მსჯელობა ყოფნისა და ფლობის კონცეპტების შესახებ

მსჯელობა ყოფნისა და ფლობის კონცეპტების შესახებ

ყოფნისა (To Be)  და ფლობის (To Have) ცნებები ერიხ ფრომის კონცეპტუალური აპარატის ძირეული საკითხებია. ფლობა დეჰუმანიზებულსა და ავტომატიზებულ ცხოვრების წესს გამოხატავს, რომელსაც კაპიტალისტური შრომის ეთიკა აწანამძღვრებს; უსიამოვნო, იძულებით შრომაში ჩართულობა, დასვენებისას კი კაპიტალის მიერ კოლონიზებული დროის მზა სტრუქტურები, რომლებიც დაეჭვების, დისტანცირების, ნეგაციის სივრცეს აუქმებს. თანამედროვეობისათვის ნიშანდობლივი ცხოვრების აჩქარებული რიტმი და ‘მოსწრებაზე’ მიმართული ფსიქო-ფიზიკური სხეული, განმარტოებისა და ფუნდამენტური ჩაფიქრებისათვის საჭირო დროს, სივრცესა და სურვილს ვერ იხელთებს. განმარტოების სიკეთეები გაბატონებული კლასის პრივილეგიად იქცა, რომლის გამოყენების სურვილიც მას არ გააჩნია, რადგან მისი (გაბატონებული კლასის) არსება ტოტალური ფლობის, თვითკმაყოფილსა და კონფორმულ კატეგორიაშია მოთავსებული. ჰეგელისეული ბატონისა და მონის მაგალითს თუ მოვიხმობთ, ნათელი გახდება რომ ბატონი, რომელიც მონაზე, მისი შრომისა და დროის ფლობაზეა დამოკიდებული, თავისუფალი ვერასდროს იქნება. თუმცა, ფლობის დიქტატი მხოლოდ შრომისა და საწარმოო საშუალებების პირად საკუთრებად ფორმირებას როდი ეხება, არამედ ის მენტალური, ესთეტიკური და რელიგიური კატეგორიების გასაგნების პრაქტიკებში ვლინდება. მარქსისტულ სააზროვნო სივრცეში შრომის ცნება, შინაგანი და გარეგანი ბუნების გარდაქმნა/ინტერპრეტაციის მნიშვნელობებში დგინდება. მარქსისათვის შრომა, ერთგვარი გაადამიანების მექანიზმია, შრომის ტიპზე, მის თავისუფლების ხარისხზეა დამოკიდებული სუბიექტის ავტონომიურობა.[1] თუმცა, შრომის ეთიკა შრომაზე უარის თქმის, ან მის განსხვავებულ ფორმებში მოდიფიცირების საკითხებსაც მიემართება. ეკონომიკურ ურთიერთობებში თავისუფალი, ურთიერთგათვალისწინებაზე მიმართული თეორია და პრაქსისი, ხელოვნური პასუხისმგებლობის ტყვეობაში მოქცევის რისკებს აუქმებს. მარქსისტული, თვითგანვითარებაზე მიმართული თავისუფალი შრომის კატეგორია; კაპიტალიზმში მონური, მექანიკური და უსიამოვნო შრომის ეთიკითაა ჩანაცვლებული, რომელში ჩაწერაც გარდაუვალი გაუცხოებისა და გასაგნების პირობა ხდება. ფლობის მოდუსი კაპიტალისტური საწარმოო და საბაზრო ლოგიკის ბუნებრივი წარმონაქმნია. ფლობის წესი არა მხოლოდ უსამართლო კლასობრივი დანაწილებიდან, არამედ კლასობრივი უფსკრულის ნორმალურ მდგომარეობად მიჩნევისაგან ყალიბდება. მმართველი და მართულიც, ყველა, ვინც კაპიტალისტური სისტემის მყვლეფელ და გამაჩანაგებელ ბუნებას ნორმად მიიჩნევს, ფლობის კატეგორიითაა შეზღუდული. ფლობა მომხმარებელი ადამიანის ყოველდღიურობას მოიცავს, სოციოლოგ ზიგმუნტ ბაუმანს თუ მოვიხმობთ, შოპინგი ეგზორციზმის ფუნქციას ასრულებს, რომელიც გაურკვევლობისა და დაუცველობის მწველი განცდების კვლავგანმეორებადი გამოდევნის რიტუალში დგიდნება. გაურკვევლობის განცდა ექსისტენციალურ ჭმუნვებს აღწერს: სიკვდილის, ცხოვრების საზრისის რთულად დასადგენი, ანდაც განუსაზღვრელი კატეგორიებისაგან მიღებული გაურკვევლობის შეგრძნება მისი დაუყოვნებელი განდევნის სურვილითაა პირობადებული, მომხმარებლობა სწორედ ხსენებულის გადაფარვას, ცვალებადი და ბუნდოვანი მოთხოვნილებებით ჩანაცვლებას მოიცავს. ცხოვრების შემადგენელ ელემენტებზე საზრისობაზე ხელსაყრელია თავის შექცევა ერთჯერად, მყისიერ სიამოვნებაზე მიმართული ქმედებებით, რაც ტემპორალური განსაზღვრულობით ერთგვარი შვების მოგვრელიც შეიძლება იყოს. თავის მხრივ, დაუცველობა ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის მატარებელი შეგრძნებაა, რომელსაც თანამედროვე პრეკარიატულ შრომაში ჩართული ადამიანი მუდმივად განიცდის,[2] განსაკუთრებით მესამე სამყაროს ქვეყნებში, სადაც ყოველგვარი სახელმწიფო დამზღვევი მექანიზმებისაგან დამოუკიდებლად, საკუთარ თავისა და ფორტუნის ან იღბლიანი შემთხვევითობის იმედზე ხარ გამოკიდული. ფლობის სამომხმარებლო კატეგორიებში განდევნილი ფუნდამენტური განცდები თავს აფორიაქებულობის (Unheimlichkeit) განუწყვეტელ შეგრძნებაში ავლენენ. შესაბამისად, აფორიაქებულობის ექსისტენციალური მოდუსი, მზარდი უთანასწორობისა და ექსპლუატაციის ბუნებრივი შედეგია, რომელშიც მჩაგვრელიცა და ჩაგრულიც არასაკუთრივ, მსხვრევად ყოფნის ფორმებში არიან მოქცეული. ფლობაში კონცენტრირებული აფორიაქებულობა თავშესაქცევს არამარტო ნივთების შეძენაში, არამედ ელიტურ სივრცეებში დამკვიდრებასა და ერთადობის სიმულაციურ განცდაში ჰპოვებს. აფორიაქებული, მომხმარებელი ადამიანის მეტაფორულ სახე-ხატს ზომბი წარმოადგენს, რაციოსა და ემოციის გარეშე დარჩენილი მოსიარულე მკვდარი სხეული, რომელიც მუდმივად დაუფლების, მოხმარების დაუკმაყოფილებელი სურვილითაა ატანილი. ზომბების ფიზიკური ერთობა, სავაჭრო ცენტრებში,[3] ელიტურ კაფეებსა და რესტორნებში განტვირთვის მიზნით[4] შეყრილი ადამიანების მეტაფორაა, რომლებიც ინტიმური საზოგადოების[5] დიქტატში ერთმანეთის ემოციების მუდმივი მოხმარებით კმაყოფილდებიან. კაპიტალიზმი მოხმარების საგნებთან ერთად, ურთიერთობის წესებს აწარმოებს, მეგობრის, შეყვარებულის, ოჯახის ამა თუ იმ წევრის იმიჯები კინოსა და რეკლამის მედიუმებიდან უწყვეტად მოედინება, თითოეული მათგანის უკან სამომხმარებლო საზოგადოებაში დამკვიდრებული ოქროს წესი იმალება, რომელიც ახლობელ ადამიანშიც, ფიზიკური ან მენტალური სარგებლის მიღების საბადოს ხედავს. ფლობის მოდუსი, რომელიც მარტოობისა და აფორიაქებულობის მუდმივი განცდის მატარებელია, გარდა ნივთების აგონიური შემგროვებლობისა, თავს სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ჯგუფებსა თუ ფორუმებზე გაწევრიანებიაში აფარებს. ბაუმანი, სავაჭრო ცენტრებს „მოხმარების ტაძრებს“ უწოდებს, სადაც მომხმარებელი ‘თვალის გასტრონომიის’ საამო საქმიანობითაა გართული, „ფეისბუქმა“, „ინსტაგრამმა“ და მსგავსმა სოციალურმა ქსელებმა, ვუაიერისტული ინტენციების სიმულაციური დაკმაყოფილებისათვის მოდიფიცირებადი ვირტუალური სივრცეები შექმნეს, რომლებშიც ერთი მხრივ,  მომხმარებლები სხვადასხვა კომპანიის პროდუქტებს ‘იწონებენ’ და საკუთარ ‘კედლებზე’ აზიარებენ, მეორე მხრივ, მსხვილი კორპორაციების მარკეტინგულ გათვლებს დაქვემდებარებული პროგრამული ალგორითმები, გემოვნებისა და მოთხოვნილებების მიხედვით, ადამიანების მუდმივ სეგმენტირება/ადმინისტრირებას ახდენენ, როგორც ჰერბერტ მარკუზე წერს, კაპიტალიზმში ბუნებრივი საჭიროებები ყალბი მოთხოვნილებებით ნაცვლდება. თავსმოხვეულ მოთხოვნილებებს დაქვემდებარებული სუბიექტები საჯარო, პოლიტიკური მნიშვნელობების გაქრობის შედეგად, თამაშის უნარს კარგავენ,[6] რაც იმ განცდის დაკარგვას უდრის, რომ არსებული რეალობის გარდაქმნა შესაძლებელია. შესაბამისად, ადამიანები ინერციებზე მინდობისა და არსებულით დაკმაყოფილების განწყობების ქვეშ ექცევიან.

 

ჟან ბოდრიარს თუ დავესესხებით, ვირტუალურ სივრცეში იქმნება რეალობის იმგვარი სიმულაკრები, რომლებიც შიშველი რეალობის ჩანაცვლებას დამაჯერებლად ახერხებენ, მართლაც სოციალურ ქსელებში გადამისამართებული ცხოვრება ავტონომიური ცხოვრების ფორმებს აწარმოებს, სოციალური ქსელების მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განცდების, სწრაფვების, შთაბეჭდილებების ფოტოს ან პოსტის სახით გამოქვეყნება. ემოციური ექსჰიბიციონიზმის ვირტუალური სახებები, სუბიექტების დეპოლიტიზების მზარდ პრაქტიკებს ამნიშვნელებენ. ქუჩაში საჯარო პოლიტიკის კეთება, ‘პოსტებში’ წუხილების გამოთქმამ გადაფარა. აფორიაქებულობის ფსიქიკური განცდა კი, ფეისბუქში „სქროლვის“ (Scroll) ფიზიკურმა აქტივობამ ჩაანაცვლა.

 

თავის მხრივ, ყოფნა საკუთრივობაში გარდატეხილი არსებობის ფორმაა, რომელიც ექსისტენციალური განცდების გადააზრებისა და პოლიტიკურ თუ ისტორიულ რეალობასთან გაბედული შეხვედრის განწყობებში ვლინდება. ყოფნა ბუნებასთან თანაარსებობის განცდაზე დგას და იმაზე, რომ სიცოცხლე, სიკვდილის ბოლოვადობითაა განსაზღვრული, შესაბამისად, ყოფნის წესი ძრწოლის (Der Angst) განწყობითაა სამყაროსთან გაშუალებული. ყოფნა კაპიტალიზმში ნაწარმოები ანგარებიანი, ველურ კონკურენციაში ჩართული აპათიური სუბიექტურობის ფორმებისაგან რადიკალურად განსხვავებულ პოლუსზე ინიშნება, სადაც ექსისტენცია, სხვასთან ემოციურ მიმართებაში იკრებს შთაბეჭდილებებს. ყოფნა გაბედული და გააზრებულად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც ყალბი გარემოული ინერციებისაგან განზე დგომით ხასიათდება. ბუნებისა და კულტურის კაპიტალისტური გამიჯნის პოლიტიკა, რაციოსა და შეგრძნებების დაპირისპირების ხელოვნურ პრაქტიკებს აწარმოებს, ყოფნის ცხოვრებისეული წესი, ამგვარი გამიჯნის მიღმა, გონებრივი და ემოციური საწყისების ჰარმონიული თანყოფნის მოდუსში დგინდება.  ყოფნა ინტერსუბიექტურობის ველშია მოქცეული, სადაც თავისუფლება, წინსვლა, ბედნიერება და სიამოვნება, მხოლოდ სხვასთან თანაზიარობაში იძენენ მნიშვნელობებს. ფლობა თუ დაგროვების, წინ წაწევისა და სხვისი გადაფარვის ეგოისტურ მოდუსში ვლინდება, ყოფნის მახასიათებლებით აღბეჭდილი ადამიანი, თანაგანცდის, განაწილებისა და თანასწორობის იდეალებს[7] ერთგულობს. 

 

ფლობის ცხოვრებისეული წესი, განმარტოებულობის რობინზონადულ ეკონომიკურ მოდელში დგინდება, ბურჟუაზიული სუბიექტურობის ფორმაში, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი მაქსიმა პირადი კეთილდღეობისა და კარიერული წარმატებების მიღწევაა, თუნდაც, ადამიანებისა და საჯარო სიკეთეების გაშუალების ხარჯზე. ყოფნის მოდუსში მყოფი ადამიანი, ძრწოლანარევი სიმშვიდით ირიდებს სისტემის მაცდუნებელ, საზოგადოებისა და ბუნებისაგან დამაშორებელ პრაქტიკებს და მის ნაცვლად, პოლიტიკური წინააღმდეგობის დროითობაში გამოკვეთს თავს.

 

ბიბლიოგრაფია:

ბაუმანი ზიგმუნტ, თხევადი მოდერნულობა. მთარგმნ. თემო ბეჯანიძე, ნათია ქარჩილაძე. თბილისი: ინტელექტი, 2019.

მარკუზე ჰერბერტ. ერთგანზომილებიანი ადამიანი. მთარგმნ. ოთარ ჭულუხაძე. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

სენეტი რიჩარდ. საჯარო ადამიანის დაცემა. მთარგმნ. ლაშა გველესიანი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

Fromm Erich, To Have or To Be. New York: INTEGRATED MEDIA. 1976.

 

[1] მემარცხენე პოლიტიკურ აზრი ავტონომიურობის სუბიექტურ და ობიექტურ პირობებს მოიცავს, რაც შეიძლება ითქვას, რომ მასლოუს პირამიდის მსგავს იერარქიას მოიცავს, უბრალოდ იმ დაშვებით, რომ არსებობისათვის აუცილებელ ბაზისურ საჭიროებებზე წვდომა ადამიანს დაბადებიდანვე, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უნდა ჰქონდეს, განურჩევლად ყველას, თანაბრად უნდა ჰქონდეს წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე, არავის უნდა აწუხებდეს საცხოვრისის პრობლემა. მხოლოდ ხსენებული ძირეული საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება სუბიექტური ავტონომიურობის მოპოვება, რაც შემოქმედებით აქტივობებსა და გარემოსთან თავისუფალი თანაქმნადობის კატეგორიებს მოიაზრებს.

[2] ერთი მხრივ, დაუცველი ხარ რადგან დამოკიდებული ხარ არასტაბილურ და დაბალანაზღაურებად შრომაზე, რომლიდანაც ვერანაირ დანაზოგს ვერ აკეთებ, მეორე მხრივ, არ გაქვს წვდომა ნორმალურ განათლებასა და ჯანდაცვაზე. არასრული განათლება დასაქმების ბაზარზე დამკვიდრებას ერთიორად ართულებს, პროფესიული განათლება კი, მუდმივად დაბალკვალიფიციურ მუშახელად ყოფნისათვის გაპირობებს. მეორე მხრივ, გაუმართავი ჯანდაცვა და არარსებული ან არასრულყოფილი სადაზღვევო პაკეტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შექმნის შემთხვევაში მკურნალობის შესაძლებლობის მიღმა გტოვებს.

[3] თანამედოვე სოცილოგიაში არსებულ ნეოლოგიზმს თუ გამოვიყენებთ, სავაჭრო ცენტრებს, აეროპორტის მოსაცდელებს და მსგავსს ანონიმურობით პირობადებულ სივრცეებს არა-ადგილები (Non places) ეწოდება.

[4] მარკუზეს აზრით, განტვირთვის დრო ბიზნესისა და პოლიტიკის მიერაა ადმინისტრირებული, რა ვითარებაშიც დამოუკიდებლობისა და შრომისაგან თავისუფლების სიმულაციური შეგრძნებები გეუფლება. სინამდვილეში განტვირთვის დროც შრომის გაგრძელებაა. განტვირთვის დრო კავდება და გადის იმ გასართობი საშუალებებით, რომლებიც ერთი მხრივ, გაჩვევენ და გიბუნებრივებენ არსებულ რეალობას, მეორე მხრივ კი, რუტინულ შრომაში დაბრუნებისათვის აუცილებელი ენერგიებით გამარაგებენ. იშვიათად, ცნობიერების კუნჭულებში ღრმად მიმალული ცნობისმოყვარეობის გრძნობა იღვიძებს და რეალობის ახლებური დაკითხვის სურვილი უჩნდება, რომელსაც ბიზნესისა და პოლიტიკის დრო მაშინვე შესაბამის ფორმებში ამისამართებს, იქნება ეს ფსევდოსამეცნიერო თუ ბესტსელერად ქცეული, სისტემასთან თანხმობაში მყოფი ლიტერატურა, ან მეინსტრიმ ჰოლივუდი და მისგან ნაწარმოები ჭარბი იდეოლოგიური სახე-ხატები, ასევე, ბოლო დროს არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების განსაკუთრებული მატება შეიმჩნევა, რომლებშიც ფილოსოფოსები, „ქოუჩები“, მღვდლები და სხვადასხვა მარკეტოლოგ-მენეჯერები ლექციებს ერთად კითხულობენ.

[5] რიჩარდ სენეტი წერს, რომ ინტიმურმა საზოგადოებამ საჯარო სივრციდან გააქრო საჯარო ადამიანი, რამაც საჯარო სივრცე, როგორც პოლიტიკურობის დაფუძნების აუცილებელი პირობა, ეგოცენტრული ქმედებების ასპარეზად გადააქცია.

[6] თამაშის ფუნქციები ზიგმუნდ ფროიდთანაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თამაშის პრაქტიკა გარემოულად მიღებული სტრესების გასამკლავებელ ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. 

[7] ჯერ კიდევ არისტოტელესთან, კარგი ადამიანი კარგი მოქალაქის სინონიმური ცნება იყო. ადამიანის სიკარგეს, მისი პოლისის საქმეებში ჩართულობა და საზოგადო სიკეთეზე ზრუნვა განსაზღვრავდა, კაპიტალიზმის უტილიტარისტულმა ხედვებმა ადამიანი წარმატების გზაზე გადებულ მოსახმარ საშუალებად დასახა.

გაზიარება: