ემპირიზმის ორი დოგმა

ემპირიზმის ორი დოგმა

თამარ ცხადაძის თარგმანი.

 

თანამედროვე ემპირიზმს დიდწილად განსაზღვრავს ორი დოგმა. ერთია რწმენა, რომ რაღაც ფუნდამენტური სხვაობა არსებობს ანალიზურ და სინთეზურ ჭეშმარიტებებს შორის, რომელთაგან პირველი მნიშვნელობებს ეფუძნება ფაქტობრივი ვითარებებისგან დამოუკიდებლად, ხოლო მეორე – ფაქტს. მეორე დოგმაა რედუქციონიზმი: რწმენა, რომ ყოველი აზრიანი დებულება უშუალო გამოცდილების ტერმინებით აგებული რაღაც ლოგიკური კონსტრუქციის ტოლფასია. მე ვამტკიცებ, რომ ორივე დოგმა მცდარია. როგორც დავინახავთ, მათზე უარის თქმის ერთ-ერთი შედეგია სპეკულატურ მეტაფიზიკასა და ბუნებისმეცნიერებას შორის მოჩვენებითი საზღვრის გაქრობა. კიდევ ერთი შედეგია ნაბიჯი პრაგმატიზმის მიმართულებით.

 


ანალიზურობის საფუძველი

ანალიზური და სინთეზური ჭეშმარიტებების კანტისეული განსხვავების წინასწარხედვა მოცემულია იდეათა კავშირების და ფაქტობრივი ვითარებების ჰიუმისეულ, და გონების ჭეშმარიტებებისა და ფაქტის ჭეშმარიტებების ლაიბნიცისეულ განსხვავებებში. ლაიბნიცი გონების ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობს, როგორც იმაზე, რაც ჭეშმარიტია ყველა შესაძლო სამყაროში. თუ ხატოვანებას არ გამოვედევნებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გონების ჭეშმარიტება ისაა, რაც არ შეიძლება მცდარი იყოს. იმავე კალაპოტში, ანალიზური ჭეშმარიტება განისაზღვრება ხოლმე როგორც დებულება, რომლის უარყოფა თვითწინააღმდეგობრივია. მაგრამ ამ განსაზღვრებას მცირე ამხსნელი ღირებულება აქვს, ვინაიდან თვითწინააღმდეგობრიობის ცნება, იმ საკმაოდ ფართო აზრით, რომელიც ანალიზურობის ამ განსაზღვრებისთვისაა საჭირო, ზუსტად ისევე მოითხოვს ნათელყოფას, როგორც თავად ანალიზურობის ცნება. ეს ორი ცნება ერთი და იმავე საეჭვო მონეტის ორი მხარეა.

კანტს ანალიზური მსჯელობა ესმოდა დებულებად, რომელშიც სუბიექტს არაფერი მიეწერება ისეთი, რასაც სუბიექტის ცნება უკვე არ შეიცავს. ამ ფორმულირებას ორი ხარვეზი აქვს: ის შემოისაზღვრება სუბიექტ-პრედიკატის ფორმის მსჯელობებით და ის იყენებს ცნებას „შეიცავს“, რომელიც მეტაფორულ დონეზეა დატოვებული. თუმცა, კანტის აზრი, რომელიც ანალიზურობის ცნების მისეული გამოყენებიდან უფრო ნათელია, ვიდრე ამ ცნების მისეული განსაზღვრებიდან, ასე შეიძლება გამოითქვას: მსჯელობა ანალიზურია, თუ ის ჭეშმარიტია მნიშვნელობების ძალით და ფაქტებისგან დამოუკიდებლად. მივყვეთ ამ ხაზს და გამოვიკვლიოთ მასში წინასწარ ნაგულისხმები  მნიშვნელობის ცნება.

გვახსოვდეს, რომ მნიშვნელობა არ უნდა გავაიგივოთ სახელდებასთან.[1] „მწუხრის ვარსკვლავის“ და „ცისკრის ვარსკვლავის“ ფრეგესეული და „სკოტის“ და „უევერლის ავტორის“ რასელისეული მაგალითები გვიჩვენებს, რომ სახელები შეიძლება ერთსა და იმავე საგანს ასახელებდეს, მაგრამ მნიშვნელობებით ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. განსხვავება მნიშვნელობასა და სახელდებას შორის არანაკლებ მნიშვნელოვანია აბსტრაქტული სახელების დონეზე. მართალია, სახელები „9“ და „პლანეტების რაოდენობა“ ერთსა და იმავე აბსტრაქტულ არსებას ასახელებს, ალბათ განსხვავებული მნიშვნელობების მქონედ უნდა ჩაითვალოს, რადგან აღნიშნულ არსებათა იგივეობის დასადგენად საკმარისი არ აღმოჩნდა მხოლოდ მნიშვნელობებზე რეფლექსია და ასტრონომიული დაკვირვება გახდა საჭირო.

მოტანილი მაგალითები ეხება კონკრეტულ და აბსტრაქტულ სინგულარულ სახელებს. ზოგადი სახელების, ანუ პრედიკატებისთვის სიტუაცია რამდენადმე განსხვავებული, მაგრამ პარალელურია. იგულისხმება, რომ სინგულარული სახელი ასახელებს არსებას, აბსტრაქტულს თუ კონკრეტულს, ზოგადი სახელი კი – არა; მაგრამ ზოგადი სახელი ჭეშმარიტია რომელიმე არსებისთვის, ან ყველასთვის მრავალთაგან, ან არც ერთისთვის.[2] ყველა იმ არსების კლასს, რომლისთვისაც ზოგადი სახელი ჭეშმარიტია, ეწოდება სახელის ექსტენსია. თუ ახლა პარალელს გავავლებთ განსხვავებასთან სინგულარული სახელის მნიშვნელობასა და მისით სახელდებულ არსებას შორის, ზოგადი სახელის მნიშვნელობაც უნდა განვასხვაოთ მისი ექსტენსიისგან. მაგალითად, ზოგადი სახელები „გულის მქონე ქმნილება“ და „თირკმელების მქონე ქმნილება“ ექსტენსიით ალბათ ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ მნიშვნელობებით განსხვავდება.

ზოგადი სახელების მნიშვნელობის და ექსტენსიის ერთმანეთში არევა ნაკლებ გავრცელებულია, ვიდრე სინგულარული სახელების მნიშვნელობის და სახელდებისა. მართლაც, ფილოსოფიაში ბანალობაა ინტენსიის (ანუ მნიშვნელობის) ექსტენსიასთან, ან, ალტერნატიული ლექსიკით, კონოტაციის დენოტაციასთან დაპირისპირება.

უეჭველია, რომ ინტენსიის, ანუ მნიშვნელობის თანამედროვე ცნების წინამორბედია არსების არისტოტელესეული ცნება. არისტოტელესთვის ადამიანში არსებითი იყო გონიერება, შემთხვევითი – ორი ფეხის ქონა. მაგრამ ამ მიდგომასა და მნიშვნელობის შესახებ მოძღვრებას შორის არსებითი განსხვავებაა. მეორეს თვალსაზრისით მართლაც შეიძლება იმის მიღება (თუნდაც მხოლოდ არგუმენტაციის ხათრით), რომ სიტყვა „ადამიანის“ მნიშვნელობა შეიცავს გონიერებას და არ შეიცავს ორფეხიანობას; ხოლო ორფეხიანობა იმავე დროს შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გონიერებისგან განსხვავებით „ორუკანაკიდურიანის“ მნიშვნელობაში შემავალი. ამრიგად, მნიშვნელობის მოძღვრების თვალსაზრისით უაზრობაა რეალურ ინდივიდზე, რომელიც ერთდროულად ადამიანიც არის და ორუკანაკიდურიანიც, იმის თქმა, რომ მისი გონიერება არსებითია, ხოლო მისი ორფეხიანობა - შემთხვევითი ან პირიქით. არისტოტელესთვის საგნებს ჰქონდათ არსებები, მაგრამ მნიშვნელობები მხოლოდ ენობრივ ფორმებს აქვს. მნიშვნელობა ისაა, რადაც არსება გადაიქცევა, როცა ის რეფერენციის ობიექტს გაეყრება და სიტყვასთან შეუღლდება.

მნიშვნელობის თეორიისთვის მტკივნეული საკითხია მისი ობიექტების ბუნება: რა სახის საგნებია მნიშვნელობები? ნაგულისხმები არსებების საჭიროების განცდა შეიძლება წარმოდგებოდეს იმის ვერშეფასებისგან, რომ მნიშვნელობა და რეფერენცია სხვადასხვაა. როგორც კი მნიშვნელობის თეორია მკაფიოდ გაიმიჯნება რეფერენციის თეორიისგან, პატარა ნაბიჯიღა რჩება იმის აღიარებამდე, რომ მნიშვნელობის თეორიის მთავარი საქმე მხოლოდ ენობრივი ფორმების სინონიმურობა და მსჯელობათა ანალიზურობაა; თავად მნიშვნელობებზე, როგორც ბუნდოვან გამაშუალებელ არსებებზე, საერთოდ უარი შეიძლება ითქვას.[3]

მაშინ ხელახლა ვდგებით ანალიზურობის პრობლემის წინაშე. ფილოსოფიაში ანალიზურად საყოველთაოდ აღიარებული დებულებები შორს საძებნელი სულაც არ არის. ისინი ორ კლასად იყოფა. მათი პირველი კლასისთვის, რომელსაც შეიძლება ლოგიკურად ჭეშმარიტი ეწოდოს, ტიპურია შემდეგი:

(1) არც ერთი უცოლო მამაკაცი არ არის ცოლიანი.

ამ მაგალითის ჩვენთვის მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ ის, როგორც ასეთი, უბრალოდ ჭეშმარიტი კი არ არის, არამედ ჭეშმარიტი რჩება „მამაკაცის“ და „ცოლიანის“ ყველა ინტერპრეტაციაში. თუ დავუშვებთ ლოგიკური ნაწილაკების წინასწარ რეზერვს, რომელიც შეიცავს „არა“, „უ-“, „არ“, „თუ“, „მაშინ“, „და“ და ასე შემდეგ, მაშინ ლოგიკური ჭეშმარიტება ზოგადად არის დებულება, რომელიც ჭეშმარიტია და ჭეშმარიტი რჩება მისი იმ კომპონენტების ყველა ინტერპრეტაციისთვის, რომლებიც ლოგიკური ნაწილაკები არ არის.

მაგრამ არსებობს ანალიზური დებულებების მეორე კლასიც, რომლისთვისაც ტიპურია შემდეგი:

(2) არც ერთი ბაკალავრი[4] არ არის ცოლიანი.

ასეთი დებულებების დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ის შეიძლება ლოგიკურ ჭეშმარიტებად იქცეს სინონიმის სინონიმით შენაცვლების შედეგად. მაგალითად, (2) შეიძლება ვაქციოთ (1)-ად, თუ მასში „უცოლო მამაკაცს“ ჩავსვამთ მისი სინონიმის, „ბაკალავრის“ ნაცვლად. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ანალიზური დებულებების ამ მეორე კლასის და, ამიტომ, ზოგადად ანალიზურობის ჯეროვანი დახასიათება, ვინაიდან ზემოთ მოტანილ აღწერაში ვეყრდნობოდით „სინონიმიის“ ცნებას, რომელიც არანაკლებ საჭიროებს ნათელყოფას, ვიდრე თავად ანალიზურობა.

ბოლო წლებში კარნაპმა სცადა ანალიზურობის ახსნა იმის გამოყენებით, რასაც ის მდგომარეობის აღწერას უწოდებს.[5] მდგომარეობის აღწერა არის ენის ატომური, ანუ არაშედგენილი დებულებებისთვის ჭეშმარიტების მნიშვნელობების ნებისმიერი ამომწურავი მიწერა. ენის ყველა სხვა დებულება, კარნაპის თანახმად, აგებულია მისი შემადგენელი ნაწილებისგან ცნობილი ლოგიკური საშუალებებით ისე, რომ ნებისმიერი შედგენილი დებულების ჭეშმარიტების მნიშვნელობა თითოეული მდგომარეობის აღწერისთვის ფიქსირებულია განსაზღვრული ლოგიკური კანონებით. რაიმე დებულება ანალიზურად მიიჩნევა, თუ ის ჭეშმარიტია ყველა მდგომარეობის აღწერისთვის. ეს გაგება ლაიბნიცის „ყველა შესაძლო სამყაროში ჭეშმარიტის“ ადაპტაციაა. მაგრამ შევნიშნოთ, რომ ანალიზურობის ეს ვერსია თავის დანიშნულებას მხოლოდ მაშინ ასრულებს, თუ ენის ატომური დებულებები, განსხვავებით დებულებებისგან „ჯონი ბაკალავრია“ და „ჯონი ცოლიანია“, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. სხვა შემთხვევაში იარსებებს მდგომარეობის აღწერა, რომელშიც ჭეშმარიტება მიეწერება ორივეს, „ჯონი ბაკალავრია“-ს და „ჯონი ცოლიანია“-ს, და ამიტომ დებულება „არც ერთი ბაკალავრი არ არის ცოლიანი“ შემოთავაზებული კრიტერიუმის თანახმად აღმოჩნდება არა ანალიზური, არამედ სინთეზური. ამრიგად, მდგომარეობის აღწერების ტერმინებით ჩამოყალიბებული ანალიზურობის კრიტერიუმი გამოსადეგია მხოლოდ იმ ენებისთვის, რომლებშიც არ არსებობს ექსტრალოგიკური სინონიმური წყვილები, როგორიცაა „ბაკალავრი“ და „უცოლო მამაკაცი“ – იმ ტიპის სინონიმური წყვილები, რომლებიც ანალიზური დებულებების „მეორე კლასს“ წარმოშობს. მდგომარეობის აღწერების ტერმინებით ჩამოყალიბებული კრიტერიუმი, დიდი დიდი, არის ლოგიკური ჭეშმარიტების, და არა ანალიზურობის რეკონსტრუქცია.

მე სულ არ ვგულისხმობ, რომ კარნაპი რაიმე ილუზიით იკვებება ამ საკითხთან დაკავშირებით. ენის მისი გამარტივებული მოდელი, მისი მდგომარეობის აღწერებით, უწინარეს ყოვლისა, გამიზნულია არა ანალიზურობის ზოგადი პრობლემის გადაჭრისთვის, არამედ სხვა მიზნისთვის – ალბათობის და ინდუქციის ახსნისთვის. ჩვენი პრობლემა კი არის ანალიზურობა; და აქ ძირითადი სირთულე მდგომარეობს არა ანალიზური დებულებების პირველ კლასში – ლოგიკურ ჭეშმარიტებებში, არამედ მეორე კლასში, რომელიც დამოკიდებულია სინონიმიის ცნებაზე.

 


განსაზღვრება

ზოგიერთი გამოსავალს ხედავს მტკიცებაში, რომ მეორე კლასის ანალიზური დებულებები განსაზღვრების ძალით დაიყვანება პირველი კლასისაზე, ლოგიკურ ჭეშმარიტებებზე; მაგალითად, „ბაკალავრი“ განისაზღვრება როგორც „უცოლო მამაკაცი“. მაგრამ როგორ ვიგებთ ჩვენ, რომ „ბაკალავრი“ განისაზღვრება როგორც „უცოლო მამაკაცი“? ვინ განსაზღვრა ის ასე და როდის? უახლოეს ლექსიკონში უნდა ჩავიხედოთ და ლექსიკოგრაფის ფორმულირება მივიღოთ კანონად? აშკარაა, რომ ეს ეტლში ცხენის უკნიდან შებმა იქნებოდა. ლექსიკოგრაფი ემპირიული მეცნიერია, რომლის საქმეც უკვე არსებული ფაქტების აღნუსხვაა; და თუ ის „ბაკალავრს“ განმარტავს, როგორც „უცოლო მამაკაცს“, ეს იმიტომ, რომ, მისი რწმენით, ამ ფორმებს შორის არსებობს სინონიმურობის მიმართება, რომელიც იგულისხმება მის საკუთარ საქმიანობამდე უკვე გავრცელებულ და დამკვიდრებულ სიტყვათხმარებაში. აქ წინასწარ ნაგულისხმები სინონიმურობის ცნება ჯერ კიდევ ნათელყოფას საჭიროებს, სავარაუდოდ, ენობრივ ქცევასთან დაკავშირებულ ტერმინებში. ცხადია, რომ სინონიმურობის საფუძვლად ვერ მივიღებთ „განსაზღვრებას“, რომელიც ლექსიკოგრაფის მიერ დაკვირვებულ სინონიმიას აღნუსხავს.

განსაზღვრება, რასაკვირველია, არ არის მხოლოდ ფილოლოგების საქმე. ფილოსოფოსებსა და მეცნიერებს ხშირად უწევთ, ბუნდოვანი ტერმინი უფრო ნაცნობი სიტყვებით მისი პარაფრაზირების გზით „განსაზღვრონ“. მაგრამ ასეთი განსაზღვრება, ფილოლოგების განსაზღვრების მსგავსად, როგორც წესი, არის წმინდა ლექსიკოგრაფია, რომელიც განსაზღვრების მოცემულ აქტამდე უკვე არსებულ სინონიმურობის მიმართებას ადასტურებს.

თუ ზუსტად რას ნიშნავს სინონიმურობის მტკიცება, ზუსტად რა შეიძლება იყოს ის ურთიერთკავშირები, რომლებიც აუცილებელი და საკმარისია იმისთვის, რომ ორი ენობრივი ფორმა ჯეროვნად დახასიათდეს სინონიმურად, სულაც არ არის ნათელი; თუმცა, რაც არ უნდა იყოს ეს ურთიერთკავშირები, ჩვეულებრივ ისინი დაფუძნებულია სიტყვათხმარებაზე. ხოლო განსაზღვრებები, რომლებიც სინონიმიის კონკრეტულ ნიმუშებს გადმოსცემს, ანგარიშია სიტყვათხმარების შესახებ.

თუმცა კიდევ არსებობს განსაზღვრებითი საქმიანობის სხვა სახე, რომელიც არ იზღუდება წინასწარარსებული სინონიმიის გადმოცემით. მხედველობაში მაქვს ის, რასაც კარნაპი ექსპლიკაციას უწოდებს – საქმიანობა, რომელსაც ეწევიან ფილოსოფოსები, და მეცნიერებიც ფილოსოფოსობის მომენტებში. ექსპლიკაციის მიზანია არა განსასაზღვრის უბრალოდ პარაფრაზირება სრული სინონომით, არამედ განსასაზღვრის რეალურად სრულყოფა მისი მნიშვნელობის დახვეწის ან შევსების გზით. მაგრამ თვით ექსპლიკაციაც, თუმცა ის უბრალოდ არ გადმოსცემს განსასაზღვრსა და განმსაზღვრელს შორის წინასწარარსებულ სინონიმურობას, მაინც ემყარება სინონიმურობის სხვა, წინასწარარსებულ ფაქტებს. ვითარება ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: ნებისმიერ სიტყვას, რომელიც ექსპლიკაციას საჭიროებს, აქვს რაღაც კონტექსტები, რომლებიც მთლიანობაში საკმარისად ნათელი და ზუსტია, რათა გამოსადეგი იყოს; ხოლო ექსპლიკაციის მიზანია ამ რჩეულ კონტექსტებში სიტყვის ხმარების შენარჩუნება, ხოლო სხვა კონტექსტებში მისი ხმარების დაზუსტება. ამდენად, მოცემული განსაზღვრება ექსპლიკაციის მიზნის შესაბამისი რომ იყოს, საჭიროა არა ის, რომ განსასაზღვრი მის უფრო ადრეულ გამოყენებაში განმსაზღვრელის სინონიმური იყოს, არამედ მხოლოდ ის, რომ განსასაზღვრის თითოეული ეს რჩეული კონტექსტი, აღებული როგორც მთელი მის უფრო ადრეულ გამოყენებაში, განმსაზღვრელის შესაბამისი კონტექსტის სინონიმური იყოს.

ორი ალტერნატიული განმსაზღვრელი შეიძლება ერთნაირად პასუხობდეს ექსპლიკაციის მოცემული ამოცანის მიზნებს და მაინც არ იყოს ერთმანეთის სინონიმური; რადგან შეიძლება ისინი ურთიერთშენაცვლებადი იყოს რჩეულ კონტექსტებში მაგრამ განსხვავდებოდეს სადმე სხვაგან. ამ განმსაზღვრელებიდან ერთ-ერთზე და არა მეორეზე შეჩერებით, ექსპლიკაციური სახის განსაზღვრება თვითნებურად ადგენს განსასაზღვრსა და განმსაზღვრელს შორის სინონიმურობის ისეთ მიმართებას, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მაგრამ, როგორც ვნახეთ, ასეთი განსაზღვრება თავის ექსპლიკაციურ ფუნქციას მაინც სინონიმურობის მანამდე არსებული მიმართებებისგან იძენს.

თუმცა მაინც რჩება განსაზღვრების უკიდურესი სახე, რომელიც სულ არ ემყარება სინონიმურობის უფრო ადრინდელ მიმართებებს. ასეთია, სახელდობრ, ახალი აღნიშვნების აშკარად კონვენციური შემოტანა მხოლოდ შემოკლების მიზნით. აქ განსასაზღვრი განმსაზღვრელის სინონიმური ხდება უბრალოდ იმიტომ, რომ ის აშკარად შეიქმნა იმ მიზნით, რომ განმსაზღვრელის სინონიმური ყოფილიყო. აქ საქმე გვაქვს განსაზღვრებით შექმნილი სინონიმიის მართლაც გამჭვირვალე შემთხვევასთან; ნეტავ სინონიმიის ყველა სახე ასე გასაგები ყოფილიყო! დანარჩენ შემთხვევებში განსაზღვრება უფრო ემყარება სინონიმიას, ვიდრე ხსნის მას.

სიტყვამ „განსაზღვრება“ სახიფათოდ დამაჯერებელი ჟღერადობა შეიძინა, უეჭველია, ლოგიკურ და მათემატიკურ ტექსტებში ხშირი გამოყენების წყალობით. კარგი იქნება ფორმალურ სამუშაოში განსაზღვრების როლის შეფასებაზე შევჩერდეთ.

ლოგიკურ და მათემატიკურ სისტემებში მისწრაფების საგანი შეიძლება იყოს ეკონომიის ორი ურთიერთსაპირისპირო ტიპიდან ერთ-ერთი, რომელთაგან თითოეულს თავისი განსაკუთრებული პრაქტიკული სარგებლიანობა აქვს. ერთი მხრივ, შეიძლება ვესწრაფოდეთ ეკონომიას პრაქტიკულ გამოხატვაში – სიმარტივეს და სიმოკლეს სხვადასხვა მიმართების შესახებ დებულებებში. ეკონომიის ეს სახე, როგორც წესი, მოითხოვს ცნებების მთელი მრავალფეროვნებისთვის განმასხვავებელ მოკლე აღნიშვნებს. მეორე მხრივ და ამის საპირისპიროდ, შეიძლება ვესწრაფოდეთ ეკონომიას გრამატიკასა და ლექსიკაში; შეიძლება ვცდილობდეთ ბაზისური ცნებების ისეთი მინიმუმის მოძებნას, რომ მას შემდეგ, რაც თითოეული მათგანისთვის შემოღებულია განსხვავებული აღნიშვნა, ნებისმიერი სხვა სასურველი ცნების გამოხატვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბაზისური ცნებების კომბინაციითა და გამეორებით. ეკონომიის ეს მეორე სახე ერთი თვალსაზრისით არაპრაქტიკულია, რადგან ბაზისური იდიომების სიღარიბე აუცილებლად იწვევს დისკურსის დაგრძელებას. მაგრამ ის პრაქტიკულია სხვა თვალსაზრისით: ის მნიშვნელოვნად ამარტივებს თეორიულ დისკურსს ენის შესახებ, რადგან მინიმუმამდე დაჰყავს სიტყვები და კონსტრუქციის ფორმები, რომლებისგანაც ენა შედგება.

ეკონომიის ორივე სახე, მართალია, ერთი შეხედვით ისინი ერთმანეთთან შეუთავსებადია, ღირებულია თავისებურად. ამიტომ წარმოიშვა ეკონომიის ორივე სახის კომბინირების ჩვეულება, ფაქტობრივად ორი ენის შექმნის გზით, რომელთაგან ერთი მეორის ნაწილია. მომცველი ენა, თუმცა ჭარბი გრამატიკით და ლექსიკით, ეკონომიურია მესიჯების სიგრძით, მაშინ, როდესაც ნაწილი, რომელსაც საწყისი აღნიშვნების სისტემა ეწოდება, ეკონომიურია გრამატიკის და ლექსიკის მხრივ. მთელი და ნაწილი შესაბამისობაში მოდის თარგმანის წესებით, რომლებიც თითოეულ იდიომს, რომელიც საწყის აღნიშვნებში არ გვხდება, საწყისი აღნიშვნებით აგებულ გარკვეულ კომპლექსს უიგივებს. თარგმანის ეს წესებია ე. წ. განსაზღვრებები, რომლებიც ფორმალიზებულ სისტემებში გვხვდება. სჯობს ისინი განვიხილოთ არა როგორც ერთი ენის დამატებები, არამედ როგორც ისეთი ორ ენას შორის კორელაციები, რომელთაგან ერთი მეორის ნაწილია.

მაგრამ ეს კორელაციები არ არის თვითნებური. მათ უნდა აჩვენონ, როგორ შეიძლება საწყისი აღნიშვნების სისტემამ შეასრულოს მდიდარი ენის ყველა ფუნქცია, გარდა სიმოკლისა და მოსახერხებლობისა. ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითოეულ შემთხვევაში განსასაზღვრსა და მის განმსაზღვრელს შორის არსებობს ზემოთ აღნიშნული სამიდან ერთ-ერთი სახის მიმართება: განმსაზღვრელი შეიძლება იყოს აღნიშვნების უფრო მწირი მარაგით განსასაზღვრის ზუსტი პარაფრაზირება, რომელიც უფრო ადრეულ სიტყვათხმარებაში უკვე არსებულ პირდაპირ სინონიმურობას ინარჩუნებს;[6] ან კიდევ, როგორც ექსპლიკაციაში, განმსაზღვრელი შეიძლება განსასაზღვრის უწინდელ ხმარებას სრულყოფდეს; ან, ბოლოს, განსასაზღვრი შეიძლება იყოს ახლად შექმნილი აღნიშვნა, რომელმაც მნიშვნელობა აქ და ახლა შეიძინა.

როგორც გამოჩნდა, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სამუშაოში, განსაზღვრება, გარდა ახალი აღნიშვნების აშკარად კონვენციური შემოტანის უკიდურესი შემთხვევისა, სინონიმურობის უფრო ადრე არსებულ მიმართებებზეა დამოკიდებული. ამრიგად, ვაღიაროთ, რომ განსაზღვრების ცნება არ არის სინონიმურობის და ანალიზურობის გასაღები და სინონიმურობის კვლევა განსაზღვრების ხსენების გარეშე გავაგრძელოთ.

 


ურთიერთშენაცვლებადობა

ბუნებრივი ვარაუდი, რომელიც ყურადღებით შემოწმებას იმსახურებს, არის ის, რომ ორი ენობრივი ფორმის სინონიმურობა მდგომარეობს უბრალოდ ყველა კონტექსტში ჭეშმარიტების მნიშვნელობის შეცვლის გარეშე ურთიერთშენაცვლებადობაში – ლაიბნიცის ფრაზით, ურთიერთშენაცვლებადობაში salva veritate.[7] შევნიშნოთ, რომ ასე გაგებული სინონიმებისთვის აუცილებელი ისიც კი არ არის, რომ ბუნდოვანებისგან თავისუფალი იყოს, თუკი ბუნდოვანებები ერთმანეთს შეესაბამება.

მაგრამ მთლად სიმართლე არ არის, რომ სინონიმები „ბაკალავრი“ და „უცოლო მამაკაცი“ ყველგან ურთიერთშენაცვლებადია salva veritate. ჭეშმარიტებები, რომლებიც მცდარად იქცევა „ბაკალავრის“ „უცოლო მამაკაცით“ შენაცვლებით, იოლი ასაგებია ფრაზების „ხელოვნების ბაკალავრი“ ან „ბაკალავრის ღილები“[8] გამოყენებით; ასევე, ამ ფრაზის ბრჭყალებში ასე გამოყენებით:

„ბაკალავრი“ ათზე ნაკლებ ასოს შეიცავს.

მაგრამ ასეთი კონტრმაგალითების უკუგდება ალბათ შესაძლებელია, თუ ფრაზებს „ხელოვნების ბაკალავრი“, „ბაკალავრის ღილები“ და „ბაკალავრი“ - თითოეულს ერთ განუყოფელ სიტყვად განვიხილავთ და შევთანხმდებით, რომ ურთიერთშენაცვლებადობა salva veritate, რომელიც სინონიმიის ქვაკუთხედი უნდა იყოს, მთელი სიტყვის ფრაგმენტებს არ მიეყენება. სინონიმურობის ამ ახსნას, სხვა თვალსაზრისებით მისაღებიც რომ იყოს, უდავოდ აქვს ის ნაკლი, რომ იყენებს უფრო პირველად ცნებას „სიტყვა“, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ფორმულირების საკუთარ სირთულეებს წამოჭრის. და მაინც, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სინონიმურობის პრობლემის სიტყვობის პრობლემაზე დაყვანით გარკვეული წინსვლა გვაქვს. ახლა დროებით „სიტყვა“ არაპრობლემურად მივიღოთ და ეს მიმართულება მოვსინჯოთ.

რჩება საკითხი, არის თუ არა ურთიერთშენაცვლებადობა salva veritate (რომელიც სიტყვის კომპონენტებს არ ეხება) სინონიმურობის საკმარისად მკაცრი პირობა, თუ პირიქით, ჰეტერონიმური გამოსახულებებიც შეიძლება ასე ურთიერთშენაცვლებადი იყოს. გვახსოვდეს, რომ აქ სინონიმურობა არ გვაინტერესებს ფსიქოლოგიური ასოციაციების ან პოეტური თვისებების სრული იგივეობის აზრით; რა თქმა უნდა, ამ აზრით გამონათქვამების არც ერთი წყვილი არ არის სინონიმური. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ის, რასაც შეიძლება კოგნიციური სინონიმურობა ეწოდოს. ზუსტად რა არის ეს, ვერ ითქმება წინამდებარე გამოკვლევის წარმატებით დასრულების გარეშე; თუმცა მის შესახებ რაღაც მაინც ვიცით მისი იმ საჭიროებიდან, რომელიც §1-ში ანალიზურობასთან დაკავშირებით წარმოიშვა. სინონიმიის ის სახე, რომელიც იქ დაგვჭირდა, უბრალოდ ისეთია, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი ანალიზური დებულების ლოგიკურ ჭეშმარიტებად გადაქცევა სინონიმის სინონიმით შენაცვლების გზით. თუ სათამაშო დაფას შევატრიალებთ და ანალიზურობას წინასწარ დავუშვებთ, რასაკვირველია, შევძლებთ სიტყვების კოგნიციური სინონიმია (ნაცნობი მაგალითის მოშველიებით) ასე ავხსნათ: იმის თქმა, რომ „ბაკალავრი“ და „უცოლო მამაკაცი“ კოგნიციურად სინონიმურია, არც მეტი და არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ ანალიზურია დებულება:

(3) ყველა ბაკალავრი და სხვა არაფერი არის უცოლო მამაკაცი.[9]

ჩვენ კი კოგნიციური სინონიმიის ახსნა ანალიზურობის წინასწარ დაშვების გარეშე გვჭირდება, თუკი გვსურს, ანალიზურობა, შებრუნებით, კოგნიციური სინონიმიის დახმარებით ავხსნათ, როგორც ეს §1-ში კეთდება. და მართლაც, სწორედ ახლა განვიხილავთ კოგნიციური სინონიმიის ასეთ დამოუკიდებელ ახსნას, სახელდობრ, ურთიერთშენაცვლებადობას salva veritate ყველგან, სიტყვის ფარგლებში შენაცვლების გარდა. თუ ბოლოს და ბოლოს ჩვენს საკითხს დავუბრუნდებით, კითხვა ასე დგას: არის თუ არა ურთიერთშენაცვლებადობა საკმარისი პირობა კოგნიციური სინონიმურობისთვის? შეგვიძლია სწრაფად დავირწმუნოთ თავი, რომ ასეა შემდეგი სახის მაგალითებით:

აშკარად ჭეშმარიტია დებულება

(4) აუცილებლად ყველა ბაკალავრი და სხვა არაფერი არის ბაკალავრი

თუნდაც დავუშვათ, რომ „აუცილებლად“ ისე ვიწროდ გაიგება, რომ მისი გამოყენება მხოლოდ ანალიზური დებულებებისთვის გვაძლევს ჭეშმარიტებას. შემდეგ, თუ „ბაკალავრი“ და „უცოლო მამაკაცი“ ურთიერთშენაცვლებადია salva veritate, (4)-ში „ბაკალავრის“ „უცოლო მამაკაცით“ შენაცვლების შედეგი:

(5) აუცილებლად ყველა ბაკალავრი და სხვა არაფერი არის უცოლო მამაკაცი

(4)-ის მსგავსად, ჭეშმარიტი უნდა იყოს. მაგრამ მტკიცება, რომ (5) ჭეშმარიტია, იგივეა, რაც მტკიცება, რომ (3) ანალიზურია, ანუ, რომ „ბაკალავრი“ და „უცოლო მამაკაცი“ კოგნიციურად სინონიმურია.

ვნახოთ რა არის ამ არგუმენტში ისეთი, რაც მას ფოკუსის იერს ანიჭებს. salva veritate ურთიერთშენაცვლებადობის პირობის ძალა ენის სიმდიდრის შესაბამისად იცვლება. ზემოთ მოტანილ არგუმენტში იგულისხმება, რომ საქმე გვაქვს იმდენად მდიდარ ენასთან, რომ ის შეიცავს ზმნიზედას „აუცილებლად“, რომელიც მოიაზრება ისე, რომ ჭეშმარიტებას იძლევა მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ანალიზურ დებულებას დაერთვის. მაგრამ შეიძლება შევურიგდეთ ენას, რომელიც ასეთ ზმნიზედას შეიცავს? მართლა აზრიანია ეს ზმნიზედა? დაშვება, რომ ასეა, არის იმის დაშვება, რომ უკვე დამაკმაყოფილებლად გავიაზრეთ „ანალიზური“. მაშ რაზე ვწვალობთ სწორედ ახლა?

ჩვენი არგუმენტი პირდაპირ წრიული არა, მაგრამ რაღაც მსგავსია. ხატოვნად რომ ვთქვათ, ის შეკრული სივრცული მრუდის ფორმისაა.

ურთიერთშენაცვლებადობას salva veritate აზრი არ აქვს, თუ ის არ არის რელატივიზებული ენის მიმართ, რომლის ფარგლები სათანადოდაა განსაზღვრული. ვთქვათ განვიხილავთ ენას, რომელიც მხოლოდ შემდეგ მასალას შეიცავს: მასში არის უსასრულოდ დიდი მარაგი ერთადგილიანი პრედიკატებისა (მაგალითად, „F“, სადაც „Fx“ ნიშნავს, რომ x არის მამაკაცი) და მრავალადგილიანი პრედიკატებისა (მაგალითად „G“, სადაც „Gxy“ ნიშნავს, რომ x-ს უყვარს y), რომლებიც ძირითადად ექსტრალოგიკურ ვითარებებს ეხება. ენის დანარჩენი ნაწილი ლოგიკურია. თითოეული ატომური წინადადება შედგება პრედიკატისგან, რომელსაც ახლავს ერთი ან მეტი ცვლადი „x“, „y“ და ა. შ.; ხოლო რთული წინადადებები აიგება ატომურებისგან ჭეშმარიტების ფუნქციებით („არა“, „და“, „ან“, და ა. შ.) და კვანტორებით.[10] ფაქტობრივად ასეთი ენის რესურსები მოიცავს აგრეთვე დესკრიფციებს და, რასაკვირველია, ზოგადად სინგულარულ სახელებს, რადგან შეიძლება მათი კონტექსტური განსაზღვრება ცნობილი ხერხებით.[11] თვით აბსტრაქტული სინგულარული სახელებიც, რომლებიც ასახელებს კლასებს, კლასების კლასებს, და ა. შ. კონტექსტურად განსაზღვრებადია, თუ დავუშვებთ, რომ პრედიკატების მიღებული მარაგი შეიცავს კლასის წევრობის ორადგილიან პრედიკატს.[12]  ასეთი ენა შეიძლება ადეკვატური იყოს კლასიკური მათემატიკისთვის და, რა თქმა უნდა, ზოგადად მეცნიერული დისკურსისთვის, ოღონდ თუკი ეს უკანასკნელი არ შეიცავს ისეთ სადავო მექანიზმებს, როგორიცაა კონტრფაქტობრივი პირობითი წინადადებები, ან „აუცილებლად“-ის მსგავსი მოდალური ზმნიზედები.[13] ამ ტიპის ენა ექსტენსიურია შემდეგი აზრით: ნებისმიერი ორი პრედიკატი, რომლებიც ერთმანეთს ექსტენსიით თანხვდება (ანუ, ჭეშმარიტია ერთი და იმავე ობიექტებისთვის), ურთიერთშენაცვლებადია salva veritate.[14]

ამრიგად, ექსტენსიურ ენაში ურთიერთშენაცვლებადობა salva veritate სასურველი ტიპის კოგნიციური სინონიმურობის არავითარ გარანტიას არ წარმოადგენს. ის გარემოება, რომ „ბაკალავრი“ და „უცოლო მამაკაცი“ ურთიერთშენაცვლებადია salva veritate ექსტენსიურ ენაში, მხოლოდ და მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, რომ (3) ჭეშმარიტია. აქ არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ბაკალავრის“ და „უცოლო მამაკაცის“ ექსტენსიით თანხვედრა მნიშვნელობას ეფუძნება და არა – უბრალოდ შემთხვევით საგნობრივ ვითარებებს, როგორც, მაგალითად, „გულის მქონე არსებისა“ და „თირკმელების მქონე არსების“ ექსტენსიით თანხვედრა.

ბევრი მიზნისთვის ექსტენსიით თანხვედრა სინონიმურობის მაქსიმალურად ზუსტი მიახლოებაა, რომლის გათვალისწინებაც კი საჭიროა. თუმცა ფაქტად რჩება, რომ ექსტენსიით თანხვედრა შორს არის იმ ტიპის კოგნიციური სინონიმიისგან, რომელიც საჭიროა ანალიზურობის §1-ში აღწერილი სახით ასახსნელად. იქ საჭირო კოგნიციური სინონიმიის ტიპი ისეთია, რომ „ბაკალავრის“ და „უცოლო მამაკაცის“ სინონიმურობას (3)-ის ანალიზურობასთან და არა უბრალოდ (3)-ის ჭეშმარიტებასთან უნდა აიგივებდეს.

ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ ურთიერთშენაცვლებადობა salva veritate, თუ ის ექსტენსიურ ენასთან მიმართებაში მოიაზრება, არ არის კოგნიციური სინონიმურობის საკმარისი პირობა სინონიმიის იმ აზრით, რომელიც ანალიზურობის §1-ში აღწერილი სახით განმარტებისთვისაა საჭირო. თუ ენა შეიცავს ინტენსიურ ზმნიზედას „აუცილებლად“ აქ აღნიშნული აზრით, ან სხვა, მსგავსი ეფექტის მქონე ერთეულებს, მაშინ ურთიერთშენაცვლებადობა salva veritate მართლაც იძლევა კოგნიციური სინონიმურობის საკმარის პირობას ამ ენაში; თუმცა ასეთი ენა გასაგებია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც წინასწარ უკვე გვესმის ანალიზურობის ცნება.

ჯერ კოგნიციური სინონიმიის ახსნის ცდა შემდეგ მისგან ანალიზურობის ცნების გამოსაყვანად, როგორც §1-ში, ალბათ მცდარი მიდგომაა. სანაცვლოდ იქნებ გვეცადა, ანალიზურობა როგორმე კოგნიციური სინონიმიის გამოყენების გარეშე აგვეხსნა. ამის შემდეგ, თუ მოვინდომებდით, უეჭველია, შევძლებდით კოგნიციური სინონიმურობა ანალიზურობიდან დამაკმაყოფილებელი სახით გამოგვეყვანა. ვნახეთ, რომ „ბაკალავრის“ და „უცოლო მამაკაცის“ კოგნიციური სინონიმურობა შეიძლება აიხსნას როგორც (3)-ის ანალიზურობა. იგივე ახსნა, რასაკვირველია, ძალაშია ერთადგილიანი პრედიკატების ნებისმიერი წყვილისთვის, და ნათელია, როგორ შეიძლება მისი გავრცობა მრავალადგილიან პრედიკატებზეც. ზუსტად ანალოგიური გზით შეიძლება ის სხვა სინტაქსურ კატეგორიებსაც მოვარგოთ. სინგულარულ სახელებზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი კოგნიციურად სინონიმურია, თუკი ანალიზურია იგივეობის დებულება, რომელიც მიიღება მათ შორის „=“-ის დასმით. დებულებების შესახებ უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ისინი კოგნიციურად სინონიმურია, თუ ანალიზურია მათი ეკვივალენცია (მათი „მაშინ და მხოლოდ მაშინ“-ით დაკავშირებით მიღებული დებულება).[15] თუ ყველა კატეგორიის ერთ ფორმულირებაში მოქცევა გვინდა, ისევ „სიტყვის“ ცნების დაშვების ხარჯზე, რასაც ამ პარაგრაფის დასაწყისში მივმართეთ, შეგვიძლია ნებისმიერი ორი ენობრივი ფორმა აღვწეროთ როგორც კოგნიციურად სინონიმური, თუ ეს ორი ფორმა ურთიერთშენაცვლებადია („სიტყვების“ ფარგლებში შენაცვლების გარდა) salva (უკვე არა veritate, არამედ) analyticitate. რა თქმა უნდა, გარკვეული ტექნიკური პრობლემები წამოიჭრება ორაზროვნების და ომონიმიის შემთხვევებში; თუმცა მათზე ნუ შევჩერდებით, რადგან უკვე ისედაც გადავუხვიეთ თემიდან. გვიჯობს სინონიმურობის პრობლემას შევეშვათ და ისევ ანალიზურობას მივუბრუნდეთ.

 


სემანტიკური წესები

თავიდან ყველაზე ბუნებრივი ჩანდა ანალიზურობის განსაზღვრება მნიშვნელობების დახმარებით. მის დახვეწაში მნიშვნელობების მოშველიებამ ადგილი სინონიმიის ან განსაზღვრების მოშველიებას დაუთმო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ განსაზღვრება მოუხელთებელი აჩრდილია, ხოლო სინონიმურობის საუკეთესოდ გაგებისკენ გზა თავად ანალიზურობის გამოყენებაზე უნდა გადიოდეს. ასე რომ, ისევ ანალიზურობის პრობლემას დავუბრუნდით.

მე არ ვიცი, ანალიზურია თუ არა დებულება „ყველაფერი მწვანე განფენილია“. ის, რომ მე ამ მაგალითის თაობაზე გარკვეული აზრი არ გამაჩნია, ნუთუ მართლა იმაზე მეტყველებს, რომ მე არასრულად მესმის „მწვანის“ და „განფენილის“ „მნიშვნელობები“, არასრულად ვწვდები მათ? მე ასე არ ვფიქრობ. პრობლემა უკავშირდება არა „მწვანეს“ და „განფენილს“, არამედ „ანალიზურს“.

ხშირად მიანიშნებენ, რომ ჩვეულებრივ ენაში ანალიზური და სინთეზური დებულებების გამიჯვნის სიძნელე გამოწვეულია ჩვეულებრივი ენის ბუნდოვანებით და რომ განსხვავება ნათელია, როცა ხელთ გვაქვს ზუსტი ხელოვნური ენა ექსპლიციტური „სემანტიკური წესებით“. ეს, როგორც ახლა ვეცდები ვაჩვენო, გაუგებრობაა.

ანალიზურობა, რომელიც ჩვენ გვაღელვებს, მიიჩნევა მიმართებად დებულებებსა და ენებს შორის: ამბობენ, რომ S დებულება ანალიზურია L ენისთვის, ხოლო პრობლემა მდგომარეობს ამ მიმართების აზრის გარკვევაში ზოგადად, ანუ „S“ და „L“ ცვლადებისთვის. ამ პრობლემის სერიოზულობა სულ არ არის საგრძნობად ნაკლები ხელოვნური ენისთვის, ვიდრე ბუნებრივისთვის. იდიომის „S ანალიზურია L-ისთვის“, სადაც „S“ და „L“ ცვლადებია, გააზრების პრობლემა თავის კერკეტობას ინარჩუნებს მაშინაც, თუ „L“ ცვლადის მნიშვნელობათა არეს ხელოვნური ენებით შემოვფარგლავთ. ახლა ნება მომეცით ვცადო, ეს აზრი თვალსაჩინო გავხადო.

ხელოვნურ ენებსა და სემანტიკურ წესებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარნაპის შრომებს მივაშურებთ. მისი სემანტიკური წესები სხვადასხვა ფორმით წარმოგვიდგება და ჩემი აზრის გამოსათქმელად მომიწევს, ამ ფორმებიდან ზოგიერთი გამოვარჩიო. დასაწყისისთვის დავუშვათ ხელოვნური ენა L0, რომლის სემანტიკური წესებიც ექსპლიციტურად (რეკურსიულად ან სხვაგვარად) მიუთითებს L0-ის ყველა ანალიზურ დებულებას. ეს წესები გვაუწყებს, რომ ესა და ეს და მხოლოდ ეს დებულებებია L0-ის ანალიზური დებულებები. აქ სიძნელე უბრალოდ ისაა, რომ წესები შეიცავს სიტყვას „ანალიზური“, რომელიც არ გვესმის! ჩვენ გვესმის, თუ რომელ გამოსახულებებს მიაწერს წესები ანალიზურობას, მაგრამ არ გვესმის, თუ რას მიაწერს ეს წესები ამ გამოსახულებებს. მოკლედ, მანამ, სანამ გავიგებდეთ წესს, რომელიც ასე იწყება: „S დებულება L0 ენისთვის ანალიზურია მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ...“, ჩვენ უნდა გვესმოდეს ზოგადი მიმართებითი სიტყვა „ანალიზური ...-თვის“; უნდა გვესმოდეს „S ანალიზურია L-ისთვის“, სადაც „S“ და „L“ ცვლადებია.

ცხადია, ისიც შეგვიძლია, ეგრეთ წოდებული წესი განვიხილოთ, როგორც კონვენციური განსაზღვრება ახალი მარტივი სიმბოლოსი „ანალიზური L0-ისთვის“, რომელიც აჯობებდა არატენდენციურად „K“-ით აღგვენიშნა, რათა არ მოგვეჩვენოს, რომ შუქი ეფინება საინტერესო სიტყვა „ანალიზურს“. ცხადია, L0-ის დებულებათა K, M, N, და ა. შ. კლასების ნებისმიერი რაოდენობა შეიძლება გამოიყოს სხვადასხვა მიზნებისთვის, ან ყოველგვარი მიზნის გარეშე; რას ნიშნავს იმის თქმა, რომ K, განსხვავებით M-ისგან, N-ისგან და ა. შ. არის L0-ის „ანალიზური“ დებულებების კლასი?

იმის მითითებით, თუ რომელი დებულებებია ანალიზური L0-ისთვის, ჩვენ ვხსნით იდიომს „ანალიზური L0-ისთვის“, მაგრამ არა – „ანალიზური“, ან „ანალიზური ...-თვის“. იდიომის „S ანალიზურია L-ისთვის“, სადაც S და L ცვლადებია, ახსნაზე არც მაშინ გადავდივართ, როცა მზად ვართ „L“-ის მნიშვნელობათა არე ხელოვნური ენებით შემოვფარგლოთ.

რეალურად ჩვენ იმდენი კი ვიცით „ანალიზურობის“ საძიებელი მნიშვნელობის შესახებ, რომ გვესმოდეს, რომ ანალიზური დებულება ჭეშმარიტი უნდა იყოს. მოდით ახლა მივუბრუნდეთ სემანტიკური წესების მეორე სახეს, რომელიც ამბობს არა იმას, რომ ესა და ეს დებულებები ანალიზურია, არამედ მხოლოდ იმას, რომ ესა და ეს დებულებები ჭეშმარიტია. ასეთ წესს არ ეხება კრიტიკა, რომ ის შეიცავს გაუგებარ სიტყვას „ანალიზური“, ხოლო არგუმენტაციისთვის შეიძლება დავუშვათ, რომ არავითარ სირთულეს არ ქმნის უფრო ფართო სიტყვა „ჭეშმარიტი“. ამ მეორე ტიპის სემანტიკურ წესს, ჭეშმარიტების წესს, არ მოეთხოვება ასახელებდეს ენის ყველა ჭეშმარიტებას; ის უბრალოდ გამოყოფს, რეკურსიულად ან სხვაგვარად, დებულებათა გარკვეულ სიმრავლეს, რომლებიც, სხვა, მასში დაუსახელებელ დებულებებთან ერთად, ჭეშმარიტად უნდა ჩაითვალოს. შეიძლება დავთანხმდეთ, რომ ასეთი წესი საკმაოდ ნათელია. მაშინ მის საფუძველზე შეიძლება ანალიზურობის დემარკაცია ასე გავაკეთოთ: დებულება ანალიზურია, თუ ის (არა უბრალოდ ჭეშმარიტია, არამედ) ჭეშმარიტია სემანტიკური წესის თანახმად.

სინამდვილეში ისევ არავითარი წინსვლა არ გვაქვს. აუხსნელი სიტყვა „ანალიზურის“ ნაცვლად ახლა ვიყენებთ აუხსნელ ფრაზას „სემანტიკური წესი“. არა ყოველი ჭეშმარიტი დებულება, რომელიც ამბობს, რომ რომელიღაც კლასის დებულებები ჭეშმარიტია, შეიძლება ჩაითვალოს სემანტიკურ წესად – წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჭეშმარიტება „ანალიზური“ იქნებოდა სემანტიკური წესების თანახმად ჭეშმარიტების აზრით. სემანტიკური წესები, როგორც ჩანს, ამოცნობადია მხოლოდ იმით, რომ ჩამოწერილია განყოფილებაში სათაურით – „სემანტიკური წესები“ – და მაშინ ეს სათაური თავად არის უაზრო.

ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დებულება ანალიზურია L0-ისთვის მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ის ჭეშმარიტია ამა და ამ სპეციფიკურად დართული „სემანტიკური წესების“ თანახმად, მაგრამ მაშინ არსებითად იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რომელსაც თავიდან განვიხილავდით: „S არის ანალიზური L0-ისთვის მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა...~. ხოლო თუ ვცდილობთ ავხსნათ „S ანალიზურია L-ისთვის“ ზოგადად, სადაც „L“ ცვლადია (თუნდაც მივიღოთ „L“-ის შეზღუდვა ხელოვნური ენებით), განმარტება „ჭეშმარიტი L-ის სემანტიკური წესების თანახმად“ ამაოა; რადგან მიმართებითი ტერმინი „...-ის სემანტიკური წესი“ არანაკლებ საჭიროებს ნათელყოფას, ვიდრე „ანალიზური ...-ისთვის“.

შეიძლება ჭკუისსასწავლი იყოს სემანტიკური წესის ცნების შედარება პოსტულატის ცნებასთან. პოსტულატების მოცემულ ჯგუფთან მიმართებაში იოლი სათქმელია, თუ რა არის პოსტულატი: ეს არის ამ ჯგუფის წევრი. ასევე იოლია სემანტიკური წესების მოცემულ ჯგუფთან მიმართებაში ვთქვათ, თუ რა არის სემანტიკური წესი. მაგრამ თუ გვაქვს მხოლოდ აღნიშვნების სისტემა, მათემატიკური ან სხვაგვარი, რაგინდ ამომწურავად გაგებული მასში გამოსახული დებულებების თარგმანის ან ჭეშმარიტების პირობების თვალსაზრისით, ვის შეუძლია თქვას, მისი ჭეშმარიტი დებულებებიდან რომლები უნდა ჩაითვალოს პოსტულატებად? ეს შეკითხვა აშკარად უაზროა – ისევე უაზრო, როგორც შეკითხვა, რომელი წერტილებია ოჰაიოში საწყისი წერტილები. დებულებათა (ალბათ უფრო ზუსტია, ჭეშმარიტ დებულებათა) ნებისმიერი სასრული (ან ეფექტურად მითითებადი უსასრულო) ნაკრები ისევეა პოსტულატების ჯგუფი, როგორც ნებისმიერი სხვა. სიტყვა „პოსტულატი“ რაღაცას ნიშნავს მხოლოდ გამოკვლევის აქტთან მიმართებაში; ჩვენ ამ სიტყვას ვიყენებთ დებულებათა ჯგუფისთვის მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მოცემულ მომენტში ან პერიოდში ამ დებულებებზე ვფიქრობთ იმ დებულებებთან მიმართებაში, რომლებიც მათგან მიიღება გარდაქმნების რაღაც ჯგუფის საშუალებით და რომლებზე ყურადღების მიქცევაც სწორად გვეჩვენება. სემანტიკური წესის ცნებაც ისევე ხელშესახები და მნიშვნელობის მქონეა, როგორც პოსტულატისა, თუკი ის გაგებულია ანალოგიური ფარდობითი სულისკვეთებით – ფარდობითი, ამჯერად, გაუთვითცნობიერებელი პირებისთვის რომელიღაც ბუნებრივი ან ხელოვნური L ენის დებულებების ჭეშმარიტების საკმარისი პირობების სწავლების ამა თუ იმ კონკრეტული წამოწყების მიმართ. მაგრამ ამ თვალსაზრისით L-ის ჭეშმარიტებების რომელიმე ქვეკლასის არც ერთი მონიშვნა არ არის შინაგანად უფრო მეტად სემანტიკური წესი, ვიდრე რომელიმე სხვა; და, თუ „ანალიზური“ ნიშნავს „ჭეშმარიტს სემანტიკური წესების ძალით“, L-ის არც ერთი ჭეშმარიტება არ არის ანალიზური რომელიმე სხვაზე უპირატესად.[16]

შესაძლებელია შემოდავება, რომ ხელოვნური ენა L (განსხვავებით ბუნებრივისგან) არის ენა ჩვეულებრივი აზრით პლუს ექსპლიციტური სემანტიკური წესების ჯგუფი – მთელი წარმოადგენს რა, ასე ვთქვათ, დალაგებულ წყვილს; და რომ მაშინ L-ის სემანტიკური წესები ხასიათდება უბრალოდ როგორც L წყვილის მეორე წევრი. მაგრამ იმავე ნიშნით, და უფრო მარტივად, შეგვიძლია პირდაპირ წარმოვიდგინოთ L ხელოვნური ენა დალაგებულ წყვილად, რომლის მეორე წევრია მისი ანალიზური დებულებების კლასი; და მაშინ L-ის ანალიზური დებულებები დახასიათდება უბრალოდ როგორც L წყვილის მეორე წევრის შემადგენელი დებულებები. ან, კიდევ უკეთესი, შეგვეძლო საერთოდ შეგვეწყვიტა წყლის ნაყვა.

ზემოთ გადმოცემული მოსაზრებები ექსპლიციტურად არ მოიცავს ანალიზურობის ყველა იმ ახსნას, რომელიც კარნაპისა და მისი მკითხველებისთვისაა ცნობილი. თუმცა ძნელი დასანახი არ არის, როგორ მოხდება დანარჩენ ფორმებზე მათი გავრცობა. უნდა აღინიშნოს მხოლოდ ერთი დამატებითი ფაქტორი, რომელიც ხანდახან ფიგურირებს: ხანდახან სემანტიკური წესები ფაქტობრივად ყოველდღიურ ენაზე თარგმნის წესებია და მაშინ ხელოვნური ენის ანალიზური დებულებები ფაქტობრივად ასეთებად მიიჩნევა ყოველდღიურ ენაზე მათი სპეციფიკური თარგმანების ანალიზურობის გამო. აქ, ცხადია, ფიქრიც ზედმეტია იმაზე, რომ ანალიზურობის პრობლემას ხელოვნური ენის მხრიდან შეიძლება მოეფინოს ნათელი.

ანალიზურობის პრობლემის თვალსაზრისით, ხელოვნური ენის ცნება მისი სემანტიკური წესებით, ცთომილი ალია, როგორც ასეთი. სემანტიკური წესები, რომლებიც ხელოვნური ენის ანალიზურ დებულებებს განსაზღვრავს, მხოლოდ იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ანალიზურობის ცნება უკვე გასაგებია; ისინი ვერაფრით დაგვეხმარება ასეთი გაგების მოპოვებაში.

ხელოვნურად გამარტივებული ჰიპოთეზური ენის განხილვას შეიძლება საგრძნობი სარგებლობა მოეტანა ანალიზურობის გარკვევაში, თუ ანალიზურობისთვის რელევანტური მენტალური, ქცევითი, ან კულტურული ფაქტორები – რაც უნდა იყოს ისინი – რაღაცნაირად ასახული იქნებოდა გამარტივებულ მოდელში. მაგრამ მოდელი, რომელიც ანალიზურობას უბრალოდ არარედუცირებად მახასიათებლად იღებს, ნათელს ვერ შეიტანს ანალიზურობის ახსნის პრობლემაში.

აშკარაა, რომ ჭეშმარიტება, საზოგადოდ, დამოკიდებულია როგორც ენაზე, ისე ექსტრალინგვისტურ ფაქტებზე. დებულება „ბრუტუსმა მოკლა კეისარი“ მცდარი იქნებოდა, სამყარო რომ გარკვეულად განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ის ასევე მცდარი იქნებოდა, სიტყვა „მოკლას“ რომ „შვას“ აზრი ჰქონოდა. ამდენად, არსებობს ცდუნება ზოგადად დავუშვათ, რომ დებულების ჭეშმარიტება რაღაცნაირად დანაწევრებადია ენობრივ და ფაქტობრივ კომპონენტებად. ამ დაშვების შემდეგ კი გონივრული ჩანს ვიფიქროთ, რომ ზოგიერთ დებულებაში ფაქტობრივი კომპონენტი ნული იქნება; და ესენია ანალიზური დებულებები. თუმცა მთელი მისი აპრიორული გონივრულობის მიუხედავად, საზღვარი ანალიზურ და სინთეზურ დებულებებს შორის აქამდე უბრალოდ არ გავლებულა. და რომ საერთოდ არსებობს ასეთი განსხვავება, რომელიც გატარებას საჭიროებს, არის ემპირისტების არაემპირიული დოგმა, მეტაფიზიკური რწმენა.

 


ვერიფიკაციის თეორია და რედუქციონიზმი

ამ პირქუში განაზრებების მსვლელობაში ჩვენ ჯერ სკეპტიკურად მივუდექით მნიშვნელობის ცნებას, მერე კოგნიციური სინონიმიის ცნებას, და ბოლოს ანალიზურობის ცნებას. მაგრამ რას ვიტყოდით, - შეიძლება დაისვას კითხვა, - მნიშვნელობის ვერიფიკაციონისტულ თეორიაზე? ამ ფრაზამ ისე ღრმად გაიდგა ფესვები როგორც ემპირიზმის ლოზუნგმა, რომ მართლაც უაღრესად არამეცნიერულად მოვიქცევით, თუ მასშიც არ დავძებნით მნიშვნელობის პრობლემისა და მასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გასაღებს.

მნიშვნელობის ვერიფიკაციონისტული თეორია, რომელიც პირსიდან მოყოლებული ყურადღებას იქცევს ლიტერატურაში, არის თვალსაზრისი, რომ დებულების მნიშვნელობა მისი ემპირიული დადასტურების ან დარღვევის მეთოდია. ანალიზური დებულება ის ზღვრული შემთხვევაა, რომელიც დასტურდება, რაც არ უნდა მოხდეს.

როგორც §1-ში საბუთდება, შეგვიძლია სულაც გამოვტოვოთ მნიშვნელობების, როგორც არსებების საკითხი და პირდაპირ მნიშვნელობათა იგივეობაზე, ანუ სინონიმიაზე გადავიდეთ. მაშინ ვერიფიკაციის თეორია ამბობს, რომ დებულებები სინონიმურია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ერთნაირია ემპირიული დადასტურების ან დარღვევის მეთოდის თვალსაზრისით.

ეს არის არა ზოგადად ენობრივი ფორმების, არამედ დებულებების კოგნიციური სინონიმურობის ახსნა.[17]  თუმცა დებულებათა სინონიმურობის ცნებიდან შევძლებდით სხვა ენობრივი ფორმების სინონიმურობის ცნების გამოყვანას §3-ის ბოლოს მოცემული მოსაზრებების მსგავსი საშუალებებით. მართლაც, თუ დავუშვებთ „სიტყვის“ ცნებას, შეგვიძლია ნებისმიერი ორი ფორმა გავიგოთ როგორც სინონიმური, თუკი ნებისმიერ დებულებაში (გარდა „სიტყვების“ ფრაგმენტებისა) ერთ-ერთი ფორმის მეორის ადგილას ჩასმით სინონიმური დებულება მიიღება. ბოლოს, თუ ასე მოვიპოვებდით სინონიმიის ცნებას ენობრივი ფორმებისთვის ზოგადად, შევძლებდით ანალიზურობა სინონიმურობის და ლოგიკური ჭეშმარიტების ტერმინებში განგვესაზღვრა, როგორც §1-ში. სხვათა შორის, ანალიზურობა უფრო მარტივად შეიძლება განვსაზღვროთ მხოლოდ დებულებათა სინონიმურობისა და ლოგიკური ჭეშმარიტების ტერმინებში; არ არის აუცილებელი დებულებისგან განსხვავებული ენობრივი ფორმების სინონიმურობის გამოყენება. ვინაიდან დებულება შეიძლება დახასიათდეს როგორც ანალიზური, თუ ის, უბრალოდ, ლოგიკურად ჭეშმარიტი დებულების სინონიმურია.

ამრიგად, თუ ვერიფიკაციის თეორია შეიძლება დებულებათა სინონიმურობის ადეკვატურ ახსნად მივიღოთ, ანალიზურობის ცნება ბოლოს და ბოლოს გადარჩენილი იქნება. თუმცა მოდი დავფიქრდეთ. დებულებათა სინონიმურობა გამოცხადდა ემპირიული დადასტურების ან დარღვევის მეთოდების მსგავსებად. ზუსტად რა არის ეს მეთოდები, რომლებიც ერთმანეთს უნდა შევადაროთ? სხვა სიტყვებით, რა ბუნებისაა მიმართება დებულებასა და იმ გამოცდილებებს შორის, რომლებიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის დადასტურებას?

ამ მიმართების ყველაზე გულუბრყვილო გაგებით, ეს არის პირდაპირი გადმოცემა. ეს არის უკიდურესი რედუქციონიზმი. მის თანახმად ყველა აზრიანი დებულება თარგმნადია უშუალო გამოცდილების შესახებ (ჭეშმარიტ ან მცდარ) დებულებად. უკიდურესი რედუქციონიზმი, მის ამა თუ იმ ფორმაში, გვარიანად უსწრებს წინ მნიშვნელობის ვერიფიკაციონისტულ თეორიას, ამ სახელით აშკარად გამოსულს. უკვე ლოკი და ჰიუმი ამტკიცებდნენ, რომ ყოველი იდეა ან პირდაპირ გრძნობადი გამოცდილებიდან უნდა იღებდეს სათავეს, ან ასე წარმოშობილი იდეებისგან უნდა შედგებოდეს; ხოლო ტუკის შენიშვნის მოშველიებით შეგვიძლია ამ მოძღვრების სემანტიკურ ჟარგონზე პარაფრაზირება, თუ ვიტყვით, რომ სიტყვა, რათა ის საერთოდ მნიშვნელობის მქონე იყოს, უნდა იყოს ან შეგრძნების მონაცემის სახელი, ან შედგენილი ასეთი სახელებისგან, ან ასე შედგენილის შემოკლება. ამგვარ ფორმულირებაში მოძღვრება ორაზროვანია, რადგან არაა ნათელი, შეგრძნების მონაცემები შეგრძნების ხდომილებებია თუ შეგრძნების თვისებები; მასში ბუნდოვანი რჩება ისიც, თუ რომელია შედგენის დასაშვები ხერხები. მეტიც, მოძღვრება მეტისმეტად და შეუწყნარებლად შემზღუდავია სიტყვა-სიტყვითი კრიტიკის მოთხოვნის გამო. უფრო გონივრულად და მაინც იმის საზღვრების გადალახვის გარეშე, რასაც მე უკიდურესი რედუქციონიზმი ვუწოდე, შეგვიძლია მნიშვნელობის მქონე ერთეულებად ავიღოთ სრული დებულებები, ანუ მოვითხოვოთ, რომ ჩვენი დებულებები, როგორც მთელი, თარგმნადი, მაგრამ არა აუცილებლად სიტყვა-სიტყვით თარგმნადი იყოს შეგრძნების მონაცემთა ენაზე.

ეს შესწორება უდავოდ მისაღები იქნებოდა ლოკის, ჰიუმისa და ტუკისთვის, მაგრამ ისტორიულად ის არ განხორციელდა მნიშვნელოვან რეორიენტაციამდე სემანტიკაში – რეორიენტაციამდე, რომლის შედეგად მნიშვნელობის პირველადი მატარებელი დაინახეს უკვე არა სიტყვაში, არამედ დებულებაში. ეს რეორიენტაცია, რომელიც ბენტამთან და ფრეგესთან იკვეთება, საფუძვლად უდევს გამოყენებაში განსაზღვრული არასრული სიმბოლოს რასელისეულ ცნებას;[18]  ის ასევე იგულისხმება მნიშვნელობის ვერიფიკაციონისტულ თეორიაში, რამდენადაც ვერიფიკაციის ობიექტები დებულებებია.

უკიდურესმა რედუქციონიზმმა, რომლის ერთეულებიც ახლა დებულებებია, ამოცანად დაისახა შეგრძნებათა მონაცემების ენის აღწერა და იმის ჩვენება, თუ როგორ უნდა ითარგმნოს მასზე მნიშვნელობის მქონე დისკურსის დანარჩენი ნაწილი – თითოეული დებულება ცალკე. Aufbau-ში კარნაპმა სათავე დაუდო ამ პროექტის განხორციელებას.

ენა, რომელიც კარნაპმა ამოსავლად აიღო, არ იყო შეგრძნებათა მონაცემების ენა ყველაზე ვიწრო შესაძლო აზრით, რადგან ის ასევე შეიცავდა აღნიშვნების ლოგიკურ სისტემას, მთელი სიმრავლეთა თეორიის ჩათვლით. ფაქტობრივად ის შეიცავდა წმინდა მათემატიკის მთელ ენას. მასში ნაგულისხმები ონტოლოგია (ანუ მისი ცვლადების მნიშვნელობათა არე) მოიცავდა არა მხოლოდ შეგრძნების ხდომილებებს, არამედ ასევე კლასებს, კლასების კლასებს და ა. შ. არსებობენ ემპირისტები, რომლებიც აიმრიზებოდნენ ამგვარ ხელგაშლილობაზე. სამაგიეროდ კარნაპის ამოსავალი უაღრესად მომჭირნეა ექსტრალოგიკურ, ანუ სენსორულ ნაწილში. კონსტრუქციების საშუალებით, რომლებშიც ის თანამედროვე ლოგიკის რესურსებს უაღრესად მარჯვედ იყენებს, კარნაპი წარმატებით ახერხებს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სენსორული ცნების განსაზღვრას. ამ ცნებების ესოდენ მწირ საფუძველზე განსაზღვრის შესაძლებლობაზე ვერც კი იოცნებებდნენ, რომ არა მისი კონსტრუქციები. ის პირველი ემპირისტი იყო, რომელიც არ დაკმაყოფილდა მეცნიერების უშუალო გამოცდილებაზე რედუცირებადობის მტკიცებით და სერიოზული ნაბიჯები გადადგა რედუქციის განხორციელების მიმართულებით.

თუნდაც კარნაპის ამოსავალი დამაკმაყოფილებელი იყოს, მისი კონსტრუქციები, როგორც თავადაც უსვამდა ხაზს, სრული პროგრამის მხოლოდ ფრაგმენტია. ფიზიკური სამყაროს შესახებ თვით უმარტივესი დებულებების კონსტრუქციაც მონახაზის მდგომარეობაში დარჩა. კარნაპის მოსაზრებები ამ თემაზე, მათი ესკიზურობის მიუხედავად, უაღრესად დამაფიქრებელია. მან სივრცე-დროითი წერტილ-მომენტები ნამდვილი რიცხვების ოთხეულებად გაიგო და წერტილ-მომენტებზე შეგრძნების თვისებების მიწერა წარმოიდგინა გარკვეული წესების შესაბამისად. უხეშად რომ შევაჯამოთ, გეგმა მდგომარეობდა წერტილ-მომენტებზე შეგრძნების თვისებების ისე მიწერაში, რომ მიღწეულიყო ჩვენს გამოცდილებასთან შეთავსებადი მაქსიმალურად ზარმაცი სამყარო. მინიმალური ქმედების პრინციპი უნდა ყოფილიყო ჩვენი სახელმძღვანელო გამოცდილებისგან სამყაროს კონსტრუირებაში.

მაგრამ, როგორც ჩანს, კარნაპი არ აცნობიერებდა, რომ ფიზიკური ობიექტების მისი ახსნა რედუქციას ვერ აღწევს არა მხოლოდ ესკიზურობის გამო, არამედ პრინციპულად. მისი წესების თანახმად, „q თვისება არის x;y;z;t წერტილ-მომენტში“ ფორმის დებულებებზე ჭეშმარიტების მნიშვნელობები ისე უნდა განაწილდეს, რომ მოხდეს გარკვეული საერთო მახასიათებლების ზღვრამდე გაზრდა და შემცირება, ხოლო გამოცდილების ზრდასთან ერთად ჭეშმარიტების მნიშვნელობები პროგრესულად უნდა გადამოწმდეს იმავე სულისკვეთებით. ჩემი აზრით, ეს იმის კარგი სქემატიზაციაა (ზედმეტად გამარტივებული, უთუოდ წინასწარგანზრახულად), რასაც მეცნიერება მართლაც აკეთებს; მაგრამ ის არ იძლევა არავითარ მითითებას, თუნდაც ყველაზე ესკიზურს, თუ როგორ შეიძლება „q თვისება არის x;y;z;t წერტილ-მომენტში“ ფორმის დებულება ოდესმე ითარგმნოს შეგრძნების მონაცემებისა და ლოგიკის კარნაპისეულ ამოსავალ ენაზე. „არის ...-ში“ რჩება განსაზღვრების გარეშე შემოტანილ მაკავშირებლად; წესები გვეუბნება, როგორ გამოვიყენოთ ის, მაგრამ არ გვეუბნება, როგორ გავაკეთოთ მისი ელიმინაცია.

როგორც ჩანს, მოგვიანებით კარნაპმა გააცნობიერა ეს მომენტი; რადგან თავის გვიანდელ ნაწერებში მან საერთოდ უარი თქვა ფიზიკური სამყაროს შესახებ დებულებების უშუალო გამოცდილების შესახებ დებულებებად თარგმნის იდეაზე. რედუქციონიზმი მისი უკიდურესი ფორმით უკვე კარგა ხანია აღარ ფიგურირებს კარნაპის ფილოსოფიაში.

მაგრამ რედუქციონიზმის დოგმა, უფრო დახვეწილი და ფაქიზი ფორმით, კვლავ გავლენას ახდენს ემპირისტების აზროვნებაზე. შემორჩა წარმოდგენა, რომ ყოველ დებულებასთან, ან ყოველ სინთეზურ დებულებასთან დაკავშირებულია შესაძლო სენსორული ხდომილებების ორი სხვადასხვა უნიკალური სიმრავლე – ერთი ისეთი, რომ მისგან ნებისმიერის განხორციელება დებულების ჭეშმარიტების ალბათობას გაზრდიდა, ხოლო მეორე ისეთი, რომ მისგან ნებისმიერის განხორციელება ამ ალბათობას შეამცირებდა. ეს წარმოდგენა, რა თქმა უნდა, იგულისხმება მნიშვნელობის ვერიფიკაციონისტულ თეორიაში.

რედუქციონიზმის დოგმა გადარჩენილია დაშვებაში, რომ თითოეული დებულება, აღებული დანარჩენებისგან იზოლირებულად, საერთოდ შეიძლება დადასტურდეს ან დაირღვეს. ჩემი კონტრმოსაზრება, რომელიც არსებითად ფიზიკურ სამყაროზე Aufbau-ში წარმოდგენილი კარნაპისეული მოძღვრებიდან იღებს სათავეს, მდგომარეობს იმაში, რომ გარე სამყაროს შესახებ ჩვენი დებულებები გრძნობადი გამოცდილების სამსჯავროს წინაშე წარდგება არა ცალ-ცალკე, არამედ მხოლოდ როგორც ერთიანი სხეული.[19]

რედუქციონიზმის დოგმა, შერბილებულ ფორმითაც კი, შინაგანადაა დაკავშირებული მეორე დოგმასთან – დოგმასთან, რომ არსებობს საზღვარი ანალიზურსა და სინთეზურს შორის. მართლაც, ვნახეთ, რომ ამ უკანასკნელმა პრობლემამ მნიშვნელობის ვერიფიკაციული თეორიის გავლით პირველამდე მიგვიყვანა. უფრო პირდაპირ ერთი დოგმა აშკარად საყრდენია მეორისთვის შემდეგნაირად: მანამ, სანამ საერთოდ აზრიანად ითვლება ლაპარაკი დებულების გამოცდილებით დადასტურებასა და დარღვევაზე, ასევე აზრიანი ჩანს ლაპარაკი დებულების ზღვრულ სახეზე, რომელიც ტრივიალურად დასტურდება, ipso facto, რაც არ უნდა მოხდეს; და ასეთი დებულება ანალიზურია.

საფუძველში ეს ორი დოგმა მართლაც ერთი და იგივეა. ჩვენ ახლახან გავიხსენეთ, რომ საზოგადოდ დებულების ჭეშმარიტება აშკარად დამოკიდებულია როგორც ენაზე, ისე ექსტრალინგვისტურ ფაქტებზე; და შევნიშნეთ, რომ ეს აშკარა გარემოება, მართალია არა ლოგიკურად, მაგრამ სრულიად ბუნებრივად, იწვევს განცდას, რომ დებულების ჭეშმარიტება რაღაცნაირად დანაწევრებადია ენობრივ კომპონენტად და ფაქტობრივ კომპონენტად. ფაქტობრივი კომპონენტი, თუ ემპირისტები ვართ, უნდა დაიყვანებოდეს დამადასტურებელი გამოცდილებების სიმრავლეზე. ზღვრულ შემთხვევაში, სადაც მხოლოდ ენობრივ კომპონენტს აქვს მნიშვნელობა, ჭეშმარიტი დებულება ანალიზურია. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ანალიზურსა და სინთეზურს შორის განსხვავება ნათლად ჩამოყალიბებას. ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს ისიც, თუ როგორ ყოველთვის ჩიხში შემყვანი იყო სინთეზური დებულების ემპირიული დადასტურების ექსპლიციტური თეორიის შემუშავების პრობლემა, ურნაში შავი და თეთრი ბურთების წინასწარმორგებულ მაგალითებს თუ თავს დავანებებთ. ახლა მე ვამტკიცებ, რომ უაზრობაა და ბევრი უაზრობის საფუძველია ლაპარაკი რომელიმე ცალკეული დებულების ჭეშმარიტების ენობრივ კომპონენტზე და ფაქტობრივ კომპონენტზე. ერთიანობაში აღებული, მეცნიერება არის ორმაგად დამოკიდებული ენასა და გამოცდილებაზე; მაგრამ ეს ორმაგობა არ არის ხელშესახები მეცნიერების ცალკეულ დებულებებში.

როგორც აღინიშნა, სიმბოლოს გამოყენების პროცესში განსაზღვრის იდეა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ლოკის და ჰიუმის შეუძლებელ სიტყვა-სიტყვით ემპირიზმთან შედარებით. ბენტამის შემდეგ ემპირისტული კრიტიკისთვის ანგარიშგასაწევ ერთეულად სიტყვის ნაცვლად დებულება იქნა აღიარებული. მე კი ახლა ვამტკიცებ, რომ მაშინაც, როცა ერთეულად დებულებას ვიღებთ, მეტისმეტად წვრილუჯრედებიან ბადეს ვხაზავთ. ემპირიული მნიშვნელობის მქონე ერთეულია მთლიანი მეცნიერება.

 


ემპირიზმი დოგმების გარეშე

ჩვენი ე. წ. ცოდნის ან რწმენების მთლიანობა, გეოგრაფიის და ისტორიის ყველაზე შემთხვევითი ამბებიდან ატომური ფიზიკისა და თვით წმინდა მათემატიკის და ლოგიკის უღრმეს კანონებამდე, ადამიანის ნახელავი ქსოვილია, რომელიც გამოცდილებას მხოლოდ კიდეებზე ეხება. ან, თუ მეტაფორას შევცვლით, მთელი მეცნიერება ჰგავს ძალების ველს, რომლის საზღვრითი პირობებია გამოცდილება. პერიფერიაზე გამოცდილებასთან კონფლიქტი იწვევს რეორგანიზებას ველის შიგნით. ჭეშმარიტების მნიშვნელობები ხელახლა უნდა გადანაწილდეს ჩვენს ზოგიერთ დებულებაზე. ზოგიერთი დებულების გადაფასება იწვევს სხვების გადაფასებას, მათი ლოგიკური ურთიერთკავშირების გამო; ლოგიკური კანონები, თავის მხრივ, სისტემის უბრალოდ გარკვეული მორიგი დებულებები, ველის გარკვეული მორიგი ელემენტებია. ერთი დებულების გადაფასების შემდეგ მოგვიწევს გადავაფასოთ ზოგიერთი სხვაც – შეიძლება პირველთან ლოგიკურად დაკავშირებული ან თავად ლოგიკური კავშირების შესახებ დებულებები. მაგრამ მთლიანი ველი ისე არასრულადაა განსაზღვრული მისი საზღვრითი პირობებით, გამოცდილებით, რომ არსებობს არჩევანის დიდი თავისუფლება, თუ რომელი დებულებები გადავაფასოთ ნებისმიერი ცალკეული საწინააღმდეგო გამოცდილების შუქზე. არავითარი კერძო გამოცდილება არ არის დაკავშირებული რომელიმე კერძო დებულებასთან ველის შიგნით, თუ არა არაპირდაპირ, წონასწორობის მოსაზრებებით გაშუალებულად, რომლებიც ველს, როგორც მთლიანს ეხება.

თუ ეს თვალსაზრისი სწორია, მაშინ შეცდომაა ცალკეული დებულებების ემპირიულ შინაარსზე ლაპარაკი – განსაკუთრებით, თუ ეს ველის გამოცდილებისეული პერიფერიიდან სრულიად დაშორებული დებულებაა. მეტიც, უგუნურება იქნება საზღვრის ძიება, რომელიც გამოყოფს სინთეზურ დებულებებს, რომლებიც ჭეშმარიტია გამოცდილების მიხედვით, ანალიზური დებულებებისგან, რომლებიც ჭეშმარიტია რაც არ უნდა ხდებოდეს. ნებისმიერი დებულების ჭეშმარიტების მტკიცება შეიძლება, რაც არ უნდა მოხდეს, თუ საკმაოდ მკვეთრ ცვლილებებს შევიტანთ სისტემაში სადმე სხვაგან. შეიძლება თვით პერიფერიასთან ძალიან ახლოს მყოფი დებულების ჭეშმარიტება ვამტკიცოთ საწინააღმდეგო გამოცდილების მიუხედავად, თუ ჰალუცინაციას მოვიშველიებთ, ან შევასწორებთ ზოგიერთს იმ დებულებებიდან, რომლებსაც ლოგიკური კანონები ეწოდება. შებრუნებულად, იმავე ნიშნით, არც ერთი დებულება არ არის დაცული გადასინჯვისგან. თვით გამორიცხული მესამის ლოგიკური კანონის გადასინჯვა იყო შემოთავაზებული, როგორც კვანტური მექანიკის გამარტივების საშუალება; და რა პრინციპული განსხვავებაა ასეთსა და იმ ცვლილებას შორის, რომლითაც კეპლერმა გადაწონა პტოლემე, ან აინშტაინმა ნიუტონი, ანდა დარვინმა არისტოტელე?

სიცხადისთვის მე ვლაპარაკობდი შეგრძნების პერიფერიიდან განსხვავებულ დისტანციებზე. ახლა შევეცდები ეს ცნება მეტაფორის გარეშე ავხსნა. გარკვეული დებულებები, თუმცა ისინი ფიზიკურ ობიექტებს ეხება და არა – გრძნობად გამოცდილებას, თითქოს განსაკუთრებით შეესატყვისება გრძნობად გამოცდილებას – და თან შერჩევით: ზოგიერთი დებულება ამ გამოცდილებას, სხვები – სხვებს. ასეთ, კონკრეტული გამოცდილებების შესატყვის დებულებებს ვუწოდებ პერიფერიასთან ახლოს მყოფს. მაგრამ „შესატყვისობის“ ამ მიმართებაში მე მეტს არაფერს ვგულისხმობ, გარდა ბუნდოვანი ასოციაციისა, რომელიც ასახავს შედარებით მოსალოდნელობას იმისა, რომ საწინააღმდეგო გამოცდილების შემთხვევაში პრაქტიკულად ჩვენ ამ და არა სხვა დებულების გადასინჯვას ვარჩევთ. მაგალითად, შეიძლება წარმოვიდგინოთ საწინააღმდეგო გამოცდილება, რომელთან ჩვენი სისტემის მოსარგებადაც ჩვენ უთუოდ განწყობილი ვიქნებოდით გადაგვეფასებინა მხოლოდ დებულება, რომ ელმსთრითზე აგურის სახლები დგას და ამასთან დაკავშირებული სხვა დებულებები იმავე თემაზე. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხვა საწინააღმდეგო გამოცდილება, რომელთან ჩვენი სისტემის მოსარგებად ჩვენ განწყობილი ვიქნებოდით გადაგვეფასებინა მხოლოდ დებულება, რომ არ არსებობენ კენტავრები და მისი მონათესავე სხვა დებულებები. საწინააღმდეგო გამოცდილებასთან მორგება, ვამტკიცებდი მე, მთლიანი სისტემის მრავალ ალტერნატიულ ნაწილში მრავალგვარი ალტერნატიული გადაფასებით შეიძლება; მაგრამ იმ შემთხვევებში, რომლებიც ახლა წარმოვიდგინეთ, ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილება, რაც შეიძლება ნაკლებ შევცვალოთ მთელი სისტემა, იქით გვიბიძგებს, რომ გადასინჯვის ფოკუსში სწორედ აგურის სახლების და კენტავრების შესახებ დებულებები მოექცეს. ამიტომ ეს დებულებები უფრო მკვეთრი ემპირიული რეფერენციის მქონედ წარმოგვიდგება, ვიდრე ფიზიკის, ლოგიკის, ან ონტოლოგიის უაღრესად თეორიული ხასიათის დებულებებია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს უკანასკნელნი მთლიან ქსელში შედარებით ცენტრალურადაა განლაგებული, რაშიც მხოლოდ ის იგულისხმება, რომ არ აგვეკვიატება მათი განსაკუთრებული კავშირი რომელიმე კონკრეტულ შეგრძნების მონაცემთან.

როგორც ემპირისტს, მეცნიერების კონცეპტური სქემა მე, საბოლოო ჯამში, კვლავ წარსული გამოცდილების შუქზე მომავალი გამოცდილების წინასწარხედვის იარაღად მესახება. ფიზიკური ობიექტები სიტუაციაში კონცეპტურად შემოიტანება, როგორც მოსახერხებელი გამაშუალებლები – არა გამოცდილების ტერმინებით განსაზღვრის გზით, არამედ უბრალოდ როგორც არარედუცირებადი პოსტულირებული არსებები,[20] რომლებიც ეპისტემოლოგიური თვალსაზრისით ჰომეროსის ღმერთებს შეიძლება შევადაროთ. ჩემდათავად, როგორც მოყვარულ ფიზიკოსს, მე ფიზიკური ობიექტებისა მჯერა და არა ჰომეროსის ღმერთების; სხვაგვარად ფიქრი კი მეცნიერულ შეცდომად მიმაჩნია. მაგრამ ეპისტემოლოგიური საფუძვლის თვალსაზრისით ფიზიკური ობიექტები და ღმერთები განსხვავდება მხოლოდ ხარისხით და არა თვისებრივად. არსებათა ორივე სახე ჩვენს აზროვნებაში შემოდის მხოლოდ როგორც კულტურული პოსტულატი. ფიზიკური ობიექტების მითი ეპისტემოლოგიურად სხვებზე უკეთესია იმით, რომ ის სხვებზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა, როგორც გამოცდილების ნაკადზე გამკლავებადი სტრუქტურის მორგების ხელსაწყო.

არსებების პოსტულირება არ მთავრდება მაკროსკოპული ფიზიკური ობიექტებით. ობიექტების პოსტულირება ხდება ატომურ დონეზე, რათა მაკროსკოპული ობიექტების კანონები და, საბოლოო ჯამში, გამოცდილების კანონები უფრო მარტივი და გამკლავებადი გავხადოთ; არ უნდა მოვითხოვდეთ ან მოველოდეთ ატომური და სუბატომური არსებების სრულ განსაზღვრას მაკროსკოპულ არსებათა ტერმინებში, არაუმეტეს, ვიდრე მაკროსკოპული საგნებისა – შეგრძნების მონაცემების ტერმინებში. მეცნიერება საღი აზრის გაგრძელებაა და ის თეორიის გასამარტივებლად ონტოლოგიის გაბერვის საღი აზრისეულ ხერხს მიმართავს.

მცირე თუ დიდი ფიზიკური ობიექტები პოსტულირებულ არსებათა ერთადერთი სახე როდია. სხვა მაგალითია ძალები; და ამჟამად მართლაც გვეუბნებიან, რომ ენერგიის ნივთიერებისგან გამიჯვნა ყავლგასულია. მეტიც, აბსტრაქტული არსებები, რომლებიც მათემატიკის საგანია – საბოლოო ჯამში კლასები, კლასების კლასები და ასე შემდეგ სულ უფრო მაღლა – იმავე სულისკვეთების სხვა არსებებია. ეპისტემოლოგიურად ესენი ფიზიკური ობიექტების და ღმერთების მსგავსი მითებია, არც უკეთესი და არც უარესი, რომ არა განსხვავებები ხარისხში, რომლითაც ისინი აუმჯობესებენ გრძნობად გამოცდილებასთან ჩვენს ურთიერთობას.

რაციონალური რიცხვების ალგებრა არასრულად განსაზღვრავს რაციონალური და ირაციონალური რიცხვების მთელ ალგებრას, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო მწყობრი და მოსახერხებელია; და ის რაციონალური რიცხვების ალგებრას შეიცავს, როგორც დაჩეხილ ან მიჭრილ-მოჭრილ ნაწილს.[21] მთელი მეცნიერება, მათემატიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული, მსგავსად, თუმცა უფრო უკიდურესად, არის არასრულად განსაზღვრული გამოცდილებით. სისტემის კიდე გამოცდილებაზე მორგებული უნდა იყოს; დანარჩენს კი, ყველა მისი დახვეწილი მითით და ფიქციითურთ, მიზნად კანონების სიმარტივე აქვს.

ონტოლოგიური საკითხები ამ თვალსაზრისით საბუნებისმეტყველო მეცნიერების საკითხების რიგისაა.[22] განვიხილოთ შეკითხვა, უნდა დავუშვათ თუ არა კლასები არსებებად. ეს, როგორც სხვაგანაც ვამტკიცებდი,[23] არის შეკითხვა, უნდა დავუშვათ თუ არა კვანტიფიკაცია ცვლადებისა, რომლებიც კლასებს იღებს მნიშვნელობებად. კარნაპი ამტკიცებდა, რომ ეს არა ფაქტების, არამედ მეცნიერებისთვის მოსახერხებელი ენობრივი ფორმის, მოსახერხებელი კონცეპტური სქემის თუ ჩარჩოს არჩევის საკითხია.[24] ამას მე ვეთანხმები, ოღონდ იმ პირობით, რომ იმავეს მივიღებთ მეცნიერული ჰიპოთეზებისთვისაც ზოგადად. კარნაპმა აღიარა,[25] რომ ორმაგი სტანდარტის შენარჩუნება ონტოლოგიური საკითხებისთვის და მეცნიერული ჰიპოთეზებისთვის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დავუშვებთ აბსოლუტურ განსხვავებას ანალიზურსა და სინთეზურს შორის; ზედმეტია გამეორება, რომ ეს ის განსხვავებაა, რომელსაც მე უარვყოფ.[26]

საკითხი კლასების არსებობის შესახებ უფრო ჰგავს მოსახერხებელი კონცეპტური სქემის საკითხს; საკითხი კენტავრების, ან ელმსთრითზე აგურის სახლების არსებობის შესახებ უფრო ფაქტების საკითხს ჰგავს. მაგრამ მე ვამტკიცებდი, რომ ეს განსხვავება მხოლოდ ხარისხობრივია, და რომ ის დამოკიდებულია ჩვენს ბუნდოვან პრაგმატულ მიდრეკილებაზე, რომელიმე კერძო საწინააღმდეგო გამოცდილებასთან მორგებისთვის შევასწოროთ მეცნიერების ქსოვილის ერთი რომელიმე ნაწილი და არა სხვა. ასეთ არჩევანში მონაწილეობს კონსერვატიზმი და, ასევე, სიმარტივის მოთხოვნა.

კარნაპი, ლუისი და სხვები პრაგმატულად უდგებიან ენობრივი ფორმების, მეცნიერების ჩარჩოს არჩევის საკითხს; მაგრამ მათი პრაგმატიზმი ჩერდება ანალიზურსა და სინთეზურს შორის წარმოსახულ მიჯნასთან. ასეთი მიჯნის უარყოფით მე ვიცავ უფრო სრულ პრაგმატიზმს. თითოეულ ადამიანს ეძლევა მეცნიერული მემკვიდრეობა პლუს სენსორული სტიმულაციის უწყვეტი ნაკადი; და მოსაზრებები, რომლებითაც ის ხელმძღვანელობს მეცნიერული მემკვიდრეობის უწყვეტ შეგრძნებით სტიმულებთან მისადაგებაში, თუ რაციონალურია, არის პრაგმატული.

 

 

 

[1] იხ. W. V. O. Quine, From a Logical Point of View (Cambridge: Harvard University Press, 1953; 2nd rev. ed. 1980), გვ. 9.

[2]  იქვე, გვ. 10, და გვ. 107-115.

[3] იქვე, გვ. 11-დან და გვ 48-დან.

[4] ინგლისური სიტყვის „bachelor“ ძირითადი მნიშვნელობაა „უცოლო მამაკაცი“. ეს სიტყვა არ ვთარგმნე, ვინაიდან მომდევნო გვერდებზე მოტანილი მაგალითებისთვის შესაფერისი სინონიმების ქართული წყვილი ვერ შევარჩიე (მთარგმნელი).

[5] R. Carnap, Meaning and Necessity (Chicago: University of Chicago Press, 1947), გვ 9-დან; R. Carnap, Logical Foundations of Probability (Chicago: University of Chicago Press, 1950), გვ. 70-დან.

[6] „განსაზღვრების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აზრის შესაბამისად, შენარჩუნებული მიმართება შეიძლება იყოს უფრო სუსტი – უბრალოდ რეფერენციების იგივეობის – მიმართება; იხ. Quine, From a Logical Point of View, გვ. 132. მაგრამ განსაზღვრება ამ აზრით სჯობს უგულებელვყოთ წინამდებარე განხილვაში, რადგან ის უმნიშვნელოა სინონიმიის საკითხისთვის.

[7] C. I. Lewis, A Survey of Symbolic Logic (Berkeley, 1918), გვ. 373.

[8] აქ ისევ პირდაპირ გადმოვიტანე ფრაზა „bachelor’s buttons“, რომელიც „ღიღილოდ“ ითარგმნება (მთარგმნელი).

[9]  ეს არის კოგნიციური სინონიმია პირველადი, ფართო აზრით. კარნაპმა (R. Carnap, Meaning and Necessity (Chicago: University of Chicago Press, 1947), გვ. 56-დან) და ლუისმა (C. I. Lewis, An Analysis of Knowledge and Valuation (LaSalle, Ill.: Open Court, 1946), გვ. 83-დან) წამოაყენეს მოსაზრება, როგორ შეიძლება, თუ უკვე გვაქვს ეს ცნება, მისგან გამოვიყვანოთ კოგნიციური სინონიმია უფრო ვიწრო აზრით, რომელიც ზოგიერთი მიზნისთვის უკეთესია. მაგრამ ცნებების აგების ეს განსაკუთრებული განშტოება ახლანდელი მიზნებისთვის უმნიშვნელოა და არ უნდა ავურიოთ კოგნიციური სინონიმიის ფართო სახეში, რომელსაც აქ განვიხილავთ.

[10] Quine, From a Logical Point of View, გვ. 81-დან მოცემულია სწორედ ასეთი ენის აღწერა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასში უბრალოდ მხოლოდ ერთი ორადგილიანი პრედიკატი „e“ არსებობს.

[11]  იქვე, გვ. 5-8, 85-დან, 166-დან.

[12]  იქვე, გვ. 87.

[13] ასეთ მექანიზმებზე იხილეთ: იქვე, ნარკვევი VIII: „რეფერენცია და მოდალობა“.

[14]  ეს არის 121-ე შენიშვნის არსებითი შინაარსი ჩემს წიგნში: W. V. O. Quine, Mathematical Logic (New York: Norton, 1940; Cambridge: Harvard University Press, 1947; rev. ed., Cambridge: Harvard University Press, 1951).

[15] თავად „მაშინ და მხოლოდ მაშინ“ გაიგება ჭეშმარიტების ფუნქციის აზრით. იხ. Carnap, Meaning and Necessity, გვ. 14.

[16]  ეს აბზაცი პირველი გამოქვეყნებისას არ შედიოდა ნარკვევში. ის მიკარნახა მარტინმა. იხ. R. M. Martin, “On ‘analytic’”, Philosophical Studies 3 (1952), 42-47.

[17] რა თქმა უნდა, შეიძლება ამ მოძღვრების ისე ჩამოყალიბებაც, რომ ერთეულები სახელები იქნება და არა დებულებები. ასე, ლუისი ახასიათებს სახელის მნიშვნელობას როგორც „კრიტერიუმს ცნობიერებაში, რომლის მიხედვითაც ადამიანს შეუძლია, არსებული ან წარმოსახული საგნების ან სიტუაციებისთვის გამოიყენოს მოცემული გამსახულება ან უარი თქვას მის გამოყენებაზე “ (Lewis, An Analysis of Knowledge and Valuation, გვ. 133). მნიშვნელობის ვერიფიკაციონისტული თეორიის უკუღმართობების ინფორმაციული მიმოხილვა, რომელშიც, თუმცა, ცენტრალურია მნიშვნელობის ქონის საკითხი, და არა სინონიმურობა და ანალიზურობა, იხილეთ ჰემპელთან (C. G. Hempel, “Problems and Changes in the Empiricist Criterion of Meaninag”, Revue inernationale de philosophie 4 (1950), 41-63; ‘The Concept of Cognitive Significance: A Reconsideration”, Proceedings of American Academy of Arts and Sciences 80 (1951), 61-77.

[18] Quine, From a Logical Point of View, გვ. 6.

[19]  ამას ამტკიცებდა დიუჰემი: P. Duhem, La Theorie Physique: son objet et sa structure (Paris, 1906), გვ. 303-328. ან იხ. A. Lowinger, The Methodology of Pierre Duhem (New York: Columbia University Press, 1941), გვ. 132-140.

[20] Quine, From a Logical Point of View, გვ. 17-დან.

[21]  იქვე, გვ. 18.

[22]   „ონტოლოგია თავად მეცნიერებასთან ერთად ერთ სხეულს ქმნის და მათი გამიჯნვა შეუძლებელია“ (E. Meyerson, Identite et realite (Paris, 1908; 4th ed. 1932), გვ. 439).

[23] Quine, From a Logical Point of View, გვ. 12-დან, გვ. 102-დან.

[24] Carnap, “Empiricism, Semantics, and Ontology”, Revue internationale de Philosophie 4 (1950), 20-40.

[25] იქვე, გვ. 32.

[26] ამ განსხვავების სხვა საჩოთირო მხარეების მკაფიო ჩამოყალიბებისთვის იხილეთ: M. White, “The Analytic and the Synthetic: an Untenable Dualism”, in Sidney Hook (ed.), John Dewey: Philosopher of Science and Freedom (New York: Dial Press, 1950), 316-330.

გაზიარება: