უფრო აინტერესებს, ვიდრე ავთანდილთან დაახლოება, კოცნა და სიყვარული, ვნებიანი სუნთქვა. ჩვენ ვხედავთ, რომ სექსუალობას ახრჩობს ამაზონობა.

 

ნესტან-დარეჯანი, რომელიც არასოდეს არ იშლის აღმოსავლეთის ვნებიანობას, ერთ ალაგას სწერს ტარიელს: “სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია”-ო.

 

ამ სიტყვებში გამოიხატება წმინდა ამორძალობის კულტი, გმირობას თხოულობს ქართველი ქალი არა სიყვარულისათვის, როგორც ევროპის საშუალო საუკუნეების “გულის დამები”, არამედ ბრძოლის კულტისათვის, რომელსაც მოითხოვს ამაზონის მხედრული სული.

 

მართალია, ბოლოს და ბოლოს ნესტანის, როგორც ყოველი ქალის საზოგადოდ, იდეალია ტარიელთან შეყრა, მაგრამ ამ იდეალს ყოველთვის თან ახლავს რაღაც სურვილი ბრძოლისა, სურვილი გმირობისა და რაინდობის ჭვრეტისა: “წა, შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩვენე”.

 

საუკუნეთა განმავლობაში ჩვენს ისტორიულ პირობებში იქმნებოდა ეს ფსიქოლოგია ამორძალობისა, მხედარი ქალისა. ჩვენი წარსული ამას მოითხოვდა, ჩვენი საზოგადოებრივი მიმდინარეობა ამას ხელს უწყობდა და ეს შეიქმნა ჩვენი ღრმა რწმენით ერთადერთ მიზეზად იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ყოველნაირი კულტი კოკეტობისა, მაგრამ არ არსებობს ტრადიცია რომანული პერიპეტიებისა, არ არსებობს ჩვენში ქალურობისა და სექსუალობის მატარებელი, არ არსებობს რომანი და მისი ესთეტიკური განცდა.

 

ქართული ტიპი

 

                                                                                                ასე სჭირს საქართველოსას

                                                                                                დიდებულთ განა მცირეთა:

                                                                                                აზვავდებიან, იტყვიან

                                                                                                უჩემოთ ვინ იმღერეთა?!

 

მემკვიდრეობით მიღებული ჩვეულებები ხშირად კანონებად იქცევა, როგორც კერძო ადამიანის, ისე ერის ცხოვრებაშიაც ტრადიციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა: რაც სულსა და სხეულს ოდესმე წარსულში შეუთვისებია, ის გადადის საშვილიშვილოდ, – და მომავალში ბიოლოგიურად და ისტორიულად მხოლოდ იმას გაკეთებს, რის ემბრიონი წარსულის შემოქმედებით მღელვარებაში ჩასახულა.

 

შეიძლება ითქვას თამამად, რომ ტრადიცია ერთნაირად ამოძრავებს, აყალიბებს, ასხეულებს ნებისყოფას და სულის აქტივობას როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ ცხოვრებაში. შემოქმედმა ევოლუციამ წარმოშვა ცხოვრების ფერადი გვარები და ჯიშები მხოლოდ იმიტომ, რომ ევოლუციის ყოველ საფეხურზე ტრადიციის ნაშთი რჩებოდა ბიოლოგიური ფაქტი ორგანული მეხსიერების.

 

მამაპაპური მოძრაობა ტანისა, ყოველდღიური მიხვრა-მოხვრა, მიდრეკილება ამა თუ იმ საქმისადმი, თავისებურება გარეგნულად და სულიერი მოდგმას ყოველთვის დაეტყობა.

 

არაფერი წუთისოფლად არ იკარგება არც ბუნებაში და არც ჩვენი სხეულის ევოლუციაში: ჩვენი უბრალო ხელის აწევის, ან ფეხის გადადგმის ფორმა განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ორგანულ ჩვეულებებში.

 

დღევანდელი გერმანელების, ფრანგების, ინგლისელებისა და სხვა ევროპელების ნებისყოფა, ხასიათი, სულიერი მიდრეკილებანი, თავისებურებანი არ არის მათი დღევანდელი შემოქმედება: – წარსულით არის განსაზღვრული ყველაფერი და ისტორიკოსი ტაციტი რასაც ამბობდა გერმანელებისა და ფრანგების დასახასიათებლად, იგივე ითქმის დღესაც, რადგან ისტორიას შეუნახავს ეროვნული ჩვეულებები და ტიპური თავისებურებანი.

 

ყოველი ერი თავის კულტურას, თავის ცივილიზაციას აძლევს ელფერს იმ მიწა-წყლისა და გეოგრაფიული მდგომარეობისა, რომელთა გავლენას განიცდის საუკუნეთა განმავლობაში: იქმნება თავისთავად (პერსე) ერთგვარი შეფარდებულება ეროვნულ კულტურასა და გეოლოგიურ-გეოგრაფიულ მდგომარეობას შორის.

 

საერთოდ პლანეტარული მოძრაობა კაცობრიობის ტერიტორიულად მუხტვადია. დიდმნიშვნელოვანია პასკალის სიტყვები: “ალპების აქეთ რაც ჭეშმარიტებაა, ალპების იქით ის სიცრუეა.” ესე იგი, ტერიტორიული ყოფა ჩვენი აძლევს ინდივიდუალურ თავისებურებას ჩვენს კულტურულ-ცივილიზაციურ შემოქმედებას.

