1.პირველი შეხვედრა ატომურ მოძღვრებასთან (წიგნიდან „ნაწილი და მთელი“)

1.პირველი შეხვედრა ატომურ მოძღვრებასთან (წიგნიდან „ნაწილი და მთელი“)

(1919-1920 წ. წ.)

 

1920 წლის გაზაფხული იდგა. პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა ააღელვა და აამოქმედა. დიდად იმედგაცრუებულ უფროს თაობას სადავეები ხელიდან გაუსხლტა. ახალგაზრდები ჯგუფდებოდნენ დიდ და მცირე საზოგადოებებად, რათა ახალი გზისათვის მიეკვლიათ ან ახალი კომპასი მოეძიათ, რამეთუ ძველი უკვე დამსხვრეულიყო. და აი, გაზაფხულის ერთ მზიან დღეს ამხანაგებთან ერთად გზას დავადექი. ჩვენს ჯგუფში ასე ათი-ოციოდე ახალგაზრდა თუ იქნებოდა, უმრავლესობა ჩემზე უმცროსი იყო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩვენი გზა ჰიუგელანდზე გადიოდა, შტარენბერგერის ტბის დასავლეთი ნაპნირის გასწვრივ, ეს ტბა მწვანედ გადაბურულ წიფლნარში გამოკრთებოდა ზოგჯერ ჩვენს ქვემოთ, თითქოს შორით გადაწოლილ მთებს ემიჯნებაო. გზაში რაღაც უცნაურად ჩამოვარდა პირველი საუბარი ატომთა სამყაროს შესახებ, საუბარი, რომელიც ჩემი შემდგომი მეცნიერული განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იქნებ დაუჯერებელი გვეჩვენოს, რომ ბუნების მშვენიერებისათვის ფართოდ გულგახსნილი, უზრუნველი ახალგაზრდების ჯგუფში ამგვარი მსჯელობები მართლაც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ საკმარისია მაშინდელი ვითარება გავიხსენოთ; სკოლისა და მშობლიური სახლის გარემოცვა, ახალგაზრდობას რომ იცავს ხოლმე მშვიდობის ჟამს, ამ არეულ დროში სრულიად მოიშალა და მის ნაცვლად ყმაწვილებს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი გამოუმუშავდათ. ისინი აზრის გამოთქმას იქაც კი ბედავდნენ, სადაც საამისოდ ნიადაგი ჯერ კიდევ არ ჩანდა:

 

ჩემს წინ მიდიოდა ქერა, ტანადი ყმაწვილი. მისმა მშობლებმა ოდესღაც მთხოვეს, დავხმარებოდი მას სასკოლო დავალებების შესრულებაში, ერთი წლის უკან კი ამ თხუთმეტიოდე წლის ბიჭს ქუჩის ბრძოლაში ტყვია-წამლით სავსე ყუთები უთრევია მამამისისთვის, რომელიც, ვიტელბახერის ჭასთან ჩასაფრებული, მიუნხენის საბჭოთა რესპუბლიკას იცავდა. ხოლო დანარჩენები, და მათ შორის მეც, ორი წლის წინათ მოჯამაგირედ ვედექით ბავარიელ გლეხებს. ასე რომ, ცხოვრების სუსხი აღარ გვეუცხოვებოდა და არც ურთულეს პრობლემებზე ჩვენი საკუთარი აზრის გამოთქმას ვუფრთხოდით.

 

ჩვენს საუბარს ბიძგი ალბათ იმ გარემოებამაც მისცა, რომ ზაფხულში გამოსაშვები გამოცდები უნდა ჩამებარებინა; თანაც ჩემს მეგობარ კურტთან მიყვარდა ხოლმე ბუნებისმეტყველებაზე საუბარი. იგი ჩემს ინტერესებს დიახაც იზიარებდა, თუმცა თავად ინჟინრობას აპირებდა. კურტი პროტესტანტი ოფიცრის შვილი იყო, კარგი სპორტსმენი და სანდო ამხანაგი. ერთი წლის წინათ, როცა მთავრობის ჯარებმა მიუნხენი ჩაკეტეს და ოჯახში ლუკმა-პური გამოგველია, მე, კურტმა და ჩემმა ძმამ გარხინგს გავწიეთ, ფრონტის ხაზი გადავკვეთეთ და შინ  პურით, კარაქით და ლორით სავსე ზურგჩანთებით დავბრუნდით. ასეთი ფათერაკების ერთად გავლა ჩინებული საწინდარია უანგარო ნდობისა და სრული ურთიერთგაგებისა. ამჟამად ჩვენი საერთო ინტერესის საგანი ბუნებისმეცნიერული საკითხები იყო. მე ვუთხარი კურტს, ჩემს ფიზიკის სახელმძღვანელოში წავაწყდი სურათს, რომელიც სრულ უაზრობად მეჩვენება-მეთქი. მასზე გამოსახულია ქიმიის ის ძირითადი პროცესი, რომლის დროსაც ორი სხვადასხვა ნივთიერება ერთ ახალ ნივთიერებად, ერთ ქიმიურ შენაერთად იქცევა; ასე მაგალითად, ნახშირბადისა და ჟანგბადის შეერთებით წარმოიქმნება ნახშირორჟანგი. ამგვარი პროცესების კანონზომიერებანი უფრო თვალსაჩინოდ წარმოგვიდგება –გვასწავლის ეს წიგნი, –თუკი დავუშვებთ, რომ პირველი და მეორე ელემენტის უმცირესი ნაწილაკები – ატომები ატომურ ჯგუფებად ანუ ეგრეთწოდებულ მოლეკულებად ერთიანდება. ასე მაგალითად, ნახშირორჟანგის მოლეკულა შედგება ნახშირბადის ერთი ატომისა და ჟანგბადის ორი ატომისაგან. თვალსაჩინოებისათვის წიგნში ასეთი ატომური ჯგუფების სქემებია დაბეჭდილი: რათა აეხსნა, თუ რატომ ქმნის, კერძოდ, ნახშირბადის ერთი ატომი და ჟანგბადის ორი ატომი ნახშირორჟანგის ერთ მოლეკულას, ავტორმა ატომები ისრებითა და ღერძებით დაუკავშირა ურთიერთს. მე კი ეს სრულ უაზრობად მეჩვენებოდა, რადგან ისრები და ღერძები, ჩემი აზრით, სავსებით ნებისმიერი წარმონაქმნები იყვნენ და შეგვეძლო, ტექნიკური მიზანშეწონილებისდა მიხედვით, მათთვის სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა ფორმა მიგვეცა. ატომები კი ბუნების კანონის შედეგია და მხოლოდ ბუნების კანონის ძალით ერთდებიან ისინი მოლეკულებად. ჩემი აზრით, აქ არ შეიძლებოდა დაგვეშვა რაიმე თვითნებობა და, მაშასადამე, ისეთი ნებისმიერი ფორმები, როგორიც იმ ისრებისა და ღერძის შემთხვევაში გვქონდა.

“თუ შენ არ გსურს, ამ ისრებისა და ღერძებისა რაიმე დაიჯერო, – მითხრა კურტმა, – გამოგიტყდები, რომ ისინიც მე ძლიერ საეჭვოდ მეჩვენება. უპირველეს ყოვლისა, საშურია ცოდნა იმისა, თუ რა გამოცდილებამ მისცა უფლება დამხაზველს მათი ამ სახით წარმოდგენისა. დღევანდელი ბუნებისმეტყველება ხომ გამოცდილებას ეყრდნობა და არა რაიმე ფილოსოფიურ სპეკულაციას, გამოცდილებას კი, თუკი იგი სანდოა და, მაშასადამე, რუდუნებით გვაქვს მოპოვებული, ანგარიშიც უნდა გავუწიოთ. რამდენადაც მე ვიცი, ქიმიკოსები პირველყოვლისა იმას ადგენენ, რომ ელემენტარული შემადგენელი ნაწილები ქიმიურ ნაერთებში ყოველთვის სრულიად გარკვეული, ზუსტი წონითი შეფარდებით გვევლინება. ეს კი უკვე საკმაოდ უცნაურად გვეჩვენება, რადგან მაშინაც კი, თუ ატომების, ე. ი. თითოეული ქიმიური ელემენტის ამ უმცირეს დამახასიათებელ ნაწილაკთა არსებობას დავუშვებთ, ბუნებაში ჩვენთვის ცნობილი ძალებით ძალზე გაგვიჭირდება იმ ფაქტის ახსნა, რომ ნახშირბადის ერთი ატომი, როგორც წესი, ჟანგბადის მხოლოდ ორ ატომს იერთებს. თუკი ატომების ამ ორ სახეობას შორის მართლაც არსებობს მიზიდულობის ძალა, რატომ არ შეიძლება მან ჟანგბადის სამი ატომი შეიერთოს?”

 

“შესაძლოა, ნახშირბადის ან ჟანგბადის ატომებს ისეთი ფორმა აქვთ, რომ სამის კავშირს სივრცითი განლაგება გამორიცხავს, –ვთქვი მე. –თუკი ამას დაუშვებ, და ეს სრულებითაც არ არის გამორიცხული, მაშინ შენ ისევ სახელმძღვანელოში დახაზულ ისრებსა და ღერძებთან მიხვალ. როგორც ჩანს, დამხაზველსაც მხოლოდ იმის თქმა სურდა, რაც შენ ახლახან თქვი, კერძოდ: მას არ შეუძლია იცოდეს ატომთა ზუსტი ფორმა; მან ისრები და ღერძები იმისათვის მოიმარჯვა, რომ უფრო მკვეთრად გამოეხატა ისეთი ფორმების არსებობა, ჟანგბადის მხოლოდ ორი და არა სამი ატომის შეერთებას რომ უშვებს ნახშირბადთან”.

 

“კეთილი, დავუშვათ, რომ ისრები და ღერძები უაზრობაა. მაგრამ შენ ხომ ამბობ, რომ ატომებს სწორედ ბუნების იმ კანონთა საფუძველზე, რომლებიც მათი არსებობისათვის აგებენ პასუხს, ისეთი ფორმაც ექნებათ, რომელიც სწორ შეერთებაზე ზრუნავს? ჯერჯერობით ორივე ჩვენთაგანს ამ ფორმებისა არა გაეგება რა. როგორც ჩანს, აქ თვით ამის დამხაზველიც უმეცარია. აი, ის ერთადერთი, რაც ჩვენ ამ ფორმის შესახებ ვუწყით: იგი ზრუნავს, რომ ნახშირბადის ერთმა ატომმა შემოიერთოს ჟანგბადის ორი და არა სამი ატომი. ქიმიკოსებმა, როგორც ამ წიგნიდანაც ვიცით, ამ მოვლენის აღსანიშნავად ‘ქიმიური  ვალენტობის’ ცნება შემოიღეს”.

 

“მაგრამ ეს სიტყვაა ოდენ თუ ცნება, ჯერ გამოსარკვევია”.

 

“იგი, ალბათ, მეტია, ვიდრე მარტოოდენ სიტყვა, რადგან ოთხ ვალენტობას, რაც ნახშირბადის ატომს მიეწერება და რითაც მისი თითო წყვილი ჟანგბადის ატომის ორ ვალენტობას აჯერებს, რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს ატომის ტეტრაედრისებურ აღნაგობასთან. ამ ფორმების უკან, როგორც ჩანს, გარკვეული ემპირიული ცოდნა დგას, ჩვენ რომ ამჟამად არ ვიცით”.

 

აქ საუბარში ჩაერთო რობერტი, რომელიც მანამდე უხმოდ მოგვყვებოდა და, თურმე, გვისმენდა. რობერტს მოგრძო, ვაჟკაცური სახე ჰქონდა. ძალზე შვენოდა მუქი, ხშირი თმა, ერთი შეხედვით, იგი ოდნავ გულჩათხრობილი და უკარება მოგეჩვენებოდათ. იშვიათად მონაწილეობდა იმ მსუბუქ, მხიარულ მასლაათში, რომელიც ასეთ მგზავრობას ჩვეულებისამებრ ახლავს ხოლმე. მაგრამ როცა მიმწუხრისას კარავში ხმამაღალი კითხვა გაიმართებოდა, ან ლექსების ხვაშიადი შეგვიპყრობდა, ყოველთვის მას მივმართავდით, რადგან მასზე კარგად არავინ იცოდა გერმანული პოეზია და ფილოსოფიური ლიტერატურა. იგი ლექსებს ყოველგვარი პათოსის გარეშე კითხულობდა, სადად, მაგრამ ისე, რომ ლექსის შინაარსი ჩვენს შორის ყველაზე დიდ რაციონალისტსაც კი მისწვდებოდა. ისე დინჯი, აზრიანი ლაპარაკი იცოდა, უნებურად მოსასმენად განგვაწყობდა ხოლმე. მის სიტყვებსაც, როგორც მეჩვენებოდა, უფრო მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე სხვებისას. ისიც ვიცოდით, სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა ფილოსოფიურ წიგნებსაც რომ კითხულობდა. რობერტს, როგორც ჩანს, ახლა ჭკუაში არ დაუჯდა ჩვენი საუბარი.

 

“თქვენ, ბუნებისმეტყველების ტრფიალნო, – ჩაგვერია იგი, – იოლად რომ იმოწმებთ გამოცდილებას, თანაც დარწმუნებული ხართ, რომ ხელში ჭეშმარიტება გიპყრიათ! მაგრამ აბა, კარგად ჩაუკვირდით იმას, რაც გამოცდილების მიღებისას მართლა ხდება და ნახავთ, რა ძალზე სადავო გამოჩნდება ეგ თქვენი პოზიციები! თქვენი საუბარი ხომ თქვენივე აზრების ნაყოფია, მხოლოდ აზრებიდან იღებთ უშუალო ინფორმაციას, მაგრამ აზრები ხომ საგნებთან არ იმყოფებიან; ჩვენ ხომ საგნებს უშუალოდ ვერ აღვიქვამთ. ისინი ჯერ უნდა წარმოდგენებად გარდავქმნათ, შემდეგ კი მათგან ცნებები ჩამოვაყალიბოთ. ის, რაც გრძნობადი აღქმით გარედან შემოდის ჩვენში, ძალზე განსხვავებული შთაბეჭდილებების საკმაოდ უწესრიგო ნარევია და მას ზუსტად სრულებითაც არ შეესატყვისება ის ფორმები თუ თვისებები, რომლებსაც ჩვენ შემდეგ აღვიქვამთ ხოლმე, მაგალითად, როდესაც ქაღალდზე დახატულ კვადრატს ვუმზერთ, არც თვალის ბადურაზე და, მით უმეტეს, არც ჩვენი ტვინის ნერვულ უჯრედებში ამ კვადრატის ფორმის მსგავსი არაფერი გვაქვს. ჩვენ ამ გრძნობად შთაბეჭდილებებს უფრო შეუცნობლად ვაწესრიგებთ წარმოდგენის მეშვეობით და მას ერთ მთლიან “აზრიან” ხატად გარდავქმნით. ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამგვარი გარდაქმნით, ცალკეული შთაბეჭდილებების კომბინაციით, რაღაც “გასაგებს” მივაღწევთ. ამიტომ, ჯერ უნდა შემოწმდეს, თუ საიდან გვიჩნდება ხატები, წარმოდგენები, როგორ ხერხდება მათი ცნებითი წვდომა და რა მიმართებაში არიან ისინი საგნებთან, ვიდრე ასე დარწმუნებით ვიმსჯელებდეთ გამოცდილებაზე, რადგან წარმოდგენები აშკარად წინ უსწრებენ გამოცდილებას. ისინი ამ გამოცდილების წინაპირობას წარმოადგენენ”.

 

“განა წარმოდგენები, რომლებსაც შენ ასე მკაცრად თიშავ აღქმის ობიექტისაგან, თავის მხრივ ისევ გამოცდილებისაგან არ მომდინარეობენ? არც ისე პირდაპირ, როგორც ეს შესაძლოა გულუბრყვილოდ გვეფიქრა, მაგრამ – არაპირდაპირ, თუნდაც გრძნობად შთაბეჭდილებათა მსგავსი ჯგუფების ხშირი განმეორებით ან სხვადასხვა შეგრძნებათა ჩვენებების შეფარდებით?”

 

“ეგ სრულებითაც არ მიმაჩნია დამაჯერებლად და არც თუ მაინცდამაინც ცხადია. ახლახან წავიკითხე ფილოსოფოს მალბრანშის გამოკვლევები და იქ თვალში მომხვდა ერთი ადგილი, რომელიც სწორედ ამ პრობლემას შეეხება. მალბრანში არსებითად განასხვავებს წარმოდგენათა წარმოშობის სამ ძირითად შესაძლებლობას. ერთ-ერთი მათ შორის შენ ახლახან ახსენე: საგნები გრძნობადი შთაბეჭდილების მეშვეობით უშუალოდ აღძრავენ წარმოდგენებს ადამიანის სულში. ამ თვალსაზრისს მალბრანში უარყოფს, რადგან გრძნობადი შთაბეჭდილებები თვისებრივად განსხვავდებიან როგორც საგნებისაგან, ისევე საგანთა შესაბამისი წარმოდგენებისაგან. მეორე: ადამიანის სულში ეს წარმოდგენები იმთავითვეა ან, ყოველ შემთხვევაში, მას შესწევს უნარი ეს წარმოდგენები თავად შექმნას. ამ შემთხვევაში, გრძნობადი  შთაბეჭდილებები ადამიანის სულს გაახსენებენ იმ წარმოდგენებს, რომლებიც მას უკვე აქვს. ან კიდევ –გრძნობადი შთაბეჭდილებები უბიძგებენ სულს თავად ჩამოაყალიბოს წარმოდგენები. მესამე, და მალბრანშს სწორედ იგი მიაჩნია ჭეშმარიტად: ადამიანის სული ღვთაებრივი გონის მოზიარეა. იგი დაკავშირებულია ღმერთთან და ღვთისგან აქვს მონიჭებული წარმოდგენის ძალა, სურათხატები თუ იდეები, რომელთა მეშვეობითაც იგი მრავალფეროვან გრძნობად შთაბეჭდილებებს აწესრიგებს და ცნებებად ანაწევრებს”.

 

კურტს ეს კვლავ არაფრად ეჭაშნიკა. “თქვენ, ფილოსოფოსები, იმწამსვე მოიმარჯვებთ ხოლმე თეოლოგიას და  გაგიჭირდებათ თუ არა, ღმერთს იშველიებთ, –თქვა მან, –და ყოველი სიძნელეც თავისთავად უქმდება. მე კი ეს სულაც არ მაკმაყოფილებს. რაკი საკითხი დასვი, მაშინ კიდეც ამიხსენი: რანაირად იძენს ადამიანის სული თავის წარმოდგენებს; თანაც, ამ ქვეყნად და არა საიქიოს. რამეთუ სულიც და წარმოდგენაც სწორედ  რომ სააქაოს მკვიდრნი არიან. რაკი შენ უარყოფ, რომ წარმოდგენები, უბრალოდ, თვით ჩვენი გამოცდილებიდან აღმოცენდებიან, მაშინ კიდევაც უნდა ამიხსნა თუ თავიდანვე რანაირად აქვს მოცემული ეს წარმოდგენები ადამიანის სულს. იქნებ, თანშობილია წარმოდგენები, ან წარმოდგენების უნარი, რითაც ბავშვი სამყაროს ეცნობა? თუ შენ ამას დაადასტურებ, მაშინ ჭკუასთან ახლოა ვიფიქროთ, რომ წარმოდგენები წარსულ თაობათა გამოცდილებებს ემყარება. და თუ ეს ასეა, მაშინ, ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელობა არა აქვს თუ ვის გამოცდილებაზე ვილაპარაკებთ, ეხლანდელი თუ წარსული თაობების გამოცდილებაზე”.

 

“არა, – უპასუხა რობერტმა, – ეს არ მქონია მხედველობაში, რადგან, ჯერ ერთი, ძალზე საეჭვოა, რომ ყოველივე, სწავლით შეთვისებული და, მაშასადამე, გამოცდილებათა შედეგიც – მემკვიდრეობით გადადიოდეს. მეორეც: იმის დამტკიცება, რასაც მალბრანში გულისხმობს, თეოლოგიის გარეშეც შეიძლება და მაშინ მას ადვილად მოვუნახავთ ადგილს თანამედროვე ბუნებისმეტყველებაში.

 

ვცადოთ. მალბრანში ასე იტყოდა: ერთი და იგივე მაწესრიგებელი ტენდენციები, რომლებიც პასუხს აგებენ სამყაროს ხილული წესრიგისათვის, ბუნების კანონთათვის, ქიმიური ელემენტებისა და მათი თვისებების წარმოქმნისათვის, კრისტალების ჩამოყალიბებისათვის, სიცოცხლის გაჩენისათვის და ყველა დანარჩენისათვის, მონაწილეობენ აგრეთვე ადამიანის სულის წარმოქმნაშიც და ამ სულში მოქმედებენ. ისინი  ქმნიან პირობას საგანთა შესაბამისი წარმოდგენების აღმოცენებისათვის და ხელს უწყობენ ცნებითი დანაწევრების შესაძლებლობას. ისინი პასუხს აგებენ იმ რეალურად არსებული სტრუქტურებისათვის, რომელნიც მხოლოდ მაშინ გამოეყოფიან ურთიერთს, როდესაც ჩვენი ადამიანური პოზიციიდან ვაკვირდებით მათ და ჩვენს აზრებში ვახდენთ მათ ფიქსაციას. ეს განაყოფებია: ობიექტურად საგანი, ხოლო სუბიექტურად –წარმოდგენა. თქვენს ბუნებისმეტყველებაში მიღებულ თვალსაზრისს, თითქოს ყველა წარმოდგენა გამოცდილებას ემყარება, მალბრანშის თეზისთან ის აქვს საერთო, რომ წარმოდგენების შექმნის უნარი განვითარების ისტორიაში უნდა წარმოშობილიყო ორგანიზმების გარესამყაროსთან ურთიერთობის ნიადაგზე. მაგრამ მალბრანში იქვე ხაზგასმით შენიშნავს, რომ აქ საუბარია კავშირებზე, რომლებსაც ვერ ავხსნით მიზეზობრივად მიმდინარე ცალკეულ პროცესთა ჯაჭვის მეშვეობით. მაშასადამე, აქ ისევე, როგორც კრისტალების ან ცოცხალ არსებათა წარმოქმნისას, მოქმედებენ მორფოლოგიური ხასიათის ზე-სტრუქტურები, რომლებსაც მიზეზისა და შედეგის ცნებათა წყვილი სრულიად ვერ გამოხატავს. კითხვა იმის შესახებ – გამოცდილება უსწრებდა წარმოდგენას თუ პირუკუ, ისევე არასერიოზულია, როგორც ფართოდ გავრცელებული დავა ქათმისა თუ კვერცხის პირველობაზე.

 

მე არ ვაპირებ ხელი შევუშალო თქვენს საუბარს ატომზე. მე მინდოდა მხოლოდ გამეფრთხილებინეთ, რომ ატომებთან დაკავშირებით ასე იოლად ვერ ვილაპარაკებთ გამოცდილებაზე, რადგან ადვილი შესაძლებელია, ატომები, რომლებსაც უშუალოდ ვერ ვაკვირდებით, სულაც არ წარმოადგენენ უბრალო საგნებს, არამედ განეკუთვნებოდნენ ფუნდამენტურ სტრუქტურებს, ხოლო ამ სტრუქტურებში აზრი არა აქვს წარმოდგენისა და საგნის ურთიერთგათიშვას. შენს სახელმძღვანელოში დახატულ ისრებსა და ღერძებს, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ სერიოზულად ისევე, როგორც ატომების სხვა ნებისმიერ გამოსახულებებს, რომლებსაც პოპულარულ ლიტერატურაში ვხვდებით. ასეთი სქემები, რომლებსაც გაგების გასაადვილებლად ხატავენ ხოლმე, სინამდვილეში პრობლემას კიდევ უფრო მეტად აბუნდოვანებს. ჩემი აზრით, ცნებას “ატომის ფორმა”, –შენ რომ წეღან იხმარე, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მხოლოდ მაშინ, თუ სიტყვა “ფორმა” ძალიან ზოგადად იქნება გააზრებული არა მარტო სივრცობრივად, არამედ სიტყვა “სტრუქტურის” იმ მნიშვნელობითაც, წედან რომ ვთქვი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შევძლებდი ამ ცნების რამდენადმე შეწყნარებას”.

 

ჩვენი საუბრის ასეთმა შემობრუნებამ უნებურად პლატონის დიალოგი “ტიმაიოსი” გამახსენა. ერთი წლის წინათ წავიკითხე ეს წიგნი. ძალიან გამიტაცა, თუმცა მაშინ მისი ძირითადი პუნქტები ჩემთვის გაუგებარი დარჩა. იქ მატერიის უმცირეს ნაწილაკებზე იყო საუბარი. რობერტის სიტყვებიდან ჩემთვის, მართალია, ჯერ საკმაოდ ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ცხადი შეიქნა, რომ ამ უმცირესი ნაწილაკების განხილვისას საერთოდ ისეთ უცნაურ აზრისმიერ კონსტრუქციებამდე შეიძლება მივიდეთ. “ტიმაიოსში” რომ გვხვდება. მართალია, ეს კონსტრუქციები, თავიდან რომ აბსურდი მეგონა, არც ახლა მომჩვენებია უკეთესად, მაგრამ აქედან პირველად დავინახე ჩემს წინ ის გზა, რომელსაც შეეძლო ამგვარსავე კონსტრუქციებთან მივეყვანე.

 

გასაგები რომ გახდეს, თუ რაოდენ ბევრს ნიშნავდა ახლა ჩემთვის “ტიმაიოსის” შტუდიების გახსენება, მოკლედ გაგაცნობთ იმ უცნაურ ვითარებას, რომელშიც ამ წიგნის წაკითხვა მომიხდა. 1919 წლის გაზაფხულზე მიუნხენში საკმაოდ ქაოსური სიტუაცია იყო: ქუჩაში ისროდნენ, ზოგჯერ ვერც გაარკვევდით, ვინ ვის ებრძოდა. მთავრობა ისე ხშირად იცვლებოდა, ვერც ვასწრებდით სახელწოდებისა და გვარების დამახსოვრებას. ყველგან ძარცვა-გლეჯა იყო გაჩაღებული და “საბჭოების” ეს რესპუბლიკა უკანონობის სინონიმად იქცა. როცა ბოლოს მიუნხენის გარეთ ახალი ბავარიული მთავრობა შეიქმნა და ამ მთავრობამ მიუნხენისკენ ჯარები დაძრა, იმედის ნაპერწკალმა გაგვიელვა, რომ ქალაქში წესრიგი აღდგებოდა. ჩემი სკოლის ამხანაგის მამამ მოხალისეთა რაზმის უფროსობა ითავა; ამ რაზმს ქალაქის განთავისუფლებაში უნდა მიეღო მონაწილეობა. მან ჩვენც, თავისი მეგობრების წამოყვინჩილებულ ვაჟებს, მოგვიწოდა ქალაქში შემოსული ჯარის ნაწილებისათვის მეგზურობა და შიკრიკობა გაგვეწია. ამგვარად, ყველანი შტაბის ეგრეთწოდებულ მეთერთმეტე მსროლელთა ათასეულში გაგვამწესეს, რომელსაც ლუდვიგშტრასეზე, უნივერსიტეტის პირდაპირ, სასულიერო სემინარიის შენობაში დაედო ბინა. აქ ვმსახურობდით, უფრო სწორად – ყველანი ერთად თავისუფალ, შემთხვევებით აღსავსე ცხოვრებას ვეწეოდით. სკოლიდან დაგვითხოვეს, რაც უწინაც არაერთგზის მომხდარა. ჩვენს თავისუფლებას ცხვრების უცნობ მხარეთა გასაცნობად ვიყენებდით. ეს ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ახლა, ერთი წლის შემდეგ, შტარენბერგერის ტბის გასწვრივ გაწოლილ ბორცვებზე მივაბიჯებდი, ძირითადად მაშინ დავიახლოვე. ჩვენი სათავგადასავლო ცხოვრება სულ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. შემდეგ, როდესაც ბრძოლები ჩაცხრა და სამსახურიც გაერთფეროვნდა, მოვრჩებოდი თუ არა ტელეფონების ცენტრალურ სადგურში ღამის მორიგეობას, მზის ამოსვლასთან ერთად მეც ვთავისუფლდებოდი ყველა მოვალეობისაგან.

 

შევუდექი სასკოლო სამზადისს. ავიღებდი ხოლმე პლატონის დიალოგების ბერძნულ სასკოლო გამოცემას  და სასულიერო სემინარიის სახურავზე ავძვრებოდი; საწვიმარ ღარზე წამოწოლილი და მზის პირველი სხივებით გამთბარი, სრულიად მშვიდად ვიწყებდი მეცადინეობას. შიგადაშიგ კიდევაც გადავხედავდი ხოლმე ახლადგამოღვიძებულ ქუჩას. ერთ ასეთ დილას, როდესაც მომავალი მზის შუქი უნივერსიტეტის შენობას და მის წინ მდებარე ძველებურ შადრევანს დაადგა, პლატონის “ტიმაიოსის” დიალოგს ვკითხულობდი, კერძოდ იმ ადგილს, სადაც მატერიის უმცირეს ნაწილაკებზეა საუბარი. იქნებ ამ ადგილმა თავდაპირველად იმით მიმიზიდა, რომ ძნელი სათარგმნი აღმოჩნდა ან იმიტომ, რომ მათემატიკას ეხებოდა, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა – აღარ მახსოვს, რად ჩავაჟინდი მაინცდამაინც ეგზომ ჯიუტად სწორედ ამ თავს. მაგრამ არც იქ ამოვიკითხე, თავიდან ბოლომდე აბსურდად მომეჩვენა. იმაზე იყო ლაპარაკი, თითქოს მატერიის უმცირესი ნაწილაკები მართკუთხა სამკუთხედებისაგან შედგება, რომლებსაც თუ წყვილ-წყვილად, ტოლფერდა სამკუთხედებად ან კვადრატებად შევაერთებთ, სტერეომეტრიის წესიერ სხეულებს – კუბს, ოთხკუთხედს, რვაკუთხედს და ოცფერდას მივიღებთ. ეს ოთხი სხეული ოთხი ელემენტისათვის –მიწის, ცეცხლის, ჰაერისა და წყლისათვის – ძირითად ერთეულებად იყო მიჩნეული. მაგრამ ჩემთვის გაუგებარი რჩებოდა: ეს წესიერი სხეულები როგორ განეკუთვნებოდნენ ამ ოთხ ელემენტს, მხოლოდ სიმბოლოები იყვნენ მათი? მაგალითად, სხეული კუბი ელემენტ მიწას მხოლოდ მისი სიმტკიცის, სიმყარის გადმოსაცემად მიეკუთვნებოდა თუ ელემენტ მიწის უმცირეს შემადგენელ ნაწილებს მართლა კუბის ფორმა ჰქონდათ? ასეთი წარმოდგენები ტლანქ სპეკულაციებად მიმაჩნდა, რასაც იმდენად შეიწყნარებდა კაცი, რამდენადაც ძველ საბერძნეთში სერიოზული ემპირიული ცოდნა არც გააჩნდათ. სიმშვიდეს მიკარგავდა ის ამბავი, რომ თვით პლატონმაც, ეგზომ კრიტიკულად და ღრმად მოაზროვნე ფილოსოფოსმა, ვერ დააღწია ამგვარ სპეკულაციებს თავი. ბევრი ვეცადე, როგორმე გზა გამომენახა, რათა ცოტათი მაინც ჩავწვდომოდი ამ სპეკულაციებს, მაგრამ ასეთ გზას ვერსაით მივაკვლიე. თან მიზიდავდა ის აზრი, რომ მატერიის უმცირეს ნაწილაკებს ბოლოს მათემატიკურ ფორმებთან მივყავდით. მივხვდი: ბუნების მოვლენათა მრავალფეროვანი და რთული ხლართის გახსნას მხოლოდ მაშინ შევძლებდით, თუკი მასში მათემატიკურ ფორმებს აღმოვაჩენდით. მაგრამ თუ რა უფლებით მიმართა პლატონმა, კერძოდ, სტერეომეტრიის წესიერ სხეულებს, ჩემთვის სრულიად ამოუხსნელი დარჩა. გადიოდა დრო და ამ დიალოგს მარტოოდენ ჩემი ბერძნული ცოდნის გადასახალისებლად ვიყენებდი. ამ წიგნმა დამარწმუნა, რომ მატერიალური სამყაროს გასაგებად აუცილებელია მისი უმცირესი ნაწილების ცოდნა. სკოლის სახელმძღვანელოებიდან და პოპულარული ლიტერატურიდან ვგრძნობდი თანამედროვე მეცნიერების დიდ ინტერესს ატომისადმი. შემდგომ განსწავლას ჩემთვის იქნებ ამ სამყაროში შეჭრის საშუალება მოეცა. ბოლოს ხომ ასეც მოხდა.

 

მღელვარება ვერ დავიცხრე, იგი ჩემთვის იმ საერთო მღელვარების ნაწილად იქცა, რასაც ერთიანად მოეცვა გერმანიის ახალგაზრდობა. თუკი პლატონის რანგის ფილოსოფოსი ბუნების მოვლენებში წესრიგს ხედავს, ამჟამად რომ დაგვიკარგავს ან მიუწვდომელი გაგვხვდომია, მაშინ რაღას უნდა ნიშნავდეს საერთოდ სიტყვა “წესრიგი?” წესრიგსა და მის გაგებას აქვს კია რაიმე კავშირი დროსთან? ჩვენ ისეთ ქვეყანაში აღვიზარდეთ, რომელიც თითქოს მოწესრიგებული იყო. ჩვენმა მშობლებმა მოქალაქეობრივი სიქველე შთაგვინერგეს, როგორც ამ წესრიგის შენარჩუნებისათვის აუცილებელი რამ. ესოდენ ჩამოყალიბებული სახელმწიფოსათვის ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლეც რომ უნდა გასწირო, ეს უკვე ბერძნებისა და რომაელებისაგან ვიცოდით და ამაში არაფერი იყო განსაკუთრებული. ნათესავებისა და მეგობრების სიკვდილმა დაგვანახა, რომ ქვეყანა სწორედ ასეთია. მაგრამ ხალხში იმასაც ამბობდნენ, რომ ეს ომი დანაშაული იყო. კერძოდ, იმ მმართველი ფენის დანაშაული, რომელიც ევროპის ძველი წესრიგის შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობას იჩემებდა. ეს ფენა დარწმუნებული იყო, რომ ამ წესრიგისათვის მხარი იქაც კი უნდა დაეჭირა, სადაც იგი კონფლიქტს იწვევდა სხვა მისწრაფებათა განხორციელების გზაზე. ევროპის ძველი სტრუქტურა დამარცხებამ იავარჰყო. არც ეს იყო რაიმე განსაკუთრებული, რამეთუ ომებს დამარცხებაც ახლავს. მაგრამ ნუთუ ძველი სტრუქტურის მნიშვნელობა ამ ამბავმა პრინციპულად დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ? განა ისე არ უნდა იდგეს საქმე, რომ ძველი ნანგრევებიდან ახალი, უფრო ძლიერი წესრიგი აღმოცენდეს? ან იქნებ ისინი იყვნენ მართალნი, მიუნხენის ქუჩებში რომ საკუთარი სიცოცხლე გასწირეს, რათა სამუდამოდ მოესპოთ ძველი წესრიგი და მის ნაცვლად ახალი დაემყარებინათ, რომელიც მარტო ერთ ერს კი აღარ მოიცავდა, არამედ მთელ კაცობრიობას? თუმცა გერმანიის გარეთ არსებული ეს კაცობრიობა, თავის უმრავლესობაში, ეგებ არც ფიქრობდა ამ წესრიგის დამყარებას. ეს კითხვები ჭაბუკთა თავებში აღრეულიყო ის კი არა, უფროსნიც ვეღარ პასუხობდნენ მათ.

 

“ტიმაიოსის” კითხვასა და შტარენბერგერის ტბასთან აზიდულ ქედებზე ხეტიალს შორის ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, რომელმაც ჩემს შემდგომ აზროვნებაზე ძლიერი გავლენა იქონია და რომელზედაც მსურს გესაუბროთ, ვიდრე კვლავ მივუბრუნდებოდე ატომთა სამყაროს. მიუნხენის აღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჯარის ნაწილებმა დატოვეს ქალაქი და ჩვენც განვაახლეთ სკოლაში სიარული; დიდად არ დავფიქრებულვარ და არც შემიფასებია ჩვენი მონაწილეობა მთელს ამ ამბავში. ერთ ნაშუადღევს ვიღაც სრულიად უცნობმა ყმაწვილმა გამაჩერა ქუჩაში და მითხრა, მომავალ კვირას ახალგაზრდობა პრუნის ციხე-კოშკში იკრიბება, ყველანი იქ მივდივართ და შენც წამოდი, იქ უნდა მოვიყაროთ თავი და თავადვე უნდა მოვიფიქროთ, რა გზით წარიმართოსო ყოველი. მისი ხმა ისე ჟღერდა, აქამდე რომ აროდეს მსმენია. გადავწყვიტე პრუნის ციხე-კოშკში გამგზავრება. კურტმა ჩემთან წამოსვლა ინება.

 

რკინიგზა მაშინ ჯერ კიდევ ძალზე არარეგულარულად მუშაობდა და ამიტომ ძლივს მივაღწიეთ ქვემო ალტმიულტალს. ადრეულ გეოლოგიურ ხანაში იგი ალბათ დუნაის ველს წარმოადგენდა. მდინარე ალტმიულეს ერთობ კლაკნილი კალაპოტი გაუჭრია ფრანკის მთებში. ეს წარმტაცი ველი, რაინტალის მსგავსად, უამრავი ციხე-კოშკითაა დამშვენებული. ბოლო კილომეტრები  პრუნის ციხე-კოშკისკენ ფეხით უნდა გაგვევლო. ანაზდად თვალი მოვკარით ახალგაზრდებს, ორმლებიც ყოველმხრივ შესდგომოდნენ ბილიკებს ზედ ველის პირას შვეულ კლდეზე ამაყად ზეაწვდილი ციხე-კოშკისკენ. კოშკის ეზოში, ძველ ჭასთან ახალგაზრდებს უკვე მოეყარათ თავი. უმეტესობა მოსწავლეები იყვნენ. აქა-იქ შედარებით უფროსებიც ერია, რომელთაც ჯარისკაცობაში გაეტარებინათ ეს საშინელი ომი და სრულიად შეცვლილ ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ. ბევრი სიტყვა ითქვა. დღეს მაშინდელ კითხვათა პათოსი ცოტა უცნაურადაც მოგეჩვენებოდათ: რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ხალხის თუ მთელი კაცობრიობის ბედი; იქცა თუ არა დამარცხების გამო ომში დაცემულთა მსხვერპლი უაზრობად და აქვს თუ არა ახალგაზრდობას უფლება, თავისი ცხოვრება საკუთარი ღირებულების საზომით ააგოს; შინაგანი სიმართლეა უფრო მნიშვნელოვანი თუ ძველი ფორმები, საუკუნეების განმავლობაში რომ აწესრიგებენ ადამიანთა ცხოვრებას; ყოველივე ამაზე მეტად ცხარე კამათი გაიმართა.

 

მაინცდამაინც არ მიმაჩნდა თავი მზად  ამ კამათში მონაწილეობისათვის. ვუსმენდი და “წესრიგის” ცნებაზე ვფიქრობდი. ორატორთა გამოსვლები დიახაც მარწმუნებდა, რომ აქ ჭეშმარიტ წესრიგთა ურთიერთშეჯახებაც შეიძლებოდა მომხდარიყო და ამ ბრძოლის შედეგად სწორედ რომ წესრიგის საწინააღმდეგო რამ იყო მოსალოდნელი. ეს კი, როგორც მეჩვენებოდა, მხოლოდ ნაწილობრივი წესრიგის დროს იყო შესაძლებელი და ეხლა, როცა ცენტრალურ წესრიგს მოვწყდით, ოდენ ნაშთებიღა შეგვრჩენოდა მისი. მართალია, მათ შემოქმედებითი ძალა არ დაუკარგავთ, მაგრამ ცენტრისკენ ორიენტირება დაჰკარგეს. რაც მეტს ვუსმენდი ორატორებს, მით უფრო მწვავედ ვგრძნობდი ქმედითი ცენტრის ნაკლებობას, თითქმის ფიზიკურად ვიტანჯებოდი, მაგრამ ძალა არ შემწევდა საწინააღმდეგო შეხედულებათა ლაბირინთიდან ცენტრალური სფეროსკენ გზის გაკვლევისა. გადიოდა დრო. კოშკის ჩრდილები დაგრძელდა და მცხუნვარე დღეს მშვიდი მწუხრი და მთვარიანი ღამე მოჰყვა. კამათი არ მინელებულა. ბოლოს კოშკის ჩარდახზე ჭაბუკი ვინმე გამოჩნდა ვიოლინოთი ხელში. სიჩუმე ჩამოწვა. გაისმა ბახის ჩაკონას პირველი გრანდიოზული დ-მოლ აკორდები. კავშირი ცენტრთან ერთბაშად და ეჭვმიუტანლად აღდგა: მთვარის შუქში გახვეული ალტმიულტალი ჩვენს ქვემოთ თუმცა რომანტიული გატაცებისათვის ფართო ასპარეზს შლიდა, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. ჩაკონას ნათელმა ფიგურებმა გრილი ნიავივით გაფანტა ნისლი და მის მიღმა დაფარული მკვეთრი სტრუქტურები ზე-აღიმართნენ. მაშასადამე, შესაძლებელი ყოფილა ცენტრალურ სფეროზე საუბარი. ეს ყოველ დროში იყო შესაძლებელი, პლატონისა და ბახის, მუსიკის, ფილოსოფიისა და რელიგიის ენებზე – მაშასადამე, ამჟამადაც და მომავალშიაც იქნებოდა შესაძლებელი.

 

ღამის დარჩენილი დრო კოცონთან და კარვებში გავატარეთ, ტყის ერთ მდელოზე. აქ კი მთელი ძალით წარმოჩნდა აიხენდორფის რომანტიზმი. ახალგაზრდა მევიოლინე, თურმე სტუდენტი, ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა. შეასრულა მოცარტი, ბეთჰოვენი და ხალხური სიმღერები. მე შევეცადე ჩემი  გიტარით ხმა შემეწყო ვიოლინოსათვის. მევიოლინე მხიარული ჭაბუკი აღმოჩნდა, რომელსაც მაინცდამაინც დიდად არ ეპიტნავებოდა პასუხი კითხვაზე.: რად წარმოადგინა ბახის ჩაკონა ეგზომ საზეიმო ინტერპრეტაციით. მაგრამ რადგან პასუხს მიანც ვერ ასცდა, შემკითხველს თავადვე მიაგება კითხვა:

– იცით თუ არა, რომელ ტონალობაში უკრავდნენ ტრომბონს იერიქონში?

– არა.

– რასაკვირველია დ-მოლ-ში!

– რატომ?

– რამეთუ მათ დაანგრიეს იერიქონის კედლები.

სიტყვის ამ თამაშმა ისე აღგვაშფოთა, რომ ჭაბუკმა მხოლოდ გაქცევით უშველა თავს.

 

ეს ღამე კვლავ მოგონებათა ბინდში უკუიქცა. ახლა კი შტარენბერგერის სანაპირო ბორცვებზე დავეხეტებოდით და თან ატომზე ვსაუბრობდით. რობერტის შენიშვნამ მალბრანშზე ჩემთვის ნათელჰყო, რომ ატომის შესახებ ცოდნა მხოლოდ არაპირდაპირი გზით შეიძლება შევიძინოთ და რომ ატომები არ უნდა წარმოადგენდნენ საგნებს. ეტყობა, პლატონიც ამას გულისხმობდა “ტიმაიოსში”. ამდენად, მისი სპეკულაციები წესიერ სხეულთა შესახებ ნაწილობრივ მაინც გასაგები შეიქნა. როდესაც თანამედროვე მეცნიერება ატომთა ფორმებზე საუბრობს, სიტყვა “ფორმა” აქ თავისი უზოგადესი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, როგორც სტრუქტურა დროსა და სივრცეში, როგოც ძალების სიმეტრია-თვისება, როგორც შესაძლებლობა სხვა ატომებთან დაკავშირებისა. ასეთი სტრუქტურების თვალსაჩინოდ აღწერა მუდამ შეუძლებელი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი, ალბათ, მისაწვდომია.

 

ატომის პრობლემის ფილოსოფიურ ასპექტში უფრო მეტი გარკვევისათვის რობერტს პლატონის “ტიმაიოსის” ეს ადგილი გავახსენე, თან ვკითხე, ეთანხმებოდა თუ არა იგი იმ აზრს, რომ ყოველი მატერიალური საგანი ატომებისაგან შედგება და რომ არსებობენ უმცირესი ნაწილაკები, კერძოდ, ატომები, რომლებადაც შეიძლება მთელი მატერიის დაშლა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს იგი მატერიის ატომისტური სტრუქტურისადმი. მთელი ამ ცნებითი სამყაროსადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი.

 

“საკითხის ამგვარად დაყენება უცხოდ მეჩვენება, – მითხრა რობერტმა, – მას ძალზე შორს მივყავართ ჩვენი უშუალო განცდების სფეროდან. ადამიანთა სამყარო, სამყარო ტბებისა და ტყეებისა უფრო ახლოა ჩემთან, ვიდრე ატომების სამყარო. რა თქმა უნდა, შეიძლება დავინტერესდეთ თუ რა მოხდება, მატერია რომ უფრო და უფრო დავანაწევროთ; ისევე, როგორც შეგვიძლია ვიკითხოთ: არსებობს თუ არა სიცოცხლე ჩვენგან ძალზე დაშორებულ ვარსკვლავებსა და პლანეტებზე? ასეთი კითხვები სიამოვნებას არ მანიჭებს, იქნებ არც კი მსურს ვიცოდე პასუხი. მე მგონი, ამქვეყნად ამ კითხვებზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს”.

 

“არ მსურს, გეკამათო ამ საკითხთა მნიშვნელობაზე, – ვუთხარი მე, – ბუნების მეცნიერება მუდამ მაინტერესებდა. ისიც ვიცი, რომ ბევრი სერიოზული ადამიანი დაინტერესებულია, ბუნებისა და მისი კანონების შესახებ უფრო მეტი გაიგოს. იქნებ, მათ მიღწევებს ადამიანთა საზოგადოებისათვისაც ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ ამჟამად ეს არ მაინტერესებს. მე სულ სხვა მაღელვებს, მგონი კურტმა ამაზე წეღანაც ილაპარაკა:. თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება სწორედ იმ ზღურბლს მიადგა, სადაც ცალკეული ატომების ან, ყოველ შემთხვევაში, მათი მოქმედების დაკვირვება უშუალოდ შესაძლებელია და უკვე შეიძლება ატომებზე ცდების ჩატარებაო. ამის შესახებ ჩვენ ჯერ ცოტა ვიცით, ეს ჯერ არ გვისწავლია, მაგრამ თუ მართლაც ასეა, მაშინ როგორ იქნება ამ ფაქტისადმი შენი დამოკიდებულება? რას იტყვი ამაზე იმ შენი ფილოსოფოსის, მალბრანშის პოზიციიდან?”

 

“იმას, რომ ატომები სრულიად სხვაგვარად მოიქცევიან, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური გამოცდილების საგნები; ვვარაუდობ, რომ მატერიის შემდგომი დანაწევრებისას ისეთ არამდგრადობებს წავაწყდებით, რაც მატერიის მარცვლოვან სტრუქტურაზე მიგვანიშნებს. მაგრამ, მე იმასაც ვუშვებ, რომ წარმონაქმნები, მაშინ რომ ხელთ შეგვრჩება, წარმოსახული სურათების სახით ობიექტურ ფიქსაციას არ დაემორჩილება, ბუნების კანონისათვის ისინი ერთგვარი აბსტრაქტული გამოსახულება იქნება და არა საგნები”.

 

“კი მაგრამ, თუკი მათ უშუალოდ დავინახავთ?”

 

“მათ ვერ დავინახავთ, დავინახავთ მხოლოდ მოქმედებას”.

 

“ეს უვარგისი არგუმენტია, რადგან ყოველ საგანთანაც ხომ იმავეს ვხვდებით. კატას რომ უყურებ, განა მისი სხეულიდან გამოსხივებულ სინათლეს არ ხედავ მხოლოდ? მაშასადამე, კატის მოქმედებას, და არასოდეს –თვითონ კატას. და ეს ასეა მაშინაც, როდესაც ბეწვზე ხელს უსვამ”.

 

“ვერ დაგეთანხმები. კატას უშუალოდ ვხედავ, რადგან აქ ძალმიძს, უფრო მეტიც – იძულებულიცა ვარ, ჩემი გრძნობადი შთაბეჭდილებები წარმოდგენად ვაქციო. კატის მაგალითზე ორივე მხარე ჩვენს წინაშეა, ობიექტურიცა და სუბიექტურიც–კატა, როგორც საგანი და კატა, როგორც წარმოდგენა. ატომის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, აქ წარმოდგენა და საგანი ვეღარ განეყოფიან ურთიერთს”.

 

ამ დროს კურტი კვლავ ჩაგვერია საუბარში.

 

“მეტისმეტად სწავლულებივით მსჯელობთ, – თქვა მან. – ფილოსოფიურ სპეკულაციებში იხლართებით იქ, სადაც საჭიროა, უბრალოდ, გამოცდილებას დავეკითხოთ. იქნებ კიდეც მივაღწიოთ იმას, რომ ატომებზე ექსპერიმენტები ჩავატაროთ. მაშინ ვნახავთ, რასაც წარმოადგენს ეს ატომი. ალბათ, აღმოჩნდება, რომ ისეთივე რეალური და ნამდვილი რამაა, როგორიც ყველა დანარჩენი საგანი, რომლებზეც ექსპერიმენტებს ვატარებთ ხოლმე. თუკი სწორია აზრი, რომ ყველა მატერიალური საგანი ატომებისაგან შედგება, მაშინ ატომები იმგვარადვე უნდა იყოს ნამდვილი და რეალური, როგორც თავად მატერიალური საგნები”.

 

“არა, – შეეპასუხა რობერტი, – ეს დასკვნა ძალზე სათუოა. ასევე თამამად  შეგეძლო გეთქვა: რაკი ყველა ცოცხალი არსება ატომებისაგან შედგება, მაშასადამე, ატომებიც ისეთივე ცოცხლები არიან, როგორც ყველა ეს არსებანი. ეს ხომ აშკარა სისულელეა. მხოლოდ მრავალი ატომის დიდ წარმონაქმნებად შეკავშირებას ძალუძს მიანიჭოს ამ წარმონაქმნებს  ყველა ის თვისება და თავისებურება, რაც მათ ახასიათებთ როგორც ამგვარ წარმონაქმნებს თუ საგნებს”.

 

“ესე იგი, ატომის რეალურ არსებობას უარყოფ?”

 

“შენ კვლავ აჭარბებ! იქნებ, აქ საკითხი სულაც არ შეეხება ატომებზე რაიმე ცოდნას, არამედ იმას, თუ რას გამოხატავენ სიტყვები “ნამდვილად” და “რეალურად”. წეღან თქვენ პლატონის “ტიმაიოსის” ის ადგილი გაიხსენეთ, სადაც პლატონი უმცირეს ნაწილაკებს მათემატიკურ ფორმებთან, წესიერ სხეულებთან აიგივებს. ეს სწორიც რომ არ იყოს, რაკიღა პლატონს ატომებზე არავითარი ცოდნა არ გააჩნდა, ამის შესაძლებლობა მაინც შეიძლება დავუშვათ. უწოდებდი კია მაშინ ასეთ მათემატიკურ ფორმებს “ნამდვილს” და “რეალურს”? თუ ისინი ბუნების კანონებს და, მაშასადამე, მატერიალური პროცესების ცენტრალურ წესრიგსაც გამოხატავენ. მაშინ მათ, ალბათ, კიდეც უნდა ვუწოდოთ “ნამდვილი”, რადგან მათგან მოქმედებანი გამომდინარეობს; “რეალურს” კი მათ ვერ დავარქმევთ, რადგან ისინი არ არიან “ რეს”, არ არიან საგნები. აქ აღარც კი ვიცით, რანაირად ვიხმაროთ სიტყვები. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ძლიერ დავცილდით ჩვენი უშუალო გამოცდილების სფეროს, რომელშიც, წინაისტორიულ პერიოდში, ჩვენი ენა ჩამოყალიბდა”.

 

კურტი ვერ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი ჩვენი საუბრით.

 

“ამის გადაწყვეტასაც სიამოვნებით მივანდობდი გამოცდილებას. ვერ წარმომიდგენია, ადამიანის ფანტაზია საკმარისი იყოს მატერიის უმცირეს ნაწილაკთა ურთიერთშეკავშირების ამოსაცნობად. უპირველეს ყოვლისა, ექსპერიმენტებით უნდა შევიდეთ უმცირესი ნაწილაკების სამყაროში და ისე ვიგრძნოთ იქ თავი, როგორც საკუთარ სახლში. მხოლოდ მაშინ მოვეშვებით ფუჭ ვარაუდებს და ჭეშმარიტ გაგებას მივიღებთ. ამიტომ, პრინციპულად ვეწინააღმდეგები ფილოსოფიურ დისკუსიებს ასეთ რთულ საკითხებზე, რადგან თავისუფლად შეიძლება აკვიატებული აზრები გაგვიჩნდეს, რომლებიც გაადვილების ნაცვლად, პირიქით – გაგვინელებენ შემდგომ გაგებას. იმედი მაქვს, მომავალში ატომების კვლევას ჯერ ბუნების მეცნიერნი მოჰკიდებენ ხელს და მხოლოდ შემდეგ – ფილოსოფოსნი”.

 

ჩვენს დანარჩენ თანამგზავრებს მოთმინების ფიალა აევსოთ.

 

“აღარ შეეშვებით ამ თქვენს უცნაურ საგანს, ძეხორციელს რომ არ ესმის? თუკი გამოცდებისათვის აპირებთ მომზადებას, შინ იფიქრეთ ამაზე. სიმღერა ხომ არ შემოგვეძახა?”

 

ვიღაცამ წამოიწყო, სხვებიც ავყევით და ახალგაზრდული წკრიალა ხმები, აბიბინებული ველ-მინდვრის ფერები უფრო ნამდვილი მოგვეჩვენა, ვიდრე ყოველგვარი ფიქრი ატომზე; ამ ხმებმა მაშინვე დააფრთხო ზმანება, ცოტა ხნის წინ ასე რომ მივეცით თავი.

გაზიარება: