-
-
მოგვწერეთ
თარგმანი გიორგი ბარამიძისა
I
ნეტარი პავლე მოციქული ამბობს: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშინისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“(2კორ, 1,3...). სამი სახის გასაჭირი არსებობს, რომლებიც ადამიანს ეხება და ავიწროებს სიღატაკეში. ერთი მათგანი იმ ზიანიდან მომდინარეობს, რომელიც მის გარეგან სიკეთეს ადგება; მეორე იმ ზიანიდან, რაც მის ნათესავებსა და მეგობრებს მოსდის; მესამე ზიანს თვითონ განიცდის ადამიანი თავის ზიზღში, გასაჭირში, სხეულებრივ ტკივილსა და გულისტკივილში.
ამიტომაც მსურს წინამდებარე წიგნში რამდენიმე სწავლება გადმოვცე, რითაც ადამიანი სიმშვიდეს მოიპოვებს თავის გასაჭირში, ვარამსა და ტანჯვაში. იგი სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ადამიანი შეიმეცნებს ჭეშმარიტებას, რაშიც იგი ჯეროვანსა და მთლიან ნუგეშს პოვებს. ამის შემდეგ გადმოცემული იქნება ოცდაათი ფრაგმენტი და სწავლება, რაც თითოეულ ადამიანს სამართლიანსა და სრულ ნუგეშს მოგვრის. მესამე ნაწილში მოცემული ქნება ბრძენ ადამიანთა ნაშრომები და სიტყვები, რომლებიც მათ თავიანთ ტანჯვაში წარმოთქვეს.
I
უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძენსა და სიბრძნეს, მართალსა და სამართლიანობას, სიკეთესა და კეთილობას შორის კავშირი და ჯეროვანი მიმართება არსებობს. კეთილობა არც შექმნილია, არც გაკეთებული და არც შობილი. მაგრამ იგი არის მშობელი და შობს სიკეთეს; ეს უკანასკნელიც არის უკეთებელი და შეუქმნელი, მაგრამ კეთილობის - შვილი და ძე. კეთილობა სიკეთეში შობს თავის თავს და ყოველივეს, რაც ის არის - არსს, სიყვარულს, ცოდნასა და მოქმედებას - სრულად ღვრის სიკეთეში; ეს უკანასკნელი კი თავის სრულ ყოფნას, ცოდნას, სიყვარულსა მოქმედებას კეთილობის გულიდან და შინაგანობიდან და მხოლოდ და მხოლოდ მისგან იღებს. კეთილი და სიკეთე სხვა არაფერია თუ არა კეთილობა, რომელიც ყველაფერში ერთია მიუხედავად ერთის მხრივ შობისა და მეორეს მხრივ შობილობისა. მაგრამ კეთილობის მშობლობა და კეთილში შობილობა სრულიად ერთი არსი, ერთი სიცოცხლეა. ყველაფერი, რაც სიკეთეს აქვს კეთილობაში კეთილობიდან აქვს მიღებული. იგი იქ არსებობს, ცხოვრობს და ბინადრობს. იქ იმეცნებს იგი თავის თავს და ყველაფერს, რასაც იმეცნებს, იქ უყვარს ყველაფერი, რაც უყვარს, კეთილობასთან ერთად მოქმედებს კეთილობაში და კეთილობით; და მასშივეა ყველა ქმნილება თანახმად წერილისა და ძის სიტყვებისა:“ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს“(იოან, 14, 10). „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“.(იოან, 5, 17). „ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი და მე მათში განვდიდდი“(იოან, 17,10).
გარდა ამისა აუცილებელია ვიცოდეთ, რომ როცა “სიკეთეზე“ ვლაპარაკობთ, სახელი თუ სიტყვა სხვას არაფერს გამოხატავს და სხვას არაფერს შეიცავს თუ არა - არც მეტი არც ნაკლები - წმინდა და უმანკო კეთილობას. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სიკეთე კეთილობაა, რომელიც თავის თავს იძლევა და შობს. უფრო მეტი, როცა „სიკეთეზეა“ საუბარი ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიკეთედყოფნა მას ენიჭება კეთილობით; კეთილობითვეა მასში შთაღვრილი და შთაშობილი. ამიტომაც ამბობს სახარება:“რადგან მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში“(იოან, 5,26). „თავს თავში“- ო და არა „თავისი თავისგან“-ო, ვინაიდან ძეს სიცოცხლე მამამ მისცა.
ყველაფერი, რაც სიკეთესა და კეთილობაზე ვთქვი ასევე ვრცელდება ჭეშმარიტსა და ჭეშმარიტებაზე, მართალსა და სამართლიანობაზე, ბრძენსა და სიბრძნეზე, ძეღმერთსა და მამაღმერთზე; - ყველაფერზე, რაც ღვთისგან შობილა და თვინიერ მისა სხვა მამა არ ჰყავს მიწაზე; მისგან არაფერი იბადება, რაც შექმნილია და ღმერთი არ არის; მასში არ არის სხვა ხატება თუ არა თავად წმინდა და უმანკო ღმერთი. ვინაიდან იოანეს სახარება ამბობს:“ მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილად გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან (იოან, 1,12).
„სისხლად“ მას ესმის ყველაფერი, რაც ადამიანში ადამიანის ნებას არ ექვემდებარება. „ხორცის დომად“ მას ესმის ყველაფერი რაც, მართალია ადამიანში ადამიანურ ნებას ემორჩილება, მაგარამ მას წინააღმდეგობას უწევს და უპირისპირდება; რაც ხორციელი ვნებისკენ არის მიდრეკილი, სულის კუთვნილებაც არის და სხეულისაც და არ ბინადრობს მარტოდენ სულში. აქედან გამომდინარე სულის ეს უნარები დაღლილია, დასუსტებული და დაძველებული. „მამაკაცის ნდომად“ წმინდა იოანეს ესმის სულის უმაღლესი ძალები, რომელთა ბუნება და ნება ხორცთან შეურეველია და მხოლოდ სულის უმანკოების კუთვილებაა; ისინი განშორებულია დროსა და სივრცეს და ყოველივეს, რასაც შესაძლოა, დროის და სივრცის ელფერი ანდა გემო დაჰკრავდეს, რასაც არაფერი აქვთ საერთო იმასთან, რაც ადამიანმა ღმერთის მიხედვით შექმნა, რითაც იგი ღმერთის მოდგმაა. და ვინაიდან ადამიანი არ არის ღმერთი და სულშია შექმნილ და სულით არის შექმნილი, მან უნდა მოიშოროს თავისი სახე და უნდა მიიღოს მხოლოდ ღმერთის სახე და ღვთისგან უნდა იშვას, რათა მხოლოდ ღმერთი იყოს მისი მამა. სწორედ ასე იქცევა იგი ღვთის შვილად და ღვთის ძედ. ვინაიდან ასეთი ადამიანი - ღვთის შვილი კეთილია როგორც კეთილობის ძე, მართალია როგორც სამართლიანობის( და სწორედ სამართლიანბის) ძე, ისიც უშობელად-მშობელია და მის მიერ შობილ ძესაც იგივე არსებობა აქვს, რაც სამართლიანობას და მხოლოდ სამართლანობისა და ჭეშმარიტების თვისებებს ფლობს.
ეს სწავლება ჩაწერილია წმინდა სახარებაში და მისი უტყუარი შემეცნება შესაძლებელია გონიერი სულის ბუნებითი სინათლით, რაც ადამიანის ჭეშმარიტი ნუგეშია ყველა ტანჯვაში.
წმინდა ავგუსტინე ამბობს: ღმერთთან არ სიშორიეა და არც ხანგრძლივობა. თუ გსურს, რომ შენთთანაც არ იყოს არც სიშორე და არ ხანგრძლივობა, იყავი ღმერთში, რათა შენთვისაც ათასაი წელი იყოს ვითრცა ერთი დღე. და მეც გეტყვით თქვენ: ღმერთში არც მწუხარებაა, არც ტანჯვა და არც გასაჭირი. და თუ გსურს თავი დააღწიო ვარამსა და ტანჯვას, მიაშურე ღმერთის უმანკოებას. ყველა შენი ტანჯვა მხოლოდ იქედან მოდის, რომ შენ არ ხარ ღმერთში და ღმერთთან. შენ რომ სამართლიანობაში იყო წარმოშობილი და მასში შობილი, მაშინ შენც სწორედ ისევე ვერ შეგეხებოდა ტანჯვა როგორც ვერ ეხება იგი თვით ღმერთის სამართლიანობას. სოლომონი ამბობს:“არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს...“(იგავ, 12, 21). იგი არ ამბობს „მართალ ადამიანსო“ არც „მართალ ანგელოზსო“, არამედ “ მართალსო“. მართლის სამართლიანობა, მისი თავისებურება და თავისობა იმას ემყარება, რომ იგი მიწიერი მამის ძეა და ქმნილება, გაკეთებულია და შექმნილი ისე როგორც მამამისიც არის ქმნილება, გაკეთებული თუ შექმნილი. მაგრამ წმიდა მართალში ისევე არ იქნება ტანჯვა როგორც თავად ღმერთში, ვინაიდან მას არ ჰყავს გაკეთებული ან შექმნილი მამა; ვინაიდან ღმერთია მისი მამა და მასში ერთია ღმერთი და სამართლიანობა. სამართლიანობა მას ვერ მოუმზადებს ტანჯვას, რადგან იგი სხვა არაფერია თუ არა სიხარული, სიამე და ნეტარება. უფრო მეტიც, სამართლიანობას რომ მართლისთვის ტანჯვა მოეტანა ეს იგივე იქნებოდა, რომ მას თავისი თავი დაეტანჯა. არ არსებობს უსწორო და უსამართლო, გაკეთებული ან შექმნილი, რასაც შეეძლებოდა მართლისთვის ტანჯვის მიყენება, ვინაიდან ყველაფერი, რაც შექმნილია მის ქვემოთაა ისევე როგორც ღმერთის ქვემოთ; არაფერს არ შეუძლია მასზე ზეგავლენისა თუ შთაბეჭდილების მოხდენა ან მასში რაიმეს შობა, ვინაიდან მხოლოდ ღმერთია მისი მამა. ამიტომ ადამიანი გულმოდგინედ უნდა ცდილობდეს, რათა იგი თავს თავსა და ყველა ქმნილებას განეშოროს და თვინიერ ღმერთისა სხვა მამა არ ჰყავდეს. არაფერს არ ძალუძს მისი დატანჯვა ანდა შეჭირვება, არც ღმერთს, არც ქმნილებას, არც შექმნილს, არც უქმნელს; და მთელი მისი არსებობა, სიცოცხლე, შემეცნება, ცოდნა და სიყვარული ღვთისაგან არის, ღმერთშია და თვით ღმერთია.
ასევე აუცილებელია ვიცოდეთ მეორე სიტყვა, რაც გასაჭირში ადამიანს ნუგეშს მოგვრის. მართალი და კეთილი ადამიანი იგავმიუწვდომელი სიხარულით ხარობს თავისი სამართლიანი საქმეებით; მისი სიხარული ბევრად აღემატება იმ ნეტარებასა თუ სიხარულს, რასაც თვითონ ანდა უმაღლესი ანგელოზი განიცდის ბუნებრივ ცხოვრებაში. ამიტომაც სიხარულით თმობდნენ წმინდანები თავიანთ ცხოვრებას სამართლიანობის გულისთვის.
მე გეუბნებით თქვენ: როცა ადამიანს გარეგანი ზიანი ადგება და სიმშვიდესა და მშვიდობას ინარჩუნებს თავის გულში, ეს ჩემს მიერ ნათქვამის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს: არაფერს, რასაც განიცდის არ ძალუძს-მეთქი მართლის დამწუხრება. და თუ ისე მოხდა, რომ მას მაინც მიადგა გარეგანი ზიანი, იგი კვლავაც ინარჩუნებს პატიოსნებასა და სიმართლეს, რადგან ღმერთის დაშვებაა მასზე მოსული ვნება. და რაღა მართალი იქნებოდა სიმართლის მოსურნე თუ ამგვარი წვრილმანები სულს აუმღვრევდა! თუ ღმერთის ნება იქნება, ასეთი რამ მას ვერ დაამწუხრებს, არამედ ბევრად უფრო გაიხარებს, ვიდრე თავისი ცხოვრებით; ამ უკანასკნელით ხომ ნებისმიერი ადამიანი ტკბება და მთელ ქვეყნიერებას ურჩევნია იგი! ვინაიდან რას აქნევდა ადამიანი მთელ სამყაროს თუ ცხოვრება არ ექნებოდა?
მესამე სიტყვა, რომელიც უნდა შევიმეცნოთ ის არის, რომ ბუნებრივი ჭეშმარიტების შესაბამისად მხოლოდ ღმერთია ყველა სახიერების /Gutsein, არსობრივი ჭეშმარიტებისა და ნუგეშის ერთადერთი მშობელი და წყარო. და ყოველივე, რაც ღმერთი არ არის იტანჯება ბუნებითი სიმწარით, მოუსვენრობითა და ტკივილით და არაფერს უმატებს იმ კეთილობას, რომელიც ღვთისგან აქვს, არამედ ( ე.ი. სიმწარე) ამცრობს, ფარავს და მალავს იმ სიტკბოებას, ნეტარებასა და ნუგეშს, რასაც ღმერთი გვანიჭებს.
ასევე ვიტყოდი, რომ ყველა ტანჯვის სათავე იმისადმი ტრფიალებაა, რაც მე მოყენებული ზიანით წამერთვა. და თუ მე ტკივილს მაყენებს გარეგანი ზიანი, მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ მე გარეგანი ნივთები - და მაშასადამე - თავად ტკივილი და უნუგეშობა მყვარებია. რაღატომ უნდა მიკვირდეს მაშინ ის, რომ ვიტანჯები? მე ხომ ტანჯვისა და უნუგეშობის ტრფიალი ვყოფილვარ და ერთთავად მათ ვესწრაფვი? ჩემი გული და ჩემი სიყვარული სახირებას ქმნილებას მიაწერს, მაშინ როცა იგი მხოლოდ ღმერთის საკუთრებაა. მე ზურგს ვაქცევ ღმერთს, რომლისგანაც სიმშვიდე იღვრება და პირს ვიქცევ ქმნილებისკენ, საიდანაც ბუნებითი უნუგეშობა მოდის. და რაღად მიკვირს თუ მე ტანჯვისა და მწუხარების თანაზიარი ვარ? ჭეშმარიტად მხოლოდ ღმერთს ძალუძს ჩვენი ნუგეშისცემა; წუთისოფელსა და ქმნილებაში კი ვერვინ პოვებს ნუგეშს. მაგრამ თუ ადამიანს ქმნილებაში მხოლოდ ღმერთი ეყვარება და ღმერთში - მთელი ქმნილება, მას ყველგან ნუგეში მიეცემა. პირველი წიგნისთვის ეს კმარა.
2
მეორე ნაწილი მოიცავს ოცდაათ ფრაგმენტს, რომლებშიც ნებისმიერი შეგნებული ადამიანი სათანადო ნუგეშს იპოვის.
პირველი ფრაგმენტის მიხედვით არ არსებობს გასაჭირი და ზიანი, რომელშიც არ იქნება დალხენა და არაზიანი; შეურეველი ზიანი არ არსებობს. ამიტომ ამბობს წმინდა პავლე, რომ ღმერთის ერთგულება და სიკეთე არ დაუშვებს იმას, რომ შესაძლებელზე მეტად გამოვიცადოთ. იგი მიწყივ ქმნის და გვანიჭებს ნუგეშს, რათა შეგვეწიოს და გამოსავალი მოგვცეს(1კორ, 10,13). ამიტომაც ამბობს როგორც წმინდა ისე წარმართი ოსტატი ღმერთი და ბუნება არ დაუშვებს მარტო ბოროტის ანდა განსაცდელის არსებობასო.
ახლა განვიხილოთ მაგალითი: ადამიანს აქვს ასი მარკა, ორმოცი დაკარგა და სამოცი შეინახა; თუ იგი ერთთავად დაკარგულ ორმოც მარკაზე იფიქრებს, მოსვენებას დაკარგავს და დამწუხრდება. განა ვინმე შეძლებს მის დამშვიდებას? მის სულში ხომ მხოლოდ მისი დანაკარგი იქნება აღბეჭდილი? იგი ხომ მხოლოდ მას ხედავს, მასზე და მასთან საუბრობს მის წინაშე მდგარი? მაგრამ თუ იგი ზურგს შეაქცევდა დაკარგულ ორმოც მარკას და გულისყურს ერთთავად გადარჩენილ სამოც მარკას მიაპყრობდა, მასზე ფიქრს მიეცემოდა, შიგადაშიგ თვალს შეავლებდა ხოლმე და გამოესაუბრებოდა, უეჭველად დამშვიდდებოდა. ნუგეშის მოგვრა ძალუძს იმას, რაც არსებობს და კეთილი არის. მაგრამ ის, რაც არ არსებობს და არც კეთილია, რაც ჩემი არ არის და ჩემთვის დაკარგულია მხოლოდ უნუგეშოდ მტოვებს, განსაცდელსა და მწუხარებას მივლენს. ამიტომ ამბობს სოლომონი: „წუთიერი ტანჯვა ბედნიერებას გვავიწყებინებს...“(სიბრძნე ზირაქისა, 11,27). ეს იმას ნიშნავს, რომ როცა შენ განსაცდლსა და გასაჭირში ხარ, გაიხსენე ის სიკეთე და სიმშვიდე, რაც ჯერ კიდევ გაქვს. ადამიანი მაშინაც კი დამშვიდდებობა თუკი დაფიქრდებოდა თუ რაოდენ ბედნიერი იქნებოდა უამრავი ვინმე თუნდაც სამოცი მარკის ფლობითაც , თუ როგორ დაიგულვებდნენ თავიან თავს დიდ ბატონებად და ქალბატონებად და რაოდენი სიხარულით აღივსებოდა მათი გულები.
შემდეგი რამაც არის, რასაც ადამიანის ნუგეშის ცემა ძალუძს. თუ იგი ავად არის და მისი სხეული აუტანელი ტკივილით იტანჯება, თუ მას არ აქვს საცხოვრისი, თუ განიცდის საჭმლისა და სასმელის ნაკლებობას, თუ იგი მოკლებულია ექიმის რჩევებს, არ აქვს მეგობრის თანადგომა და შეცოდება, როგორღა უნდა იყოს იგი? როგორღა ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები, რომლებსაც ბევრად უფრო მძიმე სენი და გასაჭირი სტანჯავს და ჭიქა წყლის მიმწოდებელიც კი არ ჰყავთ? ისინი ხმელი პურის ნაჭერს ეძებენ წვიმაში, თოვლსა და სიცივეში კარდაკარ სიარულით. და შენ ნუგეში მოგეცემა თუ დაივიწყებ იმათ, რომლებიც შენზე უკეთ ცხოვრობენ და იმათზე იფიქრებ შენზე ბევრად დიდი გასაჭირი რომ ადგათ.
ასევე გეუბნებით: ყველა განსაცდელი სიყვარულიდან და მიდრეკილებიდან მოდის. წარმავალი ნივთები, მათი სიყვარული და მათკენ მიდრეკილებით ვიტანჯები; ამიტომაც ვერ შევიყვარე ღმერთი მთელი გულით და ვერც იმის სიყვარული შევიძელი, რაც მოსაწონი იქნებოდა ღმერთის თვალში. და რაღად უნდა მიკვირდეს თუ ღმერთმა ჩემზე განსაცდელი და ვნება დაუშვა?
წმინდა ავგუსტინე ამბობს: უფალო, არ მინდოდა შენი დაკარგვა, მაგრამ შენთან ერთად ჩემს სიხარბეში ქმნილების დაუფლებაც მეწადა; ამიტომაც დაგკარგე შენ, ვინაიდან შეუძლებელია ვინმე შენთან როგორც ჭეშმარიტებასთან იყოს და იმავდროულად ქმნილების სიყალბესა და ტყუილს ეწაფებოდეს. სხვაგან იგი ამბობს გაუმაძღარია ის, ვისაც მხოლოდ ღმერთი არ აკმაყოფილებსო. ერთგან კი იტყვის: როგორ უნდა პოვოს ადამიანმა კმაყოფილება ღმერთის ქმნილებაში თუ მას თვითონ ღმერთი არ აკმაყოფილებს? კეთილ ადამიანს ნუგეშს კი არ გვრის, არამედ ტკივილს აყენებს ყველაფერი, რაც უცხოა ღმერთისთვის და თავად ღმეთი არ არის. წმინდა ავგუსტინე მიწყივ იმეორებს: უფალო ჩემო და ნუგეშო ჩემო! თუ შენ მიმითითებ სხვაზე შენშივე, მაშინ მომეცი შენი სხვა, რითაც შენგნით შენთანვე მოვალ, რადგან შენს გარდა არაფერი მწადია. უფალმა მოსეს აღუთქვა ყოველი სიკეთე და აღქმულ მიწაზე ე.ი. ცათა სასუფევლისკენ გაგზავნა იგი; მოსემ კი უთხრა: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან“(გამ. 33,15).
ყველა მიდრეკილება, ვნება და სიყვარული მსგავსიდან მოდის, ვინაიდან ყველა ნივთი მიდრეკილია მსგავსისკენ და მსგავსს ეტრფის. წმინდა ადამიანს უყვარს სიწმინდე, მართალი სამართლიანობას ეტრფის; ადამიანის პირიდან ის მოდის, რაც ამ ადამიანში დგას. უფალი ამბობს: „გულის სავსებისგან მეტყველებს მისი პირი“(ლუკ. 6, 45). და სოლომონი ამბობს: „ადამიანის მთელი შრომა მისი პირისთვისაა(ეკლ. 6,7). სწორედ ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ ადამიანის გულში ღმერთი კი არა, ქმნილება ბინადრობს, როცა იგი გარეგანს ეწრაფვის და ნუგეშს გარეგან საგნებში პოვებს.
კეთილ ადამიანს შერცხვება ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე, როცა გააცნობიერებს, რომ მასში ღმერთი არ არის და არც მამა ღმეთი მოქმედებს მასში და მხოლოდ საძაგელი ქმნილება ცოცხლობს მასში და მისი მიდრეკილება თავის საქმეს აკეთებს. ამიტომ აღმოხდა დავით მეფეს ვაების სტყვები:“ ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ მარადდღე:“სად არის ღმერთი შენი?’(ფსალ. 44,1). რადგან გარეგნულისკენ მიდრეკილება და ნუგეშის პოვნა მასში, რაც ყველა ნუგეშს კლავს და მის შესახებ მოუღალავად და გაუთავებლად საუბარი იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ არის ჩემში საჩინოქმნილი, არ ფხიზლობს იგი ჩემში და არ იქმს საქმეებს. გარდა ამისა კეთილი ადამიანი შერცხვება კეთილი ხალხის წინაშე, როცა ისინი შეიცნობენ მის უღმერთობას. კეთილი ადამიანი არ მოთქვამდეს ვაებისა და ტანჯვის გამო; არამედ იგი მხოლდ იმაზე უნდა სწუხდეს, რომ წუხს და რომ წუხილისა და ტანჯვას შინაგანად აღიქვამს.
ოსტატი ამბობს, რომ ცის ქვეშ ყოვლისდამწველი ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ ზეცას მისი მხურვალება ვერაფერს აკლებსო. მეორეს მხრივ, წერილში ნათქვამია, რომ სულის ფსკერი ზეცის სიმაღლეებზე უფრო წმინდააო. მაგრამ როგორ უნდა გაზომოს კაცმა არის თუ არა ზეციური და ზეცაშია თუ არა მისი გული თუკი მას ესოდენ უმნიშვნელო საგნები აშფოთებს და აწვალებს?
მაგრამ მე სხვა რამის თქმა მსურს. კეთილი ადამიანი არ არის კეთილი თუ მას არ უნდა ის, რაც ღმერთს სურს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ვინაიდან შეუძლებელია, რომ მას სიკეთის გარდა სხვა რამ სურდეს. და სწორედ ის, რაც ღმერთს ნებავს სწორედ ამ ნებით აუცილებლად კარგია და ამავდოულად საუკეთესოც. ამიტომ მოძღვრავდა უფალი მოციქულებს და ჩვენც გვასწავლიდა მათში და ამიტომ შევთხოვთ ჩვენ მას, რომ იყოს ნება მისი. და მიუხედავად ამისა, როცა მოდის ღვთის ნება ჩვენ მაინც ვგოდებთ.
წარმართი ოსტატი - სენეკა კითხულობს: რა არის ყველაზე საუკეთესო ნუგეში უნუგეშობის ტანჯვასა და გასაჭირში? და პასუხობს: ადამიანმა ყველაფერი ისე უნდა მიიღოს თითქოსდა სწორედ ის ყოფილიყოს მისი სურვილი, რაც მოუვიდა და თითქოსდა სწორედ ის ეთხოვოს. და შენც ამასვე ისურვებდი თუ გეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ღმერთის ნებიდან, მისი ნებით და მის ნებაში ხდება. ასე შეჰღაღადებს წარმართი ოსტატი უზენაეს მამას და მაღალ ცათა მეუფეს: მზად ვარ იმისთვის, რაც შენ გინდა. ჩამინერგე ნება იმისა, რომ შენი ნება მსურდეს!
კეთილი ადამიანი ღმერთს უნდა ენდობოდეს, უნდა სჯეროდეს მისი და დარწმუნებული უნდა იყოს და კარგად უნდა იცოდეს ის, რომ ღმერთის სიკეთისა და სიყვარულისთვის შეუძლებელია რაიმე ტანჯვის დაშვება ადამიანზე თუ ამით ბევრად უფრო დიდი ვაება არ ააშორა მას ანდა უფრო დიდი ნუგეში არ მოუვლინა მიწაზე, რათა იგი უკეთესი გახდეს ვიდრე არის, რაშიც უფრო სრულად და მძლავრად გამოვლინდება ღვთის ღირსება.
როგორაც უნდა მოხდეს ყველაფერი, რაც ღმერთის ნებით ხდება თანხმობასა და სრულ ერთობაში უნდა იყოს კეთილი ადამიანის ნებასთან, რათა მასაც იგივე უნდოდეს, რაც ღმერთს ნებავს თუნდაც ვაება და კრულვა. ამიტომაც ნატრობს წმინდა პავლე, რომ ნეტავ მოკვეთილი ვიყო ღმერთისგან ღმერთის გულისთვის, მისი ნებისა და პატივისთვისო(სეად. რომ. 9,3). საქმე ის არის, რომ სრულყოფილ ადამიანი უნდა ეჩვეოდეს თვითმოკდვინებით ღმერთისგან მოკვეთას, რათა ღმერთის ნებაში ღმერთის ნებისთვის სრულად გარდაისახოს; რათა მისი ნეტარება ერთთავად იმაში სუფევდეს, რომ არაფერი იცოდეს თავისი თავისა და სხვა ნივთების შესახებ, არამედ მხოლოდ ღმერთი ჰყავდეს შეცნობილი, არ ჰქონდეს სხვა ნება თვინიერ ღმერთის ნებისა და არც ენებოს სხვა რამ გარდა ღვთის იმგვარად შემეცნებისა როგორც ღმერთს ვყავართ შეცნობილი (შეად. 1კორ. 13,12). ღმერთი იმეცნებს ყველაფერს და რასაც იმეცნებს უყვარს და თავისი ნებით ნებავს ყველაფერი, რაც უყვარს. თვად უფალი ჩვენი ამბობს:“ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინ მოავლინე - იესო ქრისტეს.“(იოან. 17,3).
ამიტომ ამბობს ოსტატი, რომ წმინდანები ცათა სასუფეველში ქმნილებას ყოველგვარი ხატის გარეშე იმეცნებენ და მხოლოდ ერთ - ღვთის ხატს იცნობენ, მასში ეცნობიან საკუთარ თავს, მასშივე იციან ყველა ნივთები, უყვართ და ნებავთ ისინი. ამასვე გვეუბნება უფალი, როცა გვასწავლის თუ როგორ უნდა ვითხოვოთ და ვისურვოთ“მამაო ჩვენო“, „წმინდა იყავნ სახელი შენი; ეს ნიშნავს: გიცნობდე შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს(შეად. იოან. 17,3). „მოვედ სუფევა შენი“, ვინაიდან არც გამაჩნია და არც ვაღიარებ სხვა სუფევას თვინიერ შენი სუფევისა. ამიტომაც ამბობს სახარება:“ ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.“მათ. 5,3). აქ სული იგივე ნებაა; და შევთხოვთ ღმერთს:“იყოს ნება შენი“ „ქვეყანასა ზედა“ ე.ი. ჩვენში; და „ცათა შინა“ ე.ი. თვით ღმერთში. ამგვარ ადამიანს სრული თანხმობა აქვს ღმერთთან და ნებავს ის, რაც ღმერთს ნებავს და ნებავს ისე როგორც ღმერთს ნებავს. და თუკი ღმერთს გარკვეულწილად უნდა ის, რომ მე ცოდვა ჩავიდინო, მე არ უნდა მინდოდეს, რომ ის არ ჩავიდინო, ვინაიდან სწორედ ასე ხდება ღვთის ნება როგორც „ქვეყანასა ზედა“ ე.ი. ბოროტებაში ისე „ცათა შინა“ ე.ი. სამართლისქმნაში. სწორედ ასე მოსაკლისებს ადამიანი ღმერთს ღმერთისთვისვე და განეშორება მას მისივე გულისთვის; ეს არის ჩემი ცოდვების ჭეშმარიტი მონანიება; ასე იქცევა ცოდვა ჩემთვის საწუხარად ტანჯვის გარეშე ისე როგორც ღმერთისთვის ყველა ბოროტება საწუხარია ვაების გარეშე. ჩემი ვარამი უსაშველოა ღვითონ ცოდვის გამო და არ ჩავიდენდი მას არაფრის გულისთვის თუნდაც მარადისობაში უამრავი სამყარო არსებულიყო ; ამიტომაც იგი ჩემთვის სატანჯველია ტანჯვის გარეშე; ისე რომ, მე არც ცოდვას ვქმნი და არც ტანჯვას, არამედ ერთსაც და მეორესაც ღმერთის ნებაში და ამ ნებიდან ვიღებ და ვქმნი. ასეთი ტანჯვა სრულყოფილი ტანჯვაა, ვინაიდან იგი იქმნება უწმინდესი სიკეთის წმინდა სიყვარულით და ღმერთის სიხარულში. ისე რომ ამ წიგნაკიდან საცნაური ხდება ყოეველივე ის, რის შესახებაც ვილაპარაკე: კეთილი ადამიანი - რამდენადაც ის კეთილია - სრულ თანხმობაშია კეთილობასთან, მის საკუთრივ არსებობასთან, რაც თავად ღმერთია.
ახლა ნათელია თუ რაოდენ საოცარი და ნეტარია ამგვარი ადამიანის ცხოვრება ღმერთში როგორც „ქვეყანასა ზედა“ ისე „ ცათა შინა“. მისთვის ვაება სიამეა და სიყვარულშია მისი განსაკუთრებული ნუგეში; თუ მე მაქვს მადლი და სიკეთე, მაშინ ყველაფერი თანაბრად მანუგეშებს და მახარებს. თუ არც მადლი მაქვს და არც სიკეთე, მაშინ ღმერთის გულისთვის და ღმერთის ნებისთვის ერთიც და მეორეც უნდა მოვისაკლისო. თუ მე ღმერთი მომმადლის, რასაც ვესწრაფვი, ეს ჩემთვის ნეტარება იქნება. თუ ჩემზე არ გადმოვა ღვთის წყალობა, მაშინ მე ეს ღმერთის ნებაშივე უნდა მოვისაკლისო; თუ ღმერთს ეს არ ნებავს, მე ამას ვღებულობ და ვისაკლისებ, რაც არ მომეცა. და რა მაკლია მე? რას ვისაკლისებ? ადამიანმა უნდა მიიღოს ღმერთი, რომელიც გვაძლევს და გვართმევს. როცა ადამიანი მადლს იღებს, იგი ხარობს და მოსვენებულია. თუ წყალობა არ მიეცა, მაშინ ადამიანი მხოლოდ ღმერთით და ღმერთში ხარობს.
მაგრამ სხვა ნუგეშიც არსებობს. როცა ადამიანი კარგავს გარეგან სიკეთეს თუ მეგობარს ან ნათესავს ანდა თვალს თუ ხელს მან უნდა იცოდეს, რომ თუ იგი ყოველივე ამას ღმერთისთვის დაითმენს, მაშინ ეს მას ღვთის თვალში კეთილად შეერაცხება რა ფასადც უნდა დაუჯდეს ამგვარი დანაკარგის ატანა. ადამიანმა დაკარგა თვალი: და თუ მას არ შეუძია თვალის ჩინის დაბრუნება ათას ან ექვსი ათას მარკად ან უფრო მეტად, მაშინ იგი ყველაფერს ღმერთს ანდობს, ვინაიდან მხოლოდ ღმერთის წიაღში არ ექნება მას ტანჯვა. სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი უფალი, როცა ამბობს: „გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში.“(მათ. 18,9). ამასვე გულისხმობდა იგი, როცა ამბობდა:“ყველა, ვინც მიატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები ან ყანები, ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“(მათ.19,29). ღვთის ჭეშმარიტებაში და ჩემს საკუთარ ნეტარებაში ვბედავ იმის თქმას, რომ თუ შენ ღმერთისა და მისი კეთილობის გულისთვის მიატოვებ მამას და დედას, ძმას და დას, ასმაგად და თანაც ორგვარად მოგეზღვება ; ჯერერთი შენთვის ასმაგად ძვირფასი იქნება შენი მამა, დედა, ძმა და და. მეორეც, არა მარტო ასი ადამიანი იქნება შენთვის უფრო ძვირფასი, ვიდრე ახლა არის, არამედ ყველა ადამიანი როგორც ადამიანი შენთვის ძვირფასი შეიქნება როგორც შენი ბუნებითი მამა, დედა ანდა ძმაა ახლა შენთვის. თუ ამას ადამიანი ვერ აცნობიერებს ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ მას ჯერ კიდევ უზაკველად და სრულად არ მიუტოვებია თავისი მამა და დედა, და და ძმა და ყველა ნივთი. ვინც უკვე მიატოვა მამა და დედა, ძმა და და განა მათ ისევ არ განიცდია ამ ქვეყნად თავის გულში? განა ის ჯერ კიდევ ისევ მათზე არ ფიქრობს და მათ გამო არ წუხს? განა ისევ იმაზე არ უჭირავს თვალი, რაც ღმერთი არ არის? წმინდა ავგუსტინე ამბობს მოიშორე თავიდან კეთილი და რაც დარჩება, სწორედ ის იქნება თავის საკუთარ სივრცეებში მოლივლივე წმინდა კეთილობა : სწორედაც ესაა ღმერთი. როგორც უკვე ვთქვი ესა თუ ის სიკეთე არაფერს მატებს კეთილობას, არამედ ფარავს და ეფარება კეთილობას ჩვენში. მას აღმოაჩენს და იმეცნებს ის, ვინც ჭეშმარიტებაში ჰხედავს და ჭვრეტს; სწორედ ჭეშმარიტებაშია იგი მართალი და ამიტომაც ის იქვე უნდა იქნეს მოძიებეული და შეცნობილი.
მაგრამ სათნოების-ფლობასა და ტანჯვის სურვილს გარკვეული გრადაციები ახასიათებს, რასაც ბუნებაშიც ვხედავთ: ერთი ადამიანი უფრო დიდია, უფრო ლამაზი გარეგნობა აქვს, უფრო მეტი იცის და უფრო დახელოვნებულია, ვიდრე მეორე. კეთილი ადამიანიც შეიძლება კეთილი იყოს, მაგრამ ბუნებრივადვე უყვარდეს მამა, დედა, ძმა და და; ამის გამო შეიძლება სწუხდეს და ირყეოდეს, მაგრამ ღმერთსა და კეთილობას არ უნდა განუდგეს. რა თქმა უნდა, ასე იგი ურო მშვიდი იქნება და უფრო უკეთ შეიცნობს თავის თავის, რაკი უფრო ნაკლებად შეაწუხებს მამის, დედის, ძმისა და დედისადმი ბუნებრივი სიყვარული და მიდრეკილება.
და მაინც, როგორც ზემოთ დავწერე: ადამიანი ამას ღმერთის ნებაში ეთანხმება ღმერთის ნების წინაშე; და ადამიანური ბუნების ყოველი ნაკლი ღმერთის სამართლიანობით ფასდება, რაც მას პირველი ადამიანის ცოდვასთან მიმართებით აქვს. და როცა იგი იმავე რამეს ისევ ღმერთის ნებაში ისაკლისებს და თავი ისე უჭირავს თითქოსდა არაფერი მოსვლოდეს დანამდვილებით მოიპოვებს სიმშვიდეს. სწორედ ამასგულსხმობს წმინდა იოანე, როცა ამბობს: „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“(იოან.1,5). წმინდა პავლე კი დასძენს:“უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძლა“(2კორ. 12,9). თუ ავაზაკი მართლად, სრულად, უმანკოდ, სიამოვნებით, თავისი ნებით და მხიარულად მოკვდებოდა ღვთაებრივი სამართლიანობის სიყვარულით ეს ბოროტმოქმედიც გადარჩებოდა და ნეტარებას დაიმკვიდრებდა.
კიდევ ერთი ნუგეში არსებობს: ალბათ არავინ არსებობს ისეთი, ვისაც არ უნდოდეს ისეთი ვინმეს ნახვა ამ ცხოვრებაში, ვისაც არ ენდომებოდა ერთი წლით თვალის დაკარგვა ანდა ბრმად ყოფნა და შემდეგ თვალის ჩინის დაბრუნება და სიკვდილისგან თავისი მეგობრის ხსნა. როცა ადამიანი ერთი წლით უარს ამბობს საკუთარ თვალზე, რათა ისეთი ვინმე იხსნას სიკვდილისგან, ვინც ცოტა ხანში ისედაც მოკვდებოდა და ამით შესაძლოა, ათი, ოცი ანდა ოცდაათი წლით იმოკლებდეს სიცოცხლეს, იგი სამარადისო ნეტარებას იხვეჭს და ღვთაებრივ ნათელში იხილავს ღმერთს, ღმერთში კი - თავის თავს და ყველა ქმნილებას.
და კიდევ ერთი ნუგეშის შესახებ: კეთილი ადამიანისთვის, რამდენადაც იგი კეთილია, კეთილობიდან არის შობილი და მისი ანარეკლია, აუტანელია ყველაფერი, რაც შექმნილია და ამა თუ იმ სახით არსებობს როგორც სიმწარე და ზიანის მომტანი. ამის დაკარგვა კი ტანჯვისა და ვაების დაკარგვის ტოლფასია. და სწორედაც ტანჯვის დაკარგვაა ჭეშმარიტი ნუგეში. ამიტომაც ადამიანი არ უნდა მოთქვამდეს ვარამის გამო. პირიქით იგი იმის გამო უნდა მოთქვამდეს, რომ ნუგეში მისთვის შეუცნობი რჩება; - რომ ნუგეშს არ ძალუძს მისი ნუგეშის ცემა ისე როგორც ტკბილი ღვინო უგემურია ავადმყოფისთვის. ზემოთაც ვთქვი, რომ ერთადერთი რის გამოც იგი უნდა სწუხდეს ესაა: ჯერ კიდევ სრულად არ განშორებია ქმნილებას და თავისი არსებობა კეთილობის მიხედვით არ გარდაუსახავს.
ადამიანი ტანჯვაშიც იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტია და როგორც ჭეშმარიტება აღქთმებს იძლევა. თუ ღმერთის სიტყვა და ჭეშმარიტება დაიმცრობოდა, ისიც დაკნინდებოდა და აღარ იქნებოდა ღმერთი, ვინაიდან ის მისი სიტყვა არის და მისი ჭეშმარიტება. მისი სიტყვა კი ამბობს, რომ ჩვენი გლოვა სიხარულად უნდა აქციოს(იერ.31,13). რა თქმა უნდა, თუ მე მეცოდინებოდა, რომ ყველა ჩემი ქვა ოქროდ უნდა ქცეულიყო, მაშინ ვისურვებდი უფრო მეტი და უფრო დიდი ქვები მქონოდა; დიახ, მე მოვითხოვდი ქვებს და თუ მომეცემოდა ვისურვებდი ისინი, რაც შეიძლება დიდი და ბევრი ყოფილიყო. და რაც უფრო დიდი და ბევრი ქვა მექნებოდა, მით უფრო ძვირფასი იქნებოდნენ ისინი ჩემთვის. და ჩემი ნუგეში ჩემს ტანჯვაში ჭეშმარიტად მყარი იქნებოდა.
და კიდევ ერთი მსგავსი ნუგეში: ვერცერთი ჭურჭელი ვერ დაიტევს ორ სხვადასხვა სითხეს თავისში. თუ მასში ღვინო უნდა ჩაისხას, მაშინ მისგან წყალი უნდა გადმოიღვაროს. ჭურჭელი უნდა დაიცალოს და გათავისუფლდეს. ამიტომაც თუ შენ გინდა, მიიღო ღვთაებრივი სიხარული და ღმერთი, შენგან ქმნილება უნდა გადმოღვარო. წმინდა ავგუსტინე ამბობს: გადმოიღვარე თუ გინდა, აღივსო. ისწავლე თუ როგორ არ უნდა გიყვარდეს ის, რისი სიყვარულიც უნდა ისწავლო. ზურგი აქციე იმას, რისკენაც პირით უნდა მიბრუნდე. ერთი სიტყვით, ის, რამაც უნდა მიიღოს და აღიქვას, უპრიანი და აუცილებელია ცარიელი იყოს. ოსტატი ამბობს: თუ თვალი, როცა იგი აღიქვამს, აღვსილი იქნებოდა რომელიმე ფერით, მაშინ ის ვერც იმ ფერს აღიქვამდა, რომელიც აქვს და ვერც სხვას, რომელიც არ აქვს. თვალი იმიტომ აღიქვამს ფერებს, რომ იგი დაცლილია ფერებისგან. კედელს აქვს თავისი საკუთარი ფერი, მაგრამ იგი ვერ სცნობს ვერც მას და ვერც ნებისმიერ სხვა ფერს და ვერ ხარობს ამ ფერებით; მისთვის სულერთია ოქროსფერი, მინანქრისფერი თუ ნახშირის ფერი. თვალს არ აქვს ფერები, მაგრამ ისინი მასში არიან ყველაზე ჭეშმარიტი მნიშვნელობით: თვალს ძალუძს ფერებით კმაყოფილება; იგი ნეტარებასა და სიხარულს განიცდის ფერების ხილვით. და რაც უფრო სრულყოფილი და წმინდაა სულის ძალები, მით უფრო სრულყოფილად და სრულად ივსებიან იმით, რასაც აღიქვამენ, მით უფრო დიდ ნეტარებას ეძლევიან და მით უფრო მძაფრად განიცდიან იმ საგანთან გაერთებას, რომელსაც თავისში შეიღებენ; ეს პროცესი ეგზომ ყოვლისმომცველია, რომ საბოლოოდ სულის უმაღლესი უნარი, რომელიც ყველა ნივთისგან დაცლილია და არაფერთან არ აქვს საერთო, თვით ღმერთივით ყველა საგანს თავიანთი არსებობის სავსებაში აღიქვამს. და ოსტატი ამტკიცებს, რომ ამგავრი გაერთებისა და გამსჭვალვის ნეტარებას ვერც ერთი სხვა კმაყოფილება და ნეტარება ვერ შეედრება. ამიტომ ამბობს უფალი ჩვენი: “ ნეტარ არიან ღარიბნი სულით“(მათ. 5,3). ღარიბი არის ის, ვისაც არაფერი აბადია. „ღარიბნი სულით“ ნიშნავს: ისე როგორც თვალია დაცლილი ფერისგან და მგრძნობიარეა ყველა ფერის მიმართ, ასევეა იმ ადამიანთან მიმართებითაც, ვისი სულიც ღარიბია - ისიც მზად არის ყველა სულის აღსაქმელად; და ყველა სულის სული ღმერთია. სულის ნაყოფი კი არის სიყვარული, სიხარული და მშვიდობა. სულის სიღარიბე ნიშნავს არაფრის ქონას; სიცარიელე ცვლის ბუნებას. მისი მეშვეობით გადმოედინება წყალი მთის წიაღიდან. იგი იქმს სხვა სასწაულებსაც, რომლებზეც შემდგომში ვილაპარაკებთ.
და შენც სიხარულსა და ნუგეშს ღმერთში ჰპოვებ თუ დაცარიელდები ყველა ქმნილებიდან, ქმნილების ყველა ნუგეშისგან. ვიდრე ქნილებას შეუძლია შენი ნუგეშისცემა, მანამ ვერ პოვებ ჭეშმარიტ ნუგეშს. მაგრამ თუ შენ მხოლოდ ღმერთი გგვრის სიმშვიდეს, მისგანვე მიიღებ ნუგეშს და ყოველივეს, რაც ჭეშმარიტ ნეტარებას მოგანიჭებს. თუ შენ სიმშვდეს ღმერთი კი არა სხვა რამ განიჭებს, ვერც ამქვეყნად დამშვიდდები და ვერც იმქვეყნად.
თუ ადამიანი მოახერხებდა და თასში არაფერს არ ჩაასხამდა, ყველაფრისგან ცარიელ მდგომარეობაში შეინახავდა მათ, რასაც მისი ავსება შეეძლო და ჰაერსაც კი არ გაააკარებდა, მაშინ თასი უარყოფდა და დაივიწყებდა თავის ბუნებას. მაშინ ცათამდე სიცარიელე დაისადგურებდა მასში. ასევე ღმერთამდე აღამაღლებს სულს ქმნილებისგან დაცარიელება, მისგან დახსნა და გათავისუფლება. ასევე ცად ამაღლდება მისი მსგავსება და მხურვალება. მსგავსება ღვთაებაში ძესთან აერთებს ადამიანს, მხურვალება და სიყვარული კი - სული წმიდასთან. ყველა ნივთთან მსგავსებიდან - განსაკუთრებით კი - ღვთაებრივ ბუნებასთან მსგავსებიდან იშვის ერთი; ერთიდან კი მგზნებარე და ცეცხლოვანი სიყვარული იბადება. ერთი არის დაუსაბამო დასაბამი. მსგავსება არის ერთიდან დაწყება და დასაბამის დასაბამობა ერთისგან და ერთით შეიცნობა. სიყვარული კი თავისი ბუნებით ორობისგან წარმოდება. ერთისგან როგორც ერთისგან სიყვარული არ მომდინარეობს; მას დასაბამს ვერ დაუდებს ვერც ორი როგორც ორი; ჭეშმარიტი, მთელი არსების გამჭვალავი, ცეცხლოვანი სიყვარულის წარმოარსება ძალუძს მხოლოდ გაერთებულ ორს.
სოლომონი ამბობს, რომ ყველა მდინარენი - ე.ი. ყველა ქმნილება - საიდანაც მოედინებიან ისევ იქ ბრუნდებიან სადინებლად(ეკლ. 1,7). ამიტომაც უეჭველად ჭეშმარიტია ის, რაც უკვე ვთქვი, რომ სული მსგავსებით და ცეცხლოვანი სიყვარულით უნდა ამაღლდეს ერთის პირველწყარომდე, „მამა ღმერთამდე“, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში(ეფეს. 4,6). ასევე გეტყვით, რომ ერთისგან წარმოარსებული მსგავსება, რომელსაც სული ღმერთამდე აჰყავს ერთია ერთთან მის ფარულ გაერთებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს“ როცა მატერიალური ცეცხლი მერქნის ჩანთქნმას იწყებს ცეცხოვალი ნაპერწკალი წარმოიშობა, რომელიც ცის ქვეშ აგზნებული ბუნებითი ცეცხლის მსგავსებას ატარებს. მყისვე ივიწყებს იგი როგორც თავის მიწიერ მამას და დედას, ისე - სხვა ნაპერწკლებს როგორც თავის ძმასა და დას; და ზეისწრაფვის თავის ზეციურ მამასთან . ნაპერწკლის მამა ცეცხლია, მისი დედა - შეშა, ხოლო მისი დაძ-მა სხვა ნაპერწკლები არიან. მათ არ ელოდება პირველი ნაპერწკალი. იგი ზეცისკენ ისწრაფვის - თავისი მართალი მამისკენ; საქმე ის არის, რომ ვინც ჭეშმარიტება შეიცნო კარგად იცის: ცეცხლი რამდენადაც ის ცეცხლია არ არის ნაპერწკლის ნამდვილი, ჭეშმარიტი მამა. ნაპერწკლისა და ყოველივე ცეხლოვანის ნამდვილი, ჭეშმარიტი მამა ზეცაა. ამიტომაც ძალზედ ნიშანდობლივია, რომ ეს ნაპერწკალი არათუ მარტო მიწიერ მამას, დედას, ძმასა და დას ივიწყებს, არამედ თავის თავსაც დავიწყებას აძლევს, რადგან აუცილებლად დაინთქმება ჰაერის სიცივეში, რათა დაამოწმოს თავისი ჭეშმარიტი მამის სიყვარული.
და რაც უკვე ითქვა სიცარიელესა თუ დაცალიერებაზე : რომ რაც უფრო სუფთა, თავისუფალი და დაცლილია სული, რაც უფრო ცოტაა მასში ქმნილება და რაც უფრო ცარიელია იგი იმ ნივთებისგან, რანიც ღმერთი არ არიან, მით უფრო წმინდად შეიცნობს იგი ღმერთს და ღმერთში, მით უფრო გაერთებულია ღმერთთან და მის პირისირ ჭვრეტს როგორც ყველა ივთს ისე თავის თავს ჭვრეტს და მისი ხატის მიხედვით გარდაისახება; სიყვარულის ცეცხლსა და მსგავსებაზე მეც იმასვე ვიტყვი, რასაც წმინდა პავლე ამბობს: რაც უფრო მსგავსია ერთი ნივთი მეორისა, მით მეტად ესწრაფვის იგი მასთან უფრო მეტსა და მეტ მსგავსებას, რათა სრული გახდეს მისი ბედნიერება და ნეტარება; და რაც უფრო შორდება იგი ყოველივეს, რაც თვითონ არ არის და რაც უფრო უმსგავსი ხდება იგი როგორც საკუთარი თავის ისე იმისა, რაც ის არ არის, მით უფრო განუხრელად იძენს იგი იმასთან მსგავსებას, რისკენაც ისწრაფვის. მსგავსება ერთიდან იღვრება და ერთის ძალით მის ძალაშივე აქცვეს და იზიდავს იმას, რაც მისკენ ისწრაფვის; ამიტომაც ვიდრე ერთთან გაერთება არ მოხდება, მანამ ვერც მოსწრაფე პოვებს მოსვენებას და სწრაფვის საგანი. ამიტომ ამბობს უფალი ჩვენი ესაია წინასწარმეტყველის ბაგეებით: არ დავმშვიდდები არც უმაღლესი მსგავსებით და არც სიყვარულის სიმშვიდით, ვიდრე ჩემს მზეში ჩემივე თვითება არ გახდება ჩემთვის საცნაური, ვიდრე სული წმინდის სიყვარულში არ აღვინთები და არ დავიფერფლები( შეად, ეს. 62,1). არა მარტო ერთნი არიან ჩვენი უფალი და მისი მამა, რომელთანაც ჩვენც უნდა გავერთდეთ; ამ სიტყვისა და ჭეშმარიტების თვალსაჩინო მაგალითი და უტყუარი მოწმობაც მოიპოვება გარეგან ბუნებაში. როცა ცეცხლი თავისი მოქმედებით შეშას ეკიდება და ედება, იგი თავის თავთან სრულიად უმსგავსს ხდის მას და სიტლანქეს, სიცივეს, სიმძიმესა და სინოტივეს ართმევს; ამით კი მერქანს თავისივე თავის უფრო მსგავსადაც ხდის და უფრო მეტადაც საკუთარ თავთან იმსგავსებს მას. მაგრამ ცეცხლი ვერა და ვერ მოისვენებს, ვიდრე იგი მთლიანად არ ჩანთქავს მერქანს და ვიდრე მისგან არ დაიბადება; ვიდრე არ გადასცემს მას თავის საკუთარ ბუნებასა და თავის საკუთარ არსებობას; ისე რომ, საბოლოოდ ერთი ცეცხლი იქნება, უმეტნაკლებო და ყოველგნით თავისი თავის ტოლი. და ამიტომ ცეცხლსა და მერქანს შორის თანაქმედებას ყოველთვის თან ახლავს კვამლი, ბრძოლა, ტკაცანი, ძალისხმევა და დავა. და როცა უმსგავსობა წარიხოცება ცეცხლი მშვიდდება და მერქანი დუმდება. ამიტომ ვამბობ ჭეშმარიტებით, რომ ბუნების ფარულ ძალას თავის იდუმალ მსგავებაში სძულს თავისივე შინაგანი განსხვავება და გაორება და უყვარს ერთი როგორც ერთი, რომელიც მასშივეა; ისე როგორც პირს უყვარს ღვინის გემო თუ სიტკბოება და ერთთავად მის ძიებაშია; ღვინის სურნელი რომ წყალს ჰქონდეს, მაშინ მას წყალიც ანაირადვე ეყვარებოდა.
ამიტომაც ვთქვი სულს მსგავსება როგორც მსგავსება სძულს და არ უყვარს - მეთქი იგი თავისთავად და მისი გულისთვის, არამედ მსგავსებას ერთის გულისთვის ეტრფის, რაც მასშია დაუნჯებული და ჭეშმარიტი „მამაა“, ყოველივეს „დაუსაბამო დასაბამია“ როგორც მიწაზე ასევე ცაში. ამიტომაც მოგახსენეთ: ვიდრე ცეცხლსა და მერქანს შორის სრული იგივეობა არ დამყარდება და არ გამოვლინდება არ იქნება არ კმაყოფილება, არც დუმილი, არც სიმშვიდე და არცა მოსვენება. ამიტომ ამბობს ოსტატი: ცეცხლის ქმნადობა წინააღმდეგობრივია, მას მოუსვენრობა და აგზნება ახასიათებს და დროში მიმდინარეობს. მაგრამ ცეცხლის დაბადება დროისა და სიშორის გარეშე ხდება. ამიტომ კმაყოფილებსა და სიხარულს არც ხანგრძლივობა ახასიათებს და რც სიშორე. ყოველივე ეს იგულისხმება ჩვენი უფლის სიტყვებში, როცა ამბობს: „დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა. ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა სოფელში“(იოან, 16, 21). ამიტომ გვმოძღვრავს უფალი, რომ ვევედროთ ზეციურ მამას, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული; წმინდა ფილიპე კი ამბობს:“უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის(იოან, 14,8). „მამა“ კი შობას აღგვითქვამს და არა მსგავსებას; - ერთს, რომელშიც დადუმებულია მსგავსება და ყველაფერი მოსვენებითაა, რაც არსებობას ესწრაფვის.
ახლა ადამიანი ხვდება თუ საიდან მოდის მისი მოუსვენრობა თავის ტანჯვაში, ვაებასა და ვარამში. მისი შფოთის დასაბამი ისაა, რომ იგი მოშორეულია ღმერთს და არ არის დაცლილი ქმნილებისგან, ღმერთთან უმსგავსობისგან და ცივია ღვთაებრივ სიყვარულში.
სხვა რამეებიც არსებობს და თუ ადამიანი მათ ყურად იღებს და შეიმეცნებს სიმშვიდე ექნება გარეგანი ვაებისა და ტანჯვისას.
ადამიანს გაჰყავს გზა, ანგრევს ერთ ქარხანას და ინარჩუნებს მეორეს და ადგება ზიანი; იტეხს ფეხს, ხელს ან კარგავს თვალს ანდა ხდება ავად. იგი კი ფიქრობს სხვა გზა რომ გამეყვანა, სხვა ქარხანა რომ ამეშენებინა ზარალი არ მომადგებოდა; კარგავს სიმშვიდეს და ითრგუნება; მაგრამ საკმარისია მან ასე იფიქროს: სხვა გზა რომ გამეყვანა, სხვა ქარხანა რომ ამეშენებინა და არსებული შემენარჩუნებინა შესაძლოა, უფრო მეტი ზარალი მომსვლოდა და მეტი საწუხარი მქონოდაო, ჭეშმარიტად დამშვიდდებოდა.
მეც ამას გეუბნებით: როცა ათას მარკას კარგავ ამის გამო არ უნდა შფოთვამდე. პირიქით ღმერთს უნდა მადლობდე, რომ ათასი მარკა მოგეცა, რაც დაკარგე; მაგრამ შენ ასევე მოგეცა ის, რომ მოთმინების სათნოებაში გაწვრთნა საკუთარი თავი, რათა საუკუნო სიცოცხლე დაიმკვიდრო, რაზეც ვერც კი იოცნებედა ათასობით სხვა ადამიანი.
კიდევ ერთი რამ არის, რაც სიმშვიდეს მოგგვრის: იმას ვგულისხმობ, რომ წლების მანძილზე ადამიანს ჰქონდა ღირსება და სიამე, ახლა კი, ღმერთთან შეერთებით კარგავს ერთსაც და მეორესაც. მაგრამ იგი კარგად უნდა დაფიქრდეს და ღმერთს მადლობდეს. და თუ ღრმად გაიაზრებს იმ ვაებასა და ტანჯვას, რომელშიც ახლა იმყოფება, ღმერთს მადლობას შესწირავს იმ უსაფრთხოებისთვის, რასაც წლების მანძილზე განიცდიდა და წყენაც გაუვლის. უპრიანია ადამიანი დაფიქრდეს იმაზე, რომ მისი ბუნებითი არსებობა სხვა არაფერია თუ არა ბოროტება და ავადმყოფობა. კეთილი და კეთილობა მას ბუნებით კი არ ახასიათებს, არამედ ღვთისგან ენიჭება. ვინც ჭეშმარიტება შეიმეცნა იცის, რომ ღმერთმა, ჩვენმა ზეციურმა მამამ ყოველივე კეთილი გადასცა ძესა და სული წმინდას. ხოლო ქმნილებას იგი არ გადასცემს სიკეთეს, არამედ მხოლოდ დამსახურების (Borg/273)მიხედვით ანიჭებს/სესხად/ნისიად/კერდიტად აძლევს/. მზე ჰაერს სითბოს ანიჭებს, ხოლო სინათლეს - დამსახურების მიხედვით უბოძებს/კრედიტად აძლევს მას. ამიტომაც მზის ჩასვლით ჰაერი კარგავს სინათლეს, მაგრამ ინარჩუნებს სითბოს, ვინაიდან იგი საკუთრად მისია. ამიტომ ამბობს ოსტატი, რომ ღმერთი, ზეციური მამა არის ძის მამა, მაგრამ იგი არ არის არც ძის და არც სული წმინდის უფალი. მაგრამ ღმერთი- მამა-ძე-სული წმნინდა ერთი უფალია; და იგი რა თქმა უნდა, ქმნილების უფალია. და ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი მუდამ მამა იყო, მაგრამ იმ წამიდან, როცა მან ქმნილება შექმნა, გახდა უფალი.
ახლა მე ვამბობ: ვინაიდან ადამიანს ყველაფერი კარგი, საიმედო და დროითი კრედიტით/ნდობის საფუძველზე ეძლევა რაღატომ გოდებს როცა მხოლოდ ის წაერთვა, რაც მინიჭებული ჰქონდა? პირიქით ადამიანი ღმერთს უნდა მადლოდეს იმისთვის, რაც ესოდენ ხანრძლივი ვადით მიეცა. ღმერთს ხომ შეეძლო ყველაფერი უკან წაეღო, რაც მიანიჭა! ამიტომ უნდა იყოს მისი მადლიერი. უპრიანი იქნებოდა თუ ღმერთი მას იმასაც წაართმევდა, რაც დაუტოვა თუკი ადამიანი იმ მცირედის გამო გაბრაზდებოდა, რაც წაერთვა და რისი უფალიც თვითონ არ ყოფილა. სრულიად მართებულად ამბობს დიდ გასაჭირში ჩავარდნილი იერემია წინასარმეტყველი: „დიდია ღმერთის გულმოწყალება, რომ არ გვანადგურებს ჩვენ ერთიანად“(იერ, 3,22)./არ არის ზუსტი? თუ მე ვინმე პიჯაკს, ქურქსა და პალტოს მათხოვებდა მერე კი პალტოს ისევ წაიღებდა და პიჯაკს და ქურქს დამიტოვებდა, რომ არ გავყინულვიყავი, რა თქმა უნდა, მისთვის სიხარულით მადლობა უნდა გადმეხადა. აუცილებელია იმაზე დაფიქრება თუ რაოდენ უსამართლონი ვართ, როცა დანაკარგის გამო ვმრისხანებთ და მოვთქვამთ. თუ მე ვფიქრობ, რომ სიკეთე ჩემი კუთრი თვისებაა და არა მონიჭებული, მაშინ მე უფალი ვყოფილვარ, ღვთის ძე ვყოფილვარ ბუნებით და სრულყოფლი აზრით და არა ღვთის შვილი მადლით. რადგან ძე ღვთისას და სულიწმინდის თვისება ისაა, რომ ისინი ყველაფერში თანასწორნი არიან.
აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ბუნებითი ადამიანური სიქველეც იმზომად კეთილშობილი და ძლიერია, რომ არცერთი გარეგანი საქმე მისთვის დაუძლეველი არ არის და მათი წვდომა ძალუძს. მაგრამ არსებობს შინაგანი საქმე, რომელსაც ვერ იტევს ვერც დრო და ვერც სვრცე და რომელშიც არის რაღაც, რაც ღვთაებრივი და ღმერთის მსგავსია, რომელსაც (ასევე) ვერ მოიცავს ვერც დრო და ვერც სივრცე; იგი ყველგან არის და ყოველთვის აწინდელია. იგი ღმერთის მსგავსია იმაშიც, რომ მას ვერც ერთი ქმნილება სრულყოფილად ვერ აღიქვამს და არც ღმერთის კეთილობას ძალუძს მისი თავის თავში გარდაქმნა. და ამიტომ უნდა არსებობდეს რაღაც შინაგანი, უზენაესი და უქმნელი, რომელიც არის უსაზმნო და არ არსებობს რაიმე ფორმა, რაშიც სრულად ჩაიღვრებოდა და გამოიხატებოდა ზეციური მამა, ძე და სული წმინდა. შეუძლებელია მისი შეფერხება ისე როგორც ღმერთის დაბრკოლება. იგი ბრწინავს და ანათებს დღისით და ღამით. იგი აღავლენს ღვთის საგალობელს და ახალ გალობას როგორც დავითი ამბობს:“უგალობეთ უფალს გალობა ახალი“(ფსალმ. 95,1). ხოლო გარეგან საქმეს არ უყვარს ღმერთი და მისი ხოტბა მიწიერია; იგი დროსა და სივრცეშია, ვიწროა, მავანს შეუძლა მისი შეფერხება და იძულება; იგი იღლება და ძველდება დროში და ხმარებისგან. შინაგან საქმეს კი უყვარს ღმერთი, იგი კეთილია და კეთილობა და ნებავს კეთილ საქმეებს, რასაც ადამიანი აკეთებს წმინდა და სრული ნებით აკეთებდეს და ყველაფერში ღვთის მსგავსი იყოს. დავითი წერს:“ ყოველვე, რაც სურდა მოიმოქმედა“(ფსალმ. 134,6).
ამის თვალსაჩინო მაგალითია ქვა: მისი გარეგანი მოქმედება ისაა, რომ იგი ვარდება და მიწაზე ეცემა. მაგრამ შესაძლებელია მისი მოქმედების შეფერხება და ზოგჯერ იგი წყვეტის გარეშე არ ვარდება. სხვა მოქმედება მისთვის უფრო ბუნებრივია: მისი სწრაფვა ძირს დებისკენ, რაც მისთვის შინაგანია და ვერც ღმერთი, ვერც ქმნილება და ვერც სხვა ვინმე ვერ წაართმევს. ამ მოქმედებას ის ასრულებს უწყვეტად, დღედაღამ. ათასი წელიც რომ გავიდეს, მას დების ზუსტად ისეთივე სწრაფვა ექნებოდა როგორც პირველ დღეს ჰქონდა.
იმასვე ვიტყვი სიქველის შესახებაც, რომელსაც აქვს შინაგანი მოქმედება: სწრაფვა და მიდრეკილება ყველა სიკეთისკენ და წინააღმდეგობის გაწევა ბოროტისა და სიავისთვის; იგი გაურბის ყველაფერს, რაც მოკლებულია კეთილობასა და სიკეთესთან მსგავსებას. რაც უფრო ბოროტია საქმე და რაც უფრო მოშორებულია ღმერთს, მით უფრო დიდია სიქველის წინააღმდეგობა; რაც უფრო მნიშვნელოვანი და ღვთის საფერია საქმე, მით უფრო სიმსუბუქით, სათნოებითა და ინტერესით აღიქვამს იგი მას. მისი წუხილი და ვაება(თუკი ამას ვაება ეთქმის) ისაა, რომ იგი ღმერთის გულისთვის და იმისთვის წუხს, რომ დროში არსებული გარეგანი საქმე ძალზე მცირეა საიმისოდ, რათა იგი მასში მთელი სისრულით გაცხადდეს, გამოვლინდეს და გაიშალოს. ვარჯიშით იგი უფრო ძლიერი ხდება და სიუხვით არის მდიდარი. იგი არ იტანჯება გარეგანი ტანჯვით, რადგან ყველა ტანჯვას უკვე გაუძლო; მას ერთადერთი რამ სურს: უწვეტად იტანჯოს ღმერთისა და ქველმოქმედების გულისთვის. მისი ერთადერთი ნეტარება ღმერთისთვის ტანჯვაა და არა მისი გაძლება-გადატანა. ამიტომ ამბობს ჩვენი უფალი:“ ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“(მათ, 5,10). იგი არ ამბობს:“ ვინც ტანჯვა გამოიარა“-ო. ტანჯვის განცდა სძულს ქველ ადამიანს, ვინაიდან ამგვარი განცდა არ არის ის, რაც მას უყვარს. ერთადერთი, რაც მას უყვარს ესაა ტანჯვის გადალახვა და მისი დაკარგვა ღმერთის გულისთვის. ამიტომაც ვამბობ, რომ ასეთ ადამიანს არც მომავალში დატანჯვა უყვარს, ვინაიდან ეს არაა ტანჯვა. მაგრამ მომავალში ტანჯვა მას უფრო ნაკლებ სძულს, ვიდრე ტანჯვის გამოვლა, რადგან გამოვლილი ტანჯვა აღარაა ტანჯვა და შორსაა მისგან. მაგრამ როცა ადამიანი მომავალში დაიტანჯება იგი სრულად არ არის განძარცული ტანჯვისგან, რომელიც მას უყვარს.
წმინდა პავლე ამბობს ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესგან მოკვეთილიო(რომ. 9,3), რათა გაძლიერებულიყო ღმერთის პატივისცემა. ამბობენ ეს სიტყვები პავლემ იმ დროს წარმოთქვა, როცა ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილიო. მე კი ვფიქრობ, რომ პირიქით ისინი სრულყოფილი გულიდან არიან გამოსულნი. სხვები ამბობენ, რომ მას ღმერთისგან მხოლოდ ცოტა ხნით მოკვეთა სურდაო. მე კი ვამბობ სრულყოფილი ადამიანისთვის ღმერთისგან თუნდაც ერთი საათით მოწყვეტა მასთან ათასი წლით განშორების ტოლფასია. მაგრამ თუ ღვთისგან მისი მოკვეთა ღვთის ნებითა და მისი დიდებით მოხდებოდა, მაშინ მისთვის ათასი წელი არათუ ერთი დღე, არამედ ერთი საათი იქნებოდა.
შინაგანი მოქმედება იმითაა ღვთაებრივი და ღვთის მსგავსი და იმაში ავლენს ღვთაებრივ ერთიანობას, რომ მთელი ქმნილებაც - კი თუნდაც იგი ათას სამყაროს მოიცავდეს - ერთი ბეწოთიც ვერ იქნებოდა ღმერთის ღირებულებაზე აღმატებული; ამიტომაც გითხარით, რომ გარეგანი მოქმედება, მისი მოცულობა და სიდიდე, მისი სიგრძე და სიფართე არ გაიზომება შინაგანი მოქმედების კეთილობით; მისი კეთილობა მასშივეა. ამიტომ გარეგანი მოქმედება არასოდეს იქნება მცირე თუ შინაგანი მოქმედება დიდია და იგი ვერასოდეს იქნება დიდი თუ შინაგანი მოქმედება მცირე ან ღირებულებას მოკლებულია. შინაგანი მოქმედება თავის სიდიდეს, სიფართესა და სიგრძეს თავის თავში მოიცავს. ვინაიდან იგი თავის სრულ არსებობას სხვაგან არსად ქმნის თუ არა ღმერთის გულში. იგი იღებს ძეს და ძედ იშვის ზეციური მამის წიაღში. მაგრამ სრულიად სხვაგვარად არის გარეგანი მოქმედების შემთხვევაში: იგი თავის კეთილობას შინაგანი საქმის მეშვეობით იღებს, რომელიც გარეიღვრება ისეთ ზეაღსვლაში, რომელშიც ღვთაება განსხვავების, სიმრავლის და ნაწილის სახით გვევლინება. ესეთი თვისებები კი - ისე როგორც თუნდაც თვითონ მსგავსება - ღმერთისთვის უცხო და დაშორებულია. ყოველივე ეს ერთვის, მყოფობს და მოსვენებითაა იმაში, რაც არის კეთილი, განათებული, ქმნილება,;რომელიც ბრმა არის თავისთავადი კეთილობის, თავისთავადი ნათლისა და ერთის მიმართ., რაშიც იგი თავის მხოლოდშობილ ძეს შობს და რომელშიც იბადება ყველა ღვთის შვილი, ამქვეყნად მოვლინებული ძეები. სწორედ იქაა ( ე.ი. ერთში) სული წმინდის წყარო, საიდანაც ჩვენს სულში იღვრება ძე, ვინაიდან ის არის ღვთაებრივი სული და ღმერთი სულია. სწორედ მისი (სული წმნიდის) მოვლინებით ხდება ის, რომ ყველა, ღმერთის მიერ თავის შვილად დაბადებული შორდება სიმრავლეს და ღმერთის მსგავსად და ღმერთში განახლებული იძენსთავის ჭეშმარიტ სახეს; და ის, რაც მავანს უმაღლეს ანგელოზებრივ ბუნებად დაუსახავს, ჯერ კიდევ მოკლებულია კეთილობასა და ჭეშმარიტებას, რომელიც თუნდაც აზრში, სახელდებასა და ვარაუდში განსხვავების აჩრდილს ატარებს; ჭეშმარიტი ღვთის შვილები კი მინდობილინი არიან მხოლოდ ერთს, რომელშიც არ არის სიმრავლე და განსხვავება ისე როგორც მამა ღმერთი-ძე ღმერთი- და სული წმინდა ერთია და განუსხვავებელი. სწორედ ერთია ჩვენი ნეტარების წყარო; და რაც უფრო შორს ვართ მისგან მით უფრო დაშორებულნი ვართ ღვთის შვილობას და ძეს; და რაც უფრო ახლოს ვიმყოფებით ერთთან, მით უფრო ჭეშმარიტად ვართ ღვთის შვლები, მით უფრო მეტად ღვთაებრივია ჩვენი სული და მით უფრო მეტად ვართ სული წმინდის მადლის მატარებელნი. სწორედ ამას ამბობს ჩვენი უფალი და ძე ღვთისა თავის ღვთაებრიობაში: „ ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს>“(იოან, 4,14). წმინდა იოანე კი წერს, რომ უფალმა ეს სული წმინდაზე თქვა(იოან, 7,39).
ძე თავის ღვთაებრიობაში თავის თვისებას გვანიჭებს როგორც ძედ-ყოფნა, როგორც ღვთივშობილად-ყოფნა, როგორც წყარო და სული წმინდის გადმოსვლა, როგორც ღმერთის სიყვარული, როგორც ერთის, მამის სრული, მართალი და ყოვლობითი მოწონება. ამიტომ გაისმის ზეციდან მამის ხმა თავისი ძის მიმართ:“ ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“(მათ, 3,17). და მართლაც არავის უყვარს ღმერთი წმინდად და ჭეშმარიტად თვინიერ თვთის შვილისა. სიყვარული მოედინება ძისგან და ძეს უყვარს მამა და თავისი თავი მამაში და მამა თავის თავში. ჭეშმარიტებას ამბობს ჩვენი უფალი: „ნეტარ არიან ღარიბნი სულითა“(მათ, 5,3). სულით ღარიბნი ის ადამიანები არიან, რომლებსაც მოიშორეს საკუთარი, ადამიანური სული და ცარიელ-ტარიელნი ეახლნენ ღმერთს. წმინდა პავლე კი ამბობს:“ მანვე გვაუწყა ჩვენი სიყვარული სულით“(კოლ, 18).
წმინდა ავგუსტინე ამბობს, რომ წმინდა წერილი ყველაზე უკეთ იმ ადამიანს ესმის, ვინც დაიცარიელა საკუთარი სული და საზრისსა და ჭეშმარიტებას მხოლოდ იმ სულში ეძიებს, სადაც ისინი ჩაიწერა და ითქვა: ღმერთის სულში. წმინდა პეტრე მოციქული კი აცხადებს, რომ წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები სული წმიდის მიერ აღძრულნი ღვთისგან წარმოთქვამდნენ მას(2პეტრ, 1,21). წმინდა პავლე ამბობს, რომ არცერთმა ადამიანმა არ იცის, რა არის ადამიანის სულში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია; ასევე ღვთისა არავინ არაფერი იცის, გარდა ღვთის სულისა(1კორ, 2,11). ამიტომაც მართებულად არის ნათქვამი გლოსაში, რომ წმინდა პავლეს წერილს ვერავინ ჩაწვდება, ვისაც წმინდა პავლეს სული არ აქვს, რომლითაც იგი წერდა და მეტყველებდა. ჩემი ყველაზე დიდი საწუხარი სწორედ ის არის, რომ მიწიერი ხალხი, რომლესაც არაფერი სცხიათ ღვთაებრივი გონებისა თავიანთი ტლუ გონებით სჯიან იმას, რასაც წმინდა წერილში კითხულობენ და რაც მასში სული წმინდის კარნახითაა ჩაწერილი და ვერც კი ხვდებიან, რომ:“ კაცთაგან ეს შეუძლებელია, ღვთისგან კი ყოველივე შესაძლებელია“(მათ, 19,26). ეს სიტყვები ბუნების სფეროსაც მიეყენება: ის, რაც შეუძლებელია ქვედა ბუნებაში, მაღალ ბუნებაში ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამ არის.
გარდა ამისა იმას, რაც ადრე ვთქვი კდევ ერთ რამეს დავუმატებდი: კეთილ ადამიანს, ღმერთში ღვთის შვილად შობილს ღმერთი მისი გულისთვის და მასში უყვარს. ამ სიტყვებს რომ უკეთ ჩავწვდეთ უპრიანია გავიხსენოთ ის, რასაც ხშირად ვიმეორებდი: კეთილ ადამიანში, რომელიც კეთილობისგან და ღმერთში იშვა ღვთებრივი ბუნების ყველა თვისებაა. მეორეს მხრივ, სოლომონის მიხედვით მხოლოდ ღმერთის საკუთრიობაა ის, რომ იგი ყველა ნივთს თავისი გულისთვის ქმნის ე.ი. მისთვის არ არსებობს სვა რა ამიზეზი მის გარეთ; მას ყველაფერი თავისი გულისთვის უყვარს და ხლოდ თავისი გულისთვის მოქმედებს. და როცა ადამიანი თავის ნებით მოქმედებს და იღვწის არა ჯილდოსთვის, დიდებისა და სიამისთვის, არამედ ღმერთისა და ღვთის დიდებისთვის სწორედ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ის ღვთის შვილია.
უფრო მეტიც: ღმერთს უყვარს თავისი თავის გულისთვის და ყველა ნივთს თავსი თავისთვის ქმნის; ეს იმას ნიშნავს, რომ მას უყვარს სიყვარულის გულისთვის და მოქმედებს მოქმედების გულისთვის. უეჭველია, რომ ღმერთს მარადოსობაში რომ არ ეშვა თავისი მხოლოდშობილი ძე, შობილობა არ იქნებოდა შობილის იგივეობრივი. ამიტომ ამბობენ წმინდანები, რომ იგი მარად იშვის და გაუწყეტლივ მარად და ამარად შობილი დაიბადება. ასევე ღმერთს რომ სამყარო არ შეექმნა შექმნილბა არ იქნებოდა შექმნილის იგივეობრივი. ამიტომ ღმერთი იმ სახით ქმნის სამყაროს, რომ იგი განუწყვეტლივ არსად მოჰყავს. წარსული და მომავალი ღმერთისთვის უცხოა და მოშორებული. ამიტომ, ვინც ღმერთისგან ღვთის შვილად იშვა მას უყვარს ღმერთი თავისი თავის გულისთვის და ყველა თავის საქმეს საქმის გულისთის იქმს. ღმერთი არასოდეს დაიღლება სიყვარულით და მოქმედებით და რასაც იქმს ყველაფერი სიყვარულია. ღმერთი ჭეშმარიტია იმიტომ, რომ იგი არის სიყვარული. ამიტომ ვთქვი ზემოთ, რომ კეთილ ადამიანს ესათნოება ღმერთისთვის ტანჯვა და არა ის, რომ მისთვის უკვე იტანჯა. მას ტანჯვაში ეძლევა ის, ვინ უყვარს. მას უყვარს ღმერთისთვის ტანჯულად ყოფნა და ღვთის გულისთვის იტანჯება. ამით და ამიტომ არის ის ღვთის შვილი, რომელიც ღმერთის ხატად და ღმერთში შეიქმნა, რომელსაც ჩვენ თავისი თავის გულისთვის ვუყვარვართ; ეს იმას ნიშნავს, რომ მას უყვარს სიყვარულისთვის და მოქმედებს საქმის გულისთვის; ამიტომ უყვარს და ქმნის განუწყვეტლივ. ღმერთის საქმე არის მისი ბუნება, მისი ყოფნა, მისი სიცოცხლე და ნეტარება. ზუსტად ასეა ღვთის შვილიც - ადამიანი რამდენადაც ის ღვთის შვილია: ღმერთისთვის ტანჯვა, ღვთის გულისთვის ტანჯვა, მისთვის მოქმედება მისი ყოფნა, საქმე და ნეტარებაა; აკი ამბობს უფალი:“ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“(მათ,5,10).
მესამე რამესაც ვიტყოდი: კეთილ ადამიანს, რამდენადაც ის კეთილია ღმერთის თვისება მარტო იმაში როდი აქვს, რომ რაც მას უყვარს და რასაც ის აკეთებს ღვთის გულისთვის აკეთებს, არამედ რასაც ის აკეთებს და რაც მას უყვარს თავისი თავის გულისთვის აკეთებს და თავისი თავის გულისთვის უყვარს. საქმე ის არის, რომ რაც მას უყვარს უშობელი მამა ღმერთია; ხოლო ვინც უყვარს შობილი ძეღმერთია. მაგრამ ძე მამაშია და მამა ძეშია. ძე და მამა ერთია. გარდა ამისა სულის უშინაგნესსა და უზენაესში როგორც ზეციური მამის წიაღსა და გულში იქმნება ღვთის შვილი და ღვთის შვილად გახდომა; ამ გამოცდილების შესახებ ვწერ მე ამ წიგნის ბოლოს, სადაც მომყავს წმინდა ლუკას სიტყვები:“ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო“(მათ, 19,12).
ისიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი არსის უმაღლესი და უზენაესი ბუნების ანაბეჭდისთვის უფრო სანეტარო და სიხარულის მომგვრელია თვითონ უმაღლესი ბუნება, ვიდრე თავისი საკუთარი ბუნება და ყოფნის წესი. წყალი თავისი ბუნების თანახმად დაბლობისკენ მიედინება და მისი არსიც ესაა. მაგრამ მთვარის ზეგავლენით იგი ივიწყებს საკუთარ ბუნებას და მთაზე აღმასვლას იწყებს; და ეს უფრო იოლად გამოსდის, ვიდრე დაბლობზე დენა. აქედან ადამიანმა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს იმის თაობაზე თუ რა უფრო მართებულია: საკუთარი ბუნების დატოვებაში პოვოს ნეტარება თუ საკუთარი თავი ყოვლადვე უკუაგდოს და ღმერთის გულისთვის ტანჯვას მიეცეს. უეჭველად ეს აზრი დევს ჩვენი უფლის სიტყვებში:“ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“(მათ, 16,24) ე.ი. მას უნდა უარეყო ჯვარიც და ტანჯვაც. ვინაიდან თავისი თავის და ყველაფრის ყოვლადვე უკუგდება იმას ნიშნავს, რომ ჯვარიც და ტანჯვაც უარყოფილია. ერთაედრთი ნეტარება, ერთადერთი სიხარული ადამიანისთვის ეს იქნებოდა; სწორედ ამ გზით ჭეშმარიტად შეიძენდა ის ღმერთის მსგავსებას. როგორც ღმერთის დამწუხრებაა შეუძლებელი ისევე შეუძლებელი იქნებოდა ამ ადამიანის დამწუხრება და დატნჯვა. ამიტომ ამბობს ჩვენი უფალი: “ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“. ეს არა არის მცნება, არამედ უფრო აღთქმაა, ღვთაებრივი მითითებაა იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა ჭეშმარიტი ნეტარება და სიხარული; და ეს სიტყვები უფრო ჯილდოა, ვიდრე აღქთმა. ვინაიდან ამგვარად გარდაქმნილ ადამიანს ყველაფერი აქვს, რაც სურს და არაფერი ცუდი არ სურს და ეს ნეტარებაა. ასევე მართებულად ამბობს ჩვენი უფალი:“ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“(მათ,5,10).
ჩვენი უფალი ამბობს:“უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“. ეს ნიშნავს: გახდი შობილი ღმერთის ძე ვითარცა მე ვარ ძე და იქეცი ერთად როგორც მე ვარ ერთი მამაში და ვქმნი მის წიაღში და გულში. უფალი ამბობს: “ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მემ მესახურება, მას პატივს მიაგებს მამა“(იოან, 12,26). მაგრამ საკუთრვი აზრით ვერავინ მივა ძესთან, რამდენადაც ის ძეა თუ არა ის, ვინც თვითონაც ძე ხდება და არავინ არის იქ - სადაც ძე იმყოფება, რომელიც მამის წიაღსა და გულში ერთია ერთში - თუ არა ის, ვინც არის ძე.
„აჰა შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო“(ოს, 2,16). ღმერთს უყვარს : გული გულში, ერთი ერთში. მას სძულს, რაც მისთვის უცხო და უცნაურია. ღმერთი იტყუებს და იზიდავს ერთისკენ. ერთს ეძიებს ყველა ქმნილება , თვით უდაბლესი ქმნილებაც კი; უმაღლესი ქმნილებანი კი მას აღივამენ; ისინი ცდილობენ თავიანთ ბუნებაში შეიღონ იგი და მის კვალად გარდაიქმნან; ისინი ეძიებენ ერთს ერთში და ერთს თავიანთ თავში. სწორედ ამიტომ ამბობს ძე: ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ ჩემი მსახურიც იქ იქნება.
კიდევ ერთი ნუგეში არსებობს. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ როცა სრული ბუნება რაღაცას ანგრევს, ამსხვრევს ანდა უბრალოდ ეხება ის უკეთესისთვის იღვწის. არ არის საკმარისი, რომ ის კარგ საქმეს იქმოდეს, არამედ აუცილებელია, რომ უკეთესს აკეთებდეს. მაგრამ რანაირად? ბრძენი მკურნალი ხელს არ ახლებს ადამიანის მტკივან თითს თუ მთლიანად ადამიანს უფრო კარგ მდგომარეობაში არ ჩააყენებს და მდგომარეობას არ შეუმსუბუქებს. ამის მერე იგი შეუდგება თითის მკურნალობას; და თუ ვერაფერს გააწყობს, თითს კვეთს. რა თქმა უნდა არ იქნებოდა მართებული, რომ მას წინასწარი სამუშაოს ჩაუტარებლად ადამიანისვე სასიკეთოდ მისთვის თითი მოეკვეთა. მეორეს მხრივ, ბევრად უფრო მართებულია თითის მოკვეთა და ადამიანის შენარჩუნება, ვიდრე როგორც თითის ისე ადამიანის დაღუპვა. უმჯობესია ორის ნაცვლად ერთი მსხვერპლის გაღება მით უფრო თუ ერთი მეორეზე შეუდარებლად უფრო ძვირფასია. იმასაც უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ადამიანის თითს, ხელს და მის ნებისმიერ ბუნებით ორგანოს თავიანთი თავი ადმიანზე მეტად არ ეძვირფასება და თითოეული მათგანი მზადაა, რათა სიხარულით გატანჯოს თავისი თავი და დააზარალოს იგი ადამიანის გულისთვის. მე განზრახ და მართებულად ვამბობ, რომ არც ერთ ორგანოს თავისი თავი თვითონ ადამიანზე მეტად არ უყვარს - მეთქი. აქედან გამომდინარე შესაძლოა, სრულიად მართებული იყოს ის, რომ ჩვენ სულაც არ გვიყვარდეს საკუთარი თავი და მხოლოდ ღმერთის გულისთვის და ღმერთში გვიყვარდეს ის. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ჩვენთვის ნეტარება იქნებოდა ყოველივე იმის მიღება, რაც ღმერთს ჩვენში სურს; მით უმეტეს თუ ჩვენ გცეცოდინებოდა, რომ ღმერთი შეუდარებლად უფრო მსუბუქი სენით ან ვაებით დაიტანჯებოდა ის რომ ამით ბევრად უფრო დიდ წარმატებას არ ესწრაფვოდეს. და მართლაც, თუ ამაში ღმერთს არ ვენდობით, მაშინ ძალზე ბანალური რამ იქნებოდა ის, რომ მან ტანჯვა და წამება დაითმინა.
კიდევ ერთი ნუგეში არსებობს. წმინდა პავლე ამბობს: „ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“(ებრ, 12,6). ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა დაიტანჯოს, რათა შვილი გახდეს. მამამ გამოგზავნა ძე ღვთისა დროში, რომ ადამიანად ქცეულიყო და დატანჯულიყო, რადგან თავის ღთაებრიობასა და მარადისობაში მას ტანჯვა არ ექნებოდა. თუ შენ გსურს ღვთის შვილობა მაგრამ ტანჯვა არა გსურს, მაშინ შენი გზა უმართებულოა. სიბრძნის წიგნში წერია, რომ ღმერთმა სიმართლეში გამოსცადა და შეამოწმა ადამიანები; გამოსცადა როგორც ოქრო - ქურაში(სიბრძნე სოლომონისა. 3. 5,6). ამაზე მიანიშნებს ის, რომ მეფე ან მთავარი ერთგულებაში სცდის რაინდს, ვიდრე ბრძოლაში გაგზავნიდეს. მე მინახავს ბატონი, რომელიც ადამიანს, რომელსაც მსახურად აყვანას უპირებდა ღამეში სადმე გზავნიდა ხოლმე, მერე თვითონვე ესხმოდა თავს და ებრძოდა. ერთხელაც ლამის იყო იგი არ შემოაკვდა იმ ადამიანს, ვისი გამოცდაც სურდა; და იმ მონას ამის შემდეგ ადრიდენლზე მეტ პატივს მიაგებდა.
წმინდა ანტონის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ერთხელ უდაბნოში იგი სასტიკად ტანჯეს ბოროტმა სულებმა; და როცა მან ტანჯვა დაძლია დაინახა, რომ იქვე უფალი იდგა ხილულად და მხიარული სახით. წმინდა კაცმა უთხრა მას:“ უფალო, აქ იყავი მაშინ, როცა მე დიდ გასაჭირში ვიმყოფებოდი? „და ჩვენმა უფალმა მიუგო: „აქ ვიდექი ზუსტად ისე როგორც ახლა ვდგავარ, რადგან მსურდა, მენახა თუ რამდენად წმინდა ხარ“. ოქრო თუ ვერცხლი ძალზე წმინდაა, მაგრამ როცა მისგან სამეფო ჭურჭლის დამზადება სურთ ბევრად უფრო გავარვალებულ ქურაში ატარებენ ვიდრე მის სხვა ნაჭრებს. ამიტომ არის მოციქულების შესახებ დაწერილი: უხაროდათ, რომ მისი სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსი გახდნენ(საქმე. 5,42).
ღმერთის ბუნებითი ძე მადლით ადამიანი გახდა და შენთვის ეწამა, შენ კი გსურს ღვთის შვილი გახდე და არა ადამიანი და არც ღმერთისთვის ტანჯვა მოგეთხოვება და არც საკუთარი თავისთვის. თუკი ადამიანი იმაზე დაფიქრდებოდა თუ რაოდენ ხარობენ ღმერთი და ღმერთის მოყვარე ანგელოზები მისი მოთმინებით ღმერთისთვის ტანვასა და გასაჭირში, იგი სამართლიანობის გულისთვის დამშვიდებოდა. ადამიანსაც შეუძლია სიკეთე გაიღოს და დაიტანჯოს მეგობრისთვის და ამით დაუმტკიცოს მას სიყვარული.
კიდევ ერთ რამეზე დაფიქრება გვმართებს: ადამიანს რომ მეგობარი ჰყოლოდა, მისი გულისთვის ტანჯვასა და ვაებაში მყოფი, ძალზე ბანალური იქნებოდა თუ იგი მას გვერდიდან არ მოშორდებოდა და თავისი ყოფნით სიმშვიდეს მოგვრიდა. ამიტომ ამბობს კეთილი ადამიანის შესახებ ჩვენი უფალი ფსალმუნში, რომ იგი მასთან იქნება მის ტანჯვაში(ფსალმ.33,19). ამ სიტყვებიდან შვიდი სწავლება გამოდის და ნუგეშის შვიდნაირი საფუძველი.
ჯერ ერთი ის, რასაც წმინდა ავგუსტინე ამბობს: ღმერთისთვის გასაჭირის დათმენა უფრო უკეთესი, უფრო ძვრფასი, უფრო მაღალი და კეთილშობილი რამაა, რაც შეიძლება ადამიანს მისი ნების წინააღმდეგ წაერთვას; ეს არის ყველაზე წმინდა გარეგანი სიკეთე. ღმერთმა იცის, რომ არ არსებობს ამ ქვეყნად მდიდარი ადამიანი, რომელსაც არ სურდეს მთელი სამყაროს ძლევამოსილ მბრძანებლად გახდომა და რომელიც ამისთვის სიამოვნებით და დიდი ხნის მანძილზე დაითმენდა უსაშველო ტკივილს.
მეორე, მე არა მარტო ღმერთის სიტყვებიდან გამომყავს ის, რომ იგი ადამიანთან არის მის გასაჭირში, არამედ ამას უშუალოდ განვიცდი მის სიტყვაში და ვამბობ: თუ ღმერთი არის ჩემთან ჩემს გასაჭირში, მაშინ მეტი რაღა უნდა მინდოდეს? და ჭეშმარიტად არაფერი სხვა არ მსურს, არაფერს სხვას არ ვნატრობ, როცა ღმერთი გვერდში მიდგას. წმინდა ავგუსტინე ამობს:“ გაუმაძღრობაა და უგუნურება, როცა ღმერთში ვერ პოულობენ კმაყოფილებას“; აი, ავგუსტინეს კიდევ ერთი გამონათქვამი:“როგორ უნდა გგვრიდეს კმაყოფილებას ღმერთის გარეგანი თუ შინაგანი ნიჭები, მაშინ როცა თვითონ ის არ გაკმაყოფილებს?“. ამიტომაც იგი ერთგან ამბობს:“უფალო გვიჩვენე შენ სხვა შენ, რამეთუ შენს გარდა არაფერი მწადია.“ სიბრძნის წიგნში კი წერია:“მან მომიტანა მთელი სიკეთე და ულევი სიმდიდრე და ულევი სიმდიდრე მიძღვნა თავისი ხელით“(სიბრძნე სოლომონისა, 7,11). ეს იმას ნიშნავს, რომ ამ აზრით ღმერთის გარეშე არაფერი არ არის და არც შეიძლება იყოს კეთილი; და მხოლოდ ის არის კეთილი და სწორედ იმიტომ არის კეთილი, რომ იგი ჩემთვის ღმერთს მოაქვს. ღმერთზე არაფერს ვიტყვი. და თუ მთელი სამყაროს ქმნილებას არსებობას ვუწოდებ, რომელსაც ღმერთი იძლევა, მაშინ იგი არარა, უსიხარულო, უნაყოფო და საძულველია. მაგრამ იმ სიტყვებში, რომ ყოველივე კეთილი ღმერთის მოტანილია, სხვა ღირებული მნიშვნელობაც დევს, რომლის გამომჟღავნება ძალზე დიდ დროს დაიკავებდა.
ჩვენი უფალი ამბობს: „მასთან ვარ გასაჭირში“(ფსალმ. 90, 15). ამიტომ ამბობს წმინდა ბერნარი:“ უფალო, ჩვენთან ხარ გასაჭირში; მუდამ გასაჭირში მამყოფე, რადგან მუდამ ჩემთან იყო და მუდამ ჩემი იყო“.
მესამე სწავლება ასეთია: ღმერთი გასაჭირში ჩვენთან არისო იმას ნიშნავს, რომ იგი ჩვენთან ერთად იტანჯება. ვინც შეიცნო ჭეშმარიტება მან იცის, რომ მე სიმართლეს ვამბობ. ღმერთი ადამიანთანაა გასაჭირში, მაგრამ სრულიად სხვაგვარი და შეუდარებლად დიდია მისი ტანჯვა, ვიდრე იმ ადამიანისა მისი გულისთვის რომ იტანჯება. მაგრმა მე ვიტყოდი: თუ ღმერთს სურს თვითონ დაიტანჯოს, მაშინ მეც იგივე უნდა მსურდეს, რათა მისი ნება ჩემი ნებაც იყოს. მე ვითხოვ ყოველდღირად და იგი მიბრძანებს, რომ ვითხოვო:“უფალო, იყავნ ნება შენი!“ და უსამართლობა იქნებოდა ღმერთის ტანჯვაზე ვგოდებდე, მაშინ როცა ტანჯვა მისი ნებაა. და მე დარწმუნებით ვიტყვი, რომ ღმერთი ხალისით იზიარებს ჩვენს გასაჭირს და სიხარულით იტანჯება ჩვენთან ერთად, როცა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის გულისთვის ვიტანჯებით: იგი უტანჯველად იტანჯება. ღმერთისთვის ტანჯვა იმდენად სანეტაროა, რომ გასაჭირი გასაჭირი არ განიცდება. ამიტომ ჩვენც გვმართებს ჩვენს გასაჭირში ისე მოქცევა, რომ ჩვენთვის ტანჯვა ტანჯვა არ იყოს; რომ გასაჭირი ჩვენთვის Nეტარება და შვება იყოს.
მეოთხე სწავლების მიხედვით ბუნებრივია, რომ ჩვენი თანატანჯვით მოყვასს გასაჭირი უმსუბუქდება. და თუ ადამიანის თანატანჯვა მე მამშვიდებს ჩემს გასაჭირში, მაშინ რაოდენ დიდი ნუგეშის მომატნი იქნება ღმერთის თანატანჯვა!
მეხუთე: თუ მე მსურს და ჯერ არს კიდეც, რომ ვიტანჯო საყვარელი ადამიანისთვის, რომელსაც მე ვეყვარებოდი, მაშინ უდიდესი ხალისით და და სიხარულით უნდა ვიწვნიო გასაჭირი ღმერთის გულისთვის, რომელიც ჩემი სიყვარულით ჩემთვის იტანჯება.
მეექვსე: ღმერთი უფრო ადრე ეწამა, ვიდრე მე ვიტანჯები მისი გულისთვის, მაგრამ ყველა ჩემი გასაჭირი - რაგინდ დიდი და მრავალი იყოს - ჩემთვის ნუგეში და სიხარულია. ბუნებრივია, რომ როცა ადამიანი ერთ რამეს სხვა რამისთვის აკეთებს მიზანი, რისთვისაც ის ამას სჩადის მის გულთან ახლოს უნდა იყოს, ხოლო მის მიერ გაკეთებული საქმე მისი გულისგან შორს არის და მხოლოდ იმდენად ეხება მას, რამდენადაც ის მისი საქმის ბოლო და მიზნის აღსრულებაა. როცა ადამიანი სახლს აშენებს და საამისოდ მერქანს ამზადებს და ქვას ამუშავებს, რათა სახლმა გაუძლოს ზაფხულის სიცხეს და ზამთრის სიცივეს მისი გულისთქმა მთლიანად სახლს ეკუთვნის და იგი არასოდეს მოჰკიდებდა ხელს ქვის კვეთას და სხვა სამუშაოებს მას რომ მიზნად სახლის აშენება არ ჰქონოდა. როცა ავადმყოფს ტკბილ ღვინოს ასმევენ და მას იგი ემწარება, ის მართლაც მწარეა; როცა ტკბილი ღვინო ენის სიმწარეს ეხება ისიც მანამ მწარდება, ვიდრე სიღრმეში შეაღწევდეს, სადაც მის გემოს სული აღიქვამს და შეაფასებს. იგივე თუმცა შეუდარებლად უფრო მაღალ დონეზე ხდება, როცა ადამიანი ყველაფერს, რასაც ღმერთის გულისთვის და მისი შუამდგომლობით აკეთებს; ვერაფერი შეეხება მის სულსა და გულს, რაც ღვთისა და მისი სიტკბოების მეშვეობით წინდაწინვე თავის სიმწარეს არ დაკარგავს და წმინდა სიტკბოებად არ იქცევა.
კიდევ ერთი მოწმობა და მაგალითი არსებობს: ოსტატი ამბობს, რომ ცის ქვეშ და მის ირგვლივ ცეცხლი გიზგიზებს, რისი ძალითაც ვერც წვიმა, ვერც ქარი, ვერც ნებისმიერი უამინდობა ზეცასთან ისე ახლოს ვერ მივა, რომ მას შეეხოს; ყოველივეს უმალვე ცეცხლი ჩანთქვს და გაანადგურებს, ვიდრე ზეცას შეეხებოდეს. ზუსტად იგივე მოსდის ადამიანის ტანჯვას, რომელიც ღმერთისთვის იტანჯება: ვიდრე ადამიანის - ღვთისთვის ტანჯულ და მოქმედ - სულში შევიდოდეს იგი დატკბება ღვთაებრივი სიტკბოებით. სწორედ ამას გულისხმობს სიტყვა, რომელიც ამბობს: „ღვთის გულისთვის“; და ვერაფერი ვერ შეაღწევს ადამიანის გულში, ვიდრე ის ღმეთის სიტკბოებაში არ გაივლის და თავის სიტკბოებას არ დაკარგავს; მას ასევე დაწვავს ღვთაებრივი სიყვარულის მგზნებარე ცეცხლი, რომელიც კეთილი ადამიანის გულში და მის ირგვლივ გიზგიზებს.
ახლა ყველასთვის ნათელია თუ რა დიდ ნუგეშს იღებს კეთილი ადამიანი თავის ტანჯვასა და მოქმედებაში. მაგრამ ერთნაირად მიეგება მას, როცა ის ღმერთის გულისთვის იტანჯება და სხვანაირად - როცა ღმერთის სიყვარულში დგას. ადამიანმა ისიც კარგად იცის თუ როდის იტანჯება ღვთისთვის და როდის დგას მის სიყვარულში. ტკივილიანი ნუგეში იმის ნიშანია, რომ იიგი მარტო ღვთის გულისთვის არ მოქმედებს. ისიც ცნობილია, რომ ადამიანი ყოველთვის ღვთის სიყვარულში არ დგას. დავით მეფე ამბობს:“ ცეცხლი იარება მის წინაშე და ერგვლივ მის მრებს“ და მისთვის სულერთია ეს ტანჯვაა, უნუგეშობა, შფოთი თუ სიმწარე.
კიდევ დარჩა ნუგეშის მეშვიდე საფუძველი იმ სიტყვაში, რომ ღმერთი ჩვენთანაა გასაჭირში და ჩვენთან ერთად იტანჯება; რომ სრულიად განსაკუთრებულია ღმერთის მიერ მოგვრილი ნუგეში, რადგან იგი წმინდა ერთია და განსხვავების გარეგნული მრავალფეროვნება მასში თვითონვეა; ამიტომ ვამბობ: კეთილი ადამიანი ღმერთისთვის ტანჯვას ღმერთშივე იტანს და ღმერთია მასთან თანამტანჯველი თავის გასაჭირში. მაგრამ თუ ჩემი გასაჭირი ღმერთშია და ღმერთი იტანჯება ჩემთან ერთად, მაშინ როგორღა იქნება ტანჯვა ტანჯვა? იგი ხომ თავის ბუნებას დაკარგავდა, რადგან ღმერთშია ჩემი ტანჯვა და ღმერთია ჩემი ტანჯვა? მაგრამ გავიხსენოთ, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და როცა კი ჭეშმარიტებას აღმოვაჩენ ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ვიპოვე; ზუსტად ასეა, როცა მე გულწრფელად ღმერთისთვის ვიტანჯები: ტანჯვაში აღმოვაჩენ ღმერთს როგორც ჩემს ტანჯვას. ვისაც ეს არ ესმის, სიბრმავეს იჩენს არა მარტო იმის მიმართ, რასაც მე ვამბობ, არამედ ღვთაებრივი ჭეშმარიტებისა და სანუკვარი სიკეთეებისადი.
ისე რომ ღმერთისთვის ტანჯვა კურნება და ნეტარებაა! ჩვენი უფალი ამბობს:“ ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი“(მათ. 5,10). მაშინ როგორ უშვებს ღმერთი იმას, რომ მისი მეგობარი კეთილი ადამიანები განუწყვეტლივ არ იტანჯებიან? ადამიანს თუ ისეთი მეგობარი ეყოლებოდა, რომელიც მისთვის ცოტა ხნით დაითმენდა ტანჯვას, დიდ სარგებელს, პატივსა და სიამეს კი დიდი ხნით დაიმსახურებდა და მეგობარს ამაში არ შეუშლიდა ხელს ან არ ისურვებდა, რომ სხვა ვინმეს დაეშალა ეს მისთვის, არავინ იტყოდა, რომ ეს კაცი მისი მეგობარია ანდა რომ ამ კაცს მეგობარი უყვარს. ამიტომ ღმერთი არ დაუშვებს, რომ კეთილი ადამიანი გასაჭირის გარეშე იყოს ანდა უტანჯველად იტანჯებოდეს. გარეგანი ტანჯვის ყველა სიკეთე ნების კეთილობიდან მომდინარეობს - როგორც ზემოთ დავწერე. ამიტომ როცა კეთილი ადამიანი იტანჯება და ღმერთისთვის ტანჯვას ესწრაფვის, იგი ღმერთის წინაშე და ღმერთშივე იტანჯება. დავით მეფე ამბობს:“ მარცხისთვის მე მზად ვარ და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ.“(ფსალმ. 37,18). წმინდა იერონიმე კი აცხადებს, რომ როცა ცვილი სუფთა და რბილია მისგან ნებისმიერი რამის გამოძერწვა შეიძლება, რისი გამოძერწვაც ადამიანს სურს და რაც ცვილშივეა დაუნჯებული შესაძლებლობის სახით თუნდაც გარეგანი ხილულობა მას არ მიენიჭოს. ზემოთ იმაზეც ვილაპარაკე, რომ ქვა როდია უფრო ნაკლებ მძიმე, როცა იგი მიწაზე არ დევს; მისი საკუთრივი სიმძიმე იმაშია, რომ იგი ქვევით ისწრაფვის და შინაგანად მზადაა ძირს დაეცეს. ზემოთ ისიც ვთქვი, რომ კეთილი ადამიანი ყველაფერს აკეთებს - რისი გაკეთებაც სურს - როგორც ზეცაში ისე მიწაზე და ამაში ღმერთის მსგავია.
ხალხის სიტლანქე იმით იცნობა, რომ მათ ჩვეულებრივ უკვირთ ხოლმე, როცა ხედავენ თუ როგორ ტკივილს განიცდის და როგორ იტანჯება კეთილი ადამიანი; არცთუ იშვიათად მათ ეჩვენებათ, რომ ისინი რაღაც იდუმალი ცოდვებისთვის იტანჯებიან და ამბობენ: ნეტავ ეს კაცი კეთილი იყოს - ო. მეც დავფიქრებულვარ იმაზე თუ რაოდენ დიდ გასაჭირს უძლებს კეთილი ადამიანი და მეც მიფიქრია, რომ ეს მისი ცოდვის ან შეცდომის გამო დაემართა. მაგრამ თუ იგი კეთილია, მაშინ გასაჭირი მისთვის ტანჯვა და უბედურება როდია, არამედ ბედნიერება და ნეტარებაა. უფალი ამბობს:“ ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი“(მათ. 5, 10). ამიტომ წერია სიბრძნის წიგნში:“ მართალთა სულები ღვთის ხელთ არიან და ტანჯვა ვერ ეწევა მათ... უგუნურებს კი მკვდრები ჰგონიათ და უბედურებად შეურაცხავთ მათი აღსასრული“(სიბრძნე სოლომონისა, 3.1). ამრიგად, მართალ ადამიანებს ტანჯვა ვერ ეწევა და ნეტარებას განიცდიან. წმინადა პავლე ერთგან ლაპარაკობს იმის შესახებ თუ რაოდენ განუზომელი ტკივილი დაითმინეს წმინდა ადამიანებმა და აცხადებს, რომ მათი „ღირსიც არ იყო მთელი სოფელი“(ებრ. 11, 36). თუ მართებულად განვმარტავთ ამ სიტყვებს სამგვარი მნიშნელობა აქვს; ჯერ ერთი, ეს სოფელი არ არის კეთილი ადამიანების არსებობის ღირსი; მეორე მნიშვნელობა უკეთესია და იმას მოასწავებს, რომ მართალია, ამ სოფლის სიკეთე ზიზღისღირსია და მას ჩალისფასი აქვს, მაგრამ ფასეული მხოლოდ ღმერთია და მართალი ადამიანი ღმერთის ღირსია და ღმერთი - ამ ადამიანისა. მესამე მნიშვნელობის მიხედვით ეს სოფელი ე.ი. ის ხალხი, რომელსაც ის უყვარს არ არის ღირსი, რომ ღმერთისთვის გასაჭირითა და მისთვის ტანჯვით დაიტანჯოს. ამიტომ არის დაწერილი, რომ წმინდა მოციქულებს უხაროდათ, რომ მისი გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ(საქმე. 5,41).
მაგრამ კმარა სიტყვები. ამ წიგნის მესამე ნაწილში დავწერ ზოგიერთი ნუგეშის შესახებ, რომლითაც კეთილი ადამიანი სიმშვიდეს პოვებს თავის ტანჯვაში, რომლებიც კეთილი და ბრძენი ადამიანების არა მარტო სიტყვებში, არამედ საქმეებში მოიპოვება.
3.
მეფეთა წიგნში მოთხრობილია თუ როგორ წყევლიდა ერთი კაცი დავითს. მერე ერთმა მსახურმა უთხრა დავითს მოვკლავო ამ მკვდარ ძაღლს. თავი დაანებეთო, უთხრა დავითმა: „ეგებ მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს უფალმა(2 მეფ. 16, 5-12).
მამათა წიგნში წერია, რომ ერთმა კაცმა წმინდა მამას შესჩივლა ვიტანჯებიო. წმინდა მამამ უთხრა:“ გინდა შვილო ჩემო ღმერთს შევთხოვო, რათა მისგან დაგიხსნას? „ არა მამაო, ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ჩემი კურნებისთვისაა. შესთხოვე ღმერთს, რათა წყალობა მოიღოს ჩემზე, რათა შეგნებით დავიტანჯო“.
ერთ სნეულს ჰკითხეს, რატომ კურნებას არ შესთხოვ ღმერთსო. სნეულმა უპასუხა, რომ ამას სამი მიზეზის გამო ვერ იზამდა. ერთი ის არის, რომ მოყვარული ღმერთი ამ სენს - მისი რწმენით - არაფრით არ დაუშვებდა თუ არა ისევ მისივე სიკეთისთვის. მეორეც, ადამიანს თუ ის კეთილია, ის სურს, რაც ღმერთს და არა ის, რომ ღმერთმა ისურვოს, რაც მას სურს. ამიტომ არც განკურნებას ვისურვებდი, რადგან ღმერთს სურს ჩემი ავად ყოფნა. ასეთი ეჭვიც მიჩნდება: ღმერთს რომ ჩემი განკურნება მისი ნების გარეშე შესძლებოდა ასეთ კურნებას ჩემთვის ფასი არ ექნებოდა და არც მივიღებდი. სურვილი სიყვარულიდან მოდის, არასურვილი - არასიყვარულიდან. ბევრად უკეთესი და სასარგებლოა, რომ ღმერთს ვუყვარდე და სნეული ვიყო, ვიდრე ჯანმრთელი ვიყო და ღმერთს არ ვუყვარდე. ის, რაც ღმერთს უყვარს რაღაცას წარმოადგენს; რაც მას არ უყვარს - არარაობაა როგორც წერია სიბრძნის წიგნში(სიბრძნე სოლომონისა 11,25). იმაშიც ჭეშმარიტებაა, რომ ყველაფერი, რაც ღმერთს სურს კარგია იმით, რომ ღმერთს სურს. ადამიანური ენით, რომ ვთქვათ მე ვარჩევდი მეფესავით მდიდარსა და ძლიერ ადამიანს ვყვარებოდი, რომელიც ერთ ხანს ჯილდოს არ მომცემდა - მაგრამ თავის დროზე კი უფრო გულუხვად და მდიდრულად დამასაჩუქრებდა- ვიდრე ჯილდო მოეცა, მაგრამ ჯეროვნად არ ვყვარებოდი; იმ შემთხვევასაც ვითვალისწინებ, რომ ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ შესაძლოა, საერთოდაც არ აპირებს ჩემთვის რაიმეს მოცემას; მაგრამ ისიც შესაძლოა, მოგვიანებით ძვირფასი რამის მოძღვნასაც აპირებდეს. მე მოთმინებით დაველოდები მის მადლისმიერსა და დაუმსახურებელ ჯილდოს. გარდა ამისა ვის სიყვარულსაც მე უარვყოფ და ვის ნებასაც ვუპირისპირდები და ვისგანაც მხოლოდ ჯილდოს მოველი, მართებულად მომექცეოდა თუ არაფერს მომცემდა, შემიძულებდა და უბედურებაშიც მიმატოვებდა.
მესამე მიზეზი, რის გამოც მე ღმერთს არაფრით შევთხოვდი განკურნებას და ასეთ რამეს სულმადაბლობად მივიჩნევდი ის არის, რომ ეგზომ მდიდარ, თავისუფალსა და მოყვარულ ღმერთს ვერასოდეს შევკადრებდი ასეთი უმნიშვნელოს რამის თხოვნას. წარმოვიდგინოთ, რომ მე ასი თუ ორასი მილი ხიფათით სავსე გზა განვვლე წმინდა პაპთან ჩასაღწევად და ეს მგზავრობა ძალზე ძვირი დამიჯდა, ბოლოსდაბოლოს ჩავაღწიე და ამ წმინდა კაცს ვთხოვე, რომ ჩემთვის ლობიო მოეცა, ბუნებრივია იგი - ისე როგორც ნებისმიერი სხვა - მეტყოდა, რომ მე დიდი გიჟი ვინმე ვარ. და ჭეშმარიტება იქნებოდა თუ ვიტყოდი, რომ ყველა სიკეთე ერთად აღებული, მთელი ქმნილება მართლაცდა ისევე მცირეა ღმერთის წინაშე როგორც ლობიო - სხეულებრივ სამყაროსთან შედარებით. ამიტომ თუ მე მართალი და ბრძენი კაცი ვარ, მართებულად ვიტყოდი უარს განკურნების თხოვნაზე.
ამასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ სუსტი გულის ნიშანია, როცა ადამიანს ახარებს ან ამწუხრებს ამა სოფლის წარმავალი ნივთები. თუ ასეთ რამეს ადამიანი თავის თავს შეამჩნევს მას ნამდვილად უნდა შერცხვეს ღვთის, მისი ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე ისე როგორც სახეზე გამოსული მუწუკების გამო შერცხვებოდა. და რაღა ბევრი გავაგრძელო: ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ისე როგორც წმინდანთა ნაწერები და თქვენ წარმოიდგინეთ წარმართთა ნაწარმოებებიც კი სავსეა იმის მაგალითებით თუ როგორ სწირავდნენ მართალი ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს და როგორ ამბობდნენ უარს თავინთ თავზე როგორც ღმერთის სიყვარულით ისე ბუნებითი სიქველით.
სოკრატე - ერთი წარმართ ოსტატთაგანი ამბობს, რომ სიქველეს შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა ხელეწიფებაო. მაკაბელთა წიგნი მოგვითხრობს ერთი მართალი ქალის შესახებ, რომელიც თავისი თვალით ხედავდა თუ რა არაადამიანური, თავზარდამცემი და საშინელი ტანჯვა მოუვლინა მტარვალმა მტერმა მის შვიდ ძეს და როგორი შემართებით ამხნევებდა იგი თითოეულ მათგანს, რომ არ შეშინებულიყვნენ და სული და სხეული უყოყმანოდ გაეწირათ ღმერთის სამართლიანობისთვის. ამით შემეძლო ამ წიგნის დასრულება, მაგრამ მსურს მას ორი სიტყვა დავამატო.
ჯერ ერთი ქველი ადამიანი სირცხვილით უნდა იწვოდეს თუ მას მცირედი გაჭირვება გატეხს, მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ თუ რამდენს წვალობს ვაჭარი, რათა ოდნავი სარფა ნახოს: ხშირად მოგზაურობს უცხო და შორულ ქვეყნებში, რა დროსაც უხდება გრძელი და ძნელი გზის დაძლევა, მთის და ბარის, უდაბნოსა და ზღვის გადალახვა, განიცდის უძილობას, სასმელ-საჭმლის ნაკლებობას, ავაზაკებისა და მკვლელების მხრივ მუქარას თუ უამრავ სხვა უსამართლობას, მაგრამ ყველაფერს უმალვე ხალისით ივიწყებს როგორც ხელს შეავლებს მცირეოდენ სარგებელს. რაინდი, რომელიც ფიცხელ ბრძოლაში შედის საფრთხეში იგდებს სიცოცხლეს, წარმავალი და ეფემერული დიდებისთვის; ჩვენ კი ის გაგვჭირვებია, რომ მცირედი ტანჟვა ავიტანოთ ღვთისა და მარადიული ნეტარების გულისთვის!
კიდევ ერთი სიტყვა, რომლის თქმაც მსურს ის არის, რომ ვინმე უგუნური იტყვის ბევრი შენი სიტყვა როგორც ამ წიგნში ისე სხვა ნაწერებშიც ჭეშმარიტებას მოკლებულიაო. მე მას ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით ვუპასუხებ მისი „აღსარებებიდან“; სადაც იგი ამბობს, რომ ღმერთამა ათასეული წლების წინ შექმნა ის, რაც მომავალში უნდა მოხდეს; და იგი ახლაც ქმნის კვლავაც და კვლავაც შექმნის იმ სამყაროს, რომელიც ათასეულობით წლის წინ შექმნა. და რა გავაწყო მე თუ ვინმეს ეს არ ესმის? სხვაგან იგი ამბობს, რომ ადამიანს, რომელსაც თავისი თავი ეგოისტურად უყვარს ერთი ნატვრა აქვს: დაე, ყველას წაერთვას თვალის ჩინი ოღონდ კი ჩემი სიბრმავე დაფარული დარჩესო. როცა ადამიანი წყალში ჩაძირულ ჯოხს უყურებს იგი ირიბი ჰგონია; აქედან კი ასკვნის: წყალი ჰაერზე უფრო უხეშიაო. არადა იგი თავისთავადაც სწორია და იმათ თვალშიც, ვინც მას გამჭვირვალე ჰაერში უყურებს.
ნეტარი ავგუსტინე ამბობს: ადამიანმა, რომელიც შინაგანი უნარით იმეცნებს და ბუნდოვანი ცნებების, მრავალფეროვანი საგნობრიობისა და ხატოვანი წარმოდგენების გარეშე აზროვნებს; ადამიანმა, რომელმაც დაძლია გარეგანი ხედვა იცის, რომ ეს ჭეშმარიტებაა. მაგრამ ადამიანი, რომელიც ამის აინუნშიც არ არის, ჩემს აზრებს დასცინის და აბუჩად იგდებს, მე კი ვებრალები. არადა, ამ ხალხს მარადიული საგნების ხილვა, ღვთაებრივი ქმნილების ჭვრეტა და მარადიულ ნათელში დგომა სწადია, გული კი ხან გუშინისკენ მიუწევთ ხან კი ხვალისკენ.
წარმართი ოსტატი - სენეკა ამბობს, ადამიანმა დიდ და მაღალ მატერიებზე დიდი და მაღალი გრძნობებით და ამაღლებული სულით უნდა ილაპარაკოსო. ვინმემ შესაძლოა ისიც თქვას, რომ ამგვარი სწავლება უსწავლელი ხალხისთვის არ უნდა იწერებოდესო. მე კი ვიტყვი: თუ უსწავლელს არ ვასწავლით, მაშინ ნასწავლი არავინ იქნება და ვერც ვერავინ ვერასოდეს დაწერს და ასწავლის. უსწავლელ ადამიანს იმიტომ ასწავლიან, რომ იგი ნასწავლი გახდეს. არაფერი ახალი თუ არ არსებობს, მაშინ ძველიც არ იარსებებს. უფალი ჩვენი ამბობს:“მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ“(ლუკ. 5, 31). მკურნალი იმისთვის არის, რომ სნეული განკურნოს. მაგრამ თუ ისეთი ვინმე არსებობს, ვისაც ეს სიტყვები არასწორად ესმის, რა უნდა ქნას იმან, ვინც მათ წარმოთქვამს? წმინდა იოანე წმინდა სახარებას იმიტომ უქადაგებს როგორც მორწმუნეებს ისე ურწმუნოებს, რათა მათაც იწამონ; მაგრამ თავის სახარებას იგი იწყებს უმაღლესი საგნებით, რაც შეიძლება ღმერთის შესახებ გამოითქვას; და მისი და ჩვენი უფლის სიტყვა ხშირად არასწორად არის გაგებული.
მოსიყვარულე და მოწყალე ღმერთმა, რომელიც თავად ჭეშმარიტებაა მომანიჭა მე და ყველას, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, იმის უნარი, რომ ჭეშმარიტება საკუთარ თავში აღმოაჩინოს და გავიშინაგნოს. ამინ.
II დიდგვაროვანი კაცი
უფალი ჩვენი სახარებაში ამბობს:“ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო“(ლუკ, 12,19). უფალი ამ იგავით შეგვაგონებს თუ რაოდენ დიდგვაროვნად არის ადამიანი შექმნილი თავის ბუნებით და რაოდენ ღვთაებრივია ის, რაც მას მადლით ენიჭება და იმასაც გვასწავლის თუ როგორც უნდა მივიღოთ მადლი.
უპირველეს ყოვლისა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანს ორი ბუნება აქვს: სხეული და სული. ამიტომ სახარებაში ნათქვამია, რომ ვინც საკუთარ თავს შეიცნობს ყველა ქმნილებასაც შეიმეცნებს, რადგან ნებისმიერი ქმნილება ან სხეულია ან სული. ამიტომ ამბობს წმინდა წერილი, რომ ადამიანში ორი ადამიანი უნდა გავარჩიოთ: გარეგანი და შინაგანიო.
გარეგანი ადამიანში შედის ყველაფერი, რაც სულს აკრავს, რომელიც გარემოცულია ხორცით და რომლის ყველა ორგანოს - თვალს, ყურს, ენას,, ხელს და სხვ. - სხეულებრივი თანაქმედება ახასიათებს. ყოველივე ამას ერთობლიობაში წმინდა წერილი გარეგან, ძველ, მიწიერ, მტრულ და მონურ ადამიანს უწოდებს.
მეორე ადამიანი, რომელიც ჩვენშია ჩადებული შინაგანი ადამიანია, რომელსაც წმინდა წერილი ახალ, ზეციურ, ახალგაზრდა, დიდგვაროვან ადამინსა და მეგობარს უწოდებს. სწორედ ეს მას გულისხმობს უფალი, როცა ამბობს: “ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო“.
ამიერიდან ყველამ უნდა იცოდეს, რასაც წმინდა იერონიმე და ოსტატი ამბობენ: ყოველ ადამიანს თავისი ადამიანური არსებობის დაწყების დღიდან თავისი კეთილი სული, თავისი ანგელოზი ჰყავს, მაგრამ მასში ბოროტი სული და ეშმაკიც ბინადრობს. კეთილი ანგელოზი მუდამ კეთილ რჩევას აძლევს ადამიანს და მას სიკეთის, ღვთაებრივის, სიქველის. ზეციურისა და მარადიულისკენ უბიძგებს. ბოროტი სული კი მას ბოროტ რჩევებს აძლევს და ერთთავად წარმავლის, ეფემერულის, მანკიერისა და ეშმაკეულისკენ ექაჩება. იგივე ბოროტი სული გამუდმებულ დიალოგშია გარეგან ადამიანთან და მუდამ ცდილობს შინაგანი ადამიანის წინააღმდეგ განაწყოს იგი, ზუსტად ისე როგორც გველი ევას ესაუბრებოდა და ადამის წინააღმდეგ ამხედრებდა(დაბ. 3,1). შინაგანი ადამიანი არის ადამი. სულიერი კაცი ის კარგი ხეა, რომელიც ნაყოფსაც ყოველთვის კარგს იძლევა და რომლის შესახება ლაპარაკობს ჩვენი უფალი(მათ. 7, 17).
იგი ასევე არის მიწათმოქმედი, რომელშიც უფალმა თავის ხატი და მსგავსება ჩანერგა და კეთილი თესლი - ღვთაებრივი ბუნების თესლი დათესა როგორც ყველა სიბრძნის, ყველა ხელოვნების, ყველა სიქველისა და ყველა სიკეთის ფესვი( 2პეტრ. 1.4). ღვთაებრივი ბუნების თესლი ე.ი. ღვთის ძე, სიტყვა ღვთისა( ლუკ. 8,11).
გარეგანი ადამიანი არის მტერი და ბოროტი ადამიანი, რომელმაც ხორბალში ღვარძლი დათესა(მათ. 13,24), ვის შესახებაც ამბობს წმინდა პავლე:“ მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“(რომ. 7,23). ერთგან იგი მოთქმით ამბობს:“ უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან“?(რომ 7,24). სხვაგან იგი ამბობს, რომ ადამიანის სული და ხორცი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან . ხორცი გვირჩევს მანკიერსა და ბოროტს; სული კი ღვთის სიყვარულს, სიხარულს, სიმშვიდესა და სიქველეს გვასწავლის(გალ. 5,17). ვინც სულის რჩევას უსმენს სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს(გალ 6,8). შინაგანი ადამიანი არის სწორედ ის დიდგვაროვანი კაცი, რომელიც როგორც უფალი ამბობს:“ წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო“. ის არის კარგი ხე, რომელსაც უფლის სიტყვით ყოველთვის კარი ნაყოფი მოაქვს და არასოდეს - ცუდი, რადგან მას სიკეთე სურს და მხოლოდ თავის თავში მსუფევ წმინდა კეთილობას ესწრაფვის. გარეგანი ადამიანი კი ცუდი ხეა, რომელსაც არ ძალუძს კარგი ნაყოფის გამოღება(მათ. 7,18).
შინაგანი კაცის დიდგვაროვნებისა და სულის, გარეგანი ადამიანისა და ხორცის ბოროტების შესახებ ლაპარაკობენ წარმართი ოსტატები - ტულიუსი და სენეკა: არცერთი გონიერი სული უღმერთოდ არ არის, ღვთის თესლია ჩვენშიო; თუ იგი კარგი, ბრძენი და გამრჯე მიწათმოქმედიც იქნებოდა თავის თავში ღვთის მიერ დათესილ თესლს თვით ღმერთამდე გააღვივებდა და მისი ნაყოფიც ღვთაებრივი იქნებოდა; მსხლის თესლიდან მსხალი გაიზრდებოდა, კაკლის თესლიდან - კაკალი(შეად. 1იოან 3,9). მაგრამ თუ კეთილი თესლი ბოროტ ადამიანს აქვს, მისგან ღვარძლი ამოვა, კეთილ თესლს მოედება და ისე დაფარავს, რომ სინათლის უნახავად დაიღუპება. დიდი ოსტატი ორიგენე კი ამბობს : რაკი ეს თესლი ჩვენში თვითონ ღმერთმა დათესა და ჩაგვინერგა მასვე ძალუძს იგი ისე დაფაროს და დაიფაროს, რომ არასოდეს განადგურდეს და დაიღუპოსო; იგი ღვივის, ბრწყინავს, ანათებს, იწვის და განუწყვეტლივ ღმერთისკენ ისწრაფვისო.
წმინდა ავგუსტინე ამბობს: ადამიანი შინაგანი და და ახალი კაცისკენ აღმავალი კიბის პირველ საფეხურზე იმყოფება, როცა იგი კეთილი და წმინდა ხალხის მაგალითზე ცხოვრობს, თუმცა ჯერ კიდევ უჭირს დამოუკიდებლად სიარული და დედის რძით იკვებება.
მეორე საფეხურზე იგი არამარტო კეთილი ადამიანების ნიმუშებს ბაძავს, არამედ უკვე ღვთაებრივი სიბრძნისა და ღვთის განდიდებისკენ ისწრაფვის, ზურგს აქცევს კაცობრიობას და ღმერთის პირისპირ დგება, დედის კალთიდან მოხოხავს და ზეციურ მამას შეჰღიმის.
მესამე საფეხურზე ადამიანი უფრო და უფრო შორდება დედის კალთას, თავს აღწევს მის მზრუნველობას და აღარ აქვს შიში და თუ მოსურვებდა ბოროტებას და უსამართლობასაც ჩაიდენდა; მაგრამ თავის მგზნებარე მარტოობაში იმდენად შინაგან კავშირშია ღმერთთან, რომ უდიდეს სიხარულს, სიტკბოებასა და ნეტარებას ესწრაფვის, სადაც მისთვის მიუღებელია ყოველივე ის, რაც ღმერთისთვის უსამართლო და უცხოა.
მეოთხე საფუხურზე შინაგანი ადამიანი სულ უფრო და უფრო ეფლობა ღვთის სიყვარულში და მზად არის ხარბად და სიხარულით იტვირთოს ყველა გამოწვევა, ყველა ცდუნება, ყველა შეურაცხყოფა და ტანჯვა.
მეხუთე საფეხურზე მისი ცხოვრება შინაგან თვითკმარობას აღწევს და იგი მთლიანადაა ჩაძირული უზენაესი და ენითგამოუთქმელი ჭეშმარიტების სიმდიდრესა და სიჭარბეში.
მეექვსე საფეხურზე ადამიანი სრულიად გარდასახულია ღმერთში ღმერთის მარადისობის მიერ, მთლიანად დავიწყებული აქვს წარმავალი ცხოვრება და მიღებული აქვს ღმერთის ხატება, რადგან შეცვლილია ღვთის შვილად. უფრო მაღალი საფეხური აღარ არსებობს და იქ სუფევს მარადიული სიმშვიდე და ნეტარება, რადგან შინაგანი ადამიანისა და ახალი კაცის მიზანი არის: საუკუნო ცხოვრება.
შინაგან, დიდგვაროვან ადამიანში ღმერთის თესლია ჩადებული და ღვთის ხატებაა აღბეჭდილი ამით ჩანს და ამით იცნობა მასში ღვთის შვილობა და ღვთაებრივი ბუნება მაშინაც კი, როცა ეს მასში დაფარულია. დიდი ოსტატი ერუგენე ამის შახებ იგავს გვიყვება: ღვთის ხატება და ღვთის შვილობა ადამიანში არის ცოცხალი წლის ჭა. როცა მას ვინმე მიწას წააყრის ან მიწიერი ნდომით ამოქოლავს ჭა იფარება და მისი ცნობა შეუძლებელია: მაგრამ შინაგანად იგი ცხოველმყოფლობას ინარჩუნებს და საკმარისია ისევ ამოთხარონ, რომ ადამიანის თვალთა წინაშე კვლავიდებურად ცოცხალი წლის ჭა გაჩდეს. ერუგენე ამბობს, რომ ამ ჭეშმარიტებაზე მოსეს პირველი წიგნი მიუთითებსო : ამოთხარა აბრაამმა თავის დღეებში ჭა, მაგრამ ბოროტმოქმედებმა დაქოლეს მიწით და ამოავსეს, მაგრამ როცა მისმა შთამომავლებმა კვლავ ამოთხარეს აღმოაჩინეს ცოცხალი წლის ჭა(დაბ. 26,14).
ამის სხვა იგავიც არსებობს: მზე განუწყვეტლივ ანათებს; მაგრამ როცა ღრუბელი ან ნისლი ჩადგება ჩვენსა და მზეს შორის იგი აღარ მოჩანს. როცა თვალი დასნეულებულია და ლიბრი აქვს გადაკრული იგი ჩენას ვერ ხედავს. გარდა ამისა მე ამასთან დაკავშირებით შემდეგი იგავი მოვიყვანე: როცა ოსტატი ხისგან ან ქვისგან გამოსახულებას აკეთებს მას გამოსახულება ხეში კი არ შეაქვს, არამედ იგი მას თლის, ბურბუშელას აცლის და აჩენს მასში დაფარულ გამოსახულებას; იგი არაფერს ანიჭებს მერქანს, არამედ პირიქით - მისგან გამოაქვს, საბურველს და ჟანგს აცლის მას და მერე აპრიალებს იმას, რაც მის ქვეშ იმალება; ესაა მინდორში დამარხული განძი, რომლის შესახებაც ჩვენი უფალი ლაპარაკობს(მათ. 13,44).
ნეტარი ავგუსტინე ამბობს: როცა სამშვინველი აღივსება და თავისი აღსვლით მარადისობაში, მხოლოდ ღმერთში განვალს, გამოჩნდება და გამოანათებს ღმერთის ხატება; მაგრამ როცა სამშვინველი გარე მიიქცევა და სათნოებაში გარეგან ვარჯიშობას მიეცემა, ღვთის ხატებას ბინდი დაფარავს. ზუსტად ისე როგორც წმინდა პავლეს სწავლებაშია: მამაკაცი თავდაუფარავი უნდა იყოს დედაკაცი კი - თავდაფარული(1კორ.11,4). ამიტომ, როცა სამშვინველის ის ნაწილი, რომელიც დაბლა მიიქცევა, იმას შეიღებს თავისში, რასაც იქ ნახულობს: საფარს, თავსაბურავს; მაგრამ როცა მისი სხვა ნაწილი მაღლა აღვალს, თავდაუფარავ სამშვინველში ღვთის შობა და მისი წმინდა ხატება შემოდის. დიფგვაროვანი კაცის წყალობით ჩვენს სულში არასდროს მოკვდება ღვთის ხატება, ღვთის ძე და ღვთაებრივი ბუნების თესლი; და სწორედ მის შსახებ ამბობს დავით მეფსალმუნე: რაც უნდა შეემთხვეს ადამიანს, რა უბედურებაც უნდა დაატყდეს მას, რა ტკივილიც უნდა შეეყაროს, იგი მაინც ღვთის ხატებაში რჩება და ღვთის ხატება კი - მასში(ფსალმ. 4,2). ბნელში ანათებს წმინდა ნათელი, მაგრამ ადამიანი ვერ ხედავს მას(იოან. 1,5).
ქებათა ქება ამბობს: „ნუ უყურებ, რომ შავი ვარ, რომ მზისგან ვარ დამწვარი. შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი“(ქებ. 1,5). „მზე“ არის სოფლის ნათელი, ყველაზე უკეთესი და უზენაესი მათგან, რაც შექმნილია და გაკეთებული, მაგრამ სწორედ მზე არის, რაც ფარავს და წვავს ჩვენში ღვთის ხატებას. სოლომონი ამბობს:“განაშორეთ წიდა ვერცხლისგან, ნათებას და ბრწყინვას დაიწყებს უწმინდესი ჭურჭელი“(იგავ. 25,4), ღვთის ხატება სამშვინველში. სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი უფალი, როცა ამბობს:“ერთი დიდგვაროვანი კავი წავიდა“; ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა განეშოროს ყველაფერს და უნდა დაკარგოს მასთან მსგავსება თუკი მას ჭეშმარიტად სურს ძე მიიღოს და შვილად იქცეს და მამის წიაღსა და გულში დაივანოს.
ღმერთში არ არის არანაირი შუამავლობა. უფალი ამბობს:“მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი“(გამოცხ. 22,13). ბუნების ერთიანობის თანახმად განსხვავება არც ბუნებაშია და არც ადამიანში. ღვთაებრივი ბუნება ერთია და ყოვლი პირიც - ერთი; ის ბუნების იგევეობრივია. არსსა და არსებას შორის განსხვავება ერთიანობად უნდა გვესმოდეს და ერთიანობაა. განსხვავება იქ ჩნდება და აღიქმება, სადაც ერთი თავისი თავიდან გარდმოდინდება. ამიტომ: ყველაფერში ღმერთია და ერთი უნდა გახდეს, ვისაც ღმერთის პოვნა სურს. უფალი ამბობს : „ერთი კაცი“ „წავიდა“. განსხვავებაში არ არ არის არც არც ერთი, არც არსი, არც ღმერთი, არც სიმშვიდე, არც ნეტარება და კმაყოფილება. გახდი ერთი, თუ გსურს ღმერთი შეიძინო! და ჭეშმარიტად თუ ერთად იქცევი, განსხვავებაშიც ერთადვე დარჩები და შენთვის განსხვავებაც ერთი იქნება და ვერაფერი შეძლებს შენს დაბრკოლებას. ათასჯერ ათას ქვაშიც ერთი ერთია ისე როგორც ოთხ ქვაში და ათასჯერ ათასიც ისეთივე რიცხვია როგორც - ოთხი.
წარმართი ოსტატი ამბობს, რომ ერთი უზენაესი ღმერთის შობილიაო მისი თვისება ისაა, რომ ერთთან ერთი იყოსო. ცდომილებაში ვარდება ყველა, ვინც ერთს ღმერთზე დაბლა ეძებსო. მეოთხეც, იგივე ოსტატი ამბობს: ერთის ყველაზე საუკეთესო მეგობრები ქალწულები არიანო; წმინდა პავლეს სიტყვებია: „დაგწიდნეთ თქვენ ერთზე, რათა წმინდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე“(2კორ. 11,2). სწორედ ასეთი უნდა იყოს ადამიანი, რადგან უფალი ამბობს:“ერთი კაცი წავიდა“.
სიტყვა „ადამიანი“ ლათინურად, გარკვეული აზრით, ზუსტად იმას აღნიშნავს, ვინც ყველაფრს, რაც ის არის და რაც მას აქვს, ღმერთის წინაშე დებს და მას უძღვნის და ღმერთს ჭვრეტს, მის წანაშე ქედს იხრის, და არაფრად მიაჩნია ის, რაც პირადად მას ეკუთვნის, მის ზურგს უკან, მის ფერხთ ქვეშ და მის გვერდითაა. ეს არის სრული და ნამდვილი მორჩილება და სწორედაც რომ მორჩილებაა ადამიანის სახელი ამ მიწაზე. ამის შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებ. მეორეს მხრივ, როცა წარმოვთქვამთ სახელს „ადამიანი“ მასში ვგულისხმობთ, რომ იგი ამაღლებულია ბუნებაზე, დროსა და ყოველივე წარმავალსა და დროსთან დაკავშირებულზე; იმასვე ვიტყოდი სივრცისა და სხეულებრიობის შესახებაც. გარდა ამისა, ადამიანს გარკვეული აზრით არაფერთან აქვს საერთო, რაც დროსა და სივრცეში არ არის ქმნილი ან მათში გარდაქმნილი; არ არის ისე, რომ მან არაფერი უწყოდეს არარას შესახებ, რომ მასში არ მოიპოვებოდეს არარა და სრულიად მოკლებული იყოს მას, რომ მასში მხოლოდ წმინდა სიცოცხლე, ჭეშმარიტება, არსებობა და კეთილობა იყოს. ვისაც ასეთი სულიერი აღნაგი აქვს სწორედ ის არის „დიდგვაროვანი კაცი“ - არც მეტი არც ნაკლები.
კიდევ ერთი განმარტება და სწავლება არსებობს იმის თაობაზე, რასაც ჩვენი უფალი ამბობს „დიდგვაროვანი კაცის“ შესახებ. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ვინც ღმერთი გაცხადებულად შეიმეცნა, მან მასთან ერთად ქმნილებაც შეიცნო; ვინაიდან შემეცნება არის სამშვნველის ნათელი და ყოველი ადამიანი თავისი ბუნებით მას ესწრაფვის ისე რომ, ბოროტი საგნების შემეცნებაც კი კარგია. ოსტატი ამბობს: ქმნილების არსის შემეცნებას „საღამოს შემეცნება“ ჰქვია, რადგან მასში ქმნილება მრავალფეროვანი და განსხვავებული ხატების სახით გვეძლევა; ღმერთში ქმნილების შემეცნებას კი „დილის შემეცნება“ ეწოდება, რაკი მასში ქმნილება ყოველგვარი განსხვავების, ხატებისა და მსგავსებათა გარეშე ერთში ანდა ღმერთში შეიმეცნება. და ეს არის „დიდგვაროვანი კაცი“, რომლის შესახებაც ამბობს ჩვენი უფალი“ერთი კაცი წავიდა“: და ის დიდგვაროვანია, რადგან ერთია და ღმერთი და ქმნილებას ერთში იმეცნებს.
„დიდგვაროვანი კაცის“ კიდევ ერთი მნიშვნელობის შესახებ ვილაპარაკებ: როცა ადამიანი ჭვრეტს სამშვინველს, ღვთის სულს ის სცნობს და იმეცნებს თავის თავს როგორც შემმეცნებელს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ჭვრეტს და იმეცნებს ღმერთს. ნეტარი ადამიანების ხედვით ასეა და ამიტომ კეთილსარწმუნოა ის, რომ ნეტარების ყვავილი და ბირთვი შემეცნებაშია, რითაც სული იმეცნებს; საქმე ის არის, რომ ის ღმერთს იმეცნებს. რა იქნებოდა ჩემი ბედნიერება თუ არ მეცოდინებოდა რაა მისი რაობა და რაში შემეწევა იგი? მაგრამ დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ სულმა ეს იცის. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ იგი ამ კეთილდღეობის გარეშე ნეტარი არ იქნებოდა; მაგრამ ეს მაინც არა არის ჭეშმარიტი ნეტარება: ნეტარების არსი ისაა, რომ სამშვინველი სულს გაცხადებულად ჭვრეტს. ამაშია მისი არსებობა და სიცოცხლე; და ყველაფერს, რაც ის არის, ღვთის საფუძვლიდან იღმოაქვს და არფერი იცის არც ცოდნის, არც სიყვარულის და არც საერთოდ არაფრის შესახებ. ის სრულიად მოსვენებულია და ღვთის სასუფეველშია დავანებული. მან იქ არაფერი უწყის არც არსებობისა და არც ღმერთის შესახებ. მაგრამ როცა მან იცის და უწყის, რომ ღმერთს ჭვრეტს, იმეცნებს და უყვარს, ბუნებრივი წესრიგის მიხედვით ეს არის ერთიდან ამოქცევა და ერთში შთაქცევა; მაგრამ ვერვინ შეიმეცნებს თეთრს თეთრად თუ თეთრი სინამდვილეშიც თეთრი არ არის. ამიტომ ვინც თეთრს როგორც თეთრს იმეცნებს ამ შემეცნებას თეთრად-ყოფნაზე აფუძნებს და აგებს; თავისი ცოდნა მას უშუალოდ და გაუცნობიერებლად ფერიდან როდი ამოაქვს, არამედ კონკრეტული ფერის შესახებ შემეცნებას და ცოდნასაც მისგან იღებს და არა ფერიდან თავითავად; პირიქით, ფერადის ან თეთრის შესახებ შემეცნება და ცოდნას ის სითეთრიდან იღებს და იმეცნებს მას როგორც თეთრს. თეთრი ბევრად უფრო მცირედი და გარეგნულია, ვიდრე თეთრად-ყოფნა ( ანდა სითეთრე). ისე რომ, ერთია კედელი და სხვა არის საფუძველი, რომელზეც ის დგას.
ოსტატი ამბობს ერთია ის უნარი, რომლის საშუალებითაც თვალი ხედავს და სხვაა, რითაც მან იცის, რომ ხედავს; ხედვა მას თვითონ ფერიდან მოაქვს და არა იმიდან, რასაც ეს ფერი აქვს. ამიტომ აბსოლუტურად სულერთია რასაც ესა თუ ის ფერი აქვს, ქვაა, მერქანი, ადამიანი თუ ანგელოზი: არსებითი ისაა, რომ იგი ფერის მქონეა.
იმავენაირად მე ვამბობ, რომ დიდგვაროვან კაცს მთელი თავისი არსება, სიცოცხლე და ნეტარება მხოლოდ ღმერთთან, ღმერთით და ღმერთიდან გამოაქვს და არა ღმეთის შემეცნებიდან, მისი ჭვრეტიდან, სიყვარულიდან და ა.შ. ამიტომ ჩვენი უფალი ჭეშმარიტებად ამბობს: ესაა საუკუნო სიცოცხლე; რომ იცნობდნენ ერთ, ჭეშმარიტ ღმერთს(იოან. 17,3); და არა ცოდნით შემეცნებულს. მაგრამ როგორ უნდა იცნობდეს ადამიანი თავის თავს როგორც ღვთის შემმეცნებლს თუ საკუთარი თავი არ იცის? სინამდვილეში ჩვენ არც საკუთარი თავი ვიცით და არც სხვა საგნები, არამედ მხოლოდ ღმერთი ვიცით თუ ჩვენ ნეტარების ძირსა და საფუძველში ვნეტარებთ. მაგრამ სულმა იცის, რომ მან შეიმეცნა ღმერთი, მაშინ მას აქვს როგორც ღმერთის ისე საკუთარი თავის ცოდნა.
მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც უკვე ვთქვი არსებობს ერთი უნარი, რომლითაც ჩვენ ვხედავთ და კიდევ ერთი, რომლითაც ვიცით და ვაცნობიერებთ, რომ ვხედავთ. მართალია ის, რომ აქ, ამქვეყნად ის უნარი, რომლითაც ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ ვხედავთ უფრო კეთილშობილური და უკეთესია ვიდრე ის უნარი, რომლითაც ვხედავთ. საქმე ის არის, რომ ბუნება იწყებს სუსტი წერტილიდან, ღმერთი კი სრულყოფილებიდან. ბუნება ქალს თუ კაცს აკეთებს ბავშვიდან, ხოლო წიწილებს - კვერცხიდან, მაშინ როცა ღმერთი კაცს და ქალს აკეთებს ბავშვზე ადრე წიწიწლებს კი კვერცხზე ადრე. ბუნება ჯერ შეშას ათბობს შემდეგ აცხელებს და ბოლოს ცეცხლი ინთება, მაშინ როცა ღმერთი ჯერ ქმნის საგნებს და შემდეგ, მოგვიანებით, დროში თუ უდროოდ და ინდივიდუალურად და ანიჭებს მათ იმას, რაც არსებობას განეკუთნება. იმავენაირად, ღმერთი ჩვენ ჯერ გვანიჭებს სული წმინდას, ვიდრე სულის ნიჭს მოგვმადლიდეს.
ამრიგად ვამბობ, რომ არ არსებობს ნეტარება ღვთის გაცნობიერებული ცოდნის გარეშე, მაგრამ მიუხედავად ამისა ღმერთი გვიკრძალავს ჩვენი ნეტარების მასზე დაფუძნებას. შეიძლება ვინმე კიდეც იყოს ამით ბედნიერი და ბევრის მქონე, მაგრამ მე ღმერთმა დამიფაროს, რომ ეს იყოს ჩემი ნეტარება!. ცეცხლის სიმხურვალე და ცეცხლის არსი სრულიად განსხვავებულია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბუნებით განსაცვიფრებლად დაშორებულნი არიან ერთმანეთისგან, დროსა და სივრცეში ერთმანეთის გვერდიგვერდ თანარასებობენ. ღმერთის ხედვა და ჩვენი ხედვა კი აბსოლუტურად სხვადასხვა და უირთიერთ განსხვავებული რამაა.
ამიტომ ჭეშმარიტად ამბობს ჩვენი უფალი: “ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო“. საქმე ის არის, რომ ადამიანი ერთი უნდა იყოს და ამიტომ მან თავის თავში უნდა ეძებოს და მოიძიოს ერთობა; ადამიანმა უნდა ჭვრიტოს ღმერთი და „უკან დაბრუნდეს“ ე.ი. მან უნდა იცოდდეს, რომ ღმერთი შეიმეცნა და იცის.
ყოველივე, რაც აქ გადმოვეცი ნათქვამია წინასწარმეტყველ ეზეკიელის მიერ: “დიდი არწივი, დიდფრთებიანი, გრძელნაკტერნიანი, ხშირბუმბულიანი, რომლის ბულბულიც ნაირფერი იყო , მოვიდა ლიბანში და წაიღო კენწერო კედრისა, მოწყვიტა მისი მთავარი ყლორტი და წაიღო”(ეზეკ. 17,3). წინასწარმეტყველი დიდ არწივს უწოდებს მას, ვისაც ჩვენი უფალი დიდგვაროვან კაცს ეძახის. მაგრამ ვინ არის უფრო დიდგვაროვანი, ვიდრე ის, ვინც ერთი მხრივ, ქმნილებაში ყველაზე უზენაესისგან და საუკეთესოსგან, მორეს მხრივ კი - ღვთაებრივი ბუნების უშინაგნესისა და ღვთაებრივი უდაბნოსგან შობილა? ამიტომ ამბობს უფალი ოსიას პირით: „აჰა შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო“(ოს, 2,16). ერთი ერთთან, ერთი ერთიდან, ერთი ერთში და ერთი ერთში საუკუნოდ. ამინ.