 

ჩვენ მომწყდეულნი ვართ განსაკუთრებულ გეოლოგიურ-გეოგრაფიულ პირობებში და ყველა ჩვენს იდეალს, ჩვენს ღმერთებს, გმირებსა და ოცნებებს ყოველი ჩვენი ნებისყოფის გამოცხადებასა და მოძრაობას აქვს ბოლოს და ბოლოს ხასიათი გეოტროპიული და ტერიტორიული.

 

საქართველო გეოგრაფიულად უსწორმასწორო ქვეყანაა. საქართველოს ყოველ კუთხეს აქვს თავისებური გეოლოგიური ინდივიდუალობა, იმერეთის ფიზიოგეოგრაფია სულ სხვა არის, ქართლ-კახეთის ფიზიოგეოგრაფია კი სულ სხვა. გურიის ბუნება სამეგრელოს ბუნებას არ წააგავს, რაჭა-ლეჩხუმი ტაო-კლარჯეთისაგან დიდად განსხვავდება თავისი გეოგრაფიულ-გეოლოგიური მოკვეთილობით.

 

კუთხური სხვაობა და თავისებურება საქართველოში ქმნიდა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში კუთხურ ფსიქოლოგიას, პროვინციალობის კულტს, განკერძოებისა და განაპირების ჩვეულებებს.

 

მართალია, საშუალო საუკუნეებში ეს კუთხური ფსიქოლოგია და პროვინციალიზმი ფეოდალური სახელმწიფოებრივი სისტემის ნაყოფი იყო არა მარტო ჩვენში, არამედ დასავლეთ ევროპაშიაც, საერთო მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში; მაგრამ ევროპაში ფეოდალური სისტემის რღვევას, მაშინათვე თან დაჰყვა სახელმწიფოებრივი ცენტრალიზაცია კულტურისა, ჩვენში კულტურის ცენტრალიზაციას ხელს უშლიდა, გარდა ჩვენი მიწა-წყლის დახეთქილობისა, ჩვენი ისტორიული ბედიც.

 

ჩვენი ეროვნული კულტურის საუკეთესო წუთები ეპიზოდური ხასიათისაა: სისტემატური ხასიათი ჩვენს ცივილიზაციას არა აქვს. აღმოსავლეთის ურდოები მოსვენებას არ გვაძლევდნენ, საუკუნეთა განმავლობაში ჩვენს ოჯახსა და სახელმწიფო დაწესებულებებს აოხრებდნენ; ვერც დავით აღმაშენებლის გამჭრიახობამ, ვერც თამარ მეფის ელვარებამ ვერ შექმნეს სისტემა ხანგრძლივი და შეუწყვეტელი ეროვნული კულტურისა.

 

ერი იბრძოდა, სისხლს ანთხევდა, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში ხშირად მარცხდებოდა; აღმოსავლეთიდან შემოდიოდნენ ჯალალ-ედინები და შაჰ-აბაზები, ანგრევდნენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, იტაცებდნენ საგანძურებს.

 

მხოლოდ, რაკი საქართველო არ წარმოადგენდა კულტურულ-ცივილიზაციურ ერთეულს, რაკი საქართველოში არ არსებობდა ერთი ცენტრი ეროვნული კულტურისა, ჩვენი მტრები ჩვენს სამშობლოში შემოსვლით ბოლოს და ბოლოს ბევრს ვერაფერს გვავნებდნენ: მართალია, ერთს კუთხეს აოხრებდნენ და გლეჯდნენ, მაგრამ მეორე კუთხეში თითქმის ნორმალურად მიმდინარეობდა კულტურულ-ისტორიული მუშაობა: სკოლა, ლიტერატურა, დიპლომატია, ხუროთმოძღვრება განაგრძობდა არსებობას და ერი მუშაობდა, ერი ქმნიდა ცივილიზაციურ ღირებულებებს.

 

სწორედ ამან გადაარჩინა საქართველო განადგურებას, დაღუპვას. წარსულში რომ მომხდარიყო სრული ცენტრალიზაცია ჩვენი კულტურისა, ჩვენს რასიულ-ეროვნულ არსებობას ბოლო მოეღებოდა ისე, როგორც მოეღო ბოლო ასურელებისა და ელინების არსებობას.

 

ამგვარად, ჩვენს ცივილიზაციურ პროვინციალიზმს, ჩვენს კულტურულ კუთხურობას ჰქონდა დადებითი ხასიათი, ჰქონდა ერთგვარი მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული არსებობისათვის და დღეგრძელობისათვის.

 

მაგრამ, ამასვე ჰქონდა უარყოფითი ხასიათი – ეს იყო მიზეზი ჩვენი ისტორიული სისუსტისა და გაურკვევლობისა, ეს იყო უპირველესი მიზეზი იმისა, რომ მიუხედავად ჩვენი კულტურის ორიგინალობისა, მსოფლიო ისტორიაში, კაცობრიობის საერთაშირისო ცივილიზაციურ შემოქმედებაში ჩვენ ვერ დავიკავეთ ისეთი ადგილი, როგორც ეკადრებოდა ჩვენს წარსულს.

 

სახელოვანი წარსული გვაქვს, ლიტერატურა ჩვენი მდიდარია, მეტყველება ფერადი, მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით მაინც პროვინციალები ვართ; ჩვენი რუსთაველი დიდია შინაგანი განცდით, მხატვრული გრძნეულობით, მაგრამ ალიგიერის გრანდიოზულობა მაინც ჩრდილავს მას კაცობრიობის ისტორიაში.

 

ვაჟა-ფშაველას აქვს გოეთესა და შელის პანსოფიური თვისებები, მას აქვს საკაცობრიო იდეალების მშვენიერი, ორიგინალური სახეები, მაგრამ ვაჟა-ფშაველა მაინც “პატარაა”, მაინც პროვინციელია ამ სიტყვის ტრაგედიული მნიშვნელობით, იმიტომ, რომ წუთისოფლად ისტორიული უკუღმართობის წყალობით “პატარაა”, პროვინციულია მთელი საქართველო.

 

შინაგანი მიმდინარეობის პროვინციალობამ ჩვენს კულტურას მისცა გარედანაც პროვინციული ელფერი.

 

მხოლოდ შიგნით, ერის ცხოვრებაში პროვინციალობის კულტი გადაიქცა ერის ტრაგედიად. მეგრელის გამოთქმაში სიტყვა “ქორთუ” ნიშნავს არა მარტო ქართველს და იმერელს, არამედ ერთგვარ საზიზღარსა და სასაცილო ადამიანს.

 

შორეული წარსულიდან საქართველოში განმტკიცდა ჩვეულება დაუსრულებელი შურისძიებისა, ურთიერთშორის მტრობისა, დაუნდობლობისა, ღალატისა. საზოგადო მუშაობას ქართველი ყოველთვის პირადი სარგებლობის თვალსაზრისით უყურებდა და როგორც კი პირადი ინტერესები პერსპექტივებში დაესახებოდა, მაშინათვე საზოგადოებას და ერს უსინდისოდ ღალატობდა.

 

დავით აღმაშენებელი გრძნობდა, მწვავედ გრძნობდა ჩვენს ეროვნულ სენს და სწორედ ამიტომ მან შემოიყვანა საქართველოში ყივჩაღები; საქართველოში ეროვნული ჯარის შედგენა მაშინ ძნელი იყო იმიტომ, რომ ქართველი დიდებულები ერთმანეთს მტრობდნენ და მათ შორის დისციპლინის დამყარება შეუძლებელი იყო. ყივჩაღების ჯარის შემოყვანით დავით აღმაშენებელს უნდოდა ეჩვენებია ქართველი თავადებისა და აზნაურებისათვის სახელმწიფოებრივი მუშაობის სისტემისა და მხედრული დისციპლინის საჭიროება. ქართველი არისტოკრატია, რომელიც მაშინ ბატონ-პატრონი იყო ქართველი ერის და რომელსაც სახელმწიფოებრიობის საჭე ხელში მრუდედ ეკავა, დავით აღმაშენებლის აზრით, შეეჩვეოდა საქმიანობასა და საზოგადოებრიობის პატივისცემას მაშინ, როდესაც დაინახავდა დისციპლინისა და სისტემის მაგალითებს. თუ რაოდენად გრძნობდნენ ძველად მოწინავე ელემენტები ქართულ საზოგადოებაში არსებულ განაპირების კულტს და ერთმანეთის ღალატის საშინელებას, დავით აღმაშენებლის დროის მემატიანე გვიჩვენებს: “ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება, – ამბობს მეათე საუკუნის ისტორიკოსი, – არს პირველითგანვე თვისთა უფალთა, რამეთუ რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება ჰპოონ  და განსვენება, იწყებენ განზრახვასა ბოროტისასა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა” (ქართლის ცხოვრება, 260). ეტყობა ქართველთა შორის ერთმანეთის მტრობა და ლალვა ძველი ამბავი ყოფილა და თვით მეათე საუკუნის ისტორიკოსი ქართველი ერის უბედურებას მიაწერს “ქართველთა ორგულ ბუნებას”.

 

მეექვსე საუკუნეში ქართველი მემატიანე ქართლელი აზნაურების ინტრიგების შესახებ ლაპარაკობს: “დასრულდა მეფობა ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან” (ქართლის ცხოვრება, 135).

 

ფრანგი მწერალი დელა-ვალე წერს 1627 წელს რომის პაპს სხვათა შორის შემდეგს: “მის მაგიერ, რომ ერთად ებრძოლონ მტერს, ქართველები ხშირად ერთმანეთს ებრძვიან” (ივერია, 1897, #3).

 

მეტად დაკვირვებული, ბევრს ჭირსა და ვარამში ამოგანგლული, საქართველოს წარსულის კარგი მცოდნე, პოეტი დავით გურამიშვილი ჩვენი ერთმანეთის კვალში ჩადგომისა და ღალატის შესახებ ამბობს:

 

                                    “კახელების აღმა ხნული

                                    ქართლელებმა დაღმა ფარცხეს”-ო.

 

ქართული კულტურის დიდი ფსიქოლოგი და სოციოლოგი ილია ჭავჭავაძე “აჩრდილში” ქართულს სულს ეგრე აგვიწერს:

 

                        აგერ ორ-სამ კაცს რაღაც უგრძვნიათ,

                        ქვეყნისა სახსრად ერთად მოდიან,

                        ერთის საქმისთვის გაუღვიძნიათ,

                        და ერთმანეთს კი არ ენდობიან.

 

                                    ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,

                                    თუმც ერთისათვის თითქო იღწვიან,

                                    თვით ამხობენ მას, რის აღდგენა ჰსურთ,

                                    თვით შველიან მას, რასაც ებრძვიან.

 

პოეტი არჩილ მეფე ქართველ ერს ასე ახასიათებს:

 

                                    ასე სჭირს საქართველოსას

                                    დიდებულთ განა მცირეთა

                                    აზვავდებიან, იტყვიან:

                                    უჩემოთ ვინ იმღერეთა?!

 

“უჩემოთ ვინ იმღერეთობა” – აი ჩვენი ისტორიული ტრაგედიის გამოსახულება;

 

“უჩემოთ ვინ იმღერეთობა” – აი ჩვენი საზოგადოებრიობის მიმდინარეობის საშინელი სენი საქართველოს ყოველ კულტურულ დაწესებულებაში, ყოველ საზოგადოებრივ საქმეში რომ დააკვირდებით, თქვენ აღმოაჩენთ “უჩემოთ ვინ იმღერეთობას”.

 

ქართულ კულტურას ახრჩობს, ორიგინალობას უმცირებს და ნების ყოფას უსუსტებს “უჩემოთ ვინ იმღერეთობა”.

 

საშუალო საუკუნეებში ქართველი ფეოდალები ამოძრავებულნი და ამოქმედებულნი “უჩემოთ ვინ იმღერეთობის” კულტით ერთმანეთს ღალატობდნენ, ერთმანეთის შურსა და მტრობაში იყვნენ.

 

მეთვრამეტე საუკუნეში ქართველ მეფეთა ოჯახი შეიქმნა ინტრიგებისა და ჭორების ბუდედ მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის ყოველ წევრს “უჩემოთ ვინ იმღერეთობა” აწუხებდა და მოსვენებას არ აძლევდა.

 

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა ინტელიგენციამ წარსულიდან მემკვიდრეობით მიიღო “უჩემოთ ვინ იმღერეთობა”.

 

საზოგადოებრივ ძალთა შორის კვლავ ძველი ქართული ჩვეულება იჩენს თავს: იწყება ჯგუფური გამოსვლები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ჯგუფებს ათამაშებს პერსონალური ინტერესები: მართალია, ჯგუფური გამოსვლების მიზეზი იყო სოც-ისტორიული ხასიათის, მაგრამ არც ერთს ჯგუფს შიგნით არ ეტყობა მთლიანობა:

 

ყოველი ჯგუფის წევრს აწუხებს “უჩემოთ ვინ იმღერეთობა” და ამისათვის ქმნის თავის წრეს; სოციალური ხასიათის საკითხს უყურებს პერსონალიზმის თვალსაზრისით და ყოველთვის იდეალად ისახავს არა საერთო საქმის გაკეთებას, არამედ განაპირებას, ჯიბრს, თანამშრომლის დამცირებას და საერთო საქმის დაშლას.

 

შედეგი ამისა იყო ყოველ დაწესებულებაში ინტრიგების მოწყობა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, დაუსრულებელი ჭორები, ანტისაზოგადოებრივი და ანტისახელმწიფოებრივი კომბინაციები, ავლაბრული ლაყლაყი და მკრივობა.

 

ილია ჭავჭავაძესა და ივ. მაჩაბელს შორის უთანხმოება იყო ერთგვარი სამწუხარო დემონსტრაცია ჩვენი “უჩემოთ ვინ იმღერეთობის”. ორი დიდი ქართველი ერთს იდეას, ერთ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ მამა-პაპური “უჩემოთ ვინ იმღერეთობა” აწუხებდა მათ – და ამიტომ ერთად მუშაობა საერთო საქმისათვის ეძნელებოდათ.

“უჩემოთ ვინ იმღერეთობამ” საქართველო კაჩუხაშვილებისა და ჩხიკვიშვილების საჯირითო მოედნად გახადა და მთელი რიგი საზოგადო მოღვაწეთა, მცოდნე პირთა ex d’vetat დარჩა იმ დროს, როდესაც სმერდიაკოვები საქართველოს აქცევდნენ.

 

ნოე ჟორდანიას მეტამორფოზა და განაპირება მენშევიკური ფორმაა ჩვენი “უჩემოთ ვინ იმღერეთობის”, ერობები საქართველოში იგივე საშუალო საუკუნეების კარჩაკეტილი, ერთმანეთის მოქიშპე ფეოდალური სახელმწიფოები იყვნენ.

 

საყურადღებოა ეროვნული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით მენშევიკების ბატონობის დროის ქართლ-კახელების ჩივილი: “იმერლები მოგვაშორეთ თავიდანო”. სამეგრელოს “მაფალუც” თანაბარი ხასიათის აღსანიშნავი მოვლენაა, ისტორიული ტრადიცია, ეს ცივილიზაციური idée-force [ძლიერი/მამოძრავებელი იდეა – რედ.] დროგამოშვებით თავისას ლაპარაკობს, თავისას, ქმნის თითქოს უკუღმართი სოციალური მიმდინარეობის ჩვეულება ისტორიულ კანონად გადაქცეულა. ბოლო დროს ლიტერატურაც ჩვენში “უჩემოთ ვინ იმღერეთობა”-მ დაიპყრო, მხოლოდ “უჩემოთ ვინ იმღერეთობა” აქ კი კარიკატურულ სახეს ღებულობს; ყოველი მელექსე თამამად და უსირცხვილოდ წერს – მე კაცობრიობის უდიდესი პოეტი ვარო.

 

ჩვენი კულტურული პროვინციალიზმი დამთავრდა ლოგიკურად პერსონალიზმით: ერთი ჩვენი მოღვაწე, რომელსაც ისტორიამ დიდკაცობა არგუნა და ისევ წაართვა, ხშირად ბრძანებდა ხოლმე – მე ისეთი სახელმწიფო მინდა ავაშენო, რომლის მსგავსი ჩვენს პლანეტაზე არ ყოფილაო.

 

ეგრე თავხედურად გამოთქმული ფრაზა ჩვენი “უჩემოთ ვინ იმღერეთობის”, ისეთივე ფსიქოლოგიური გამომსახველია, როგორც ზოგიერთი ქართველი მელექსეს სასაცილო ტრაბახი: მე კაცობრიობის უდიდესი პოეტი ვარო.

 

ჩვენს ხასიათში არის რაღაც ისტორიულად შეძენილი თავხედობა, ერთგვარი პრანჭიაობა – “ხახალობა”; ქართველი ხშირად თავის თავს ძალას ატანს; ქართველს ყველაფერი ეჩქარება და ვერაფრის დამთავრებას იგი ვერ ახერხებს; ქართველი ყოველთვის პათოსში არის.

 

წამბაძველობა “ნახალური” და აჩქარებული ჩვენს ეროვნულ სულს უფრო ეგუება, ვიდრე სისტემა და ანალიზი საკუთარი ორიგინალური.

 

ჩვენი ტემპერამენტი ქალური და ისტერიულია: ტრაგედიას ქართული სული არ იცნობს; რაც უნდა გაჭირვება იყოს, რაც უნდა ცუდად მიმდინარეობდეს ცხოვრება ჩვენს გარშემო, ჩვენ მაინც ოცნებებსა და იმედებში ვართ: “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩებაო”, ლაპარაკობს ადამიანი, რომელმაც უარყო საზოგადოება და ყოველგვარი ღირებულებანი წუთისოფლისა.

 

ჩვენს ერს უფრო აფექტები ამოძრავებს ვიდრე მოვალეობა: ჩვენი ნებისყოფა მუდამ მერყეობს, ჩვენ ორგანულად შეგრძნებული არა გვაქვს ჩვენი კულტურ-ტროპიზმი და ისტორიული მიმდინარეობა.

 

ჩვენს სულში არის მრუში და როსკიპული ლირწებრივობის სურვილი, ჩვენი ისტორიული აფექციონალი, ჩვენი რყევადი წარსული, შელესილი ჩვენს სხეულში, ალაყლაყებს ჩვენს ნებისყოფას და ჩვენი ფიზიოლოგიური ბუნების ხვეულებში დაძრწის ავადმყოფური, სადისტური წადილი, ვიყოთ ვინმეს მიერ ძალდატანებული, დაჭყლეტილი. თითქოს ჯელალედინებმა და შაჰ-აბაზებმა შეგვაჩვიეს მრუშობასა და ძალდატანებას. ერთმანეთს ვჭამთ, ერთმანეთის დაბეზღებაში ვართ, ერთმანეთი გვძულს; სოციალური, კოლექტიური არსებობისა და თვითშენახვის ინსტინქტი ჩვენში არ მოქმედებს; ქართველი პირადი ინტერესების თვალსაზრისით უყურებს ყოველგვარ საზოგადო საქმეს, ყოველგვარ ისტორიულ მოძრაობას.

 

არც ერთი ერის ისტორიაში იმდენი ღალატისა და ერთმანეთის მტრობის მაგალითები არ შეგხვდებათ, რამდენსაც ჩვენს წარსულში ჰქონია ადგილი: ზეინაბები, ოთარ-ბეგები, სააკაძეები, ფალავანდიშვილები, კაჩუხაშვილები ჩვენი ისტორიული უკუღმართობის და მრუშობის ცოცხალი გალერეაა; საქართველოს მიწა-წყალი დაშლის, ბრძოლის, განგაშის არენაა; ქართულ საზოგადოებრიობის ფსიქოლოგია, ჩვენი კულტურულ-ცივილიზაციური მიმდინარეობის შინაგანი სახე ისტორიულად შედრეკილი და დაცრეცილია; ჩვენს ჯგუფურსა ან პერსონალურ განაპირებაში, ერთმანეთის ღალატში წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული ჩვეულებები მოძრაობენ და უხეირო პირობებში დამუშავებული ისტორიული კულტი დროგამოშვებით იმეორებს თავის ცოდვებს.

 

ქართველი მუხანათი და ვერაგია თავისიანებში; უცხო ტომში გარეული, იგი კეთილშობილი და მორჩილი მოსამსახურეა; ქართველი საქმის სათავეში საზიზღარია: დაიკავებს თუ არა საპატიო ადგილს, მაშინვე თავხედურად გაიპრანჭება და ორლეანის ქალწულის პოზაში ჩადგება; ყოველგვარი გამბედაობა  ქართველის ყოველთვის ნახალობით თავდება.

 

ჭორი, ინტრიგები, აფექტებისა და მგრძნობელობის მსუბუქი აყოლა, უმიზეზო ისტერიული პათოსი, ერთმანეთის კუნთებისა და ბარძაყების შეყურება ჩვენი ეროვნულ-ისტორიული თვისებებია.

 

თეატრი, ბანკი, რკინიგზა, სასწავლებელი, რედაქცია – ყოველი საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულება საქართველოში ჭორებითაა სავსე და ინტრიგებში იხრჩობა; შედეგი ამ ჭორებისა და ინტრიგების ის არის, რომ თავმოყვარე, პატიოსანი და ნიჭიერი მუშაკი დაწესებულებიდან გადის, რადგან ვერ ითმენს უზნეობასა და უსინდისობას; დაწესებულებაში რჩება უნიჭო, უსინდისო, ფლიდი, მოღალატე, რომელსაც მხოლოდ თავის პირადობა აინტერესებს და რომლის იდეალია ყველაფერი დაშალოს, – ოღონდ კი თავის თავს ასიამოვნოს.

 

წინათ, კახეთში ცხოვრობდა ერთი მეფე, რომელიც ხშირად ლაპარაკობდა: რა მეშველება, კახეთი მჭიდროდ არის დასახლებული და სანადირო ადგილები არა მაქვსო; დაიქცეს კახეთი, ოღონდ სანადირო ადგილები მქონდესო.

 

მეფე გიორგი III დროს, როდესაც დიდხანს ომი აღარ იყო, დიდებულებმა და ჯარმა მეფეს მოახსენეს: “არა არის ღონე დარჩომისა ჩვენისა, თვინიერ ლაშქრობისა და რბევისაო”. წმინდა ავლაბრული თავქარიანობაა გამოსახული ამ სიტყვებში: უნდა ავაწიოკოთ, ავაშფოთოთ ქვეყანა; მოთმენა, ღონე აღარ გვყოფნისო, – ამბობს ქართველი და მართლაც თავს ვეღარ იკავებს – სურს ქვეყნის დარბევა. პროფ. ივ. ჯავახიშვილი მკვეთრ განმარტებას აძლევს ამ სიტყვებს: “ადამიანი თავის თავის მტერი უნდა იყოს, რომ ყველა თავისი მეზობელი ტყუილუბრალოდ გადიკიდოს და თავისადმი სიძულვილი ჩაუნერგოსო” (საქ. ეკონომიური ისტორია, 70). სწორედ რომ ქართველი თავის თავის მტერია: ქართველს თუ სხვისი აწიოკება არ შეუძლია, თავის თავს აწიოკებს და აოხრებს – ქართველის სადისტური ბუნება თხოულობს ავლაბრულ გაქანებას, ფიზიოლოგიურ ალაყლაყებას: ბოლოს და ბოლოს ქართველისათვის სულერთია სხვას ურტყამს თუ თავის თავს, ოღონდ დაიქანცოს, კუნთები დაცალოს... ქართველი ფსიქოლოგიურად აკრობატი და ჟონგლიორია.

 

ჩვენში დღესაც არიან მეჭორე და ფლიდი ოჯახები, ფარისეველი და ცუღლუტი, შურიანი და მოკრივე ტიპები: ყოველ საზოგადო დაწესებულებაში ისინი შედიან განსაკუთრებული მიზნით – პირუტყვულ სურვილებით: მათი იდეალია წაგლეჯა, წართმევა, სკანდალი, უწესობა, ყავახანური ღრიალი ყველაფერი სერიოზულის და პატიოსნის გამასხარავება.

 

საშინელია ფსიქოლოგიური სინამდვილე ჩვენი არსებობისა და მეობის, მაგრამ შეიძლება ეს საშინელება მხოლოდ ინტელიგენციის დეგენერაციით ამოიწურება, შეიძლება მხოლოდ ქართველი ინტელიგენციაა აგრე დაცემული და ქართველი ხალხი შეიძლება დღესაც ატარებს მაღალსა და კეთილშობილ მორალურ-ინტელექტუალურ ღირებულებებს? ჩვენი ხალხის ლეგენდებსა და სიმბოლურ-ფილოსოფიურ თქმულებებში შეიძლება სხვა მორალი და სხვა სულია, სხვა განცდა და სხვა იდეაა?

 

მაგრამ განა ხალხი ისტორიაში არსებობს როგორც ცალკე კატეგორია? განა ხალხის, ერის ისტორია ბოლოს და ბოლოს ინტელიგენციის ისტორია არ არის? განა საბერძნეთის, რომის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ისტორია იგივე ამ ქვეყნების ინტელიგენციის თავგადასავალი არ არის? განა ძველი პატრიარქები, ტირანები და ცეზარები, განა საშუალო საუკუნეების ფეოდალები და ვასალები დროისა და პირობების გამომსახველი ინტელიგენტები არ იყვნენ? ინტელიგენცია (les intellectuelles) ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით ღრმად ისტორიული ცნებაა და არ არსებობს ერის ისტორია, გარეშე ერის ინტელიგენციისა. ერი მოკლებული ინტელიგენციას, მხოლოდ ხალხია, მხოლოდ ანთროპოლოგიურ-ფიზიოლოგიური ოდენობაა: ერის განცდებსა და იდეალებს, გრძნობებსა და ზრახვებს ამეტყველებს ინტელიგენცია და არ არსებობს კულტურა და ისტორია გარეშე ინტელიგენციისა.

 

ინტელიგენცია გამოსახულებაა ერის სულის და მორალის; ინტელიგენცია ორგანული ამოძახილია ერის შემოქმედებითი განცდისა; ინტელიგენციის სული იგივე ერის სულია და თუ ერი დეგენერაციის გზაზე დგას, ინტელიგენცია საუკეთესო გამომხატველია ერის დეგენერატული სულისა და მორალის.

 

ჩვენი ისტორიული ფსიქოლოგია საშუალო საუკუნეებში როგორიც იყო, ისეთივეა დაახლოებით შემდეგ საუკუნეებშიც: ჩანს, ტრადიციის ნაშთი ისტორიულ-სოციალური რევოლუციის საფეხურებზე რჩება როგორც ბიოლოგიური ფაქტი ორგანული მეხსიერების და რაც განმტკიცებულია, დამკვიდრებულა ისტორიულ ხვეულებში, რაც სულსა და სხეულს ოდესმე წარსულში შეუთვისებია, ის სამწუხაროდ ამ შეთხვევაში, გადმოსულა მემკვიდრეობით, საშვილიშვილოდ ჩვენზე.

 

ქართველი ერის რასული ვინაობა საბოლოოდ გამორკვეული არ არის, მაგრამ ჩვენს ანთროპოლოგიურ-ფიზიოლოგიურ მეობაში ერთი რამ უდავოა: – ქართულ სხეულში არის ელემენტები უცხოელების; ქართულ ძარღვებში მოძრაობს სისხლი ჩქარი, რყევადი თითქმის ყველა აღმოსავლური რასის და ტომის: გადმოდიოდნენ რა აღმოსავლეთიდან საქართველოს მიწა-წყალზე, აზიელები, ტოვებდნენ როგორც თავიანთ ზნე-ჩვეულებებს და სტილს, აგრეთვე ფიზიოლოგიურ ელემენტებს, უჯრედებს და სისხლს; ქართველი ქალი ირთავდა ხან მონგოლს, ხან ირანელს, ხან თათარს, ხან ისრაელს და ქართული ტიპი საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა.

 

სისხლი შემდგარი სხვადასხვა ელემენტებიდან ქიმიური დაშლისა და ფსიქიური ასხივოსნების დროს იძლეოდა ქაოტურ სახეს და ნებისყოფა ირყეოდა: გარკვეულობა, სისტემა ჩვენს კულტურულ განცდასა და შემოქმედებას არ ეტყობა; ქართველს დღესაც არ უყვარს სისტემატური და გარკვეული გზა არც ლიტერატურაში, არც მეცნიერებაში: ქართველი თავის ფსიქიკას ახრჩობს ფიზიოლოგიაში და ქართველის პათოსი ყოველთვის უფრო ფიზიოლოგიურ სფეროში ხდება, ვიდრე ფსიქიურში. ქართველი თავის ბუნებით მერყევი და უპრინციპოა. ძიება, განყენებისადმი ტრფიალება, ფილოსოფიური ჭვრეტა, და პრინციპისათვის ბრძოლა ქართველს არ უყვარს. ქართული სული ისტერიული და პათეტიურია, არასისტემატიური.

 

რასკოლნიკოვი დოსტოევსკის რომანში ლაპარაკობს: მე კაცი არ მომიკლავს, მე პრინციპი მოვკალიო, და განიცდის ღრმა ჰამლეტური პრობლემის ტრაგედიას, – იწვის იტანჯება, რადგან ვერ შეათანხმა თავის ლოგიკურ განზოგადებაში პრინციპი და თვითარსებობის ფიზიოლოგიურ-ნერვიული მოთხოვნილება.

 

ასეთ ტრაგედიას ქართველი ინტელიგენტი არ იცნობს, არ განიცდის.

 

გრიგოლ ორბელიანი დიდი პოეტი იყო, თანაც მორალისტი და საზოგადო მოღვაწე; პატრიოტიზმსა და დემოკრატიზმს ხშირად ეტრფოდა, მხოლოდ ყოველთვის ამ ტრფიალებაში, ხშირად უაღრესად რომანტიული, მცონარეულ ფიზიოლოგიას დაუმატებდა ხოლმე: სამშობლოს სიყვარულთან, წმინდა ორგანულ-ეროტიულ ნოსტალგიასთან მას აგონდება აზარფეშა, სავსე მობუყბუყე ღვინით და ჯეირანის მწვადის შიშინი.

 

მუშას ელაპარაკება: წადი, მე და შენ საიქიოში გავთანასწორდებითო, აქ კი ეგრე ვიყოთ, როგორც ვართო, ე.ი. შენ მშიერი და მე მაძღარიო.

 

გრიგოლ ორბელიანს ასი ძაღლი ჰყავდა თავის ეზოში და რამდენიმე ბაზიერი, ძაღლებს აჭმევდა, ინახავდა, ამავე დროს თითო მეძაღლეს ოცდაათ მანეთს აძლევდა თვეში ჯამაგირს. ნიკოლოზ ბარათაშვილი – დისწული გრიგოლ ორბელიანის, შიმშილით კვდებოდა, საშინელ სიღარიბეში იყო, ხშირად სწერდა ხოლმე თავის “ძიას”, გრიგოლს თავის უფულობასა და გაჭირვებაზე, მაგრამ არასოდეს გრიგოლ ორბელიანი არ შეწუხებულა, სულიერად არ დატანჯულა; ასობით ძაღლსა და ბაზიერებს ინახავდა თავისი პირადი სიამოვნებისათვის. პრინციპი, მოვალეობის იდეა თუნდაც იმისთანა დიდბუნებოვანი ადამიანის წინაშე, როგორიც ნ. ბარათაშვილი იყო, გრ. ორბელიანს არ აწუხებდა. თქმა არ უნდა, აქ პერსონალიზმი ჩანს – ალტრუიზმი, მოვალეობის იდეა, ადამიანობა აქ არ არის; აქ არის მხოლოდ ფიზიოლოგია და არა მორალი.

 

შიშველი თვითშეყვარება, მხოლოდ და მხოლოდ თავის თავზე ზრუნვა, წუთისოფლისა და სამყაროს ყველა ღირებულებათა პერსონალიზაცია ქართველ ინტელიგენტს ახასიათებს. დროგამოშვებით ჩვენს ლიტერატურაში, ჩვენს ისტორიაში პერსონალიზმის კულტი ორიგინალურ ფორმას იღებს: ავთანდილი წერს მეფე როსტევანს სიტყვებს, რომლებშიაც გამოთქმულია საბერძნეთის ფილოსოფიური აზრები, ღრმა ქართული პერსონალიზმით შეზავებული; ავთანდილი თხოვს თავის სიმდიდრის დანაწილებას არა იმიტომ, რომ ავთანდილს მართლა მონებისა და ღარიბებისადმი სიყვარული აწუხებდეს, არამედ იმიტომ, რომ სახელი მისი მოაგონდეს სხვებს, თუნდაც ღარიბებს.

 

ავთანდილს სიკვდილის ეშინია: ვერ დაიჭირავს სიკვდილს გზა ვიწრო, ვერც კლდოვანიო, ბატონი და ყმა ბოლოს მაინც ერთად შეიყრებიან. ამიტომ მიეცი გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები: – მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ მოვეგონებიო.

 

ავთანდილმა იცის, რომ ეს ცხოვრება წარმავალი და ხრწნადია, იცის, რომ ყველაფერი წუთისოფლად გაივლის და კვალი არსებობისა არსად დარჩება, იცის, რომ ყოფა ადამიანისა თავის მწველი განცდებით და ილუზიებით იკარგება დაუსრულებლობაში; სწორედ ამიტომ მას უნდა, რომ მთელი მისი ქონება ღარიბთა შორის დარიგდეს: ამის შემდეგ სხვები იტყვიან, ავთანდილს მოიგონებენ, ავთანდილის ხსენება იქნება ქვეყანაზე. პატარა ბნუიფგერში მაინც არის, სახელი დაკარგული ინდივიდუალობისა მაინც დარჩება ამ უთავბოლო წუთისოფელში.

 

ასეთი აზრი არის გამოხატული რუსთაველის მეორე ფრაზაში:

– რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია.

 

ადამიანთან ერთად იხრწნება ქონება, ნივთი, ყოველგვარი მატერიალური ღირებულება; საგანთა და მოვლენათა დაუსრულებელი სტიქიური დენა სახეს წაუშლის ინდივიდუალობას, ამიტომ საჭიროა გაცემა ქონების, რომ სახელი მაინც დარჩეს სამყაროს ყრუ სიჩუმეში. სახელი, მაჩვენებელი იმისა, რომ ამ ტანჯვისა და უზნეობის პლანეტაზე ინდივიდუალურ კეთილშობილებას ქონებია ადგილი. რუსთაველმა მისცა ჩვენს, ქართულ პერსონალიზმს მეტად კეთილშობილი, სიმპათიური ხასიათი, მხოლოდ შემდეგ საუკუნეებში ეს კეთილშობილება ინდივიდუალიზმისა ისევ შორდება ქართულ სულს და ქართველის ნებისყოფა ისევ ძველებურად იმ განაპირებისაკენ მიდის, რომელიც აღნიშნა დავით აღმაშენებლის დროს ისტორიკოსმა, რომელსაც საფუძვლად აქვს მრუში ისტორიულ-ფიზიოლოგიური და პერსონალისტური Carpe diem [დაიჭირე წამი/იცხოვრე დღევანდელი დღით – რედ.] და რომლის თვალსაჩინო ტრაგედიულ განსახიერებას წარმოადგენს გიორგი სააკაძე.

 

ამრიგად, ჩვენი ერის კულტურა და მისი ცივილიზაციური ფორმები, დაწყებული შორეული წარსულიდან და დამთავრებული დღევანდელი იდეოლოგიური, ფილოსოფიური და ლიტერატურული ტენდენციებით, შედეგია ტერიტორიულ-ისტორიული ტროპიზმის: ყოველი საუკუნე თავისებური ცხადყოფაა კულტურულ-ისტორიული შესაძლებლობისა და ბიოლოგიურ-ორგანული მეხსიერების – მეხსიერების, რომლის პოტენცია გროვდებოდა საუკუნეთა განმავლობაში ირაციონალურად, ალოგიკურად და რომელსაც აქვს მხოლოდ ისტორიულ-ფსიქოლოგიური ჩვეულებებით განმტკიცებული რაციონალური და ლოგიკური ხასიათი. ყოველი ნაბიჯი წინასწარ განსაზღვრულია ყოვლობის მოირით და რაც არის, არ შეიძლებოდა სხვა სახის ყოფილიყო. არაფერი არ იკარგება მრავლობაში, გარდა ინდივიდუალობისა და მრავლობის ტერიტორიულ-კუთხური შესაძლებლობის ტროპიზმით განისაზღვრება როგორც ინდივიდუალურ-ეროვნული, ისე ზოგადი, კაცობრიული ნებისყოფა, სული და იდეა – განცდა და მოძრაობა.

გაზიარება: