ლიბერალური რიტორიკის იმიტაციური წესრიგი: პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ენის მაგალითი

ლიბერალური რიტორიკის იმიტაციური წესრიგი: პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ენის მაგალითი

გრაიფსვალდის უნივერსიტეტში წაკითხული მოხსენება, 2018 წლის ზამთარში.

 

სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყურადღებას ამახვილებდა არა მხოლოდ ძველი (საბჭოთა) პოლიტიკური წესრიგის პოლიტიკურ-იდეოლოგიური დეკონსტრუქციაზე, არამედ ის აგრეთვე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა პოლიტიკური ენის ახალი მოდელების ფორმაციაზე. გამომდინარე აქედან,  გასაკვირი არ არის, რომ ახალი პოსტსაბჭოთა პოლიტიკური და კულტურული ელიტების მიზანს და გამოწვევას წარმოადგენდა ის, რომ მათ უნდა აეთვისებინათ სრულიად ახალი იდეოლოგიური რიტორიკა და პოლიტიკური ენა, რაც ორი მიზნისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული: მათ უნდა მოერგოთ საკუთარ თავზე ანტისაბჭოთა რიტორიკა და ამასთანავე, ამ პრინციპიდან გამომდინარე, მათ უნდა გაესიგრძეგანებინათ ლიბერალური პროდასავლურ ენის პათოსი და ტექნიკა. ამ კონტექსტში, ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის ენა პოლიტიკურად, ხოლო ნეოლიბერალური ენა კი ეკონომიკურად, წარმოჩინდა როგორც  ახალი ელიტების ერთგვარი ლინგვისტური კამუფლაჟი, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ახალი სოციალური და პოლიტიკური წესრიგის ლეგიტიმაციისათვის. შესაბამისად, გამომდინარე აქედან, ლიბერალური დისკურსული სპეკულაციები გახდა უმთავრესი მეთოდი ზოგადად პოსტკომუნისტურ საზოგადოებებზე პოლიტიკური და კულტურული მანიპულაციისათვის. უფრო კონკრეტულად, მაგალითად საქართველოში, ლიბერალური რიტორიკა გახდა არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური ენის უმთავრესი წყარო, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენდა და წარმოადგენს სოციალური კონტროლის ერთგვარ ტექნიკას, როგორც პოლიტიკურ, აგრეთვე კულტურულ ცხოვრებაში.

თავის მხრივ, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ეპოქაში, პოსტსაბჭოთა ელიტების მიერ ფორმალური ლიბერალური ენისა და უშინაარსო პროდასავლური რიტორიკის გასიგრძეგანების სხვადასხვა გზები თუ საშუალებები არსებობდა. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ტრანზიციის ადრეული ეტაპიდან, ანუ 1990-იანი წლებიდან, დასავლური ლიბერალური ინსტიტუციების მიერ იქნა გაწვრთნილი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები. ზოგიერთმა მათგანმა კი ფორმალური განათლება მიიღო დასავლეთში იმ სპეციალური სასტიპენდიო პროგრამებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალი პოსტსაბჭოთა ელიტების კულტურულ და იდეოლოგიურ აღზრდას. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური უნივერსალიზმის კულტურამ პოსტსაბჭოთა სივრცეში შემოაღწია როგორც იდეოლოგიის დომინანტურმა ფორმამ და ჰეგემონურმა დიალექტიკამ. თავის მხრივ, უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ერების  კულტურული, ანთროპოლოგიური თუ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მთელ რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ლიბერალური ენის ექსპორტი წარმოადგენდა საზოგადოებისათვის სრულიად უცხო იდეოლოგიურ-კულტურულ პროცესს. შესაბამისად, დასავლური ლიბერალური ენის მიგრაციამ არადასავლურ კულტურაში მოგვიანებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიბერალური არგუმენტაციის უნივერსალური ვალიდურობის საკითხი. მაგალითად, საქართველოში, ლიბერალური ენა წარმოადგენს ახალი ელიტების უმთავრეს ატრიბუტს, მაშინ როდესაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი უფრო და უფრო ამჟღავნებს ნიჰილისტურ განწყობებს ზოგადად ლიბერალური კულტურის მიმართ. თავის მხრივ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ორი მიზეზით. პირველი მიზეზი არის ის, რომ ახალი ელიტების მიერ იმედგაცრუებული ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობა ინდიფერენტული და სკეპტიკური ხდება ამ ელიტების მიერ ინტენსიურად გამოყენებული საკმაოდ მოსაწყენი ლიბერალური ენის მიმართ. ხოლო მეორე მიზეზი კი შეიძლება იყოს, ის რომ ლიბერალური რიტორიკის ცალკეული ელემენტები მოქალაქეთა სოლიდური ნაწილის მიერ აღქმულია როგორც შეუთავსებელი და უსარგებლო მათი ისტორიული და კულტურული გამოცდილებისათვის.

პოსტსაბჭოთა ლიბერალური ენა ინდივიდუალიზმის ენაა და მას მხოლოდ დეზინტეგრაციული ფუნქცია აქვს. ისევე როგორც ზოგადად ლიბერალური თეორიაში, პოსტსაბჭოთა ლიბერალურ დოქტრინაშიც იდეალური საზოგადოება კერძო ინტერესების იდეალიზაციას უნდა ახდენდეს, ხოლო სახელმწიფო კი შეზღუდული და ირონიზებული უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ლიბერალური ენა ქმნის ყალბ სოციალურ და პოლიტიკურ წარმოდგენებს იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს საუკეთესო სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზება.

თავის მხრივ, ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა ლიბერალური დემოკრატიის (რომელმაც ცივი ომის შემდეგ თანდათანობით განიცადა მუტაცია ნეოლიბერალურ დემოკრატიაში) ინსტიტუციონალიზაციას, როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურულ ცხოვრებაში. ეს რასაკვირველია პირველ რიგში გულისხმობდა თავისუფალი ბაზრის ლიბერალური იდეის შემოტანას პოლიტიკურ ცნობიერებაში და მის ერთგვარ ინაუგურაციას საზოგადოების მენტალურ სტრუქტურაში. თავის მხრივ, ამ მეთოდს მისი პოლიტიკური მიზანი გააჩნდა. მაგალითად, პოსტსაბჭოთა საქართველოში პოლიტიკური აქტორების პრიორიტეტი გახდა პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება გლობალური ლიბერალური აქტორებისგან და არა უშუალოდ ხალხისგან. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური პროექტი პოსტსაბჭოთა საქართველოში წარმოადგენს ამ ლეგიტიმაციის მოპოვების ერთგვარ საშუალებას.

ბუნებრივია, მთელ ამ პროცესს ჰყავდა და ჰყავს თავისი დისკურსის შემქმნელები, ლიბერალური ენის მაწარმოებელი ინდივიდები თუ ჯგუფები, რომლებმაც თავი მოიყარეს როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ თუ კულტურულ ინსტიტუციებში. მაგალითად, აქ საქმე გვაქვს პოლიტიკოსებთან, ე.წ. პოლიტიკის შემქმნელებთან, კულტურულ თუ სამოქალაქო ელიტებთან, რომლებმაც სწრაფად მოახდინეს ლიბერალური რიტორიკისა და ლიბერალური იდეოლოგიური ჰაბიტუსის ათვისება. თავის მხრივ, საკმაოდ დრამატული კულტურული ფორმაცია ხდება აკადემიურ სივრცეში. პოსტსაბჭოთა სივრცის აკადემიური ელიტების ლიბერალურ ენაზე და ლიბერალურ დემოკრატიული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა ე.წ. „დემოკრატიაზე ტრანზიციის“ დასავლურმა სკოლამ, ანუ იმ ავტორებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პროცესში ინსტრუმენტალური უნდა ყოფილიყო დუალური ტრანზიციის მეთოდი, რაც ნიშნავდა ერთის მხრივ სოციალიზმიდან თავისუფალ საბაზრო კაპიტალიზმზე გადასვლას, ხოლო მეორეს მხრივ ტოტალიტარიზმიდან ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასვლას. რაც შეეხება სამოქალაქო ელიტების ლიბერალური ცნობიერებისა და ენის ჩამოყალიბებას, ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასე ვთქვათ მთელი რიგი არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების ინდუსტრიამ, სადაც აქტიურად ხდებოდა მათი იდეოლოგიური ინდოქტრინაცია.

პოლიტიკურ ცხოვრებაში ლიბერალური რიტორიკულ-იდეოლოგიური ჰაბიტუსის ჩამოყალიბება და პოლიტიკოსების მიერ მათი ათვისება აგრეთვე მიზნად ისახავდა კარიერული პოლიტიკოსების მიერ ისეთი პოლიტიკური ენის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად წაადგებოდათ მათ პოლიტიკურ კარიერაში წარმატების მისაღწევად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლიბერალური იდეები იქცა კარიერის კეთების მანიპულაციურ საშუალებად. ლიბერალურმა დოგმატიზმმა დაამყარა ერთგვარი იდეოლოგიური ზედამხედველობა პოლიტიკურ და სოციალურ აზროვნებაზე. პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკურ და კულტურული ცხოვრებაც ისეა მოწყობილი, რომ ამ სივრცის ელიტებს არ შეუძლიათ სხვა პრინციპის დაშვება, მათ არ შეუძლიათ ეჭვის ქვეშ დააყენონ ლიბერალიზმისა და ლიბერალური დემოკრატიის ვალიდურობა. ისინი გამოიკეტნენ ვიწრო პოლიტიკურ ენასა და მენტალური ველში, საიდანაც თავის დაღწევა სულ უფრო და უფრო რთულდება.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ყველაფერი გლობალური პროცესის ნაწილია, სადაც ლიბერალური ჰეგემონია საყოველთაო სოციალურ და პოლიტიკურ კონტროლს აწესებს და თავს წარმოადგენს, როგორც უალტერნატივო იდეოლოგიურ მრწამს. წარმოშვებით ბულგარელი, ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი ცვეტან ტოდოროვი სწორად შენიშნავდა, რომ დღეს ყველგან „ულტრალიბერალური იდეოლოგია არ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური მოქმედებისათვის. არსებობს ერთადერთი უნივერსალური დევიზი: ხსნა მხოლოდ ბაზარშია!“.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ეპიგონურ თამაშებთან, ან გნებავთ ეპიგონურ კულტურასთან. ეს არის როგორც დრამატული, ასევე გროტესკული პროცესი, რა დროსაც ლიბერალურ ენაში გაწვრთნილი პოსტსაბჭოთა ელიტები იმიტირებენ ატლანტიკურ ლიბერალურ ენასა და აზროვნების სტრუქტურას. თავის მხრივ, ეს არის აბსოლუტურად ყალბი და უშინაარსო მოქმედება, მორგებული როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური ულტრალიბერალური ჯგუფების ინტერესებზე.

თუმცა, მიუხედავად ამ ასე თუ ისე ორგანიზებული იდეოლოგიური პროცესისა, ცხადია არსებობენ ავტორები და ინტელექტუალური ჯგუფები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიბერალური კონსოლიდაციის პროცესი ჩავარდა. ისინი ამას ძირითადად აბრალებენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი კულტურული უნდობლობის საბჭოთა მემკვიდრეობას, კორუფციას და სხვა ფაქტორებს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ სადავოა სად ჩავარდა და სად შედგა ლიბერალიზმი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუმცა, სხვა საკითხია ის, რომ არის თუ არა ლიბერალიზმის კრიზისი პოსტსაბჭოთა სივრცში. მე ვფიქრობ, რომ აქ განსაკუთრებით საინტერესოა დავაკვირდეთ ისტორიულ და კულტურულ ასპექტებს. მე ვფიქრობ, რომ ლიბერალური უნივერსალიზმის კრიზისი და ლიბერალური ენის დასასრული გარდაუვალი პროცესი იქნება იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ლიბერალიზმი თავს წარმოაჩენს როგორც უმთავრეს და უალტერნატივო იდეოლოგიურ კატეგორიად. მარტივად რომ ვთქვათ, ადგილობრივი ელიტების მიერ ათვისებული ლიბერალური ენა უფრო და უფრო წააწყდება მეტ წინააღმდეგობას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებიდან.

უნდა გვახსოვდეს ის, რომ ლიბერალური რიტორიკის არსებული იმიტაციური წესრიგი პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოადგენს ლიბერალური უნივერსალიზმის ექსპორტის ინტეგრალურ ნაწილს, ანუ იმ პროექტის, რაც უკვე კრიზისშია  ბევრ დასავლურ თუ არადასავლურ კულტურებში. თუმცა, რადგან ლიბერალური ენა და იდეოლოგია გახდა ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ელიტების სეკულარული რელიგია, ცხადია ლიბერალური ძალები ადვილად ვერ შეურიგდებიან კრიზისის იმ ტალღას, რომელიც ევროპის პერიფერიაშიც ცდილობს შეღწევას. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ კრიზისის ამ ეპოქაში ლიბერალური რიტორიკის სენტიმენტალიზაციის უმთავრესი ლოკუსი კულტურული სივრცე იქნება.

 


პირველწყარო: https://1tv.ge/analytics/liberaluri-ritorikis-imitaciuri-wesrigi-postsabchota-politikuri-ena/?fbclid=IwAR3U-kdyrpZVCl9H6MSEt1Q_FwMg_EXoEWp1tUFAgYLqAZlqaj_RerDn4Yw

გაზიარება: