-
-
მოგვწერეთ
გ ა ხ ს ნ ა
ამ თემაზე ყველაზე ღრმა განაზრებანი კირკეგორს ეკუთვნის. აქ თავს იჩენს თვითობის–ჩამოყალიბების უღრმესი წინააღმდეგობა: ადამიანს შეუძლია სურდეს გახსნა, ან არადა შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამას. ეს ძალები ყოველ ადამიანშია და მუდმივად ერთმანეთს ებრძვიან. გახსნა არასოდეს მთავრდება. ვიდრე ადამიანი არსებობს, იგი ცხოვრობს გახსნის პროცესში, ან საბოლოო გაუმჭვირვალობაში იკეტება. გახსნის პროცესი ხასიათდება არა ნებისმიერი გახსნილობით ყველასა და ყველაფრის წინაშე: „რაც უფრო განვითარებულია ადამიანში სინდისი, მით უფრო განვრცობილია იგი, თუნდაც ეს ადამიანი მოწყვეტილი იყოს გარე სამყაროს“. სოკრატეს ირონია იყო „ზუსტად ის ჩაკეტილობა, ისეთი მოწყვეტა გარე სამყაროსგან, რომელიც განივრცობოდა ღვთაებრივში“. არასოდეს ინდივიდუალობა არ ვითარდება უფრო ღირსეულად, ვიდრე მაშინ, როცა ის ჩაკეტილია დიადი იდეის მშობლიურ წიაღში“.
გახსნას კირკეგორი თავისუფლებას უწოდებს, ხოლო თვითჩაკეტვას – არათავისუფლებას. ეს აბსოლუტური ჩაკეტილობა არ იკეტება კიდევ სხვა რამესთან ერთად (მსგავსად დიადი იდეის მშობლიურ წიაღში მცხოვრებისა), არამედ მასში იკეტება ადამიანი. ამ ორი სახის ჩაკეტილობას შორის (ერთი და იმავე სახელით რომ იწოდებიან) იმდენად არსებითია განსხვავება, რომ ისინი უბრალოდ საწინააღმდეგო მნიშვნელობისანი არიან. რეალურ სამყაროში მათი ბრძოლა განუწყვეტლივ გრძელდება. ბრძოლა უსასრულოდ მრავალფეროვანია. „ადამიანის ცხოვრებაში მწიფდება წამი, როცა მისი სული ითხოვს უფრო მაღალ ფორმას, რომელშიც შეუძლია სწვდეს სასაკუთარ თავს, როგორც სულს. ადამიანი მთლიანად ჩათრეულია მიწიერ ცხოვრებაში და ახლა სულს თითქოს უნდა ისევ მოკრიბოს თავი ამ გაფანტულობიდან“. მაგრამ განყენებისა და დაჩრდილვის გზები ურიცხვნი არიან: „კომფორტი[1]; ცნობისმოყვარეობა, რომელიც ვერასოდეს ხდება ცნობისმოყვარეობაზე მეტი; ქალაჩუნობა, რომელიც წყნარდება და იმედდება, როდესაც სხვას ეყრდნობა; ფარისევლური იგნორირება; ჩლუნგი საქმოსნობა[2]“; „ადამიანი ცდილობს, გართობის ან მუშაობის[3] საშუალებით შეინარჩუნოს ბუნდოვანება საკუთარ თავთან მიმართებით“.
გახსნის გზა – შინაგანობაა. შინაგანობა კი – კირკეგორის მიხედვით – მარადისობის გაგებაა. „მარადისობის უარყოფა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახით: როგორც დაცინვა, როგორც დროითობით შთაგონებულობა[4] და სხვა“.
სხეულის ფუნქციებით დაწყებული თვითცნობიერების ფორმებით დამთავრებული, არსებობს „არათავისუფლებათა“ მთელი მწკრივი, რომლებშიც შეიძლება შეფერხდეს სული. გახსნის პროცესი ჩერდება როგორც „ზედმეტად დაძაბულ მგრძნობელობაში, აღგზნებადობაში, ნევრასთენიაში, ისტერიაში, იპოქონდრიაში და ა.შ. აგრეთვე მყარად დაცულ ორთოდოქსიაში, ღვთისმოსავად გაწვრთნაში, „ობიექტურ“ ჭეშმარიტებაზე ჩაციკვლაში. როცა ეს მყარად აღბეჭდილი პოზიციები გახსნილი და გაგებული უნდა გახდნენ, ადამიანს ყოველთვის შიში იპყრობს. ის ეწინააღმდეგება გამორკვევას, რადგან ჩაეფლო შეზღუდულ თვითობაში, რომელსაც არსებით თვითობად მიიჩნევს თვითობად–ჩამოყალიბების მაგიერ. ამ მოვლენებმა მხოლოდ იმიტომ შეძლეს მისთვის დამაბრკოლებელ, შეუღწევად ხატებებად აღმოცენება, რომ მან ზურგი აქცია გახსნის პროცესს, რომელიც მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგ.:„ რა ძალისხმევას აღარ მიმართავენ ჩვენს დროში, რათა მოიყვანონ ახალი მტკიცებულება სულის უკვდავებისა; ფიქრი უკვდავების შესახებ თავისთავში ატარებს ერთგვარ ძალაუფლებას. მისი შედეგები გვაფორიაქებს, მისი მიღება გულისხმობს პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა ისე შეცვლიდა მთელ ცხოვრებას, რომ ადამიანებს ამის შეეშინდებოდათ. ამიტომ ისინი თავს იწყნარებენ იმით, რომ გონებას ძაბავენ და ახალ მტკიცებულებას ეძებენ... ყოველი ასეთი პიროვნება, რომელსაც ძალუძს მოიყვანოს მტკიცებულება სულის უკვდავების სასარგებლოდ, თუ მაინც არაა შესაბამისად მიმართული, მუდამ შეძრწუნდება იმ კითხვის წინაშე, თუ რას უნდა ნიშნავდეს, რომ ადამიანი უკვდავია. ეს ყოველთვის შეაწუხებს, ყოველთვის დისკომფორტს შეუქმნის, თუკი სრულიად უბრალო ადამიანი სრულიად უბრალოდ ილაპარაკებს უკვდავებაზე“
„ყველაზე მკაცრი ორთოდოქსიის მომხრემ... იცის ყველაფერი, რისი ცოდნაც აუცილებელია; იგი მუხლს იყრის სიწმინდის წინაშე; ჭეშმარიტება მისთვის – ცერემონიის განსახიერებაა... მან ეს ყველაფერი იმ ადამიანივით იცის, ვისაც შეუძლია მათემატიკური განტოლების გამოყვანა, თუ გამოიყენება ასოები ABC , მაგრამ არ თუ გამოიყენება DEF ; ამიტომაც ეშინია, როდესაც ისეთი რამ ესმის, რაც ზუსტად იგივე არ არის“ [5] .
შინაგანობა (რაც კირკეგორთან თვითობის–ჩამოყალიბების, გახსნის იდენტურია) არ გაგვაჩნია არა მექანიკურად, არამედ ნებაზე მიშვებულ ქმედებათა გამო. ყველა იმ ფორმას, სადაც შეწყვეტილია გახსნა, კირკეგორი მოიხსენიებს, როგორც „სასოწარკვეთას“. ამასთან, სასოწარკვეთილ ადამიანს ან არ სურს საკუთარ თავად ყოფნა, ანდა პირიქით ანჩხლობის გამო სურს დარჩეს ისეთად, როგორიც უკვე არის.
ს ა ს ო წ ა რ კ ვ ე თ ი ლ ე ბ ა, რ ო მ ე ლ ს ა ც არ
ს უ რ ს ს ა კ უ თ ა რ ი თ ა ვ ი
ის, რაშიც ასეთი ადამიანი (რომლის არსებობაც განისაზღვრება, როგორც უშუალობა) ხედავს საკუთარ ცხოვრებას, იკარგება „ბედის დარტყმით“... იგი უწოდებს თავს სასოწარკვეთილს, განიხილავს თავს გარდაცვლილად, როგორც საკუთარ აჩრდილს. ეს თავისებური ოინია – „თავის მომკვდარუნება“. თუკი მოდის გარედან დახმარება, კვლავ იწყება ახალი ცხოვრება... თუ არავითარი დახმარება არ მოდის, ადამიანს მაინც უბრუნდება სიცოცხლე, ოღონდ: „აღარასოდეს გახდება ის, ვინც იყო“. სასოწარკვეთის ჟამს მისთვის არ არსებობს უფრო სანუკვარი სურვილი, ვიდრე სხვად ყოფნა ან სხვად გახდომაა. რადგანაც უშუალო ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს, იცნობს მხოლოდ მუნდირით და გარეგანი მხრიდან ასკვნის, რომ ფლობს თვითობას.
თუ უშუალობა ნაწილობრივ მაინც შეიცავს რეფლექსიას, მაშინ ადამიანს შეიძლება აღარ სურდეს სხვად ყოფნა, მაგრამ იმ ადამიანივით იქცევა, რომელმაც სახლი მიატოვა და ელის, როდის გადაივლის ყველა უბედურება. ვიდრე სიძნელეები არსებობს, იგი ვერ ბედავს შინ დაბრუნებას. მხოლოდ ხანდახან თუ შეიხედავს, ცვლილებების მოლოდინში. და თუ მართლაც ყველაფერი შეიცვალა კვლავ ბინადრდება, კვლავ „საკუთარ თავად იქცევა“, როგორც თვითონ ამბობს, თუმცაღა სინამდვილეში იმას უბრუნდება, რაზედაც შეჩერდა. აქ ადამიანი, ასე ვთქვათ, „ქვევიდან გამოძრომას“ ცდილობს.
თუკი სიძნელეები არსად უჩინარდება, მაშინ იგი სხვა ხერხით შველის თავს. შინაგანობისგან სავსებით პირს იბრუნებს. მისთვის თვითობის მთელი სიღრმისეული პრობლემა გადაიქცევა თავისებურ ყრუ კარად სულის მივარდნილ ადგილას; კარად, რომლის მიღმაც არავინაა. იგი იწყებს მხოლოდ გარეგან, როგორც იტყვიან, ნამდვილ, საქმიან ცხოვრებას. იმ მცირეოდენ რეფლექსიას, რომელიც ჯერაც შერჩენია, ძალზედ წინდახედულად ექცევა... თანდათანობით კი მის დავიწყებას ახერხებს; წლების შემდეგ სასაცილოდაც არ ჰყოფნის ის, – მან ხომ ბედნიერად იქორწინა, ხომ საქმიანი, ფხიანი ადამიანია, მამა და ბიურგერი. ცხოვრების გაკვეთილების დასწავლის შემდეგ საკუთარ დროსა და საკუთარ ბედს შეეგუა.
ასეთ ადამიანთა ცხოვრებაში ზოგჯერ ისიც ხდება, რომ საკუთარ სულში ჩაიხედავენ ხოლმე. თუმცა პირველ სიძნელეებამდე მიდიან და შემდეგ თავს ანებებენ. მაშინ ისინი ივიწყებენ თავიანთ საუკეთესო ხანას, თითქოს ის ბავშვობა ყოფილიყოს. ასეთი სასოწარკვეთა – ყველაზე უჩვეულებრივესია. ამიტომ, გავრცელებული აზრის თანახმად, სასოწარკვეთა ახალგაზრდობას შეშვენის და არა ჩამოყალიბებულ ადამიანს. თუ ვიგულისხმებთ, რომ რწმენასა და სიბრძნესთან მიმართებაში ყველაფერი იმგვარად მოსახერხებელია, რომ წლებთან ერთად ეს ყველაფერიც გვემატება,მაშინ მხედველობიდან გამოგვრჩება, რომ ადამიანი – სულია და არა ცხოველის ჯიში. სინამდვილეში სულ პირიქითაა. წლებთან ერთად მან შეიძლება დაკარგოს ცოტაოდენი ვნებიანობა, გრძნობა და ფანტაზია, მცირედი შინაგანობა, რომელიც ჰქონდა, და ყოველგვარი წილადობილას გარეშე მივიდეს ისეთ ტრივიალობამდე, როგორიც ცხოვრების მუღამის გაგებაა. თუკი ადამიანი ნამდვილად ვითარდება წლიდან წლამდე, ის ხდება მომწიფებული თვითობის რაობის გაცნობიერებაში და შესაძლებელია, უფრო მწარედაც წარეკვეთოს სასო.
ასეთი სასოწარკვეთა საკუთარი სისუსტის გამო ვალალებს. მაგრამ იმის მაგივრად, რომ გადაუხვიოს ამ გზიდან, რათა რწმენამდე მივიდეს, ის უღრმავდება სასოწარკვეთასა და სისუსტეს.[6] ასეთი სახით კარჩაკეტილი ადამიანი მოჯადოებულ წრეზე მოძრაობს. თუ ეს გაუცხოება გრძელდება, მაშინ თვითმკვლელობის საფრთხე წარმოიქმნება. თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვინმეს გული გადაუშალოს, მაგრამ ამას მაშინვე ინანებს. ასეთი ტიპის ადამიანი შეიძლება შევადაროთ ტირანს, რომელსაც უნდა ვინმესთან თავის ტანჯვაზე ისაუბროს და, ამგვარად, უამრავ ადამიანს ხოცავს. მისთვის სანდო ადამიანებს უეჭველი სიკვდილი ელით.
ს ა ს ო წ ა რ კ ვ ე თ ა, რ ო მ ე ლ ს ა ც ს უ რ ს
ს ა კ უ თ ა რ ი თ ა ვ ი. ს ი ჯ ი უ ტ ე
მარადიულის წყალობით თვითობას ვაჟკაცობა ეყოფოდა საკუთარი თავის დასაკარგავად, რათა მოეპოვებინა ის.[7] აქ კი მას თვითდამკვიდრება სურს. მისი მიმართება საკუთარი თავისადმი ექსპერიმენტულია. მას არ გააჩნია არავითარი ძალაუფლება საკუთარ თავზე, ამიტომაც საფუძველშივე არ ჰყოფნის სერიოზულობა. მას მხოლოდ სერიოზულობის სიმულაცია შეუძლია. თვითობას ისე მცირე შანსი რჩება, რომ სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება მისი ჰიპოთეტურობა. ის – მეფეა სამეფოს გარეშე. სასოწარკვეთილი თვითობა მხოლოდ ოცნების კოშკებს აგებს შეუსვენებლივ და სიცარიელეს ეფარიკავება. მისი ხიბლი წამიერია – ასეთი თვითფლობა, ასეთი სიმტკიცე, ასეთი ატარაქსია და ა. შ. და მაინც, მისთვის შეუცნობელი რჩება მისივე არსი. საბოლოოდ ის რაიმე პრინციპულ ვნებას შეეყრება. მაშინ იგი თავს კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთედ იგრძნობს. თავს ირწმუნებს, თითქოს ხიჭვი ისე ღრმად შეჭროდეს ხორცში, რომ მისი მოშორება შეუძლებელი იყოს. იგი ბოროტდება მთლიანად არსებობაზე და, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ხალისით აირჩევს ყველანაირ ჯოჯოხეთურ წამებას, ვიდრე შველა ითხოვოს. ტანჯულს მართალია აქვს ერთი–ორი წესი, რომლითაც მისაღები იქნებოდა დახმარება... მაგრამ თუ ისეთი დამხმარეს ხელში აღმოჩნდება, ვისთვისაც ყველაფერი შესაძლებელია, ხოლო თვითონ თითქოსდა არარად უნდა იქცეს, მაშინ იგი გაჭიანურებულ ტანჯვა–წამებას ამჯობინებს.
დ ე მ ო ნ უ რ ი
ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ ჯიუტად სურს საკუთარი თავი, „დემონური“ ხდება. რელიგიური ადამიანი სავსებით მიემართება ღმერთს, დემონური კი – საკუთარ თავს. მიუხედავად ამისა, მისთვის უცხო არაა განსულიერება („დემონურ ადამიანში უფრო მეტი კარგია ჩადებული, ვიდრე ტრივიალურში“). დემონური ადამიანი ეგზისტირებს. ჩვენს პირწმინდად სპეკულაციურ დროში „ადამიანი, რომელიც უბრალოდ ეზისტირებს ისეთივე ენერგიით, როგორც საშუალო ბერძენი ფილოსოფოსი, ითვლება დემონურად“.
„რაც მეტია ცნობიერება ასეთ ადამიანში, მით მეტ ძალას იძენს სასოწარკვეთა და გარდაიქმნება დემონურში. მას უკვე აღარ სურს ტანჯვისაგან გათავისუფლება. ოდესღაც ყველაფერს მსხვერპლად გაიღებდა, ოღონდაც მისგან თავი დაეღწია. მაშინ აიძულეს მოეცადა და უკვე ყველაფერი დაგვიანდა. ახლა მას სურს აუმხედრდეს ყველას, უნდა ის ადამიანი იყოს, ვისაც უსამართლოდ მოექცა მთელი სამყარო. მან დაიწყო თვითობის აბსტრაჰირებიდან და შედეგად ისეთი კონკრეტული გახდა, რომ უკვე შეუძლებლად ეჩვენება მარადისობა“. „თავის დროზე კიდევ შეიძლებოდა, რომ გადავრჩენილიყავი“ – აი, ყველაზე საშინელი სიტყვები, რომელიც აზრად მოსდის“.
დემონური ნება სიბნელეს აფარებს თავს:
„ჩაკეტილობას შეიძლება სურდეს გახსნა, მაგრამ იმავდროულად ნაშთსაც იტოვებს, რათა ჩაკეტილობა კვლავ აღორძინდეს. გახსნას შეუძლია გაიმარჯვოს კიდეც, მაგრამ იმწამსვე ჩაკეტილობა ბოლო ძალისხმევას მიმართავს და საკმაოდ მარჯვედ გარდაქმნის გახსნას მისტიფიკაციად, რის შედეგადაც იმარჯვებს კიდეც... საქმე ისაა, სურს თუ არა ადამიანს უღრმესი აზრით შეიცნოს ჭეშმარიტება, სურს თუ არა მთლიანად განიმსჭვალოს მისით, მიიღოს მისი შედეგები, ხომ არ ინახავს სადმე თავშესაფარს, ხომ არ ამჯობინებს მისი შედეგებისადმი იუდას კოცნას“.
ნამდვილი ნიშანი დემონური ადამიანისა, რომელიც მიბმულია თავის შემთხვევით თვითობაზე როგორც აბსოლუტურზე, არის ის, რომ მისთვის უკვე აღარაფერია სერიოზული. კირკეგორს მოჰყავს მაკბეტის სიტყვები (თქმული მეფის მკვლელობის შემდეგ): „ამიერიდან ჩემთვის ცხოვრებაში აღარაფერია სერიოზული“. სერიოზულობის წინაპირობა ისაა, რომ ადამიანი მარადიულისკენ ეგზისტირებს. „სერიოზულობა ამ გაგებით თვით პიროვნებას აღნიშნავს. ეს მისი ყველაზე უტყუარი საზომიცაა. ვისაც სურს შეისწავლოს დემონური, უნდა დააკვირდეს, როგორ მიიწვდომება მარადიული ინდივიდში... ადამიანები უარყოფენ მარადიულს ადამიანში, განმარტავენ მარადიულს მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქტულად, ფანტასმაგორიულად აბამენ დროში და სხვა“. ასეთ შემთხვევებში „მარადისობა არ სურთ გაიაზრონ სერიოზულად, მისი ეშინიათ, შიში კი ათასგვარ ხრიკს მიმართავს. დემონურობაც ზუსტად ეს არის“.
კომენტარები:
[1] შდრ. ჰეგელი: ის რასაც „კომფორტს“ უწოდებენ, დაუსაზღვრავია და უძირო. სინამდვილეში ესაა სწორედ დისკომფორტის წყარო – რაკიღა მეტი კომფორტისაკენ მისწრაფება სულაც არაა უშუალოდ შინაგანი სურვილით განპირობებული; ამისკენ ისინი გიბიძგებენ, ვინც ცდილობენ, სარგებელი ნახონ აქედან.
[2] შდრ. ფრაგმენტი ნ. ბერდიაევის წიგნიდან ლეონ ბლუას შესახებ: ლეონ ბლუასთვის ბურჟუას მთელი ეკონომიკა არის თეოლოგია, პირუკუ თეოლოგია. „არასოდეს არც მექსიკურ და არც პაპუასურ კერპს არ მოუთხოვია ასეთი საშინელი მსხვერპლი. თავისი ბუნებით ბურჟუა – სამოთხის გამანადგურებელია. როცა ლამაზ ადგილს შენიშნავს, ოცნებობს, გაკაფოს ხეები, ამოაშროს წყაროები, გაიყვანოს გზები, გამართოს დუქნები და... ამას უწოდებს „საქმის დაწყებას“.
[3] შდრ. ჰეგელის ღრმააზროვანი გამონათქვამი: უბედური ცნობიერება საკუთარ თავს პოულობს ყოველთვის ან სურვილით ატანილს, ან მომუშავეს.
[4] შდრ: ნ. ბერდიაევი: დრო მარადისობის გარეშე მარადისობისაგან განდგომაა; მასთან ერთად კი მარადისობის მომენტია და ამიტომაც აქვს აზრი. იხ. ბაჩანა ბრეგვაძე, დრო და მარადისობა, გვ. 87.
[5] ნეტარი ავგუსტინეს პოზიცია არსებითად განსხვავებულია: მსურს შევიცნო ღმერთი და სული. – და მეტი არაფერი? – სრულიად არაფერი.
[6] ამ ლაბირინთიდან ლეონ ბლუა ასეთ გამოსავალს გვთავაზობს: უნდა ვილოცოთ. ყოველივე დანარჩენი ამაოება და სიბრიყვეა. უნდა ვილოცოთ, რათა ავიტანოთ ამ ქვეყნის სისაძაგლე. უნდა ვილოცოთ, რათა წმინდა ვიყოთ. უნდა ვილოცოთ, რომ ლოდინი შევძლოთ. არ არსებობს არც სასოწარკვეთა, არც შავი ნაღველი ადამიანისთვის, რომელიც ბევრს ლოცულობს.
[7] შდრ. მათე 10, 39: ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.
თარგმნა და კომენტარები დაურთო დავით შერგელაშვილმა.