-
-
მოგვწერეთ
ბოდლერის მდგომარეობა
ბოდლერი დიდების ზენიტშია. „ბოროტების ყვავილთა“ ეს პატარა ტომი, რომელიც სამას გვერდსაც კი არ შეიცავს, პოეზიის მცოდნეთა აზრით, არაერთსა და ორ ყველაზე მნიშვნელოვანსა და ყველაზე ვრცელ პოეტურ ქმნილებას აიწონის. ის თარგმნილია თითქმის ყველა ევროპულ ენაზე. ამ ფაქტზე მე საგანგებოდ შევჩერდები ერთის წუთით, რადგან, ვფიქრობ, ის უმაგალითოა ფრანგული ლიტერატურის ისტორიაში.
ფრანგ პოეტებს, საერთოდ, ცუდად იცნობენ და ცუდად აფასებენ საზღვარგარეთ. უცხოელები უფრო თამამად და თავისუფლად აღიარებენ ფრანგული პროზის პრიმატს; მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენს პოეტურ ძალმოსილებას, მის შეფასებაში ისინი დიდ სიფრთხილეს და სიძუნწეს იჩენენ. მწყობრი წესრიგი და ერთგვარი სიმკაცრე, რომელიც ჩვენს ენაში XVII საუკუნის შემდეგ ბატონობს, ჩვენი თავისებური აქცენტუაცია, ჩვენი მოქნილი პროსოდია, ჩვენი სწრაფვა სისადავისა და უშუალო სიცხადისაკენ, ჩვენი შიში ყოველივე გაზვიადებულისა თუ უცნაურის მიმართ, ჩვენი სულის ექსპრესულობა და მისი აბსტრაქტული ტენდენცია, — აი, რამ განაპირობა ფრანგული პოეზიის სპეციფიკა, რომელიც ასე ძლიერ განსხვავდება ყოველივე იმისაგან, რაც სხვა ხალხების პოეზიას ახასიათებს, და რომელიც მას თითქმის მიუწვდომელს ხდის მათი აღქმისათვის. ლაფონტენი უცხოელებს უფერული ეჩვენებათ, რასინი — მოუხელთებელი. მისი ჰარმონია მეტისმეტად ნატიფია, მისი ნახატი — მეტისმეტად ფაქიზი, მისი მეტყველება — მეტისმეტად დახვეწილი და ნიუანსებით მეტისმეტად მდიდარი, რათა საგრძნობი და მისაწვდომი შეიქმნეს მისთვის, ვინც ინტიმურად და სრულყოფილად არ ფლობს ფრანგულ ენას.
თვით ვიქტორ ჰიუგომაც კი მხოლოდ თავისი რომანების წყალობით მოიხვეჭა პოპულარობა საფრანგეთს გარეთ.
მაგრამ ბოდლერთან ერთად ფრანგული პოეზია, ბოლოს და ბოლოს, გასცდა ნაციის ფარგლებს. მან აიძულა მსოფლიო, ეკითხა და ესწავლა იგი. ის თავს ეხვევა ყველას, როგორც თანადროულობის პოეზია; ის მისაბაძ ნიმუშად იქცევა და კეთილისმყოფელ ზემოქმედებას ახდენს არა ერთსა და ორ მაღალ სულზე. ისეთი პოეტები, როგორიც არიან სუინბერნი, გაბრიელე დ'ანუნციო ან სტეფან გეორგე, ნათლად მოწმობენ ბოდლერის გავლენას საზღვარგარეთ.
მაშასადამე, მე უფლება მაქვს ვთქვა, რომ, თუ ფრანგულ პოეზიაში, შესაძლოა, კიდევაც მოიძებნოს ვინმე ბოდლერზე უფრო დიდი და უფრო მძლავრი პოეტური ნიჭით ცხებული, სამაგიეროდ არავინაა მასზე უფრო მნიშვნელოვანი.
რას ემყარება ეს უცნაური მნიშვნელობა? როგორ მოხდა, რომ ისეთმა თავისებურმა და ყოველგვარი საშუალო დონისაგან ისე რიგად დაშორებულმა კაცმა, როგორიც ბოდლერი იყო, შესძლო ასეთი ფართო მოძრაობა გამოეწვია?
ეს საყოველთაო სიკვდილშემდგომი აღიარება, ეს სულიერი ნაყოფიერება, ეს ჭეშმარიტი აპოთეოზი განპირობებული უნდა იყოს არა მარტო მისი, როგორც პოეტის პირადი დამსახურებით, არამედ ზოგიერთი განსაკუთრებული გარემოებითაც. ამ გარემოებათა რიცხვს უნდა მიეკუთვნოს კრიტიკული სულისა და პოეტური ნიჭის ურთიერთშერწყმა. ამ იშვიათ კავშირს უნდა უმადლოდეს ბოდლერი თავის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას. ის, დაბადებით, მგრძნობიარე და სიზუსტის მოყვარული იყო. სწორედ ეს მგრძნობელობა აიძულებდა მას უზუსტესი კვლევა-ძიებისათვის მიემართა პოეტური ფორმის სრულყოფის მიზნით. მაგრამ ყველა ამ ღირსების წყალობით ბოდლერისგან შეიძლება მხოლოდ გოტიეს მეტოქე ან პარნასის ერთი ბურჯთაგანი გამოსულიყო, თუ მის დაუცხრომელ ცნობისწადილს იგი ედგარ პოს ქმნილებებში ახალი ინტელექტუალური სამყაროს აღმოჩენამდე არ მიეყვანა. სინათლის დემონი, ანალიზის გენია, უახლესი და უმაცთურესი კომბინაციების ავტორი, რომელიც ლოგიკას ორგანულად უხამებს და უკავშირებს ფანტაზიას, ხოლო მისტიციზმს — მკაცრ რაციონალიზმს, განსაკუთრებულობათა ფსიქოლოგი, ლიტერატურის ინჟინერი, რომელიც აღრმავებს და ახლებურად იყენებს ხელოვნების შესაძლებლობებს, — აი, რა დაინახა, რამ მოხიბლა ის ედგარ პოში. ამდენმა ორიგინალურმა პერსპექტივამ და ამდენმა არაჩვეულებრივმა შესაძლებლობამ საბოლოოდ მოაჯადოვეს იგი. მისმა ტალანტმა სრული სახეცვლილება განიცადა, სასწაულებრივად შეიცვალა მისი ბედიც.
ქვემოთ მე კვლავ მივუბრუნდები ამ ორი სულის მაგიური ურთიერთშეხების შედეგს.
ახლა კი უნდა განვიხილოთ ბოდლერის სულიერი ფორმირების მეორე განსაკუთრებული გარემოება. იმ მომენტისათვის, როცა იგი სიმწიფის ასაკს მიაღწევს, რომანტიზმი თავის აპოგეაში იმყოფება, ბრწყინვალე თაობა მბრძანებლობს სალიტერატურო ასპარეზზე: ლამარტინი, ჰიუგო, მიუსე, ვინი — ჟამის ბატონ-პატრონნი.
წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ახალგაზრდა კაცის ადგილას, რომელმაც 1840 წელს იმ ასაკს მიაღწია, როცა კალამს ჰკიდებენ ხელს. ის აღზრდილია იმათ წიგნებზე, ვის შემუსვრასაც მბრძანებლური ტონით ჰკარნახობს მისი ინსტინქტი, მისი ლიტერატურული არსებობა; მათ მიერ გამოწვეული, მათი დიდებით წაქეზებული და მათი ნაწარმოებებით განპირობებული, ყოველივე ამის მიუხედავად, აიძულებს ბოდლერს უარყოს, დაამხოს და შეცვალოს ეს კაცნი, რომელნიც, მისი აზრით, ავსებენ ლიტერატურული დიდების მთელ სივრცეს და, ამრიგად, ერთი — ფორმის, მეორე — გრძნობების, მესამე — მხატვრულობის, ხოლო მეოთხე — სიღრმის სამყაროთა კარს უხშობენ მას.
ის იძულებულია, რადაც უნდა დაუჯდეს, გამოეყოს ამ დიდ პოეტთა ხომლს, რომელნიც თითქოს საბედისწერო შემთხვევითობას შეუყრია ერთად და რომელთაგან თვითეული შემოქმედებითი სიმწიფის ასაკშია.
ამრიგად, ბოდლერის პრობლემა შეიძლება ასე დაისვას: „მე უნდა გავხდე დიდი პოეტი, მაგრამ არა ლამარტინი, არა ჰიუგო, არა მიუსე“. მე არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ეს გადაწყვეტილება გაცნობიერებული იყო, მაგრამ ის არსებითად ბოდლერისეულია, ის თვით ბოდლერია, მას სხვაგვარად ვერ წარმოედგინა თავისი არსებობა. შემოქმედების, ანუ, რაც იგივეა, სიამაყის სფეროში საკუთარი ადგილის პოვნა განუყოფელია თვით არსებობისაგან. „ბოროტების ყვავილთა“ წინასიტყვაობის პროექტში ბოდლერი წერს:
„დიდმა პოეტებმა დიდი ხანია ერთმანეთში გაინაწილეს პოეტური სამეფოს ყველაზე აყვავებული პროვინციები და ა. შ... ამიტომ მე სხვა გზას ვირჩევ“.
მოკლედ რომ ვთქვათ, ის იძულებულია თავისი სულიერი მდგომარეობითა და თავისი მონაცემებით სულ უფრო და უფრო აშკარად დაუპირისპირდეს იმ სისტემას თუ უსისტემობას, რომელსაც რომანტიზმი ჰქვია.
მე არ შევუდგები ამ ტერმინის განსაზღვრას, რადგან ამისათვის საჭიროა არ გაგაჩნდეს სიზუსტისა და ზომიერების გრძნობა. მე მინდა მხოლოდ შეძლებისდაგვარად აღვადგინო ჩვენი პოეტის ზოგიერთი ყველაზე ზუსტი ინტუიტური რეაქცია ე. წ. „თვითდამკვიდრების პერიოდში“, როცა მან პირველად შეხედა მცდელი თვალით თავისი დროის ლიტერატურას. ჩვენ უფლება გვაქვს და, ასე გასინჯეთ, ადვილადაც შეგვიძლია ბოდლერის მაშინდელი შთაბეჭდილების რეკონსტრუქცია. დროის მსვლელობის, ლიტერატურულ მოვლენათა შემდგომი განვითარების, თვითონ ბოდლერის, მისი შემოქმედებისა და ამ შემოქმედების ბედის წყალობით, ჩვენ ხელთა გვაქვს მარტივი და საკმაოდ სანდო საშუალება, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ერთგვარად მაინც დავაზუსტოთ ჩვენი უცილობლად ბუნდოვანი, ხან საყოველთაოდ აღიარებული, ხანაც თვითნებური წარმოდგენა რომანტიზმზე. ეს საშუალება არის დაკვირვება იმაზე, რამაც რომანტიზმი შეცვალა. და არა მარტო შეცვალა, კიდევაც გარდაქმნა, შეასწორა ის და მისი შინაგანი წინააღმდეგობანი გამოავლინა, რათა ბოლოს თვითონ დაეკავებინა მისი ადგილი. საკმარისია განვიხილოთ ის მოძრაობანი და მიმდინარეობანი, რომელთაც რომანტიზმის შემდეგ და რომანტიზმის საპირისპიროდ იჩინეს თავი და რომელნიც თავისთავად, ავტომატურად იძლევიან ზუსტ პასუხს იმაზე, თუ რას წარმოადგენდა იგი. ამ კუთხით დანახული რომანტიზმი იყო ის, რასაც უარყოფდა ნატურალიზმი და რის წინააღმდეგ საბრძოლველადაც ჩამოყალიბდა პარნასი: რომანტიზმი იყო ისიც, რამაც განაპირობა ბოდლერის თავისებური მიმართულება და თითქმის ამავდროულად აიმხედრა სრულქმნილების ნება-სურვილიც. — მისტიციზმი ფორმულისა „ხელოვნება ხელოვნებისთვის“, — საგნებზე ობიექტური დაკვირვებისა და მათი უპიროვნო ასახვის მოთხოვნილება, ერთი სიტყვით, უფრო მყარი სუბსტანციისა და უფრო დახვეწილი, უფრო წმინდა ფორმისკენ სწრაფვა. ვერაფერი ვერ აგვიხსნის უფრო უკეთ რომანტიკოსებს, ვიდრე მათი მემკვიდრეების პროგრამებისა თუ ტენდენციების ერთობლიობა.
შესაძლოა, რომანტიზმის მანკიერებანი მხოლოდ ზედმეტი თვითრწმენის ექსცესებად უნდა მიგვაჩნდეს? ნოვატორობათა სიჭაბუკე მეტისმეტად თვითდაჯერებულია. სიბრძნე, სიზუსტე და, ბოლოს, სრულქმნილებაც მხოლოდ ძალთა ეკონომიის მომენტში იჩენენ თავს.
ასეა თუ ისე, დაეჭვების ერა ბოდლერის სიჭაბუკის დროიდან იწყება. გოტიე უკვე დრტვინავს და ილაშქრებს ფორმის უგულებელყოფის, ენის გაღატაკებისა და დანაგვიანების წინააღმდეგ. მალე სენტ-ბევის, ფლობერის, ლეკონტ დე ლილის ძალისხმევა წინ აღუდგება ეგზალტირებულ სიმჩატეს და სიმსუბუქეს, სტილისტურ უმწეობას, მიამიტობისა და ჟინიანობის ყველა უკიდურესობას... პარნასელები და რეალისტები არ უფრთხიან გარეგნული დაძაბულობის, გრძნობათა სიუხვის, ორატორული ბრწყინვალების დაკარგვას, რასაც ისინი სიღრმით, სიმართლით, ტექნიკური და ინტელექტუალური დახვეწილობის ხარისხით ინაზღაურებენ.
დასასრულ, დასკვნის სახით, მე ვიტყოდი, რომ რომანტიზმის ადგილზე ამ სხვადასხვა „სკოლების“ აღმოცენება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სპონტანური ქმედითობის შეგნებული, გაცნობიერებული ქმედითობით შეცვლა.
რომანტიკული ქმნილებანი, საერთოდ, საკმაოდ ცუდად იტანენ დახვეწილი და განათლებული მკითხველის აუჩქარებელ, გამჭრიახ და კრიტიკულ თვალს.
ასეთი მკითხველი იყო ბოდლერი. მას ჰქონდა ერთი უდიდესი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ სასიცოცხლო ინტერესი, — გამოეჩხრიკა, გამოევლინა და გაეზვიადებინა რომანტიზმის ყველა ზადი თუ ხარვეზი და გამოწვლილვით განეხილა ისინი რომანტიზმის ქმნილებებსა თუ მისი უდიდესი წარმომადგენლების სულში. რომანტიზმი თავის აპოგეაშია, — შეეძლო ეთქვა მას თავისი თავისათვის, — მაშასადამე, მისი აღსასრული ახლოა; დიახ, მას შეეძლო ისეთი თვალით ეცქირა ღმერთებისა თუ ნახევარღმერთებისათვის, როგორითაც 1807 წელს ტალეირანი და მეტერნიხი უცქერდნენ სამყაროს მბრძანებელს...
ბოდლერი აკვირდებოდა ვიქტორ ჰიუგოს. არც ისე ძნელი მისახვედრია, რას ფიქრობდა იგი თავის დიდ წინამორბედზე. ჰიუგო მეფე იყო: მან უკან ჩამოიტოვა ლამარტინი შეუდარებლად უფრო მძლავრი და უფრო ზუსტი მატერიალურობით. მისი ლექსიკური სიმდიდრე, მისი რიტმული მრავალფეროვნება და სახეთა უჩვეულო სიუხვე პირდაპირ სრესდნენ ყველა მეტოქეს. მაგრამ მისი შემოქმედება არც თუ ისე იშვიათად უხდიდა ხარკს ვულგარულობას და პროფეტული მჭერმეტყველებისა თუ დაუსრულებელი აპოსტროფების ქაოსში ინთქმებოდა ხოლმე. ის ეკოკოტებოდა ბრბოს და ეპაექრებოდა ღმერთს. მისი ფილოსოფიის სიმარტივე, კონსტრუქციების დისპროპორციულობა და არათანმიმდევრულობა, მკვეთრად გამოხატული წინააღმდეგობანი, ერთის მხრივ, დეტალთა ბრწყინვალებისა და მეორეს მხრივ, მტკიცების სიმყიფესა თუ მთელის უმტკიცობას შორის, მოკლედ, ყველაფერი, რასაც შეეძლო გაეოგნებინა და, მაშასადამე, კიდევაც განესწავლა და ხელოვნებაში თავისი საკუთარი გზების ძიებისკენ მიექცია ახალგაზრდა, შეუბრალებელი დამკვირვებელი, — ბოდლერს საგულდაგულოდ უნდა ჩაენიშნა და ამ აღფრთოვანებისაგან, რასაც მასში ჰიუგოს სასწაულთმოქმედი ნიჭიერება იწვევდა, საბოლოოდ გამოეყო მისი შემოქმედების ყველა მანკიერი და სუსტი მხარე, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვითდამკვიდრებისა და სახელის მოხვეჭის ყველა შესაძლებლობა, რასაც ეს დიდი ხელოვანი უტოვებდა სხვებს.
თუ ჩვენ მივმართავთ ერთგვარ ცბიერებას და უფრო მეტ შემპარაობას, ვიდრე ჯერარს, შესაძლოა თავი ვერ დავაღწიოთ მომხიბლავ ცთუნებას: ერთმანეთს დავუახლოვოთ ვიქტორ ჰიუგოსა და ბოდლერის პოეზია, რათა ეს უკანასკნელი პირველის უშუალო დამატებად წარმოვიდგინოთ. არ დავიჟინებ, ისედაც ცხადია, რომ ბოდლერი ეძებდა იმას, რაც ბოლომდე არ მიიყვანა ვიქტორ ჰიუგომ; რომ ის თავს არიდებდა ყველა ეფექტს, სადაც ვიქტორ ჰიუგო უძლეველი იყო; რომ ის მიუბრუნდა ნაკლებ თავისუფალსა და პროზისაგან შეგნებულად დაშორებულ პროსოდიას; რომ ის ცდილობდა და თითქმის ყოველთვის ახერხებდა გადმოეცა დაოკებული ხიბლის შეგრძნება. ზოგიერთი ლექსის ეს ფასდაუდებელი და თითქოს ტრანსცენდენტური თვისება, რომელიც სუფთა სახით ესოდენ იშვიათად გვხვდება ვიქტორ ჰიუგოს უზარმაზარ შემოქმედებაში.
თუმცა ბოდლერი არ იცნობდა, ან ცუდად იცნობდა უკანასკნელი პერიოდის, უკიდურესი შეცდომებისა და უმაღლეს მშვენებათა პერიოდის ვიქტორ ჰიუგოს: „საუკუნეთა ლეგენდა“ „ბოროტების ყვავილების“ გამოცემიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. რაც შეეხება ჰიუგოს ბოლო ქმნილებებს, ისინი ბოდლერის სიკვდილის შემდეგაც დიდხანს არ გამოქვეყნებულან. ტექნიკური სრულყოფილების მხრივ მე მათ შეუდარებლად უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე ჰიუგოს ყველა სხვა ლექსს. აქ არც ადგილია, — და არც დრო მაქვს ამ თვალსაზრისის დასასაბუთებლად. მე მხოლოდ გაკვრით შევეხები მთავარი თემიდან შესაძლებელ გადახვევას. ვიქტორ ჰიუგოში, უპირველეს ყოვლისა, მე მაცვიფრებს უებრო სასიცოცხლო ძალმოსილება. სასიცოცხლო ძალმოსილება ნიშნავს დღეგრძელობისა და შრომისმოყვარეობის ურთიერთშერწყმას; შრომისმოყვარეობაზე გამრავლებულ დღეგრძელობას. სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს არაჩვეულებრივი კაცი ყოველდღიურად თავაუღებლივ მუშაობს ხუთ საათს, დილიდან შუადღემდე. ის გამუდმებით იწვევს არსებობისათვის სიტყვათა ჰარმონიულ ნაერთებს, მიილტვის მათკენ, მოთმინებით ელის მათ გაღვიძებას და გამოძახილს. ის ქმნის ასსა თუ ორასი ათას ლექსს და ამ დაუცხრომელი გულმოდგინების წყალობით აზროვნების განსაკუთრებულ მანერას იძენს, რომელსაც ზერელე კრიტიკოსები, შეძლებისდაგვარად, იწონებენ ან უარყოფენ. მაგრამ ამ გრძელი კარიერის მანძილზე ვიქტორ ჰიუგო გამუდმებით სრულყოფს და ხვეწს თავის ხელოვნებას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ის დღითიდღე სულ უფრო ხშირად სცოდავს სიცხადის წინააღმდეგ, სულ უფრო მეტად ჰკარგავს პროპორციის გრძნობას. ის თავის ლექსებს გაურკვეველი, ბუნდოვანი და თავბრუდამხვევი სიტყვებით ავსებს და ისე ენაწყლიანად, ენადაუშრომლად ლაპარაკობს უფსკრულზე, უსასრულობასა თუ აბსოლუტზე, რომ ეს მონსტრუოზული ტერმინები იმ მოჩვენებით სიღრმესაც კი კარგავენ, რასაც მათ ანიჭებს ჩვევა. და მაინც, რა განსაცვიფრებელი თავისი გაქანებით, შინაგანი მონოლითურობით, ხმიერებითა და სისავსით რაოდენ შეუდარებელი და განუმეორებელი ლექსები შექმნა მან თავისი სიცოცხლის დამლევს! „ბრინჯაოს სიმში“, „ღმერთსა“ და „სატანის აღსასრულში“, ისევე როგორც გოტიეს სიკვდილზე დაწერილ ლექსში, სამოცდაათი წლის პოეტმა, რომელიც მოესწრო ყველა თავისი თანამებრძოლის სიკვდილს, რომელმაც თავისი თვალით იხილა მისგან შობილ პოეტთა მთელი თაობა და კიდევაც ისარგებლა იმ ახალი, ფასდაუდებელი გამოცდილებით, რომლითაც მოწაფე გაამდიდრებდა მასწავლებელს. ამ უკანასკნელს ცოტა მეტს რომ აცლიდეს სიკვდილი, — დიდმა მოხუცმა მიაღწია პოეტური ძალმოსილებისა და ვერსიფიკაციის კეთილშობილი მეცნიერების მწვერვალს.
ჰიუგო სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე წერდა, სწავლობდა. ბოდლერი, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძლივსძლივობით შეადგენს ჰიუგოს დღეგრძელობის ნახევარს, სულ სხვა გზით ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ ის იძულებულია მოახდინოს მისი წილხვდომილი სასიცოცხლო დროის მონაკვეთის სავარაუდო სიმოკლისა და წინასწარ საცნაური უკმარისობის კომპენსირება იმ კრიტიკული ინტელექტუალიზმის გამოყენებით, რომელზეც მე ეს-ესაა ვილაპარაკე. მხოლოდ ოციოდე წელი გაიმეტა განგებამ იმისათვის, რომ „ბოროტების ყვავილთა“ ავტორს საკუთარი სრულქმნილების მწვერვალისათვის მიეღწია, შეეცნო თავისი ხვედრი და განესაზღვრა ის სპეციფიკური ფორმა და მდგომარეობა, რომლებიც განადიდებენ მის სახელს და დავიწყებისაგან დაიფარავენ მას. ბოდლერს არ სცალია და ვერც მოიცლის იმისთვის, რომ თანდათანობით, მრავალრიცხოვანი ცდებისა და ქმნილებათა მრავალფეროვნების გზით ეზიაროს ლიტერატურული კვლევა-ძიების მომხიბლავ მიზნებს. საჭიროა უმოკლესი გზით სიარული, ძიებათა ეკონომია, განმეორებითა და ურთიერთშეუთანხმებელ მცდელობათა თავიდან აცილება: მაშასადამე, საჭიროა, ანალიზის გზით, ეძიო, რა ხარ, რა გსურს, რა შეგიძლია და პოეტის სპონტანურ სიქველეთ შენსავე სულში შეუხამო გამჭრიახობა, სკეპტიციზმი, გულისხმიერება და კრიტიკოსის მჩრეკელი ნიჭი.
აი, სად იღებს ბოდლერი — თუმცაღა არა მარტო წარმომავლობით, გემოვნებითაც რომანტიკოსი, — კლასიკოსის იერს. არსებობს კლასიკოსის განსაზღვრის თუ მისი განსაზღვრულად მიჩნევის ათასი ხერხი. ამჟამად ჩვენ ვიღებთ შემდეგს: კლასიკოსი არის მწერალი, რომელიც თავის თავში ატარებს კრიტიკოსს და ინტიმურად აზიარებს მას თავის შემოქმედებით ძიებებს. ხომ იყო რასინში ბუალო თუ ბუალოს ხატი.
რას ნიშნავდა, არსებითად, რომანტიზმში შერჩევის პრინციპის გატარება და მასში კეთილისა და ბოროტის, ჭეშმარიტისა და ყალბის, ფასეულისა და უფასურის ერთმანეთისაგან გარჩევა, თუ არა XIX საუკუნის პირველი ნახევრის მწერალთა მიმართ იმისვე განმეორებას, რაც ლუი XIV-ის ეპოქამ მოიმოქმედა XVI საუკუნის მწერალთა მიმართ? ყოველგვარი კლასიციზმი უშუალოდ გულისხმობს წინამორბედ რომანტიზმს. ყველა უპირატესობა თუ ნაკლოვანება, რომელსაც „კლასიკურ“ ხელოვნებას მიაწერენ, ამ აქსიომამდე დაიყვანება. კლასიციზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის ყოველთვის შემდეგ გვევლინება. წესრიგი გულისხმობს მის მიერ ანულირებულ უწესრიგობას. კომპოზიცია, ანუ, რაც იგივეა, ხელოვნება, ინტუიციისა და ბუნებრივ განვითარებათა ერთგვარი პირველადი ქაოსის ადგილს იკავებს. სიწმინდე ენის დაუსრულებელი დახვეწის შედეგია, ხოლო ფორმაზე ზრუნვა სხვა არა არის რა, თუ არა გამოსახვის საშუალებათა გულდასმით მოაზრებული რეორგანიზაცია. მაშასადამე, კლასიკა გულისხმობს ვოლუნტარისტულსა და ცნობიერ აქტებს, რომლებიც „ბუნებრივ“ ქმნადობას, მისი მოდიფიკაციის გზით, ადამიანისა და ხელოვნების ნათელსა და გონივრულ კონცეფციას უსადაგებენ. მაგრამ, როგორც მეცნიერების მაგალითიდან ჩანს, ჩვენ მხოლოდ პირობითობათა გარკვეული რაოდენობის გამოყენებით შეგვიძლია გონივრულობის პრინციპი განვახორციელოთ ნაწარმოებში და ამა თუ იმ წესრიგის მიხედვით ავაგოთ იგი. კლასიკური ხელოვნება ამ პირობითობათა სიცხადით, მათი სიწმინდითა და აბსოლუტურობით ცნაურდება ჩვენთვის; სულერთია, საქმე ეხება სამი ერთობის პრინციპს, პროსოდიის პრეცეპტებს თუ ლექსიკურ დასაზღვრულობებს, — ეს გარეგნულად თვითნებური წესები ყოველთვის განაპირობებდნენ მის ძლიერებას თუ მის სისუსტეს. დღეს უკვე ნაკლებად გასაგებნი, ძნელად დასაცავნი და დაკვირვებისთვის თითქმის მთლიანად მიუწვდომელნი, ისინი მაინც შეუმღვრეველი ინტელექტუალური ტკბობის ძველებურ, ღრმა და დახვეწილ პირობათა ურთიერთკავშირისა და თანხმობისაგან იღებენ დასაბამს.
რომანტიზმის გარემოცვაში ბოდლერი ჩვენ მოგვაგონებს რომელიღაც კლასიკოსს, მაგრამ მხოლოდ მოგვაგონებს. ის ახალგაზრდა მოკვდა, და, ეგეც არ იყოს, იმ საზიზღარი შთაბეჭდილების გავლენის ქვეშ ცხოვრობდა, რასაც მის თანამედროვეებზე ძველი, იმპერიისდროინდელი კლასიციზმის უბადრუკი გადმონაშთები ახდენდა. საქმე ეხებოდა არა იმის გაცოცხლებას და აღორძინებას, რაც მოკვდა, არამედ, შესაძლოა, სულ სხვა გზებით იმ სულის კვლავ მიკვლევას, რომელიც უკვე აღარ იყო ამ მკვდარ სხეულში.
რომანტიკოსები უარყოფდნენ ყველაფერს, ან თითქმის ყველაფერს, რაც ცოტად თუ ბევრად მტანჯველ გულისხმიერებასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. ისინი ეძებდნენ შოკირების, დაუოკებელი ლტოლვისა და კონტრასტის ეფექტებს და ნაკლებად იწუხებდნენ თავს ზომიერებაზე, სიმკაცრესა და სიღრმეზე ზრუნვით. მათ აფრთხობდათ აბსტრაქტული აზროვნება და მკაცრი რაციონალიზმი; ეს იგრძნობა არა მარტო მათ ქმნილებებში, არამედ მათ შემოქმედებით შთანაფიქრშიაც, რაც გაცილებით უფრო არსებითია. კაცს შეიძლება ეფიქრა, რომ ფრანგებმა დაივიწყეს თავიანთი ანალიტიკური შესაძლებლობანი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რომანტიკოსები XVIII საუკუნის მიმართ უფრო შეურიგებელნი იყვნენ, ვიდრე XVII საუკუნის მიმართ და ზერელობასა და ზედაპირულობაში განუკითხავად სდებდნენ ბრალს გაცილებით უფრო ღრმად განსწავლულ, ფაქტებისა და იდეების უფრო გულდასმით მჩხრეკელსა თუ სიზუსტითა და ანალიტიკური აზროვნების მასშტაბურობით უფრო მეტად დაინტერესებულ პიროვნებებს, ვიდრე ოდესმე ყოფილან თავად.
მეცნიერების არნახული განვითარების ეპოქაში რომანტიზმი ამჟღავნებდა სულის ანტიმეცნიერულ განწყობილებას. ვნებიანობა და შთაგონება გამუდმებით შეაგონებდნენ თავიანთ თავს, რომ ისინი თვითმკმარნი არიან, და რომ მათთვის ზედმეტია ყველაფერი, მათივე თავის გარდა.
მაგრამ სულ სხვა ცის ქვეშ და სულ სხვა ხალხში, რომელიც მხოლოდ თავისი მატერიალური განვითარებითა და თავისი მომავლის შენებით იყო დაინტერესებული, ჯერ კიდევ სრულ გულგრილობას იჩენდა წარსულისადმი და აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებდა ყოველგვარ ექსპერიმენტს, — ამავე დროს, აღმოჩნდა კაცი, რომელიც ისეთი სიცხადითა და სიღრმეთაწვდომით იკვლევდა სულიერი მოვლენებისა და, მათ შორის, ლიტერატურული შემოქმედების არსს, როგორც არასდროს პოეტური წარმოსახვის ნიჭით ცხებულ არცერთ სხვა სულს არ უკვლევია. ედგარომდე ლიტერატურის პრობლემის კვლევისას არავინ შეხებია მის წანამძღვრებს, არავის დაუყვანია იგი ფსიქოლოგიის პრობლემამდე და არავის მიუყენებია მისთვის ანალიზის მეთოდი, ხოლო ანალიზისას არავის გამოუყენებია უფრო თამამად ლოგიკისა და მექანიკის ყველა ეფექტი. პირველად გაირკვა მხატვრული ნაწარმოებისა და მკითხველის ურთიერთმიმართების საკითხი და პირველადვე გამოცხადდა იგი ხელოვნების პოზიტიურ საფუძვლად. ეს ანალიტიკური მეთოდი — და სწორედ აქ მჟღავნდება მთელი მისი ღირსება და ღირებულება, — თანაბარი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ლიტერატურული შემოქმედების ყველა ჟანრში. იგივე დაკვირვებანი, იგივე განმასხვავებელი ნიშნები, იგივე კვანტიტატური შენიშვნები თამამად შეიძლება მივუყენოთ როგორც მძაფრი განცდებისა და უჩვეულო ავანტურების მოყვარული მკითხველის ფსიქიკაზე ტლანქი ზემოქმედების მოხდენის მიზნით შექმნილ ნაწარმოებებს, ისე ყველაზე დახვეწილი და ნატიფი შინაგანი ორგანიზაციის მქონე პოეტურ ქმნილებებსაც.
როდესაც ვამბობთ, რომ ეს ანალიზი ფასეულია როგორც პროზის, ისე პოეზიის მიმართ, და რომ ის თანაბარი წარმატებით შეგვიძლია მივუყენოთ როგორც წარმოსახვისა და ფანტასტიკის კონსტრუქციებს, ისე სინამდვილის ლიტერატურულ წარმოდგენას და ასახვას, — ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ის უნივერსალურია, ხოლო უნივერსალურის არსებითი ნიშანი მისი ნაყოფიერება გახლავთ. მიაღწიო წერტილს, საიდანაც შეგიძლია დაეუფლო მოქმედების მთელ ასპარეზს, ნიშნავს აუცილებლად მოიცვა აღქმით შესაძლებლობათა მთელი სიმრავლე: სფერონი, რომელნიც უნდა გამოიკვლიო; გზები, რომლებიც უნდა გაკვალო; ტერიტორიები, რომლებიც უნდა აითვისო; ნაგებობანი, რომლებიც უნდა ააგო; დამოკიდებულებანი, რომლებიც უნდა დაამყარო; საშუალებანი, რომელთაც უნდა მიმართო. და რა გასაკვირია, რომ ედგარ პო, რომელიც ესოდენ უნივერსალურ და უტყუარ მეთოდს ფლობდა, არა ერთი და ორი ახალი ჟანრის შემქმნელი, მეცნიერული მოთხრობის, თანამედროვე კოსმოგონიური პოემისა თუ კრიმინალისტური დიქტატიზმით აღბეჭდილი რომანის პირველი ღირსშესანიშნავი ნიმუშების ავტორი და ლიტერატურაში ავადმყოფური ფსიქოლოგიური განცდების დამნერგავი გახდა, და რომ მთელი მისი შემოქმედება ნებისმიერ ფურცელზე ავლენს ისე ღრმა ინტელექტუალიზმსა და მისკენ ლტოლვის ისეთ სიმძაფრეს, რასაც არ იცნობს არცერთი სხვა ლიტერატურული კარიერა.
ეს დიდი კაცი დღეს უკვე სავსებით დავიწყებული იქნებოდა, ბოდლერს რომ მისი ევროპულ ლიტერატურაში შემოყვანა არ დაესახა მიზნად. ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ პოს მსოფლიო დიდება სუსტია ან საეჭვოა მხოლოდ მის სამშობლოში და ინგლისში. საოცარი კია, რომ ამ ანგლო-საქს პოეტს ცუდად იცნობენ მისი თვისტომნი.
მეორე შენიშვნა: ბოდლერი და ედგარ პო ერთმანეთს უცვლიან ფასეულობებს, ერთი მეორეს სთავაზობს იმას, რაც აქვს და მისგან იღებს იმას, რაც თავად არ გააჩნია. ერთი მათგანი მეორეს აძლევს ახალი და ღრმა აზრების მთელ სისტემას. ის არა მარტო ამდიდრებს და ანაყოფიერებს მას, არამედ კიდევაც განაპირობებს მის შეხედულებებს არაერთსა და ორ საკითხზე: კომპოზიციის ფილოსოფია, ხელოვნურობისა და მოდერნიზმის გააზრება-გაზიარებისა თუ უარყოფის თეორია, გამონაკლისისა და ერთგვარი უჩვეულობის მნიშვნელობა, არისტოკრატიული მანერა, მისტიციზმი, ელეგანტურობისა თუ სიზუსტის გრძნობა და თვით პოლიტიკური ალღო. ყველაფერი ეს განწონის, შთააგონებს, აღრმავებს ბოდლერს.
მაგრამ ყველა ამ სიკეთის სანაცვლოდ, ბოდლერი უსასრულო ვრცეულობას ანიჭებს და მომავალს აზიარებს ედგარ პოს აზრს. რა არის ეს ვრცეულობა, რომელიც, მალარმეს ბრწყინვალე ლექსისა არ იყოს, თავისსავე თავში ცვლის პოეტს? ესაა ბოდლერის ღვაწლი, ბოდლერის თარგმანი, ბოდლერის წინასიტყვაობა, რომლებიც მთლიანად ავლენენ ამერიკელ პოეტს და საწყალობელ პოს ჩრდილქვეშ უმკვიდრებენ მის კუთვნილ ადგილს.
მე არ მოვყვები ყოველივე იმის განხილვას, რასაც ამ ჯადოქარ გამომგონებელს უნდა უმადლოდეს ლიტერატურა. სულერთია, ვის ვიგულისხმებთ — ჟიულ ვერნს და მის მეტოქეებს, გაბორიოს და მის მსგავსთ, თუ — უფრო მაღალ ჟანრში — ვილიე დე ლილ-ადანისა ან დოსტოევსკის ქმნილებებს, — ჩვენთვის აშკარაა, რომ „გორდონ პიმის თავგადასავალი“, „მორგის ქუჩის საიდუმლოება“, „ლიგეია“ თუ „მამხილებელი გული“ თვითეული მათგანისათვის რჩებოდა არაერთგზის მისაბაძ ნიმუშად და ყოველმხრივ შესწავლის საგნად, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ აღემატა.
მე ჩემს წინაშე ვსვამ მხოლოდ ასეთ კითხვას: რა მნიშვნელობა ჰქონდა ბოდლერისა და, უფრო ზოგადად, მთელი ფრანგული პოეზიისათვის ედგარ პოს ქმნილებების აღმოჩენას?
„ბოროტების ყვავილთა“ ზოგიერთი ლექსი ედგარ პოს ქმნილებებიდან სესხულობს მათ სენსუალიზმს და სუბსტანციას. აქა-იქ შეხვდებით სტრიქონებს, რომლებიც პოდან გადმოღებული ეგონება კაცს; მაგრამ მე გვერდს ავუვლი სესხების ყველა ამ კერძო შემთხვევას, რომელთა მნიშვნელობა, გარკვეული აზრით, პირწმინდად ლოკალურია.
აღვნიშნავ მხოლოდ არსებითს, ე. ი. მხოლოდ იმ აზრს, რომელიც პომ შეიმუშავა პოეზიაზე. პოს კონცეფცია, რომელიც მის სხვადასხვა წერილებშია ჩამოყალიბებული, ბოდლერის იდეებისა და ხელოვნების მოდიფიკაციის უმთავრეს ფაქტორად იქცა.
გადამუშავება, რომელიც კომპოზიციის ამ თეორიამ განიცადა ბოდლერის სულში, გაკვეთილი, რომელიც მან მისცა ფრანგ პოეტს, განვითარება, რომელიც მან ჰპოვა თავისი ინტელექტუალური მემკვიდრის ნააზრევში და, განსაკუთრებით, მისი უდიდესი თავისთავადი ფასეულობა, — გვავალდებულებენ მცირე ხნით მაინც შევჩერდეთ მასზე.
არ დავმალავ იმას, რომ ედგარ პოს აზრები თავიანთი არსით უკავშირდებიან გარკვეულ მეტაფიზიკას, რომელიც მან თავისთვის შეიმუშავა. და თუმცა ეს მეტაფიზიკა თავისი ნებით წარმართავს და განაპირობებს ზემოხსენებულ თეორიებს, მაგრამ როდი განწონის მათ. ის ბადებს მათ და ხსნის კიდეც მათ დაბადებას, მაგრამ არ შედის მათში შემადგენელი ნაწილის სახით.
ედგარ პოს შეხედულებანი პოეზიაზე ჩამოყალიბებულია რამდენიმე ესსეში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანს (და საკუთრივ ინგლისური ლექსის ტექნიკის ყველაზე მეტად უგულვებელმყოფელს) ასეთი სათაური აქვს: „პოეტური პრინციპი“ (The Poetic Principle).
ამ ნაშრომმა ისე გაიტაცა ბოდლერი და ისეთი მძლავრი ზემოქმედება მოახდინა მასზე, რომ მან პოს ესსეს შინაარსი და არა მარტო შინაარსი, ასე გასინჯეთ, თვით ფორმაც კი, თავის პირად საკუთრებად, პირად სიკეთედ მიიჩნია.
ადამიანს არ შეუძლია არ მიითვისოს ის, რაც, ესოდენი სიზუსტით, პირადად მისთვის შექმნილი ჰგონია და რასაც, თავისდაუნებურად, ის უყურებს როგორც მის მიერ შექმნილს... ის დაუცხრომლად ცდილობს დაეუფლოს იმას, რაც ესოდენ კარგად გამოხატავს მის გულისთქმას და მისწრაფებებს. და თვითონ ენაც, „სიკეთის“ ცნების მეშვეობით, მკვეთრად როდი გამიჯნავს ერთმანეთისაგან, ერთის მხრივ, იმას, რაც ვიღაცამ ისესხა და სავსებით აკმაყოფილებს მას, ხოლო, მეორეს მხრივ, იმას, რაც ამ ვიღაცის პირად საკუთრებას შეადგენს.
და აი, ბოდლერმა, „პოეტური პრინციპით“ მთელი მისი გატაცების მიუხედავად, — თუ სწორედ ამ გატაცების გამო, — ედგარ პოს ნაწარმოებებში კი არ შეიტანა ამ ესსეს თარგმანი, არამედ „უჩვეულო თავგადასავალთა“ საკუთარი თარგმანის წინასიტყვაობაში ჩართო მისი ყველაზე საინტერესო ნაწილი, მაგრამ ისე კი, რომ აქა-იქ გადააადგილა ფრაზები და რამდენადმე შეცვალა იგი. ამრიგად, ჩვენ საქმე გვექნებოდა აშკარა პლაგიატთან, ავტორს რომ თვითონვე არ დაედასტურებინა ეს ფაქტი; თეოფილ გოტიესადმი მიძღვნილ სტატიაში მან გადაბეჭდა მთელი ნაწყვეტი და საოცრად ნათელი, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი სტრიქონები წაუმძღვარა მას:
„ზოგჯერ ნებადართულია დავიმოწმოთ ჩვენივე თავი, რათა თავი დავაღწიოთ პარაფრაზებს. მაშასადამე, მე ვიმეორებ, რომ“... შემდეგ მოდის ზემოხსენებული ნაწყვეტი.
მაგრამ რას ფიქრობდა ედგარ პო პოეზიაზე?
მე მოკლედ, სულ რამდენიმე სიტყვით გადმოგცემთ მის აზრებს. ის აანალიზებს ლექსის ფსიქოლოგიურ განპირობებულობას და ამ პირობათაგან პირველ ადგილზე აყენებს პოეტურ ქმნილებათა განზომილებაზე დამოკიდებულ ფაქტორებს. პო განსაკუთრებულ, მე ვიტყოდი, პირდაპირ უცნაურ მნიშვნელობას ანიჭებს ნაწარმოებთა სიდიდეს. მეორეს მხრივ, ის იკვლევს თვით ამ ნაწარმოებთა არსს და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გამოჰყოფს არაერთსა და ორ ლექსს, რომელთა პრობლემატიკისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა პროზა. ისტორია, მეცნიერება, მორალი ბევრს ვერაფერს იგებენ სულის ენაზე გადატანისას. დიდაქტიკურ, ისტორიულსა თუ ეთიკურ პოეზიაში, მათი ავტორების მთელი სიდიადისა და ბრწყინვალების მიუხედავად, უცნაური კავშირით ერწყმიან ერთმანეთს დისკურსიული, ანუ ემპირიული შემეცნების მონაცემები და ინტიმური არსის ქმნადობა თუ ემოციური ძალმოსილება.
პომ შეიცნო, რომ თანამედროვე პოეზია უნდა შეესატყვისებოდეს ეპოქის ტენდენციებს, ეპოქისა, რომლის თვალწინ მიმდინარეობს მოქმედების სფეროთა და საშუალებათა სრული დიფერენციაცია, და რომ მას უფლება აქვს პრეტენზიას აცხადებდეს თავისი ჭეშმარიტი არსის გამოვლენასა და მის, ასე ვთქვათ, წმინდა სახით შესწავლაზე.
ასე, პოეტური ვნების გამაპირობებელ ფაქტორთა ანალიზისა და გაცხრილვის გზით მიღწეული აბსოლუტური პოეზიის დეფინიციის მეშვეობით ედგარ პომ დასახა გზა და ჩამოაყალიბა ძალზე მაცთური და მკაცრი დოქტრინა, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა ერთგვარი მათემატიკა და ერთგვარი მისტიკა...
თუ ახლა ჩვენ დავუკვირდებით „ბოროტების ყვავილთა“ ერთობლიობას და ვეცდებით შევადაროთ ეს კრებული მის თანამედროვე სხვა პოეტურ ქმნილებებს, ალბათ, აღარ გაგვაკვირვებს ბოდლერის შემოქმედების აშკარად თვალში საცემი შესატყვისობა ედგარ პოს პოეტურ შეგონებებთან და მისი ასევე აშკარა განსხვავება რომანტიკული ნაწარმოებებისაგან. „ბოროტების ყვავილებში“ ვერ შეხვდებით ვერც ისტორიულ პოემებს და ვერც ლეგენდებს, მოკლედ, თხრობითი ჟანრის ვერავითარ ნატამალს; მასში ამაოდ დაუწყებთ ძებნას ფილოსოფიურ ტირადებს თუ პოლიტიკას. აღწერა ძუნწია და ყოველთვის მნიშვნელოვანი. მაგრამ მათში ყველაფერი — იდუმალი ხიბლია, ყველაფერი — მუსიკა; ყოვლისმძლე და განყენებული გრძნობელობა... დიდებულება, სიუხვე, ფორმა და ვნება.
ბოდლერის საუკეთესო ლექსები ჩვენ გვხიბლავენ სულიერი და ხორციელი ბუნების შერწყმით, ზარ-ზეიმის, ვნებისა და სიმწრის ნაერთით, ნებელობისა და ჰარმონიულობის უიშვიათესი კავშირით, რაც პირწმინდად განასხვავებს მათ როგორც რომანტიკოსების, ისე პარნასელების ქმნილებებისაგან. პარნასი თავს როდი ევლებოდა და ელოლიავებოდა ბოდლერს. ლეკონტ დე ლილი მას უნაყოფობას ესაყვედურებოდა. ის ივიწყებდა, რომ პოეტის ჭეშმარიტი ნაყოფიერება მისი ლექსების რიცხვით კი არა, მათი ზემოქმედების ხანგრძლივობით განისაზღვრება, და რომ ამ ნაყოფიერების ერთადერთი მსაჯული დროა.
და, აი, დღეს, სამოცი წლის შემდეგაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოდლერის ქმნილებათა ერთადერთი მომცრო ტომის გამოძახილი ჯერ კიდევ ავსებს პოეზიის ყველა სფეროს, რომ ის კვლავ ცოცხლობს ჩვენს სულში, რომ შეუძლებელია მისი უგულვებელყოფა და რომ მას ზურგს უმაგრებს მის მიერ არსებობისათვის გამოწვეულ ნაწარმოებთა თვალსაჩინო რაოდენობა, რომელნიც მის მიბაძვებს კი არა, შემდეგდროინდელ განვითარებებს წარმოადგენენ: ამრიგად, სამართლიანობა მოითხოვს, რომ „ბოროტების ყვავილთა“ პატარა კრებულს მიემატოს პირველხარისხოვან ქმნილებათა მთელი წყება და ყველაზე ღრმა, ყველაზე დახვეწილი ცდების ერთობლიობა, რომლებისთვისაც ოდესმე მიუმართავს პოეზიას. „ანტიური პოემებისა“ და „ბარბაროსული პოემების“ გავლენა ნაკლებ მრავალფეროვანი და ნაკლებად მასშტაბური იყო.
და მაინც, უნდა ვაღიაროთ: ეს გავლენა რომ თვით ბოდლერსაც შეეხებოდა, აუცილებლად თავს შეაკავებინებდა ზოგიერთი მეტისმეტად მოშვებული სტრიქონის დაწერისაგან, რომელიც მის წიგნში გვხვდება; მე ყოველთვის განმაცვიფრებს ის ფაქტი, რომ „ჩაფიქრების“ — „ბოროტების ყვავილთა“ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი სონეტის თოთხმეტ სტრიქონში ხუთი თუ ექვსი უდაოდ სუსტია. სამაგიეროდ ამ სონეტის პირველი და ბოლო სტრიქონები ისეთი მაგიური ძალმოსილებით გამოირჩევიან, რომ შუა ნაწილი აბსოლუტურად მოკლებულია თავისი უმწეობის გამოვლენის შესაძლებლობას და ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც არარსებულს. მხოლოდ ძალიან დიდ პოეტს თუ შეუძლია ამგვარი სასწაულის მოხდენა.
ის იყო ვახსენე მომხიბვლელობა, რომ იქვე წარმოვთქვი სიტყვა სასწაული. რა თქმა უნდა, ეს ისეთი ტერმინებია, რომელთა მოხმობისას დიდი სიფრთხილე გვმართებს, როგორც მათი მნიშვნელობის, ისე მათი მეტისმეტად გაიოლებული და გაუმართლებელი ხმარების გამო. მაგრამ მათ შესაცვლელად მე მომიხდებოდა მიმემართა ისეთი რთული და, შესაძლოა იმდენად საეჭვო ანალიზისათვის, რომ, ალბათ, მეპატიებინა, თუ უარს ვიტყვი მასზე და, ამრიგად, დავზოგავ ჩემს თავსაც და ჩემს მკითხველებსაც. ამიტომ მე შემოვიფარგლები ამ ორი ბუნდოვანი სიტყვით და მხოლოდ გაკვრით და გადაკვრით მიგანიშნებთ, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ანალიზი. ჩვენ მოგვიწევდა გვეჩვენებინა, რომ ენა თავის პრაქტიკულსა და უშუალოდ მნიშვნელობის მქონე ნიშანთვისებებთან ერთად შეიცავს ემოციური ზემოქმედების საშუალებებსაც. პოეტის მოვალეობა და დანიშნულებაა გამოავლინოს და აამოქმედოს მოძრაობისა და მოხიბვლის ეს იდუმალი ძალები, აფექტაციისა და ინტელექტუალური გრძნობელობის ეს აღმგზნები ფაქტორები, რომელთა სიწმინდე ჩვეულებრივ მეტყველებაში შერყვნილია ყოველდღიური, ზერელე და ზედაპირული ცხოვრების სიმბოლურ ნიშნებსა თუ საკომუნიკაციო საშუალებებთან შერევით. ამრიგად, პოეტი თავის თავს ალევს, თავის თავს სწირავს ენის ფორმირებას ენაში, მეტყველების კონსტრუირებას მეტყველებაში; და მისი ხანგრძლივი, რთული, უკიდურესად დახვეწილი და დაუსრულებელი ქმედითობა, რომელიც მთელი სისრულით ვერასოდეს ვერ ახორციელებს თავის ჭეშმარიტ მიზანს, — ცდილობს შექმნას სინამდვილეში არსებულ ნებისმიერ ინდივიდზე უფრო წმინდა, უფრო ძლიერი, უფრო ღრმად მოაზროვნე, უფრო ინტენსიური შინაგანი ცხოვრების მქონე და სიტყვის მაგიური ძალმოსილების უკეთ მგრძნობი არსების ენა. ეს უჩვეულო ენა ჩვენთვის ცნაურდება თავისი რიტმულობითა და ჰარმონიულობით, რომლებიც შინაგან მონოლითურობას ანიჭებენ მას და რომლებიც ისე ინტიმურად, მეტიც, — ისე იდუმალად უნდა უკავშირდებოდნენ მის გენეზისს, რომ შეუძლებელი ხდება ბგერისა და აზრის განცალკევება და ისინი ჩვენდა შეუცნობლად ესიტყვებიან ერთმანეთს მეხსიერების სიღრმეში.
ბოდლერის პოეზია თავის უბერებლობას და იმ ძალმოსილებას, რომელსაც ის დღემდე ინარჩუნებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა უმადლოდეს საკუთარი ტემბრის სისავსესა და განსაკუთრებულ სიწმინდეს. ეს ხმა, ხანდახან, მჭევრმეტყველებამდე ეშვება, რაც არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა მთელ იმდროინდელ პოეზიაში, მაგრამ ის მტკიცედ იცავს და ავითარებს თითქმის ყოველთვის მელოდიურ, განსაცვიფრებლად წმინდა ხაზს და აბსოლუტურად უნაკლო ჟღერადობას, რაც ასე რიგად განასხვავებს მას ნებისმიერი პროზისაგან.
ამით ბოდლერმა მტკიცედ გაილაშქრა ყოველგვარი პროზაიზმისაკენ მისწრაფების წინააღმდეგ, რაც ფრანგულ პოეზიაში XVII საუკუნის შუა წლებიდან შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ კაცი, რომელსაც ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ფრანგული პოეზიის მიბრუნებას მისი ჭეშმარიტი არსისა და რაობისაკენ, ამავე დროს არის ერთი იმ პირველ ფრანგ მწერალთაგანი, რომელნიც განსაკუთრებული ვნებიანობით მიელტვოდნენ და სწავლობდნენ მუსიკას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მე ვიხსენიებ „ტანჰოიზერისა“ და „ლოენგრინისადმი“ მიძღვნილ ბრწყინვალე სტატიებში გამოვლენილ ამ ლტოლვას ლიტერატურაზე მუსიკის შემდგომდროინდელ გავლენასთან დაკავშირებით... „ის, რაც შემდეგ სიმბოლიზმის სახელით მოინათლა, სრულიად მარტივად დაიყვანება პოეტთა რამდენიმე ჯგუფის საერთო მისწრაფებამდე, რომელიც მუსიკისაგან მისი ძალმოსილების სესხებას ისახავდა მიზნად“...
ბოდლერის აქტუალური მნიშვნელობის ახსნის ამ ცდისათვის უფრო მეტი სიცხადისა და სრულყოფილების მისანიჭებლად მე უნდა მოგაგონოთ, რას წარმოადგენდა ის, როგორც ფერწერის კრიტიკოსი. ბოდლერი პირადად იცნობდა დელაკრუას და მანეს. მან სცადა შეეფასებინა ენგრისა და მისი მეტოქის თვალსაჩინო დამსახურებანი, ისევე როგორც შესძლო, მათი სრულიად სხვადასხვა „რეალიზმის“ ნიშნით, ერთმანეთისათვის შეედარებინა კურბესა და მანეს ქმნილებანი. ის აღფრთოვანებული იყო დიდი დომიეთი და შთამომავლობა იზიარებს ამ აღფრთოვანებას. შესაძლოა, ის რამდენადმე აზვიადებდა კონსტანტინ გისის მნიშვნელობას... მაგრამ, საერთოდ, თვითეული მისი მოსაზრება, ყოველთვის დასაბუთებული და ფერწერის ყველაზე დახვეწილ და ყველაზე სანდო ანალიზზე დაფუძნებული, დღემდე რჩება მხატვრული კრიტიკის საშინლად მარტივი და, მაშასადამე, საშინლად რთული ჟანრის უმაღლეს ნიმუშად.
მაგრამ ბოდლერის ჭეშმარიტი დიდება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა იმან, რომ მისმა შემოქმედებამ რამდენიმე ძალიან დიდ პოეტს მიანიჭა სიცოცხლე. არც ვერლენი, არც მალარმე და არც რემბო არ იქნებოდნენ ისინი, რაც იყვნენ, „ბოროტების ყვავილები“ რომ არ ეკითხათ გადამწყვეტ ასაკში. ჩვენ ძალდაუტანებლად შეგვეძლო გვეჩვენებინა ამ კრებულის რამდენიმე სონეტი, რომელთა ფორმამ და შთაგონებამ ვერლენის, მალარმეს, თუ რემბოს ზოგიერთი ლექსის შექმნაში მათი პირველსახის როლი ითამაშეს. მაგრამ ეს შესატყვისობა ისე აშკარაა, ხოლო თქვენი ყურადღების დრო ისე მიწურული, რომ მე აღარ გამოვუდგები თვითეულ წვრილმანს. ვიტყვი მხოლოდ, რომ ინტიმურობის გრძნობა და მისტიური მღელვარებისა და სენსუალური გზნების უცნაური, მღვრიე ნაზავი, რამაც შემდგომი განვითარება ჰპოვა ვერლენის პოეზიაში, მოგზაურობის ვნებიანი სიყვარული, სამყაროს მრავალფეროვნებით გამოწვეული მოუთმენლობის მოძრაობა და შეგრძნებებისა და მათი ჰარმონიული რეზონანსის უღრმესი წვდომა, რომლებიც ასეთ ენერგიულობას და ქმედითობას ანიჭებენ რემბოს ხანმოკლე და ბობოქარ შემოქმედებას, — ყველაფერი ეს მკაფიოდ იგრძნობა და ცნაურდება ბოდლერში.
რაც შეეხება სტეფან მალარმეს, ვისი პირველი ლექსებიც შეიძლება „ბოროტების ყვავილთა“ ყველაზე მშვენიერ, ყველაზე სრულყოფილ ლექსებში აერიოს კაცს, — მან შემდგომ განავითარა მათი ყველაზე დახვეწილი ფორმალისტური თუ ტექნიკური მიღწევები, რომელთა სიყვარული და პატივისცემა მას შთაუნერგეს ედგარ პოს ანალიტიკურმა მეთოდმა და ბოდლერის ესსეებმა და კომენტარებმა. თუ ვერლენი და რემბო გრძნობელობისა და შეგრძნებების სფეროში ავითარებენ ბოდლერს, მალარმე სრულყოფილებისა და პოეტური სიწმინდის მხრივ აგრძელებს ბოდლერის ხაზს.
წერილი მალარმეს შესახებ
თქვენ მოისურვეთ, რომ ეტიუდს მალარმეს შესახებ, და თანაც ისე ღრმასა და მოწიწებითა და სიყვარულით სავსეს, როგორც თქვენ ჩაიფიქრეთ და შემდეგ წარმატებითაც შეასხით ხორცი საკუთარ შთანაფიქრს, — მაინც წამძღვარებოდა თქვენი კი არა, სხვისი ხელით დაწერილი რამდენიმე გვერდი, და სწორედ მე მთხოვეთ მათი დაწერა.
მაგრამ, რა უნდა ვთქვა ამ წიგნის ზღურბლზე ისეთი, რასაც ის უკვე არ შეიცავდეს, ან რაც უკვე არ მეთქვას ადრე, ანდა რასაც არ ამბობდეს ყველა უკლებლივ?
შეიძლება თუ არა რაიმე ისეთის თქმა, რის გამოხატვასაც მე თვითონ შევძლებდი გაჭიანურებისა და დაწვრილმანების გარეშე, და რაც პუბლიკის თვალში წმინდა აბსტრაქტულობად არ იქცეოდა, რისი კითხვაც ესოდენ გულისგამაწვრილებელია?
სხვადასხვა შემთხვევის გამო, მე უკვე რამდენჯერ გამოვედი მოგონებებით ჩვენს მალარმეზე; უკვე რამდენიმეჯერ ვცადე აღმედგინა ზოგიერთი მისი შთანაფიქრი და გაკვრით აღმენიშნა მისი სიტყვის რეზონანსთა განსაცვიფრებელი უცვლელობა აზრის სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ამდენმა წელმა განვლო. მაგრამ არა ერთი და ორი სერიოზული მიზეზისა თუ მოსაზრების გამოისობით, მე ყოველთვის თავს ვიკავებდი იმისაგან, რომ დამეწერა თხზულება, რომელიც სათანადოდ და ამომწურავად გააშუქებდა მის ღვაწლს. ჩემთვის სრულიად აშკარაა, რომ თუ ამ განზრახვას განვახორციელებდი, მეტისმეტად ბევრი უნდა მელაპარაკა საკუთარ თავზე. მისი შემოქმედება გაცნობისთანავე, ერთხელ და სამუდამოდ, გამოცხადებულ სასწაულად იქცა ჩემთვის; ძლივს ვასწრებდი მისი აზრის აღქმას, რომ ის უკვე დაუსრულებელი კითხვების იდუმალი ობიექტი ხდებოდა. მან, თავისდაშეუმჩნევლად, იმდენად დიდი როლი ითამაშა ჩემს სულიერ ცხოვრებაში, თვით თავისი არსებობის ფაქტით ფასეულობათა იმნაირი გადაფასება გამოიწვია ჩემში, თავისი უშუალო ქმედითობით იმდენ რამეს მაზიარა, იმდენნაირად განმამტკიცა, მეტიც, იმდენი რამ ამიკრძალა შინაგანად, რომ მე უკვე აღარ შემიძლია ერთმანეთისაგან განვასხვავო ის, რაც იყო მალარმე თავისთავად, და ის, რაც იყო მალარმე ჩემთვის.
არ არსებობს სიტყვა, უფრო ადვილად და უფრო ხშირად რომ გამოჰყავდეს კრიტიკოსის კალამს, ვიდრე სიტყვა გავლენა; მაგრამ არც მასზე ბუნდოვანი ცნება არსებობს ყველა იმ ბუნდოვანებას შორის, რომლებიც ესთეტიკის ილუზორულ აღჭურვილობად გვევლინებიან. თუმცა ჩვენი ქმნილებების შემეცნების პროცესში არა არის რა ისეთი, რაც უფრო ფილოსოფიურად დააინტერესებდა ჩვენს ინტელექტს და უფრო მძაფრად აღუძრავდა მას ანალიზის მოთხოვნილებას, ვიდრე ერთი სულის თანდათანობითი სახეცვალებადობა მეორე სულის შემოქმედებითი ზემოქმედების შედეგად.
ხდება ხოლმე, რომ ერთი კაცის შემოქმედება მეორის არსებაში სრულიად განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს და ისეთ ქმედით შედეგებს იწვევს მასში, რომელთა არა მარტო წინასწარ განჭვრეტა, არამედ ხშირად გამოვლენაც კი შეუძლებელია (სწორედ ამით განსხვავდება გავლენა მიბაძვისაგან). მეორეს მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ეს წარმოებული ქმედითობა არსებით როლს ასრულებს ყველა ჟანრის პროდუქციის შექმნაში. სულერთია, რას ეხება საქმე: მეცნიერებას თუ ხელოვნებას, — დაკვირვება, რომელიც შედეგთა გამოვლენის პროცესებს სწავლობს, გვიჩვენებს, რომ ის, რაც იქმნება, ყოველთვის იმეორებს ან უარყოფს უკვე შექმნილს, ესე იგი, სხვა ტონალობით იმეორებს, წმენდს, განავრცობს, ამარტივებს, ტვირთავს ან გადატვირთავს, ან კიდევ უკუაგდებს, ამოძირკვავს, თავდაყირა აყენებს და უარყოფს მის არსს: მაგრამ სწორედ ამით გულისხმობს და უხილავად იყენებს მას. საპირისპირო ბადებს საპირისპიროს.
ჩვენ ვამბობთ, რომ ავტორი ორიგინალურია, როდესაც არ გაგვეგება რა იმ ფარული სახეცვალებადობებისა, რომლებითაც სხვები ევლინებიან მასში; ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ დამოკიდებულება იმისა, რასაც ის ქმნის — იმისაგან, რაც უკვე შექმნილია, უკიდურესად რთული და თვითნებური რამ არის. ზოგი ნაწარმოები სხვა ნაწარმოებების ასლად გვევლინება, ზოგი უპირისპირდება მათ, და ბოლოს, ზოგის მიმართება ადრინდელი ქმნილებებისადმი იმდენად რთულია, რომ ჩვენ თავგზა გვებნევა და ვამტკიცებთ, რომ ისინი უშუალოდ ღმერთებისგან იღებენ დასაბამს.
(ამ თემის გასაღრმავებლად, საჭირო იქნებოდა გველაპარაკა იმ გავლენაზეც, რასაც სული ახდენს საკუთარ თავზე, ანდა ქმნილება — თავის ავტორზე. მაგრამ აქ ამის ადგილი არ არის).
როდესაც ესა თუ ის ნაწარმოები ანდა მთელი შემოქმედება ყველა თავისი ასპექტით კი არა, მხოლოდ ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანით ახდენს ზემოქმედებას სხვაზე, სწორედ მაშინ იძენს გავლენა თავის ყველაზე თვალსაჩინო ღირებულებას. იშვიათია ისეთი შემთხვევა, როცა ერთი რომელიმე შემოქმედის მთელი ძალმოსილების მეოხებით მეორის ამა თუ იმ თავისებურების განკერძოებული განვითარება უკიდურესი ორიგინალობის წყაროდ არ ქცეულიყოს.
პოლ ვალერი — მარსელ პრუსტი და სხვა ესეები
ამრიგად, მალარმემ, თავის თავში რომ ავითარებდა რომანტიკოსი პოეტებისა და ბოდლერის ზოგიერთ თვისებას, უკვირდებოდა მათში იმას, რამაც ყველაზე დასრულებული გამოხატულება ჰპოვა და თავის ურღვევ კანონად სახავდა ყველა მოცემულ მომენტში მიეღწია იმ შედეგებისათვის, რომლებიც მათთვის იშვიათი, უჩვეულო და თითქოს პირწმინდად შემთხვევითი იყო — ამ დაჟინებით თანმიმდევრული არჩევანის, ამ მკაცრი გამორიცხვის შედეგად თანდათანობით გამოიმუშავა სრულიად თავისებური მანერა, და ბოლოს, სრულიად ახლებური მოძღვრება და ახალი პრობლემები, რომლებიც განსაცვიფრებლად უცხო იყო თვით მისი პოეზიისმიერი თანამოძმეებისა და წინაპრების გრძნობელობისა და აზროვნების მანერისათვის. თავისი წინამორბედების მიამიტურ სწრაფვას, ინსტინქტურსა თუ ტრადიციულ (ანუ ნაკლებად ცნობიერ) ქმედითობას მან შეუცვალა გულდასმით გააზრებული და თავისებური ანალიზის შედეგად მიღწეული ხელოვნური კონცეფცია.
ერთ დღეს მე მას ვუთხარი: „დიდი სწავლულის ბუნება გაქვს-მეთქი“. არ ვიცი, მოეწონა თუ არა ეს კომპლიმენტი, რადგანაც მეცნიერებაზე მას არა ჰქონდა ისეთი წარმოდგენა, რაც საშუალებას მისცემდა პოეზიისათვის შეედარებინა იგი. პირიქით, ის ერთმანეთს უპირისპირებდა მათ. მაგრამ მე არ შემეძლო, ჩემის წარმოდგენით ესოდენ აუცილებელი პარალელი არ გამევლო, ერთის მხრივ, ზუსტი მეცნიერების კონსტრუირებასა და, მეორეს მხრივ, მალარმეს შთანაფიქრს შორის, რაც აშკარად ავლენდა მის განზრახვას, მოეხდინა პოეზიის მთელი სისტემის რეკონსტრუირება საკუთარი მსჯელობის სინატიფითა და სიზუსტით მკვეთრად გამოყოფილი ნათელი, ცხადი და იმ ბუნდოვანი წარმოდგენებისაგან გაწმენდილი ცნებების მეოხებით, რასაც მეტყველების საშუალებათა მრავალფეროვნება იწვევს ხოლმე მწერლობის არსზე დაფიქრებულ კაცთა სულებში.
საკუთარი კონცეფცია აუცილებლობის ძალით აიძულებდა მას გულდასმით განეხილა და ჩამოეყალიბებინა იმ კომბინაციებისაგან ძირეულად განსხვავებული კომბინაციები, რომლებსაც საყოველთაო აღიარება მოჩვენებით სიცხადეს ანიჭებს, ხოლო ჩვევა ისე ადვილად აღსაქმელს ხდის, რომ თითქმის ვეღარც კი ვიაზრებთ მათ. სიბნელე, რომელსაც, ჩვეულებრივ, მიაწერენ მალარმეს, მის მიერ რუდუნებით ნალოლიავები რამდენიმე პრინციპის შედეგია, დაახლოებით ისევე, როგორც მეცნიერების სფეროში ჩვენ ვხედავთ, რომ ლოგიკას, ანალოგიასა და თანმიმდევრობისათვის ზრუნვას ხშირად მივყავართ იმ წარმოდგენებისაგან არსებითად განსხვავებულ წარმოდგენებამდე, რომლებსაც უშუალო შთაბეჭდილება ესოდენ ჩვეულს ხდის ჩვენთვის, თვით იმ გამონათქვამთა ჩათვლით, რომლებიც აშკარად სცილდებიან წარმოსახვის ჩვენეული უნარის ფარგლებს.
ის, რომ მალარმემ, მეცნიერული კულტურისა და ჩვევების გარეშე, შესძლო შეჭრილიყო იმ პრობლემების სიღრმეში, რომლებიც შეიძლება შევადაროთ რიცხვისა და წესრიგის ოსტატთა ცდებს; რომ მან მთელი თავისი ენერგია შეალია გულისა და მარტოსულის უებრო ძალისხმევას; რომ ის მთლიანად დაინთქა თავის აზრებში, მსგავსად იმისა, ვინც აღრმავებს და აწესრიგებს მეცნიერებას და საკუთარ თავში დანთქმული განეშორება კაცთა ფუჭ ფუსფუსს, რათა განეშოროს ზერელობასა და ბუნდოვანებას, — ყოველივე ეს მისი სულის სიმამაცესა და სიღრმეს მოწმობს, იმ შემართებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომლითაც ის მთელი სიცოცხლის მანძილზე ებრძოდა ბედს, საზოგადოებასა და დაცინვებს, მაშინ როდესაც მისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა ოდნავ მაინც მოედრიკა თავისი სიქველე და თავისი ნება, რათა დაუყოვნებლივ წარმოჩენილიყო იმად, რაც იყო — თავისი დროის პირველ პოეტად.
აქვე უნდა დავძინოთ, რომ მისი პირადი, ჩვეულებრივ, ესოდენ ზუსტი შეხედულებების განვითარება შეაფერხა, დაამუხრუჭა და გაართულა იმ ურიცხვმა ბუნდოვანმა იდეამ, რომლებიც დომინანტობდნენ იმდროინდელ ლიტერატურულ სინამდვილეში და რომელთა გავლენას ვერც მან დააღწია თავი. მისმა სულმა, მთელი თავისი სიმარტოვისა და თვითმყოფობის მიუხედავად, მაინც განიცადა ვილიე დე ლილ-ადანის მომხიბლავი და ფანტასტიკური იმპროვიზაციების ზემოქმედება და ის ვერასოდეს განთავისუფლდა ერთგვარი მეტაფიზიკის, მეტიც, ძნელად განსასაზღვრი მისტიციზმის ტყვეობისაგან. მაგრამ თავისი ჭეშმარიტი ბუნების ღირსშესანიშნავი რეაქციის შედეგად, მას არ შეეძლო არ გარდაექმნა და თავისი პირადი ინტელექტუალური სისტემის ნაწილად არ ექცია ეს უცხო თემები; ასე დაუკავშირა მან ისინი თავის უზენაეს აზრს, რომელიც, იმავდროულად, უძვირფასესიც და უინტიმურესიც იყო მისთვის; ასე აღიძრა მისი ნება იმ მიზნის ხორცშესასხმელად, რომ ყოვლისმომცველი მნიშვნელობა, უნივერსალური ღირებულება მიენიჭებინა წერის ხელოვნებისათვის; ასე აღიარა მან, რომ სამყაროს უზენაესი საგანი და მისი არსებობის გამართლება — რამდენადაც მას ამ არსებობას მიაწერენ — ეს არის წიგნი, და მხოლოდ წიგნი.
ჯერ კიდევ საკმაოდ ადრე, ოცი წლის ასაკში, ღრმა და უცნაური სულიერი ფერისცვალების კრიტიკულ მომენტში, მე სულის სიღრმემდე შემძრა და შემაძრწუნა მალარმეს შემოქმედებამ; ეს იყო განცვიფრება, ინტიმური და ანაზდეული გაოგნება, თვალისმომჭრელი სინათლე, ჩემს იმდროინდელ კერპებთან გამოთხოვება. ასე მეგონა, ფანატიკოსი ვხდები-მეთქი. მე ვიგრძენი, რა ელვისებურად შემოიჭრა ჩემში ძლევამოსილი სულიერი დამპყრობელი.
მშვენიერების განსაზღვრა ადვილი საქმეა: მშვენიერი არის ის, რაც სასოწარკვეთაა. მაგრამ უნდა ვაკურთხოთ ამნაირი სასოწარკვეთა, რომელიც ილუზიებისგან გათავისუფლებთ და ნათელს გფენთ. ანუ, როგორც კორნელის ბებერი ჰორაციუსი იტყოდა: „მწედ გიდგათ მხარში“.
მე რამდენიმე ლექსის ავტორი ვიყავი და მიყვარდა ის, რაც უნდა მყვარებოდა პოეზიაში 1889 წელს. „სრულქმნილების“ იდეას ჯერ კიდევ კანონის ძალა ჰქონდა, თუმცა უფრო დახვეწილი აზრით, ვიდრე პლასტიკურობის მეტისმეტად მიამიტური თვალსაზრისია, რომლითაც მას აღიქვამდნენ ოცი წლის წინათ. ჯერ კიდევ ვერავის გაებედა ღირებულება და თანაც, უსასრულო ღირებულება მიეწერა უშუალო, ანაზდეული და გაუთვალისწინებელი — თუმცა რას ვამბობ? — დღევანდელი დღის ნებისმიერი ქმნილებისათვის; ჯერ კიდევ არავის წამოეყენებინა პრინციპი: „მოგება ნებისმიერ შემთხვევაში“; პირიქით, პატივს სცემდნენ ხელსაყრელსა თუ ხელსაყრელად მიჩნეულ შემთხვევებს. ერთი სიტყვით, იმ ხანად პოეზიისაგან მოითხოვდნენ, რომ მას განესახიერებინა იმ იდეის სრულიად საპირისპირო იდეა, რომელსაც დროის დინებამ ცოტა მოგვიანებით მიანიჭა მომხიბვლელობა; რაც უნდა მომხდარიყო კიდეც.
მაგრამ რა ინტელექტუალურ ეფექტს ახდენდა მაშინ ჩვენზე მალარმეს ნებისმიერი, თვით ყველაზე უმნიშვნელო ქმნილებების გაცნობა, და რა მორალურ ეფექტს. იყო რაღაც რელიგიური იმ ეპოქის ატმოსფეროში, როცა ზოგიერთნი თვითონვე იქმნიდნენ სათაყვანებელ კერპს და იმის კულტს, რაც მათ იმდენად მშვენიერი ეჩვენებოდათ, რომ ჭეშმარიტად ზეადამიანური უნდა გვეწოდებინა მისთვის.
„ჰეროდიადა“, „ნაშუადღევი“, „სონეტები“, ჟურნალებში მიკვლეული ფრაგმენტები, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიოდნენ და ამრიგად აერთიანებდნენ მთელს საფრანგეთში მიმოფანტულ ადეპტებს. ძველი დროის ზიარებულთა მსგავსად, რომლებსაც შორეულ მანძილზედაც აერთებდა ოქროს ჭედური ფურცლებისა თუ ფირფიტების გაცვლა-გამოცვლა — ყოველივე ეს ჩვენთვის იყო წარუვალი ტკბობის საუნჯე, ბარბაროსობისა და მკრეხელობისაგან თვითდაცული და თვითდაზღვეული.
ეს უცნაური და თითქოს აბსოლუტური შემოქმედება მაგიური ძალმოსილების საუფლო გახლდათ. თვით თავისი არსებობის ფაქტით ის მოქმედებდა როგორც ხიბლი და როგორც მახვილი. ის ერთი დაკვრით კვეთდა შუაზე წერა-კითხვის მცოდნე კაცთა მთელს მოდგმას. მისი მოჩვენებითი ენიგმურობა მყისიერად აღიზიანებდა მწერლობას ზიარებული ყოველი ინტელექტის სასიცოცხლო კვანძებს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდათ, რომ ის ელვისებურად და აუცდენლად გმირავდა კულტივირებულ ცნობიერებათა ყველაზე მგრძნობიარე წერტილს და აღიზიანებდა თავად იმ ცენტრს, რომელიც იმარხავს და ინახავს თავმოყვარეობის ერთგვარ ჯადოსნურ საგანძურს, სადაც სხალობს ის, რასაც არ შეუძლია შეურიგდეს გაუგებრობას.
ავტორის მარტოოდენ სახელიც კი კმაროდა, რათა უცნაური რეაქციები გამოეწვია ხალხში: გაოგნება, ირონია, ხმამაღალი რისხვა; დროდადრო — გულწრფელი და კომიკური უმწეობის გამოხატულება. მოუხმობდნენ ჩვენს დიდ კლასიკოსებს, რომლებსაც არც კი მოელანდებოდათ, რანაირი პროზითა და რანაირი შელოცვებით გამოიხმობდნენ ოდესმე მათ. სხვები სიცილითა და დამცინავი ღიმილით იოხებდნენ გულს და მყისვე აღწევდნენ (ჩვენი სახის კუნთების ბედნიერი მოძრაობის წყალობით, რაც თავისუფლების სრულ გარანტიას გვთავაზობს) უშუალო უპირატესობას, რომელიც ესოდენ აუცილებელია თვითმკმარი და თავმოყვარე ხალხის უშფოთველი არსებობისთვის. იშვიათია მოკვდავი, რომელსაც არ აღიზიანებდეს ის გარემოება, რომ რაღაცა ვერ გაიგო და რომელიც გულწრფელად აღიარებდეს იმას, როგორც უცხო ენისა თუ ალგებრის არცოდნას აღიარებენ ხოლმე. უიმათოდაც შეიძლება გაძლო!
ამ მოვლენების დამკვირვებელი ტკბებოდა დიდებული კონტრასტით: ერთის მხრივ, ოდესმე არსებულ შემოქმედებათა შორის ყველაზე ღრმად მოფიქრებული, ყველაზე ნებელობისმიერი და ყველაზე ცნობიერი შემოქმედება და, მეორეს მხრივ, მის მიერ გამოწვეული რეფლექსების უსასრულო წყება.
ეს იმიტომ, რომ, როგორც კი მზერა ჩერდებოდა მასზე, ეს სწორუპოვარი შემოქმედება უტევდა და მუსრავდა საყოველდღიურო ენის ძირითად პირობას: „შენ არ წამიკითხავდი, უკვე რომ არ გესმოდე“.
ახლა კი პატარა აღსარებას გეტყვით. მე არ უარვყოფ, მე ვაღიარებ, რომ ყველა ეს პატიოსანი კაცი, რომლებიც პროტესტს აცხადებდნენ, დამცინავად იღიმებოდნენ და ვერ ხედავდნენ იმას, რასაც ვხედავდით ჩვენ — შეიძლება სავსებით გაამართლო. მათი განცდა კანონიერი იყო, არ უნდა შეგვაკრთოს იმის მტკიცებამ, რომ მწერლობის სფერო გართობის უკიდეგანო სამეფოს მხოლოდ ერთ-ერთი პროვინციაა. წიგნს ხელში იღებენ და ხელიდან აგდებენ; და მაშინაც კი, როცა ვერ სწყდები მას, აშკარად გრძნობ, რომ ეს ინტერესი ტკბობის სიიოლითაა განპირობებული.
ეს კი ნიშნავს, რომ მშვენიერებისა და ფანტაზიის შემოქმედის მთელი ძალისხმევა, თვით მისი რუდუნების ბუნებისამებრ, მხოლოდ იმას უნდა ცდილობდეს, რომ პუბლიკას მიანიჭოს ისეთი სიხარული, რომელიც სრულიად არ მოითხოვს ძალისხმევას, ან თითქმის არ მოითხოვს მას. სწორედ ასე, ამოსავალ წერტილად რომ დასახავს პუბლიკას, მან უნდა შექმნას ის, რაც ამ პუბლიკას აღელვებს, აღაფრთოვანებს, უალერსებს, შთააგონებს, ხიბლავს, ახარებს.
მაგრამ არსებობს მრავალი პუბლიკა: მათ შორის შეუძლებელი როდია ისეთის აღმოჩენა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია უშრომლად ტკბობა, რომელსაც არ უყვარს მუქთი სიხარული, რომელიც ბედნიერად ვერ იგრძნობს თავს, თუკი, ნაწილობრივ მაინც, საკუთარი ძალისხმევით არ მოიპოვა თავისი ბედნიერება და რომელსაც სურს იცოდეს, თუ რა უჯდება ეს ძალისხმევა. ასეთნაირად ყალიბდება სრულიად თავისებური პუბლიკა.
ამრიგად, მალარმემ შექმნა საფრანგეთში „ძნელი ავტორის“ ცნება. მან გარკვევით დანერგა ხელოვნებაში ინტელექტუალური ძალისხმევის აუცილებლობა, რითაც აამაღლა მკითხველის მდგომარეობა და, ჭეშმარიტი დიდების არსში განსაცვიფრებელი წვდომის წყალობით, მრავალრიცხოვან მკითხველთა შორის ამოარჩია პოეზიის სრულიად თავისებურ მოყვარულთა ვიწრო წრე, რომელთაც, რაკი ერთხელ ეზიარებოდნენ მას, უკვე აღარ შეეძლოთ არაწმინდა, არათვითნებური და უმწეო პოეზიის ატანა. მისი წაკითხვის შემდეგ მათ ყველაფერი მიამიტობად და უხამსობად ეჩვენებოდათ.
ეს პატარა, გამაოგნებლად დასრულებული კომპოზიციები სრულქმნილების ნიმუშებად გვეხვეოდნენ თავს, იმდენად ურღვევი იყო სიტყვის კავშირი სიტყვასთან, ბწკარისა — ბწკართან, მოძრაობისა — რიტმთან, და ისე აშკარად იწვევდა თითოეული მათგანი რომელიღაც აბსოლუტური, შინაგან ძალთა წონასწორობით განპირობებული საგნის წარმოდგენას; ისეთისა, რომელიც, ორმხრივ კომბინაციათა სასწაულებრივი თანაფარდობის წყალობით, მთლიანად გამორიცხავდა რისამე შესწორებისა თუ შეცვლის სურვილს, რაც ქვეცნობიერად ეუფლება სულს ტექსტების დიდი უმრავლესობის კითხვისას.
ჩემზე მომნუსხველად მოქმედებდა ამ კრისტალური, ესოდენ წმინდა და თითქოს ყოველი მხრიდან ნატიფი წახნაგებით შემოლგარსული სისტემების ბრწყინვა. რასაკვირველია, მათ არ გააჩნიათ მინის სიმჭვირვალე; მაგრამ თუ ჩვენი გონებრივი ჩვევები, ასე თუ ისე, მათს წახნაგებზე იმსხვრევა კიდეც, ის, რასაც მათს სიბნელეს უწოდებენ, სხვა არა არის რა, თუ არა გარდატეხა.
მე ვცდილობდი წარმომედგინა მათი ავტორის აზრის გზები და ძალისხმევა. მე ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ ამ კაცს უთუოდ უნდა გაეაზრებინა თითოეული სიტყვა, გაეცნობიერებინა და აღენუსხა ყოველი ფორმა. თანდათანობით ვრწმუნდებოდი, რომ ეს სული, ჩემი სულისაგან ასერიგად განსხვავებული, შესაძლოა, თავისი ქმედითობით უფრო მეტად მაინტერესებდა, ვიდრე ამ ქმედითობის ყველა თვალსაჩინო შედეგით. მე ხელახლა ვაგებდი ჩემსავე სულში ამნაირი ხელოვნების კონსტრუქტორს. ასე მეგონა, რომ ამ ხელოვნებას, უსასრულო შინაგანი განსჯის გზით, უთუოდ უნდა გამოერღვია ერთგვარი მენტალური და საზღვრული სივრცის წიაღი, საიდანაც გამოსვლის უფლება არ ეძლეოდა არაფერს, რაც ხანგრძლივი რუდუნებით არ იქნებოდა მომწიფებული წინათგრძნობების, ჰარმონიული კომბინაციების, სრულქმნილი სახეებისა და მათი თანაფარდობების სამყაროში; ამ მოსამზადებელ სამყაროში, სადაც ყველაფერი უპირისპირდება ყველაფერს და სადაც შემთხვევითობა თვითონვე იურვებს საკუთარ თავს, თვითონვე წარიმართება და, ბოლოს, ამა თუ იმ მოდელის სახით კრისტალდება.
აზრით ესოდენ სავსე და რეზონანსებით ესოდენ მდიდარი სფეროდან ნაწარმოები მხოლოდ შემთხვევის წყალობით თუ შესძლებს გამოსვლას — შემთხვევისა, რომელიც აზრობრივი გარემოდან გამოსტყორცნის მას. ის „შექცევითობიდან“ დროში ვარდება. აქედან მე ვასკვნიდი, რომ მალარმეს უნდა ჰქონოდა ერთგვარი შინაგანი, როგორც ფილოსოფოსის, ისე მისტიკოსის სისტემებისგანაც განსხვავებული, მაგრამ, იმავდროულად, მათივე მსგავსი სისტემა.
მთელი ჩემი არსებით, ან, უფრო ზუსტად, ჩემი არსების მიერ განცდილი სახეცვლილების წყალობით, მე საიმისოდ ვიყავი განწყობილი, რომ საკმაოდ უჩვეულო გზით განმევითარებინა შთაბეჭდილება, რაც ჩემზე მოახდინა ორი ლექსის წაკითხვამ, რომლებმაც ისე ცხადად წარმომიჩინეს თავიანთი მშვენიერების კანონზომიერი და არაშემთხვევითი ხასიათი, რომ თვითონ აშკარად ირჩდილებოდნენ იმის წინაშე, რასაც ჩემში იწვევდა მათზე დახარჯული უჩინარი შრომის წარმოდგენა.
ამაზე ცოტა უფრო ადრე მე ჩამოვაყალიბე და მიამიტურად ჩავინიშნე აღთქმის სახით გამოთქმული შემდეგი დებულება: „მე რომ იძულებული ვყოფილიყავი მეწერა, ათასწილ ვამჯობინებდი სრული შეგნებითა და გონების მთელი სიცხადით დამეწერა რაიმე სუსტი, ვიდრე ტრანსის წყალობითა თუ ცნობამიხდილობის შედეგად შემექმნა თვით უკეთესთა შორის უკეთესი შედევრი“.
რაც იმას ნიშნავს, რომ, ჩემი აზრით, უკვე მეტისმეტად ბევრი შედევრი იყო შექმნილი; დიახ, გენიალური ქმნილებების რიცხვი სულაც არ გახლდათ ისეთი მცირე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი რაოდენობის გაზრდისკენ ლტოლვა მეტ-ნაკლებად სერიოზული ინტერესის საგნად დაგვესახა. ცოტა უფრო ცხადად — მე იმასაც ვფიქრობდი, რომ უკვე ცნობილი, წინასწარ განსაზღვრული პირობების თანმიმდევრული ანალიზის შედეგად სულიერ შემთხვევითობათა ხომლში შეგნებულად საძიებელსა და მისაკვლევ ნაწარმოებს, როგორიც უნდა ყოფილიყო მისი გარეგნული ფასეულობა მიკვლევისა და გამოვლენის შემდეგ, უთუოდ უნდა გამოეწვია ცვლილება მისსავ საკუთარ შემოქმედში, რომელიც იძულებული იქნებოდა შეეცნო და ერთგვარად კიდეც გარდაექმნა თავისი თავი. გულში ვამბობდი, რომ უკვე შექმნილ ნაწარმოებებსა და მის ხილულ ფორმებსა თუ გარეგნულ გამოვლინებებს კი არ შეუძლიათ ჩვენი დასრულება და დამკვირვება, არამედ მხოლოდ მანერას, რომლითაც ჩვენ ის შევქმენით. ხელოვნება და შრომა ჩვენ გვამდიდრებენ, მაშინ როდესაც მუზა და კეთილმოწყალე შემთხვევითობა მხოლოდ რისამე შერჩევისა თუ უარყოფის შესაძლებლობას გვაძლევენ.
ამრიგად, ნებელობასა და ჩვენი მამოძრავებელი ფენომენის კალკულაციებს მე ვანიჭებდი იმ მნიშვნელობას, რასაც ნაწარმოებს ვართმევდი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე მზად ვიყავი შევრიგებოდი მის უგულებელყოფას — მერწმუნეთ, პირიქით.
ეს სასტიკი და მწერლობისათვის ძალზე საშიში აზრი (რომელზედაც, მიუხედავად ამისა, არასოდეს მითქვამს უარი) კურიოზულად ერწყმოდა და, იმავდროულად, უპირისპირდებოდა კიდეც ჩემს აღფრთოვანებას ამ კაცის მიმართ, რომელიც თავისი იდეის კვალდაკვალ, დაჟინებით მიელტვოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გაეღმერთებინა წერის ხელოვნებით შექმნილი ძეგლი. თუკი რაიმე მხიბლავდა მასში, უწინარეს ყოვლისა, მისი ხასიათი, მთელი თავისი არსით პირწმინდად ვოლუნტარული; მისი აბსოლუტური მიზანსწრაფულობა, შრომის ზღვრული სრულქმნილებით გამოვლენილი. მწერლობაში შრომის სიმკაცრე უკუგდებული მასალით ვლინდება და განისაზღვრება. შეიძლება ითქვას, რომ ის უკუგდებათა რაოდენობით იზომება კიდეც. მათი სიხშირისა და ბუნების შესწავლა რომ შესაძლებელი იყოს, ეს გახდებოდა მწერლის ინტიმური შემცნების ძირითადი წყარო, ვინაიდან მთლიანად გაგვიშუქებდა იმ ფარულ ორთაბრძოლას, რაც შემოქმედებით პროცესში იმართება, ერთის მხრივ, კაცის ტემპერამენტს, პრეტენზიებს, წინასწარხედვებსა და, მეორეს მხრივ, მოცემული მომენტის აღმგზნებ ფაქტორებსა თუ ინტელექტუალურ საშუალებებს შორის.
უკუგდებათა მკაცრი თანმიმდევრობა, გადაწყვეტილებანი, რომელთაც თავად უარყოფ, შესაძლებლობანი, რომელთაც თვითონვე უკრძალავ საკუთარ თავს, გვიმჟღავნებენ გამჭრიახობის ბუნებას, შეგნებულობის ხარისხს, სიამაყის თვისებას და თვით ყველა იმ სირცხვილსა თუ ათასგვარ შიშს, რასაც შეიძლება განიცდიდე პუბლიკის მომავალი მსჯავრის წინაშე. სწორედ ამ წერტილში ეხება ლიტერატურა ეთიკის სფეროს: საგანთა სწორედ ამნაირი წესრიგისას შეიძლება იჩინოს თავი კონფლიქტმა ბუნებრივ მონაცემებსა და შემოქმედებით ძალისხმევას შორის; სწორედ აქ, ყოველგვარი სიადვილისადმი ამ დაპირისპირებულობაში იძენს მწერლობა თავის გმირებს თუ მარტვილებს: სწორედ აქ ვლინდება სიქველე და, შიგადაშიგ, პირმოთნეობაც.
მაგრამ ეს ნება, რომელიც უარყოფს და უკუაგდებს ყველაფერს, რაც არ შეესაბამება კერპად დასახულ კანონს, როგორც ჩანს, ისეთნაირ ზემოქმედებას ახდენს კაცზე, რომ იმ ნაწარმოებების რიცხვი, რომლებსაც ძალ-ღონისა და დროის დაუზოგავად გამუდმებით ასწორებენ, ხვეწენ და სრულყოფენ, უკიდურესად მცირეა, ხოლო მთელი იმ სიმკვრივის მიუხედავად, რასაც ისინი იძენენ, მათ ავტორს, რომელიც მოსისხლე მტერივით ეპყრობა საკუთარ თავს, ერთთავად უნაყოფობას აყვედრიან და უკიჟინებენ. გამოქვეყნებული ნაწარმოებების უმრავლესობა ისე მიამიტურად მყიფეა, ისე პირობითი და პირადი მონოლოგის შედეგად შექმნილი; ისე მარტივად შეიძლება არსებობისთვის გამოიწვიო ყველაზე ბანალური გამონაგონით, ისე ადვილია შეცვალო, გადააკეთო, სულაც უარყო და, თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ უფრო ფუჭი და უაზრო გახადო ისინი და, ბოლოს, ისეთი რაოდენობით იბეჭდებიან, რომ წარმოუდგენლად გეჩვენება ვინმეს უსაყვედურო: „არასაკმარისად ამრავლებთ წიგნების ისედაც უსასრულო გროვასო“, უსაყვედურო მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს მათი ჭეშმარიტი არსის რანგში აიყვანოს თავისი ქმნილებები. მაგრამ, რაც უფრო მეტად საგულისხმოა, საყვედურები ამ თვითშემოზღუდული შემოქმედების თაყვანისმცემელთა მხრიდან კი არ გაისმის (რაც, ალბათ, გასაგები იქნებოდა, ვინაიდან ისინი შეიძლება დრტვინავდნენ იმის გამო, რომ ასე ძუნწად იმეტებენ სიხარულს მათთვის), არამედ იმათი მხრიდან, რომლებიც აღშფოთებულნი არიან ამნაირი შემოქმედების არსებობისა და, იმავდროულად, იმის გამო, რომ ასე მცირე დოზით ეძლევათ იგი.
მალარმე — უნაყოფო; მალარმე — მანერული; მალარმე — ბნელზე ბნელი; მაგრამ, იმავდროულად, მალარმე — უკეთილსინდისიერი; მალარმე — უსრულქმნილესი; მალარმე — უფრო უსასტიკესი თავისი თავის მიმართ, ვიდრე რომელიც გნებავთ მათ შორის, ვისაც ოდესმე სჭერია ხელში კალამი; სწორედ ამ მალარმემ, პირველი შეხედვისთანავე, რომლითაც მე აღვიქვი სიტყვის ხელოვნება, მაზიარა უზენაეს იდეას — სიტყვიერი ძალმოსილების, თუ შეიძლება ასე ითქვას, იდეა-ზღვარსა თუ იდეა-ჯამს.
კალიგულაზე უფრო მეტად რომ გამაბედნიერა, მან საშუალება მომცა დავმტკბარიყავი იმ თავის ჭვრეტით, რომელიც ითავსებდა და იტევდა ყველაფერს, რაც მე მაშფოთებდა ლიტერატურის სფეროში, ყველაფერს, რაც მე მხიბლავდა და ყველაფერს, რასაც, ჩემი აზრით, ერთადერთს შეეძლო მწერლობის ხსნა. ამ თავმა, ესოდენ იდუმალმა, გაიაზრა უნივერსალური ხელოვნების ყველა საშუალება; მან შეიცნო და თითქოს შეისისხლხორცა მთელი სიხარული, მთელი სიმწარე და სასოწარკვეთა, რაც სულის უზენაესი სწრაფვისაგან იღებს დასაბამს; მან პოეზიიდან განდევნა ყოველგვარი ტლანქი საცთური; თავისი ხანგრძლივი და უღრმესი დუმილის წიაღში დანთქმულმა შეაფასა და უკუაგდო განსაკუთრებული პრეტენზიები, რათა ამაღლებულიყო აზრის ყოველგვარ ქმნილებათა პირველსაწყისის წვდომამდე და ჭვრეტით შემეცნებამდე; თავისი არსების ყველაზე მაღალ საფეხურზე მან შეიძინა სიტყვიერ სამყაროზე მბრძანებლობის ინსტინქტი, ყოველმხრივ მსგავსი უდიდესი მოაზროვნეების ინსტინქტისა, რომლებსაც შეეძლოთ ფორმათა ანალიზისა და კომბინაციების ურთულესი ურთიერთშერწყმის გზით თავზე მოქცეოდნენ იდეების, ანუ რიცხვებისა და სიდიდეების სამყაროს ყველა შესაძლო თანაფარდობას.
აი, რა თვისებას ვანიჭებდი მალარმეს: ასკეტიზმს, რაც, შესაძლოა, მეტისმეტად ჰგავდა ჩემს მსჯელობას მწერლობის შესახებ; მწერლობისა, რომლის ჭეშმარიტი ღირებულება ყოველთვის დიდ ეჭვს იწვევდა ჩემში. რამდენადაც ხიბლი, რომელსაც ის თავს ახვევს მკითხველს, თვით ენის საკუთარი ბუნებისამებრ, განპირობებულია უხამსობებისა და გაუგებრობების სიმრავლით, რაც იმდენად გარდუვალია, რომ ავტორის აზრის უშუალო და სრულყოფილი გადმოცემა, თუკი შესაძლებლად მივიჩნევდით ამას, უთუოდ გამოიწვევდა ხელოვნების ყველაზე მშვენიერი ეფექტების განქარებას და გაქარწყლებას, — ამიტომ მას, ვინც მთელი სიგრძე-სიგანით გაიცნობიერა ეს აზრი, ერთგვარი ზიზღი ეუფლება იმის მიმართ, რომ თავი შეალიოს უზუსტობასა თუ სხვების სულში განსაცვიფრებლად მოულოდნელი გრძნობებისა თუ აზრების გამოწვევას, რომელთა გათვალისწინება ჩვენ თვითონაც არ შეგვიძლია, როგორიც უნდა იყოს კიდეც გაუცნობიერებელი მოქმედების ყველა შედეგი.
ამ უცნაური აზრების წყალობით, მე თანდათანობით მივედი იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა მიმენიჭებინა წერის აქტისათვის სხვა რამ მნიშვნელობა, პირწმინდად თვითწვრთნისა და თამაშის გარდა, რაც მთლიანად დაფუძნებულია ენის მკაცრად განსაზღვრულსა და ზუსტად განზოგადებულ საშუალებებზე, რომლებმაც, ენის გამოყენებისას, სრული თავისუფლება, სრული თვითრწმენა უნდა მოგვანიჭონ და დაგვიხსნან იმ ილუზიებისაგან, რასაც თვით ეს გამოყენება იწვევს და რითაც სულდგმულობენ სიტყვიერი ქმნილებები და... ადამიანები.
ასე გამოიკვეთა და თანდათანობით გაცხადდა კონფლიქტი, ესოდენ მბრძანებლური სიცოცხლით რომ ცოცხლობდა ჩემს არსებაში — კონფლიქტი პოეზიისაკენ მისწრაფებასა და იმ უცნაურ მიდრეკილებას შორის, რომელიც მაიძულებდა დამეკმაყოფილებინა ჩემი გონების მოთხოვნები. მე ვცდილობდი შემენარჩუნებინა ერთიც და მეორეც.
წეღან მოგახსენებდით, მალარმეზე ეგოიზმის გარეშე ვერ ვიფიქრებდი-მეთქი. მაშასადამე, დროა შევწყვიტო ფიქრებისა და მოგონებების ეს ნაზავი. თუმცა ვინ იცის, იქნებ, გარკვეული თვალსაზრისით, საინტერესოც ყოფილიყო გამეგრძელებინა გავლენის ამ იშვიათი შემთხვევის გულმოდგინე და დეტალური ანალიზი და მეჩვენებინა, როგორია ერთი ვისიმე ქმნილების მეორის სულზე უშუალო და პირუკუზემოქმედების ყველა შედეგი და როგორ შეესაბამებიან ერთი ტენდენციის ყველა უკიდურესობას მეორის უკიდურესობანი.
თანადროული სამყარო თვალის გადავლებით
ეს პატარა კრებული ეძღვნება უპირატესად იმ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სისტემა და მიუკერძოებელნი არიან; მაშასადამე, უფლება აქვთ საეჭვოდ მიიჩნიონ ის, რაც საეჭვოა და არ უკუაგდონ ის, რაც უეჭველია.
თუმცა აქ თავმოყრილია მხოლოდ შემთხვევითი ეტიუდები. ზოგი 1895 წელს მიეკუთვნება, ზოგი გუშინდელ და ზოგიც კიდევ დღევანდელ დღეს. მათ მხოლოდ ესსეების ზოგადი ხასიათი აერთიანებთ, ამ სიტყვის ყველაზე ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მათში ვერ ჰპოვებთ ვერაფერს, გარდა იმის ცდისა, რომ დაზუსტდეს ზოგიერთი იდეა, რომლებისთვისაც შეიძლებოდა პოლიტიკური გვეწოდებინა. ეს მშვენიერი სიტყვა — „პოლიტიკა“, გონებისათვის ასერიგად მაცთური და ასე აღმგზნები, ავტორის სულში დიდ ეჭვსა და ზიზღს რომ არ იწვევდეს. მას მხოლოდ ის სურდა, რომ ცოტა მეტი სიცხადე მიენიჭებინა ცნებებისათვის, რომლებიც საერთოდ ყველასაგან შეითვისა, ან ისევე ჩამოიყალიბა თავისთვის, როგორც საერთოდ ყველამ, და რომლებიც ემსახურებიან საერთოდ ყველას, ვინც კაცთა დაჯგუფებებზე, მათ ურთიერთკავშირსა თუ ურთიერთგასაჭირზე ფიქრობს.
მათი დაზუსტების ცდა აშკარად არ არის იმ ხალხის საქმე, ვისთვისაც ისინი გასაგები არიან, ანდა ვინც დაკავშირებულია მათთან; მაშასადამე, საქმე ეხება მოყვარულს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ იაპონიის აქციამ ჩინეთის წინააღმდეგ და შეერთებული შტატებისამ — ესპანეთის წინააღმდეგ, რომლებიც თითქმის ერთიმეორეს მოჰყვა იმ ხანად, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს იყო თავიანთი მასშტაბით ძალზე შეზღუდული კონფლიქტები, რომლებშიც ჩარეული აღმოჩნდა საკმაოდ უმნიშვნელო ძალები. ასე რომ, მე არავითარი საბაბი არა მქონდა დავინტერესებულიყავი ესოდენ შორეული მოვლენებით, ვინაიდან ჩემი საქმიანობა და ყოველდღიური საზრუნავი ოდნავადაც არ განმაწყობდა საიმისოდ, რომ მათ გამოვხმაურებოდი.
და მაინც, მე აღვიქვი ეს განსაკუთრებული გარემოებანი არა როგორც შემთხვევითი ან შეზღუდული მოვლენები, არამედ როგორც სიმპტომები თუ წანამძღვრები, რომელთა მნიშვნელობა აშკარად სცილდებოდა მათს საკუთარ შინაარსისა თუ გარეგნული მასშტაბურობის ფარგლებს. ერთი წარმოადგენდა ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნილი და აღჭურვილი აზიური ერის ძლიერების პირველ გამოვლენას აზიური ერისავე წინააღმდეგ; მეორე — ევროპიდან გამოსული და თითქოს ევროპიდანვე განვითარებული ერის ძლიერების პირველ გამოვლენას ევროპული ერისავე წინააღმდეგ.
ბიძგი, რომელიც ამა თუ იმ გაუთვალისწინებელი მხრიდან გვარყევს ხოლმე, ანაზდეულად გვანიჭებს ჩვენი სხეულის არსებობის ახლებურ შეგრძნებას, თითქოს იგი დაფარული და შეუცნობელი იყოს; ჩვენ სრულიად არ ვიცოდით, რანი ვიყავით და ისე გამოდის, რომ ეს მკვეთრი შეგრძნება თავისთავად, მეორეული ზემოქმედების შედეგად, ამძაფრებს ჩვენს გრძნობელობას ჩვენი სასიცოცხლო გარემოს თვით ჩვენთვისვე მოულოდნელი სიდიადისა და მკაფიოდ გამოხატული განფენილობის მიმართ. ასე რომ, ამ არაუშუალო ბიძგმა შორეულ აღმოსავლეთში და ამ უშუალო ბიძგმა ანტილის კუნძულებზე მაიძულეს ბუნდოვნად მაინც წარმომედგინა რაღაც ისეთის არსებობა, რაც შეიძლება ამნაირი მოვლენებით შეიძრას და შერყეულ იქნეს. მე შევიძინე „გრძნობელობა“ კონიუნქტურების მიმართ, რომლებიც აღვიძებდნენ ჩემს არსებაში ევროპის ერთგვარ ფარულ იდეას, რასაც თურმე ჩემდა შეუცნობლად დავატარებდი სულით.
მე არასოდეს არ მიფიქრია, რომ მართლაც არსებობს რომელიღაც ევროპა. ეს სახელი ჩემთვის სხვა არა იყო რა, თუ არა გეოგრაფიული ტერმინი. ჩვენ მხოლოდ შემთხვევით ვუფიქრდებით ჩვენი ცხოვრების პერმანენტულ გარემოებებს. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ მათ, როცა ისინი ანაზდეულად იცვლებიან. მე ქვემოთ კვლავ მომიწევს იმის ჩვენება, თუ რაოდენ ტლანქსა ხდის ისტორიის ჩვენეულ აღქმას, რაოდენ ფუჭს — ჩვენს პოლიტიკას და ზოგჯერ რაოდენ მიამიტურს — ჩვენს დიპლომატიურ მანიპულაციებს ჩვენივე ვერწვდომა კაცთა არსებობის ყველაზე მარტივი და ყველაზე მუდმივი პირობებისა თუ მსჯელობის საწყისთა არსში. ამას ყველაზე დიდი ადამიანები მიჰყავს მიზანდასახულობამდე, რასაც ისინი მიბაძვითა და იმ პირობითობათა მეშვეობით აფასებენ, რომელთა მანკიერებაც დაფარულია მათთვის.
იმ ხანად მე საკმაოდ მოცლილი ვიყავი საიმისოდ, რომ ჩემი სულიერი თვითაღზრდის პრობლემებზე მეზრუნა. მე ვცადე განმევითარებინა ჩემში ევროპის ჩემეული განცდა და მისი ინტუიტური იდეა. შემწედ მოვიხმე ის მცირეოდენი ცოდნა, რაც გამაჩნდა. ჩემს თავს ვუსვამდი ათასნაირ კითხვას, ვფურცლავდი და ვქექავდი წიგნებს.
მე საჭიროდ მივიჩნიე ისტორიის შესწავლა და თვით მისი გაღრმავებაც, რათა მართებულად აღმექვა დღევანდელი დღე. მე ვიცოდი, რომ ყველა თავი, რომელიც ხალხთა ხვალინდელ დღეს უკირკიტებს, მისით საზრდოობს. მაგრამ მე, ჩემდა თავად, მასში ვერ ვპოულობდი ვერაფერს, საშინელი დომხალის გარდა. ევროპის ისტორიის სათაურს ქვეშ მე ვხედავდი მხოლოდ პარალელურ ქრონიკებს, რომლებიც ადგილ-ადგილ ეწვნოდნენ ერთმანეთს. ასე გეგონა, არავითარი მეთოდი არ უძღოდა წინ „ფაქტების“ შერჩევას, არ წყვეტდა მათს მნიშვნელობას, მკაფიოდ არ აყალიბებდა კვლევის საგანს. მე ვარჩევდი ფარული ჰიპოთეზების წარმოუდგენელ სიმრავლესა და ცუდად განსაზღვრულ დებულებებს.
რაკი ისტორიის საგანი წარსულში ამა თუ იმ მოწმის თვალით შეფასებული მოვლენებისა თუ მდგომარეობების ერთობლიობაა, ამიტომ ჩვენამდე მოღწეული ფაქტების შერჩევა, კლასიფიკაცია თუ გამოხატულება თვით საგანთა ბუნებით როდია განპირობებული. ისინი ანალიზისა და მკაფიო გადაწყვეტილებათა შედეგად უნდა გვევლინებოდნენ; სინამდვილეში კი ისინი აზროვნების ჩვევებისა თუ ტრადიციული მანერების სათამაშოდარიან ქცეულნი, რომელთა შემთხვევითობას თუ თვითნებურობას ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ. მაგრამ ცნობილია, რომ ცოდნის ყველა დარგში გადამწყვეტი პროგრესი ხორციელდება იმ მომენტში, როცა სპეციალური ცნებები, რომლებიც თვით ცოდნის ობიექტთა ზედმიწევნით ზუსტი შესწავლის შედეგად ყალიბდებიან და საგანგებოდ იმისათვის არიან შექმნილნი, რომ დაკვირვება უშუალოდ აზროვნების პროცესს, ხოლო ეს უკანასკნელი მოქმედების ჩვენეულ საშუალებებს დაუკავშირონ — დიახ, როცა ეს სპეციალური ცნებები ენაცვლებიან საყოველდღიურო ენასა და მიახლოებითი შეფასების კრიტერიუმს, რომელსაც აღზრდა-განათლებით თუ ჩვევით ვიძენთ. წმინდა და საგანგებო ცნებებით ბუნდოვანი და სტატიური წარმომავლობის განსაზღვრათა შეცვლის ეს გადამწყვეტი მომენტი ჯერ კიდევ არ დამდგარა ისტორიული მეცნიერებისათვის.
ერთი სიტყვით, წიგნებში, რომლებშიაც ვეძებდი იმას, რაც საჭირო იყო ჩემთვის ზოგიერთი ცნობის მიერ ჩემზე მოხდენილი არაჩვეულებრივი შთაბეჭდილების შესაფასებლად, მე აღმოვაჩინე მხოლოდ სახეების, სიმბოლოებისა და თეზისების ქაოსი, საიდანაც შემეძლო გამომეყვანა ყველაფერი, რაც მომეპრიანებოდა, მაგრამ არა ის, რაც მჭირდებოდა. ჩემი შთაბეჭდილებების შეჯამებისას გულში ვამბობდი, რომ ისტორიული თხზულებების ერთი ნაწილი მიზნად ისახავს და საკმარისად მიიჩნევს იმას, რომ გააშუქოს რამდენიმე სცენა, ვინაიდან პირობადებულია, რომ ეს სახეები „წარსულში“ უნდა განლაგდნენ. ეს პირობითობა ყველა დროში დასაბამს აძლევდა მშვენიერ წიგნებს და ამ წიგნების რიცხვში სრულიად ზედმეტია განსხვავების ძიება (ვინაიდან საქმე ეხება მარტოოდენ სიამოვნებასა თუ აღგზნებას, რასაც ისინი იწვევენ) ნამდვილ მოწმეთა წიგნებსა და წარმოსახულ მოწმეთა წიგნებს შორის. ეს თხზულებები ზოგჯერ წინააღუდგომელი სიმართლით გამოირჩევიან. ისინი იმ პორტრეტებს ჰგვანან, რომელთა მოდელებიც საუკუნეების წინათ მტვრად იქცნენ და რომლებიც მაინც გვაიძულებენ მსგავსებაზე ვიყვიროთ. მკითხველის სულზე მათი მყისიერი ზემოქმედება არასდიდებით არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სინამდვილის თვალსაზრისით ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ტაციტუსის, მიშლეს, შექსპირის, სენ-სიმონისა თუ ბალზაკის ტილოები. შეიძლება, თუ გნებავთ, ყველას მთხზველებად ანდა ყველას რეპორტიორებად ვთვლიდეთ. სამწერლო ხელოვნების ხიბლს, ფიქტიურად, ნებისმიერ დროში გადავყავართ. აი, რატომაა, რომ პირწმინდა ზღაპარსა და პირწმინდად ისტორიულ თხზულებას შორის მოქცეულია ყველა ნიუანსი, ყველა საფეხური: ისტორიული რომანები, რომანიზირებული ბიოგრაფიები და ა.შ. ისიც ცნობილია, რომ ისტორიაში დროდადრო თავს იჩენს ზებუნებრივი. მაშინ მკითხველი უშუალოდ ერთვება საქმეში, ვინაიდან სწორედ მის გრძნობაზეა დამოკიდებული აღიაროს ან უარყოს გარკვეული ფაქტები და გადაწყვიტოს, რა არის და რა არ არის ისტორიული.
ისტორიკოსთა მეორე კატეგორია ქმნის იმნაირად მოტივირებულ, ისე ღრმა და ადამიანისა თუ მოვლენათა ევოლუციის არსზე ამომწურავი მსჯელობით იმდენად მდიდარ ტრაქტატებს, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიფიქროთ, თითქოს მოვლენები სხვაგვარად ხდებოდნენ და ვითარდებოდნენ.
ამნაირი შრომები გონების სასწაულებად გვევლინებიან. ზოგიერთ მათგანს ბადალი არ მოეძებნება ლიტერატურასა თუ ფილოსოფიაში; მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ მომხიბვლელობა და ხატოვანება, რითაც გვაცთუნებენ და გვართობენ პირველნი, და განსაცვიფრებელი მიზეზობრიობა, რითაც გვარწმუნებენ მეორენი, არსებითად, მწერლის ტალანტსა და მკითხველის კრიტიკული წინააღმდეგობის უნარზეა დამოკიდებული.
რაღა დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ მესარგებლა ისტორიული ხელოვნების ამ მშვენიერ ნაყოფთა სიუხვით? და ვერაფერი ვერ შეუშლიდა ხელს მათს ხიბლით ტკბობას, პოლიტიკა რომ მთლიანად აღბეჭდილი არ იყოს მათი გავლენით. წარსული, მეტ-ნაკლებად ფანტასტიკური ანდა მეტ-ნაკლები თვითნებობით რეპროდუცირებული, მომავალზე ისეთი ძალით ახდენს ზემოქმედებას, რომელიც შეიძლება თვით აწმყოს ძალას შევადაროთ. გრძნობები და მისწრაფებანი წარსულის მოგონებებით, მოგონებათა მოგონებებით აღიგზნებიან და ამასთან, გაცილებით უფრო მძაფრად, ვიდრე თანადროული ცნებებით თუ მონაცემებით. ისტორიის ნამდვილი ბუნება თვით ისტორიაში მონაწილეობა გახლავთ. წარსულის იდეა აზრსა და ღირებულებას იძენს მხოლოდ იმ კაცისათვის, რომელიც თავის თავში შეიცავს მომავლის ვნებას. მომავალი, თვით მისივე საკუთარი განსაზღვრულით, უსახოა. ისტორია იძლევა მისი აზრობრივი წარმოდგენის საშუალებას. ის ადგენს წარმოსახვისათვის მდგომარეობებისა და კატასტროფების ნუსხას, წინაპრების გალერეას, აქტების, გამოხატულებების, პოზიციების, გადაწყვეტილებების ოქმს, რომელსაც ჩვენს უმტკიცობასა და დაბნეულობას სთავაზობს, რათა ხელი შეუწყოს ჩვენსავ ქმნადობას. როცა კაცი ან ხალხი, აუცილებლობისა თუ გაჭირვების გამო, იძულებულია იმოქმედოს, ის საქმის ვითარებას განიხილავს არა იმდენად როგორც მანამდე არნახულსა და არგაგონილს, რამდენადაც თავის წარმოსახვისმიერ მოგონებებში იქექება. უმცირესი ძალისხმევის ერთგვარ კანონს რომ ექვემდებარება და ამრიგად, უარყოფს იმას, რომ იმოქმედოს და მახვილგონივრული პასუხი გასცეს სიტუაციის განუმეორებლობას, მერყევი აზრი თანდათანობით ავტომატიზმს უახლოვდება. ის ეძებს პრეცედენტებს და ისტორიის სულში ინთქმება, რომელიც მას, უწინარეს ყოვლისა, მოგონებებისათვის აღძრავს, მაშინაც კი, როცა საქმე ეხება სრულიად ახალ შემთხვევას. ისტორია ასაზრდოებს ისტორიას.
შესაძლოა, ლუი XIV არც დაიღუპებოდა ეშაფოტზე, ჩარლზ I-ის მაგალითი რომ არა, ხოლო ბონაპარტე იმპერატორი არ გახდებოდა, მიზნად რომ არ დაესახა რომის რესპუბლიკის გარდაქმნა სამხედრო ძლიერებაზე დაფუძნებულ იმპერიად. ის იყო ისტორიული თხზულებების ვნებიანი მკითხველი. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჰანიბალზე, ცეზარზე, ალექსანდრესა და ფრიდრიხზე ოცნებობდა. და ეს კაცი, შემოქმედად დაბადებული, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა პოლიტიკურად გარდაექმნა და გადაეკეთებინა ევროპა და რომელსაც კაცობრიობის სულიერი განწყობილება, სამსაუკუნოვანი აღმოჩენების შემდეგ და რევოლუციური ძვრების წინადღეს, ნებას რთავდა განეხორციელებინა ეს შესაძლებლობა — წარსულის პერსპექტივებში და გარდასულ სიდიადეთა მირაჟებში გაიხლართა. ის დაეცა, როგორც კი გაუთელავ გზას გადაუხვია. ის დაიღუპა იმიტომ, რომ თანდათანობით თავის მოწინააღმდეგეებს დაემსგავსა, მათი კერპების თაყვანისმცემლად იქცა, მთელი თავისი ძალმოსილებით დაიწყო იმის მიბაძვა, რაც მათ სისუსტეს წარმოადგენდა და საგნებზე თავისი საკუთარი და უშუალო წარმოდგენა ისტორიული პოლიტიკის დეკორაციულ ილუზიებზე გაცვალა.
ბისმარკს, ბერლინის კონგრესზე, იმავე ისტორიული სულის ზემოქმედებით, რაც მას პოლიტიკის სული ჰგონია, არაფრის დანახვა არ სურს ევროპის გარდა, უარს აცხადებს აფრიკაზე და მთელ თავის გენიას, მთელ თავის პრესტიჟს, რაც მას წამის ბატონ-პატრონად აქცევს, მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ კოლონიალური ინტერესების თამაშში ჩაითრიოს სახელმწიფოები და, ამრიგად, ერთმანეთს დაუპირისპიროს, გათიშოს და მუდმივი მეტოქეობის დაძაბულ ვითარებაში ამყოფოს ისინი, მაგრამ წინასწარ ვერ ხედავს, რომ სულ ახლოა საათი, როცა გერმანია ნერწყვის ყლაპვით დაუწყებს ყურებას იმას, რაც ერთმანეთში გასაყოფად მიანება სხვა ხალხებს და, როგორც მეტისმეტად გვიან მოსული, თავის წინააღმდეგ დარაზმავს და აიმხედრებს მათ. რასაკვირველია, ის ფიქრობდა ხვალინდელ დღეზე, მაგრამ არა იმ ხვალინდელ დღეზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დამდგარა.
სხვისი მოგონებების, მეტ-ნაკლებად ზუსტი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოგონებების როლის ამ გაზვიადებას შეესაბამება და შეესატყვისება რეგისტრირებული საგნების შერჩევის, კლასიფიკაციის, განსაზღვრის მეთოდის უქონლობა ან უკმარისობა. კერძოდ, ისტორია თითქოს არავითარ ანგარიშს არ უწევს მის მიერ წარმოსახული მოვლენების მასშტაბს. ის აღუნიშნავად ტოვებს თანაფარდობებს, რომლებიც აუცილებლად უნდა არსებობდნენ მის მიერ აღწერილი მოვლენების გარეგან ასპექტსა და მათ სიდიდეს შორის, მაშინ როდესაც რიცხვები და სიდიდეები აღწერის არსებით ელემენტებად გვევლინებიან. ისტორია თავს არ იწუხებს მსგავსების პრობლემებით. აი, ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლებიც ასე აყალიბებენ ისტორიის პოლიტიკურ გამოყენებას. ის, რაც შესაძლებელი იყო ანტიკური ქალაქის არსებობის მთელს მანძილზე, შეუძლებელი ხდება მრავალრიცხოვანი ერის განზომილებათა ფარგლებში; ის, რაც ჭეშმარიტი იყო 1870 წლის ევროპისათვის, უკვე აღარ არის ჭეშმარიტი, როცა ინტერესებისა და კავშირ-ურთიერთობათა ქსელმა მთელი დედამიწა მოიცვა. თვით ცნებებიც კი, რომლებსაც პოლიტიკის საგნებზე საფიქრებლად და სალაპარაკოდ ვიყენებთ — იმის გამო, რომ კავშირ-ურთიერთობათა სიდიდისა თუ რაოდენობის განსაცვიფრებელი ცვლილების მიუხედავად, თითქმის სრულიად არ შეცვლილან — ჩვენდა შეუმჩნევლად შეცდომების სათავედ და ფუჭ საშუალებებად იქცნენ. ასე მაგალითად, სიტყვას „ხალხი“ ზუსტი აზრი ჰქონდა, როცა შეიძლებოდა ერთად შეგვეყარა ქალაქის ყველა მოქალაქე სამარხის ირგვლივ ან მარსის მოედანზე. მაგრამ მოსახლეობის რიცხობრივმა ზრდამ, ათასეულების რიგიდან მილიონების რიგზე გადასვლამ ეს სიტყვა მონსტრუოზულ ტერმინად აქცია, რომლის აზრიც კონტექსტზეა დამოკიდებული. ის ხან აღნიშნავს რაღაც გაურკვეველ მთლიანობას, რომელიც არსად არ არის დადასტურებული, ხან უმრავლესობას, რომელიც უფრო მდიდარი და უფრო კულტურული პიროვნებების ვიწრო წრეს უპირისპირდება...
იგივე მოსაზრებანი შეიძლება ვადებსაც მიესადაგონ. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე ისტორიულ შრომებში უმნიშვნელოვანეს მომენტთა იგნორირების აღმოჩენა, რომელნიც მათი ნელი განვითარების გამო შეუმჩნეველნი რჩებიან. ისინი მხედველობიდან ეპარებიან ისტორიკოსს, ვინაიდან არცერთი დოკუმენტი საგანგებოდ არ იხსენიებს მათ. ამ მომენტების შემჩნევა და გამოვლენა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ წინასწარ მოცემული კითხვებისა და დეფინიციების წინასწარვე შემუშავებული სისტემის მოშველიებით, რომლის მსგავსიც არაფერი შექმნილა დღემდე. მოვლენა, რომელიც წითელი ხაზივით გასდევს მთელს საუკუნეს, არცერთ სიგელში, მემუარების არცერთ კრებულში არ ფიგურირებს. ასეთია პარიზის დიდმნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი საფრანგეთის ცხოვრებაში რევოლუციის შემდეგ. ასეთია ელექტრობის აღმოჩენა და მისი გამოყენების წყალობით დედამიწის დაპყრობა. ეს მოვლენები, რომლებსაც ბადალი არ მოეძებნებათ კაცობრიობის ისტორიაში, გაცილებით ნაკლებ თვალსაჩინონი არიან (თუკი საერთოდ არიან თვალსაჩინონი), ვიდრე რომელიმე სხვა, უფრო სცენიური და, რაც მთავარია, ყოველივე იმას უფრო მეტად მიმსგავსებული მოვლენა, რასაც, ჩვეულებისამებრ, მოგვითხრობს ტრადიციული ისტორია. ელექტრობას ნაპოლეონის ეპოქაში დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც შეიძლებოდა მიეწერათ ქრისტიანობისათვის ტიბერიუსის დროს. თანდათანობით აშკარა ხდება, რომ სამყაროს ეს საყოველთაო ინერვაცია უფრო მრავალმნიშვნელოვანია და უფრო მეტად შესწევს მომავლის გარდაქმნის უნარი, ვიდრე ყველა „პოლიტიკურ“ მოვლენას, ერთად აღებულს, ამპერის დროიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე.
ეს შენიშვნები გვიჩვენებენ, რარიგ მბრძანებლობენ ჩვენს სულზე არაცნობიერი ტრადიციები და პირობითობები და რა უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს მასზე რევიზიისა და რეორგანიზაციის ის ყოვლისმომცველი შრომა, რაც დღესდღეობით ხორციელდება ცოდნის ყველა დარგში. რა თქმა უნდა, ისტორიულ კრიტიკაშიც საგრძნობია დიდი პროგრესი, მაგრამ მისი როლი, ძირითადად, ფაქტების ირგვლივ დავითა და მათ სავარაუდო სიზუსტეზე მსჯელობით შემოიფარგლება; ის არას დაგიდევს მათ ხარისხს. ის იღებს და, თავის მხრივ, ტრადიციული ტერმინებით გამოხატავს მათ; ტერმინებით, თავისთავად რომ გულისხმობენ და განაპირობებენ ცნებათა მთელ ისტორიულ ფორმაციას, რითაც ისტორიაში ინერგება დასაბამიერი ქაოსი, რომელიც დამკვირვებლების ხედვის წერტილთა უსასრულო სიმრავლისგან იღებს დასაბამს. ისტორიის ნებისმიერი თავი შეიცავს სუბიექტური მონაცემებისა და „თვითნებური კონსტანტების“ გარკვეულ რაოდენობას, რაც განაპირობებს იმას, რომ პრობლემა ისტორიკოსისათვის გაურკვეველი ხდება, როგორც კი ის გადაუხვევს დადგენილ წესს და ამა თუ იმ მოწმის მიერ შეფასებული ფაქტის დადგენით ანდა საეჭვოდ დასახვით არ შემოიფარგლება. მოვლენის ფუნდამენტურ ცნებას არ განუცდია სათანადო გადასინჯვა და გადააზრება და სწორედ ამით აიხსნება ის, რომ უმნიშვნელოვანესი თანაფარდობანი არასოდეს ყოფილან აღნიშნულნი ანდა ჯეროვნად შეფასებულნი, როგორც ახლავ გიჩვენებთ ამას. მაშინ როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში უკანასკნელი სამი საუკუნის მანძილზე ურიცხვმა კვლევა-ძიებებმა ხედვის ახალი ასპექტები გადაგვიშალეს და ამ მეცნიერებათა საგნებზე მიამიტური წარმოდგენა და მათი კლასიფიკაცია ცნებათა საგანგებოდ შემუშავებული სისტემებით შეცვალეს, ისტორიულ-პოლიტიკურ სფეროში ჩვენ კვლავინდებურად პასიური ჭვრეტისა და უთავბოლო დაკვირვებების მდგომარეობაში ვრჩებით. იგივე კაცი, რომელსაც ფიზიკასა თუ ბიოლოგიაში შეუძლია ზუსტ ხელსაწყოთა შესადარი აზრობრივი იარაღების მომარჯვებით იაზროვნოს, პოლიტიკაში არასრულფასოვანი ტერმინებით, ცვლადი ცნებებით, ილუზორული მეტაფორებით აზროვნებს. სამყაროს სახე, როგორც ის ყალიბდება და ცოცხლობს სხვადასხვა გვარისა და სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსთა თავში, ძალზე შორსაა იმისგან, რომ მომენტის დამაკმაყოფილებელ და მეთოდურ წარმოდგენად იქცეს.
ისტორიაზე გულაყრილმა და ხელჩაქნეულმა იმ უცნაურ მდგომარეობაზე დავიწყე ფიქრი, რომელშიაც ვიმყოფებით თითქმის ყველანი, უბრალო მოკვდავნი, წრფელი და კეთილი ნების ადამიანები, გადაუჭრელ ისტორიულ-პოლიტიკურ დრამაში დაბადებითვე ჩათრეულნი. არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია შეაჯამოს და მთლიანი სახით წარმოიდგინოს მისი გარემომცველი პოლიტიკური სამყაროს აუცილებლობა ყოველივე იმის მეშვეობით, რაც, პირადი ცდის სფეროში, მის უშუალო დაკვირვებას ექვემდებარება. ყველაზე მეტად განსწავლულთ და ყველაზე ხელსაყრელ პოზიციებზე მდგომთ, მეხსიერებაში რომ მოაქუჩებენ ყოველივე იმას, რაც იციან და შემდეგ ამ ცოდნას შეადარებენ იმას, რასაც ხედავენ — შეუძლიათ თავიანთ თავს ისიც კი უთხრან, რომ მთელი ეს ცოდნა მხოლოდ აბნელებს და აბუნდოვანებს უშუალო პოლიტიკურ პრობლემას, რომელიც არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა ადამიანის მიმართებათა განსაზღვრა მისთვის უცნობ ადამიანთა მასისადმი. საკმარისია თავისი თავის წინაშე გულწრფელმა კაცმა, რომელსაც ეზიზღება საგნებზე განყენებული მსჯელობა, რაციონალურად რომ არ ერწყმის და ეთანხმება მის პირად ცდას, გაშალოს გაზეთი და იმწამსვე ქაოტური მეტაფიზიკის სამყაროში ამოჰყოფს თავს. რასაც ის კითხულობს, რასაც ის ისმენს, უცნაური დაჟინებით გადადის ყოველივე იმის ზღვარს, რის კონსტატირებასაც ის ახდენს, ანდა რისი კონსტატირებაც შეუძლია მოახდინოს. საკუთარ შთაბეჭდილებებს რომ აჯამებს: „არ არსებობს პოლიტიკა მითების გარეშეო“ — ფიქრობს იგი...
და აი, მე დავხურე ეს წიგნები, დაწერილნი იმ ენაზე, რომლის პირობითობები, როგორც ჩანს, გაუგებარია თვით იმ ხალხისათვის, ვინც მათ იყენებს; გადავშალე ატლასი და დაუდევრად დავუწყე ფურცვლა სამყაროს მრავალსახეობის ამ ალბომს. დავყურებდი და ვფიქრობდი, უწინარეს ყოვლისა, ჩემს თვალწინ გადაშლილი რუკების სიზუსტის ხარისხზე. აქ მე აღმოვაჩინე მარტივი ნიმუში იმისა, რასაც ამ სამოციოდე წლის წინათ პროგრესი ერქვა. „ძველი პორტულანი, XVI საუკუნის რუკა მკაფიოდ აღნიშნავენ ეტაპებს-მეთქი“, — ვფიქრობდი მე...
ბავშვი თავდაპირველად შუქ-ჩრდილთა ქაოსში ახელს თვალს, მისი მზერა ტრიალებს და ყოველწამიერად ორიენტირდება სინათლისმიერ უთანაბრობათა წიაღში. და არ არსებობს არავითარი საერთო სინათლის ამ უბნებსა და მისი სხეულის დანარჩენ შეგრძნებებს შორის. მაგრამ ამ სხეულის სუსტი მოძრაობები მას თავს ახვევენ შთაბეჭდილებათა სულ სხვა რიგის უწესრიგობას: ის ეხება, ის ქაჩავს, ის წურავს და მისი არსება თანდათანობით კვეთს და აპირკეთებს თავისთვის საკუთარი ფორმის ტოტალურ განცდას. ეს ცნობიერება მკვეთრად გამოხატული და პროგრესული ეტაპებით ყალიბდება; კავშირებისა და წინასწარხედვების შენობა, თავისუფლება კონტრასტებისა და განმეორებებისაგან. თვალი, შეხების გრძნობა და მოქმედება მრავალგანზომილებიან, კოორდინირებულ სისტემად ერწყმიან ერთმანეთს, რომელიც არის გრძნობადი სამყარო. და აი, ბოლოს, ცენტრალური მოვლენა — ის წამი, როცა თანაფარდობათა გარკვეული სისტემა აუცილებელი და საკმარისი ხდება, რათა ერთგვაროვნად შეუხამოს და შეუსაბამოს ფერად შეგრძნებათა ერთობლიობა კანისა და კუნთების ყველა შეგრძნებას. ამასობაში კი ბავშვის ძალები იზრდება და რეალობა იკვეთება როგორც წონასწორობის ერთგვარი ხატება, რომელშიაც ერთმანეთს ერწყმის შეგრძნებათა მრავალფეროვნება და მოძრაობის შედეგთა ერთობლიობა.
კაცთა მოდგმა ისევე იქცეოდა, როგორც ეს ცოცხალი არსება, როდესაც სულდგმულობს და ვითარდება იმ გარემოში, რომლის თვისებებს და განფენილობას თანდათანობით იკვლევს და ხელის ფათურითა და ნაწილთა ურთიერთმისადაგებით კრებს და ეუფლება. მოდგმამაც თანდათანობით და არათანაბრად შეიცნო დედამიწის ზედაპირული სახე. მოიხილა და სულ უფრო და უფრო უშუალოდ შეიცნო მისი ნაწილები; ივარაუდა და ცდით დაადასტურა მისი დახშული სიმრუდე; აღმოაჩინა და სხარტ ფორმულებში მოაქცია მისი მოძრაობის კანონები; გამოიკვლია, შეაფასა და გამოიყენა სასარგებლო რესურსები და იმ თხელი ფენის მარაგი, რომელშიაც მოქცეულია მთელი სიცოცხლე...
სიცხადისა და სიზუსტის ზრდა, ძალმოსილების ზრდა — აი, ახალი დროის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები; დიახ, მე უმნიშვნელოვანესს ვუწოდებ მათ, ვინაიდან ისინი ცვლიან თვით ადამიანს, ხოლო სიცოცხლისა და მისი თვითშენახვის, გავრცელებისა და ურთიერთობების საშუალებათა ცვლილება მე მიმაჩნია იმ ფაქტების მნიშვნელობის კრიტერიუმად, რომლებიც უნდა დავიხსომოთ და გავიაზროთ. ეს მოსაზრება ცვლის მსჯელობას ისტორიისა და პოლიტიკის შესახებ, ავლენს მის დისპროპორციულობას და ხარვეზებს, მის თვითნებურ დანამატებს თუ დანაკლისებს.
როდესაც ჩემი მსჯელობის ამ ადგილს მივადექი, თავში გამიელვა აზრმა, რომ ადამიანის მთელი თავგადასავალი, ვიდრე ჩვენს დრომდე, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ორ ფაზად უნდა გაიყოს: პირველი იმ უთავბოლო ხელის ფათურის, უფორმო გარემოში წინსვლისა თუ უკუქცევის, უსასრულობაში თვალისმომჭრელად ფეთქებადი სწრაფვებისა თუ იმპულსების პერიოდს უნდა შევადაროთ, როგორადაც წარმოგვიჩნდება ბავშვის განვითარების ისტორია მისი პირველი ცდების ქაოსში. მაგრამ მყარდება გარკვეული წესრიგი, იწყება ახალი ერა. მოქმედებებს სასრულსა და ზუსტად განსაზღვრულ, მკვეთრად შემოსაზღვრულსა და უხვად და ძალუმად დანაწევრებულ გარემოში აღარა აქვთ ის ხასიათი და აღარც ის შედეგები მოსდევთ, რაც ნიშნეულია მათთვის უფორმო და განუსაზღვრელ სამყაროში.
მაგრამ მაინც უნდა შევნიშნოთ, რომ ამ პერიოდების მკვეთრად გამიჯვნა შეუძლებელია ფაქტების მიხედვით. კაცთა მოდგმის ერთი ნაწილი უკვე მეორეულ პირობებში ცხოვრობს, მაშინ როდესაც დანარჩენი ჯერ კიდევ არ გასცილებიან პირველ პერიოდს. ეს უთანასწორობა დასაბამს აძლევს თანადროული კონფლიქტების მნიშვნელოვან ნაწილს.
ახლა კი, მთლიანობაში და წინაშენიშვნების გათვალისწინებით რომ დავაპირე განმეხილა ჩემი ეპოქა, მე ვცადე გამეცხადებინა ყველაზე მარტივი და ყველაზე ზოგადი მოვლენები, რომლებიც, იმავდროულად, ახალი მოვლენები უნდა ყოფილიყვნენ. მე თითქმის დაუყოვნებლივ დავადგინე ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, პირველხარისხოვანი ფაქტი, რომლის თვითპირველხარისხოვნებამ, მისმა სიცხადემ, მისმა სიახლემ ან, უფრო ზუსტად, მისმა არსებითმა ერთადერთობამ ჩვენთვის, მისი თანამედროვეებისათვის, შეუმჩნეველი გახადეს იგი.
მთელი დასახლებული დედამიწა დღეს უკვე გამოკვლეულია, შესწავლილი, ხალხებს შორის დანაწილებული. უცნობი მხარეების, თავისუფალი ტერიტორიების, უპატრონო მიწების, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისუფალი ექსპანსიის ერა წარსულს ჩაბარდა. აღარსადაა ქარაფი, ზედ აღმართული რომ არ იყოს დროშა; აღარაა თეთრი ლაქები რუკაზე; აღარც ოლქები საბაჟოებისა და კანონების გარეშე; აღარც ტომი, რომლის საქმეებსაც არ შეევსოთ ესა თუ ის საქაღალდე და, წერილობითი სიტყვის დაწყევლილობის წყალობით, შორეულ კაბინეტებში მოკალათებული სხვადასხვა ჯურის ჰუმანისტების სათამაშოდ არ ქცეულიყვნენ.
იწყება სასრული სამყაროს ხანა. რესურსების საყოველთაო აღწერა, მუშახელისა და შრომის იარაღების სტატისტიკა, კავშირურთიერთობის საშუალებათა განვითარება გრძელდება. რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი ანდა უფრო შესანიშნავი, ვიდრე მთელი ეს ინვენტარიზაცია, ეს ყოვლისმომცველი განწესება-განაწილება, დედამიწის ყოველი კუთხის ეს გლობალური ურთიერთკავშირი? მათი შედეგები უკვე განუზომელია. მხარეებსა და მოვლენებს შორის სრულიად ახლებური, ზღვრული და მყისიერი ერთობლიობა ამ დიადი ფაქტის უკვე აშკარად საგრძნობ რეზულტატად იქცა. ამიერიდან ჩვენი ვალია ყველა პოლიტიკური მოვლენა ამ ახალ, საყოველთაო პირობამდე დავიყვანოთ, ვინაიდან თითოეული ამ მოვლენათაგანი ექვემდებარება ან ეწინააღმდეგება ზემოხსენებული სასტიკი შეზღუდვისა და ადამიანურ მოქმედებათა სულ უფრო და უფრო მკვეთრად გამოხატული ურთიერთდამოკიდებულების ყველა შედეგს. ისტორიის წინა პერიოდში შეძენილი ჩვეულებები, ამბიციები, ფაქტები კვლავინდებურად განაგრძობენ არსებობას, მაგრამ შეუმჩნევლად გადანერგილნი სრულიად სხვა სტრუქტურის მქონე გარემოში, ისინი უკვე კარგავენ თავიანთ აზრს და ათასგვარი უნაყოფო ძალისხმევისა და შეცდომების წყაროდ იქცევიან.
ადამიანური ცხოვრების არეალის მთლიანი შეცნობის დასასრულს იქამდე მივყავართ, რომ დაზვერვის ამ პერიოდს ენაცვლება ურთიერთობის პერიოდი. სასრული და შეცნობილი სამყაროს ნაწილები გარდუვალად სულ უფრო და უფრო მჭიდრო კავშირით უკავშირდებიან ერთმანეთს. ხოლო ყოველი პოლიტიკა დღევანდელ დღემდე მოვლენათა გათიშულობას იღებდა ამოსავალ წერტილად. ისტორია ითხზვებოდა მოვლენებისაგან, რომელთა ლოკალიზაციაც შესაძლებელი იყო. ყოველი არეულობა, რომელიც დედამიწის ამა თუ იმ ნაწილში იჩენდა თავს, თითქოს უსასრულო გარემოში ვითარდებოდა. მისი შედეგები საკმაოდ დიდ მანძილზე ნულის ტოლი გახლდათ. ტოკიოში ყველაფერი ისე ხდებოდა, თითქოს ბერლინი უსასრულობაში ყოფილიყოს გადატანილი. მაშასადამე, შეიძლებოდა, ასე განსაჯეთ, კეთილგონივრულადაც კი შეიძლებოდა წინასწარხედვა, გაანგარიშება და რეაგირება. დედამიწის ზურგზე საკმაო ადგილი იყო ერთი ან რამდენიმე დიდი, მკვეთრად გამოკვეთილი და თანმიმდევრული პოლიტიკის საწარმოებლად.
ეს ერა თავის დასასრულს უახლოვდება. თითოეული აქცია ამას იქით გარდუვალად იწვევს ყოველი მხრიდან ათასგვარი გაუთვალისწინებელი ინტერესის გამოხმაურებას; ის დასაბამს აძლევს უშუალო მოვლენების უსასრულო წყებას, დახშულ წრეში მოგუგუნე გამოძახილთა ქაოსს. ოდესღაც შეუმჩნეველი ანდა ადვილად უგულებელსაყოფი შედეგთაშედეგები, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ადამიანური ძალაუფლების მოქმედების სფეროსთან თანაფარდობით, თითქმის მეყსეულად აღიქმებიან ნებისმიერ მანძილზე, დაუყოვნებლივ უბრუნდებიან თავიანთ გამომწვევ მიზეზებს და მხოლოდ გაუთვალისწინებელში ქარწყლდებიან და ქრებიან. მკითხავის ვარაუდს, რამდენიმე თვესა თუ რამდენიმე წელზე გათვლილსა და გაანგარიშებულს, ყოველთვის გამტყუნება ელის.
ძალზე შორეული მოვლენები, რამდენიმე კვირის მანძილზე, მეგობარს მტრად, მტერს მოკავშირედ, ხოლო გამარჯვებას დამარცხებად აქცევენ. ყოველგვარი ეკონომიკური კალკულაცია შეუძლებელი გახდა, ყველაზე მეტად გამოცდილნიც კი ცდებიან; ერთპიროვნულად მბრძანებლობს პარადოქსი. არ არსებობს კეთილგონიერება, სიბრძნე, გენია, რომლებიც ამ სირთულემ დაუყოვნებლივ არ მოამწყვდიოს ჩიხში, ვინაიდან აღარ არსებობს ხანგრძლივობა, ვრცეულობა ან შეცნობადი მიზეზობრიობა ურთიერთობებითა და კონტაქტებით ამ კიდით-კიდემდე დახლართულ სამყაროში. კეთილგონიერებაც, სიბრძნეც, გენიაც თვალსაჩინო მიღწევებისა თუ წარმატებების გარკვეული თანმიმდევრობით ცნაურდება; ხოლო იქ, სადაც მბრძანებლობს შემთხვევითობა და უწესრიგობა, სიბრძნისა თუ შთაგონების თამაში შემთხვევითობის თამაშისაგან განურჩეველი ხდება. ყველაზე დიდებული ნიჭიც კი ფუჭი და ამაოა ამნაირ სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, ახალი პოლიტიკა ისე შეეფარდება ძველს, როგორც ბირჟის მაკლერის ნაუცბათევი გათვლები, სპეკულაციის ნერვული ფუსფუსი მოყაყანე ბაზარში, მისი მკვეთრი რყევა, მისი წრიალი, მისი არამყარი მოგება თუ წაგება შეეფარდება ძველი პატრიარქალური ოჯახისკაცის დინჯსა და აუჩქარებელ სამეურნეო თადარიგს და ავლა-დიდების თანდათანობით დაგროვებას... რომელიმე მაკიაველისა თუ რიშელიეს მეთოდური თანმიმდევრობით განხორციელებულ შთანაფიქრს, მათ ღრმა აზრებს დღეს ქორვაჭრის ანგარების ყადრი და ფასი თუ ექნებოდა.
ეს საზღვრული სამყარო, განუწყვეტლივ რომ ზრდის კავშირურთიერთობას თავის ნაწილებს შორის, იმავდროულად არის სამყარო, რომელიც სულ უფრო და უფრო ამრავალფეროვნებს თავის აღჭურვილობას. ევროპამ დააარსა მეცნიერება, რომელმაც გარდაქმნა ცხოვრება და გაზარდა მისი მფლობელების ძლიერება. მაგრამ თვით მისივე ბუნების მიხედვით, ის შეიძლება სხვებსაც გადაეცეს. უნდა თუ არა, მეცნიერება უნივერსალურ მეთოდებსა და რეცეპტებში პოულობს თავის გამოხატულებას. საშუალებები, რომლებსაც ის ანიჭებს კაცობრიობის ერთ ნაწილს, სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია. იგივე საშუალებები ზრდიან წარმოებას და არა მარტო რაოდენობრივად — ვაჭრობის ტრადიციულ საგნებს ემატება ურიცხვი ახალი საგანი, რომელთა საჭიროება და მოთხოვნილება, მიბაძვის გზით, გადამდები სნეულებასავით ვრცელდება. მალე ყველაზე ჩამორჩენილი ხალხებისაგან მოითხოვენ, რომ მათ შეიძინონ ამ სიახლეების მოყვარულთა და მომხმარებელთათვის საჭირო ცოდნა. მათ შორის — უახლესი იარაღისაც. აქვე უნდა ითქვას, რომ ისინი იძულებულნი არიან შეიძინონ ეს იარაღი, რადგანაც მას თვით ამ ხალხებისავე წინააღმდეგ იყენებენ. მათ ხელსაც კი უწყობენ ამაში: ერთმანეთს ებრძვიან იმის გულისთვის, თუ ვინ უფრო მეტ იარაღს მიაწვდის და ვინ უფრო მეტ სესხს მისცემს მათ, რომლითაც ისინი ამ იარაღის საფასურს გადაიხდიან.
ამრიგად, ძალების ხელოვნური უთანასწორობა, რასაც უკანასკნელი სამი საუკუნის მანძილზე ემყარებოდა ევროპის ბატონობა, წარმოუდგენელი სისწრაფით ქარწყლდება. ხელახლა იჩენს თავს მთლიან სტატისტიკის მონაცემებზე დაფუძნებული უთანასწორობა. აზია დაახლოებით ოთხჯერ უფრო დიდია ევროპაზე. ამერიკის კონტინენტის ზედაპირი ცოტათი უფრო ნაკლებია აზიისაზე. ჩინეთის მოსახლეობა, მეტი რომ არ ვთქვათ, ევროპის მოსახლეობის ტოლია; იაპონიის მოსახლეობა გერმანიისას სჭარბობს.
ხოლო ევროპის ლოკალურ პოლიტიკას, მთლიანად რომ თრგუნავს და უაზროს ხდის ევროპისავე უნივერსალიზებულ პოლიტიკას, ურთიერთმოქიშპე ევროპელები მანქანებისა და ტექნიკის ექსპორტამდე მიჰყავს; ეს მანქანები და ტექნიკა კი ევროპის მსოფლიო ბატონობას ედო საფუძვლად. ევროპელები ერთმანეთს ეცილებიან იმ სარფიანი პატივის გამო, რომ გამოაღვიძონ, გაანათლონ და შეაიარაღონ უზარმაზარი, თავიანთ ტრადიციებში გათანგული და გახევებული ხალხები, რომლებიც სხვას არაფერს თხოულობენ, გარდა იმისა, რომ ამ მდგომარეობაში დატოვონ.
ისევე როგორც ამა თუ იმ ხალხში კულტურის გავრცელება თანდათანობით შეუძლებელს ხდის კასტების შენარჩუნებას, ისევე როგორც ვაჭრობისა და მრეწველობის წყალობით ნებისმიერი კაცის სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობამ ილუზორული და მოძველებული გახადა ყოველგვარი მყარი სოციალური იერარქია, იგივე ბედი ელის ტექნიკურ ძლიერებაზე დაფუძნებულ უთანასწორობასაც.
ისტორიაში არ მოიძებნება უფრო დიდი სიბრიყვე, ვიდრე ევროპული მეტოქეობა პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში, როცა მას ადარებ, უპირისპირებ და უფარდებ ევროპულ ერთობას და თანამშრომლობას მეცნიერების დარგში. მაშინ როდესაც ევროპის დიდ მოაზროვნეთა ძალისხმევის წყალობით იქმნებოდა პრაქტიკული ცოდნის უზარმაზარი კაპიტალი, იმავდროულად გრძელდებოდა სიხარბისა და უკანააზრების ისტორიული პოლიტიკის მიამიტური ტრადიცია და პატარა ევროპელების ამნაირი სულისკვეთება, რომელიც შეიძლება თავისებურ გამცემლობად იქნეს მიჩნეული, ხელში უგდებდა მათ, ვისზედაც მბრძანებლობას აპირებდა, ძლიერების მეთოდებსა და იარაღებს. ბრძოლა კონცესიებისა თუ კრედიტებისათვის, მანქანებისა თუ ტექნიკური პერსონალის ექსპორტისათვის, სკოლებისა თუ არსენალების მშენებლობისათვის, რაც, არსებითად, სხვა არა არის რა, თუ არა დიდ მანძილზე ევროპული ურთიერთჟლეტის საშუალებათა გადატანა — ფატალური გარდაუვალობით აქვეითებს ევროპას იმ მეორეხარისხოვან მდგომარეობამდე, სადაც მას უწესებს ადგილს მისივე საკუთარი განზომილება და საიდანაც მისი გონების ქმედითობამ და შინაგანმა ძალისხმევამ ამოზიდა და აღაზევა იგი.
აზრი არა აქვს წარმოვიდგინოთ გიგანტური ომების საზარელი გარემოებანი, თემურ-ლენგის შემოსევები, როგორც ამ ბალღური ქცევისა და უთავბოლო წრიალის შედეგი. საკმარისია წარმოვიდგინოთ უფრო უარესი. ზერელედ მაინც დაუფიქრდით იმას, თუ რა მოელის ევროპას, როცა, მისივე მზრუნველობის წყალობით, აზიაში მოგვევლინება ორი დუჟინი კრეზი თუ ესენი, მანჩესტერი თუ რუბე; როცა ფოლადი, აბრეშუმი, ქაღალდი, ქიმიური პროდუქტები, ქსოვილები, კერამიკა და სხვა მისთანანი წარმოებული იქნება იქ გამაოგნებელი რაოდენობით და წარმოუდგენლად იაფ ფასებში, დედამიწის ზურგზე ყველაზე ნაკლები მოთხოვნილების მქონე და ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მიერ, რომლის შემდგომ ზრდას და გამრავლებას ხელს შეუწყობს ჰიგიენური ჩვევების დანერგვა.
ასეთი იყო ჩემი უმარტივესი აზრები ჩემივე ატლასის წინაშე, როცა ზემოხსენებულმა ორმა კონფლიქტმა და, მეორეს მხრივ, იმის აუცილებლობამ, რომ ზერელედ მაინც შემესწავლა გერმანიის თანმიმდევრული განვითარება, ეს კითხვები აღმიძრეს.
მას აქეთ მომხდარმა გრანდიოზულმა მოვლენებმა ვერ მაიძულეს შემეცვალა ეს ელემენტარული იდეები, რომლებიც მხოლოდ ძალზე ადვილსა და თითქმის პირწმინდად რაოდენობრივ კონსტატაციებზე არიან დამოკიდებულნი. „სულის კრიზისი“, რომელიც უშუალოდ ზავის დადების შემდეგ დავწერე, შეიცავს მხოლოდ ამ აზრების განვითარებას, რომლებიც ოცი წლის წინათ დამებადა. მსოფლიო ომის შედეგი იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო: მან მხოლოდ დააჩქარა ევროპის დაცემის პროცესი. მისი ყველა დიდი ხალხის ერთდროული დასუსტება; მათი მკვეთრად გამოხატული შინაგანი წინააღმდეგობანი; ორივე მხარის სასოწარკვეთილი მცდელობა არაევროპელთაგან დახმარების მიღებისათვის (სამოქალაქო ომების დროს საზღვარგარეთიდან დახმარების მიღების ცდას რომ გვაგონებს); პროპაგანდათა ბრძოლის შედეგად დასავლელი ხალხების პრესტიჟის ურთიერთშემუსვრა (მე უკვე აღარაფერს ვამბობ საომარი ხერხებისა და საშუალებების არნახული სისწრაფით გავრცელებასა და ევროპული ელიტის გაჟლეტის გამო) — ასეთი იყო, მსოფლიოში ევროპის მდგომარეობის თვალსაზრისით, ამ კრიზისის შედეგები; კრიზისისა, რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა ურიცხვი ილუზიების წყალობით და რომელმაც მემკვიდრეობად დაგვიტოვა უთვალავი პრობლემა, ამოცანა, შიში, უფრო ბუნდოვანი სიტუაცია, უფრო მეტად აფორიაქებული სულები და უფრო პირქუში მომავალი, ვიდრე 1913 წელს. მაშინ ევროპაში ძალთა წონასწორობა მაინც არსებობდა; დღევანდელი მშვიდობა კი მხოლოდ უძლურებათა ერთგვარ წონასწორობას გვავარაუდებინებს, რაც, გარდუვალად, კიდევ უფრო არამყარია.
შენიშვნები ევროპის სიდიდისა და დაცემის შესახებ
უახლეს დროში ევროპის ვერცერთმა სახელმწიფომ, ვერცერთმა იმპერიამ ვერ შესძლო დარჩენილიყო დიდების მწვერვალზე, ფართოდ გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება ანდა ორმოცდაათ წელზე მეტხანს შეენარჩუნებინა დამპყრობლური ომების მონაპოვარი. ყველაზე დიდ ადამიანებსაც ხელი მოეცარათ; თვით ყველაზე ბედნიერებმაც კი დაღუპვის პირას მიიყვანეს თავიანთი ხალხები. კარლოს V, ლუი XIV, ნაპოლეონი, მეტერნიხი, ბისმარკი — საშუალო ხანგრძლივობა: ორმოცი წელი, გამონაკლისი არ არის.
ევროპას ყველაფერი გააჩნდა საიმისოდ, რომ დაემორჩილებინა, უკან გაეყოლებინა და ევროპული მიზნების სამსახურში ჩაეყენებინა დანარჩენი სამყარო. მის განკარგულებაში იყო ძლევამოსილი საშუალებები და მათი შემქმნელი ხალხი. გაცილებით დაბლა იდგნენ ისინი, ვის განკარგულებაშიც იყო თვითონ ევროპა. მათ ასაზრდოებდათ წარსული და მხოლოდ წარსულის შექმნა შეეძლოთ. ეს შესაძლებლობაც უკვე წარსულს ჩაბარდა. ევროპის ისტორიამ, მისმა ტრადიციებმა, მისი სოფლების, სამრეკლოებისა და დუქნების შუღლმა, მეზობლების ქიშპობამ და ურთიერთობამ — მოკლედ, თვალსაწიერის დახშულობამ და იმ ეპოქიდან მემკვიდრეობით მიღებულმა სულმოკლეობამ, როცა ევროპაც გაუთლელი, გაურანდავი და დედამიწის სხვა მხარეებზე ძლიერი როდი იყო — აიძულეს იგი ხელიდან გაეშვა დიადი შესაძლებლობა, რომლის არსებობაც, თავის დროს, აზრადაც არ მოსვლია მას.
ნაპოლეონი, როგორც ჩანს, ერთადერთი იყო, რომელმაც წინასწარ იგრძნო, რა მოხდებოდა და რისი გაკეთება იყო საჭირო. მაგრამ ის მეტისმეტად ადრე მოვიდა. ის ფიქრობდა თანადროული სამყაროს მასშტაბზე და გამოთქვა კიდეც ეს, მაგრამ ვერავინ გაუგო. მისი საშუალებები ოდნავადაც ვერ შეედრებოდა ჩვენსას. მას შემდეგ კვლავ მუშტრის თვალით დაუწყეს ყურება მეზობლის ბაღ-ბოსტნებს და ხელახლა დაუბრუნდნენ წამიერ განზომილებას. უბადრუკი ევროპელები ამჯობინებდნენ არმანიაკები და ბურგინიონები ეთამაშათ და არა ის, რომ მთელი დედამიწის მასშტაბით შეესრულებინათ ის დიადი როლი, რომელიც იტვირთეს და თავიანთ თანადროულ სამყაროში საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნეს რომაელებმა. მათი რაოდენობა და საშუალებები სასაცილო იყო ჩვენს სიმრავლესა და საშუალებებთან შედარებით, მაგრამ თავიანთი წიწილების კუჭმაჭში ისინი პოულობდნენ უფრო მეტ მართებულ და თანმიმდევრულ იდეებს, ვიდრე შეიძლება მოიქექოს მთელს ჩვენს პოლიტიკურ მეცნიერებებში.
ევროპა დაისჯება მისი პოლიტიკის გამო; მას მოაკლდება ღვინო, ლუდი, ლიქიორი და სხვა რაღაცაც... ევროპა აშკარად ისწრაფვის იმისაკენ, რომ მას მართავდეს რომელიღაც ამერიკული კომისია. მთელი მისი პოლიტიკა აქეთკენაა მიმართული. რაკი თვითონვე ვერ ვაღწევთ თავს საკუთარ ისტორიას, ჩვენ დაგვიხსნიან მისგან ბედნიერი ხალხები, რომლებსაც არ ჰქონიათ, ან თითქმის არ ჰქონიათ ისტორია. ეს ბედნიერი ხალხები თავს მოგვახვევენ თავიანთ ბედნიერებას.
ევროპამ მკვეთრად გამოიყო დედამიწის დანარჩენი ნაწილებისაგან; არა თავისი პოლიტიკის წყალობით, არამედ ამ პოლიტიკის მიუხედავად და, მეტიც, მის წინააღმდეგ. მან შესძლო უკიდურესად განევითარებინა თავისი სულის თავისუფლება, საკუთარი ნების რიგორიზმს შეუხამა ყოვლისშეცნობის წყურვილი, გამოიგონა ზუსტი და ქმედითი ცნობისმოყვარეობა, დაუოკებელი ძიებით მიაღწია შედეგებს, რომლებიც შეიძლება ზუსტად შეედარებოდნენ და შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და შექმნა ყოვლისმძლე კანონებისა თუ წესების ფონდი. მაგრამ მისი პოლიტიკა კვლავინდებურად უცვლელი დარჩა და მთელი იმ განსაცვიფრებელი სიმდიდრისა და რესურსებისაგან, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდი, სესხულობდა მხოლოდ იმას, რაც საჭირო იყო ამ პრიმიტიული პოლიტიკის განსამტკიცებლად და უფრო მრისხანე და უფრო ბარბაროსული იარაღით მის აღსაჭურვად.
ასე იჩინა თავი კონტრასტმა, განსხვავებამ, განსაცვიფრებელმა გათიშულობამ ერთი და იგივე სულის ორ მდგომარეობას შორის, როცა ის, ერთის მხრივ, თავდავიწყებით იღვწოდა და აღარ ახსოვდა აღარაფერი თავისი უანგარო შრომის, თავისი მკაცრი, კრიტიკული ცნობიერების და თავისი ბრძნულად გამოკვლეული სიღრმის გარდა, ხოლო მეორეს მხრივ — როცა პოლიტიკის ინტერესებს ემსახურებოდა. ის თითქოს პოლიტიკისათვის ინახავდა მთელი თავისი ნამოღვაწარის ყველაზე ფუჭ, ყველაზე უსარგებლო და ყველაზე ბილწ ნაწილს: ინსტინქტებს, კერპებს, მოგონებებს, სინანულს, გულისთქმას, მნიშვნელობათაგან განძარცვულ ბგერებს და თავბრუდამხვევად მსწრაფლმავალ მნიშვნელობებს... ყოველივე იმას, რასაც უარყოფდნენ მეცნიერებაც, ხელოვნებაც და თვით ისიც კი, რისი ატანაც უკვე აღარ შეეძლოთ მათ.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ განიჭებენ შეუზღუდავ ძალაუფლებას. თქვენ პატიოსანი კაცი ხართ და მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, რაც შეიძლება უკეთ მოიქცეთ. თქვენ მაგარი თავი გაქვთ; თქვენს გონებას საგანთა მკაფიო ჭვრეტისა და მათი თანაფარდობის ნათლად წარმოდგენის უნარი შესწევს; და ბოლოს, თქვენ განდგომილი ხართ საკუთარ თავისაგან და ისე მაღალ და თავბრუდამხვევად საინტერესო მდგომარეობამდე აღზევებული, რომ თქვენი პირადი ინტერესები უბადრუკობად და არარაობად გეჩვენებათ ყოველივე იმასთან შედარებით, რაც თქვენს წინაშე ან იმ შესაძლებლობათა წინაშე იშლება, რომლებიც თქვენ გაქვთ მონიჭებული. თქვენ ისიც კი არ გაშფოთებთ, რაც შეაშფოთებდა თითოეულ ჩვენგანს — იდეა მოლოდინისა, რომელიც ნიშნულია ყველა კაცისათვის. თქვენ არ გაშინებთ, არც გთრგუნავთ იმედი, რომელსაც თქვენზე ამყარებენ. კეთილი და პატიოსანი! რას იზამდით? რას მოიმოქმედებდით დღეს?
არის გამარჯვება თავისთავადი და გამარჯვება შემთხვევითი. მშვიდობა — ეს არის შესაძლო ძალთა ფარული, მუნჯი, მუდმივი გამარჯვება სავარაუდო გულისთქმათა წინააღმდეგ ბრძოლაში. ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ყველა დაკმაყოფილებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა ძალზე იშვიათი მოვლენა გახლდათ. არსებობს მხოლოდ ფაქტიური მშვიდობა, რომელიც, თავისთავად, ისეთივე კერძო გამოსავალია, როგორც ომი. ერთადერთი ხელშეკრულება, რომლისთვისაც შეიძლებოდა ანგარიში გაგვეწია, ეს იქნებოდა ხელშეკრულება, დადებული უკანააზრებს შორის. ყოველივე იმას, რისია აღიარებაც შეიძლება, თითქოს არავითარი მომავალი არ გააჩნია.
ხანდახან პირმოთნედ იმედოვნებენ, რომ მოწინააღმდეგეს თავს მოახვიეს თავიანთი ნება. ზოგჯერ მართლაც აღწევენ ამას, მაგრამ ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. არაფერი ისე ძნელი არ მეჩვენება, როგორც განსაზღვრა ერის ჭეშმარიტი ინტერესებისა, რომლებიც არ უნდა ავურიოთ ერისავე მისწრაფებებში. ჩვენი სურვილების აღსრულება ყოველთვის როდი გვაშორებს ჩვენსავე აღსასრულს. ომი, რომელიც თავის დასასრულს მეომარი მხარეების ძალთა უთანასწორობას უნდა უმადლოდეს, მხოლოდ დროებით შეწყვეტილი ომია.
რამდენიმე კაცის ქცევა მილიონების ბედზე ისეთსავე გავლენას ახდენს, როგორც ყოველი სულდგმულის ხვედრზე — მისი სასიცოცხლო გარემოს შეცვლა თუ შერყევა. მსგავსად იმისა, როგორც ბუნებრივი მიზეზები იწვევენ სეტყვას, ტაიფუნს, ეპიდემიებს, ინტელექტუალური მიზეზებიც ასეთსავე ზემოქმედებას ახდენენ მილიონობით ადამიანზე, რომელთა უმრავლესობაც ისევე იტანს მათ, როგორც იცის ზღვის, დედამიწის ქერქის კაპრიზებს. ინტელექტი და ნება, რომლებიც ბრმა ფიზიკური ძალებივით მოქმედებენ მასებზე — აი, რას ეწოდება პოლიტიკა.
ერებისათვის
არასოდეს არ არის ადვილი საქმე ნათლად წარმოიდგინო ის, რასაც „ერი“ ჰქვია. ყველაზე მარტივი და ყველაზე მკაფიო თვისებები შეუმჩნეველი რჩებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც უგრძნობელნი არიან იმის მიმართ, რაც თვალწინა აქვთ. უცხოელი კი, რომელიც ამჩნევს ამ თვისებებს, მეტისმიეტი სიმკვეთრით აღიქვამს მათ და ვერ აგრძნობს შინაგანი შესაბამისობებისა და უხილავ ორმხრივობათა ურიცხვ სიმრავლეს, რისი წყალობითაც ხორციელდება მილიონობით ადამიანის ღრმა ერთობის ეს სასწაული. მაშასადამე, შეიძლება ორი დიდი შეცდომის დაშვება მოცემულ ერთან დაკავშირებით.
ეგეც არ იყოს, თვით ერის იდეაც, საერთოდ, ძალზე ძნელად ექვემდებარება განსაზღვრას: გონება იბნევა და იფანტება ამ ცნების მრავალფეროვან ასპექტთა შორის; ის ყოყმანობს და არ იცის განსაზღვრის რომელი გზა აირჩიოს. როგორც კი ირწმუნებს, რომ დამაკმაყოფილებელ ფორმულას მიაკვლია, თვით ეს ფორმულა კარნახობს ამა თუ იმ კერძო შემთხვევას, რომელიც აშკარად სცილდება მის ვიწრო ფარგლებს. ეს იდეა იმდენად ჩვეულებრივია ჩვენს ყოველდღიურობაში და იმდენად განუყოფელი ჩვენი გრძნობელობისაგან, რამდენადაც რთული და განუსაზღვრელია ჩვენი აზროვნებისათვის. მაგრამ იგივე ითქმის დიდი მნიშვნელობის მქონე ყველა სხვა სიტყვის მიმართ. ჩვენ ადვილად ვმსჯელობთ სამართლის, რასის, საკუთრების შესახებ, მაგრამ რა არის სამართალი, რასა, საკუთრება? ჩვენ თითქოს ვიცით და არც ვიცით ეს.
ამრიგად, ეს მძლავრი, ერთსა და იმავე დროს აბსტრაქტული და ვიტალური ცნებები, დროდადრო ეგზომ დაძაბული და მძაფრი სიცოცხლით რომ ცოცხლობენ ჩვენში, ყველა ეს ტერმინი, რომელთა წყალობითაც ხალხისა თუ სახელმწიფო მოღვაწეთა სულში ითხზვის აზრები, გეგმები, საბუთები, გადაწყვეტილებები, რომლებზედაც დამოკიდებულია ადამიანთა ბედ-იღბალი, მათი კეთილდღეობა თუ უბედურება, მათი სიცოცხლე თუ სიკვდილი — ცნობიერებას ბუნდოვან და არაწმინდა სიმბოლოებად ევლინებიან... და მაინც, ადამიანები, თავიანთ ყოველდღიურ ურთიერთობებში ამ განუსაზღვრელობებს რომ იყენებენ, მშვენივრად უგებენ ერთმანეთს. მაშასადამე, ეს ცნებები ცხადნი და საკმარისნი არიან ერთობლივად, მაგრამ ბუნდოვანნი და თითქოს უსასრულოდ ურთიერთსაპირისპირონი — ცალ-ცალკე.
ერები უცხონი არიან ერთმანეთისათვის, ისევე როგორც ხასიათით, ასაკით, რწმენით, ჩვეულებებითა და მოთხოვნილებებით ერთმანეთისაგან განსხვავებული არსებანი. ისინი ცნობისწადილით და დიდი სიფრთხილით უთვალთვალებენ ერთმანეთს; იღიმებიან, ტუჩს იბზუებენ; აღტაცებით უცქერენ და ბაძავენ წვრილმანებს; მძულვარებით უმზერენ მთელს; ეჭვებით იწყევლიან და ზიზღით იფხორებიან. რაგინდ გულწრფელიც უნდა იყოს მათი სურვილი, რომ დაუახლოვდნენ და გაუგონ ერთმანეთს, ეს ურთიერთობა ყოველთვის იმღვრევა და გარკვეულ მომენტში წყდება. არსებობენ ერთგვარი გადაულახავი საზღვრები თავიანთი სიღრმითა და სიგრძე-სიგანით.
არა ერთსა და ორს შინაგანად სწამს, რომ სწორედ ის წარმოადგენს ერს, თავისით და თავისთავად, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით — უსასრულო მომავლის მქონე რჩეულს, რომელსაც ერთადერთს ეძლევა იმის უფლება, რომ თავისი აწინდელი მდგომარეობის, სისუსტისა თუ სიღატაკის მიუხედავად, იმ შინაგანი ძალების სრული გაფურჩქვნისა და განვითარების პრეტენზია ჰქონდეს, რომლებსაც თვითონვე მიაწერს საკუთარ თავს. ყოველი მათგანი წარსულსა თუ შესაძლებელში პოულობს არგუმენტებს. არცერთს არა სურს უყუროს თავის უბედობასა და სვედავსილობას, როგორც თავის კანონიერ შვილებს.
იმისდაკვალად, თუ რისი მიხედვით ადარებენ ერთმანეთს თავს — ტერიტორიული სიდიდისა თუ მრავალრიცხოვნების, მატერიალური პროგრესისა თუ ზნე-ჩვეულებების, თავისუფლებისა თუ საზოგადოებრივი წყობილების, კულტურისა თუ სულიერი ფასეულობების, ან, თუნდაც, მხოლოდ მოგონებებისა და იმედების მიხედვით — ერები უცილობლად პოულობენ იმის საბაბს, რომ სხვებზე მაღლა დააყენონ თავიანთი თავი. დაუსრულებელ პარტიაში, რომელსაც ისინი თამაშობენ, თითოეულს თავისი კარტი უჭირავს ხელში. მაგრამ ზოგიერთი კარტი ნამდვილია, ზოგი კი წარმოსახვითი. არიან ერები, რომლებსაც მხოლოდ შუასაუკუნეებისა თუ ანტიკური „კოზირები“ უჭირავთ ხელში — გარდასული და მოწიწებით მოსახსენიებელი ფასეულობები; სხვები თავიანთ ხელოვნებაზე, მომხიბლავ ხედებზე, ეროვნულ მუსიკაზე, თავიანთ ხიბლსა თუ თავიანთი ისტორიის კეთილშობილებაზე ამყარებენ იმედს და ნამდვილ „აგურებსა“ და ნამდვილ „ყვავებს“ შორის პარტყა-პურტყით ჩამოდიან მათ. ყოველი ერი აწმყოში, წარსულსა თუ მომავალში ეძებს იმის საბაბს, რომ შეუდარებლად მიაჩნდეს თავი. თუმცა ისინი მართლაც შეუდარებელნი არიან. სპეკულაციური პოლიტიკის ერთი ყველაზე დიდი გასაჭირი სწორედ ის გახლავთ, რომ შეუძლებელია ერთიმეორეს შეუდარო ეს დიადი მთლიანობანი, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ხასიათებითა და გარეგნული საშუალებებით რომ ეხებიან და ესადაგებიან ერთმანეთს.
მაგრამ მათი მაფორმირებელი ძირითადი მიზეზი, მათი არსებობის პირველსაწყისნი და შინაგანი კავშირნი, ურღვევ მთლიანობად რომ ადნობენ და ადუღაბებენ ერთი და იმავე ხალხის შვილებსა თუ თაობებს, სხვადასხვა ხალხში სხვადასხვანაირნი არიან. რასა თუ ენა, ტერიტორია, მოგონებები თუ ინტერესები სხვადასხვაგვარად აყალიბებენ ორგანიზებული ადამიანური აგლომერატის ეროვნულ ერთობას. ერთი ამნაირი ერთობის უღრმესი მიზეზი შეიძლება სულ სხვაგვარი იყოს, ვიდრე მეორისა. უნდა შევახსენოთ მზარდ ერებს, რომ არ არსებობს ბუნებაში ისეთი ხე, თუნდაც სინათლის, ნიადაგისა და ადგილმდებარეობის მიხედვით ყველაზე ხელსაყრელ პირობებში ჩაყენებული, რომელსაც დაუსრულებლივ შეეძლოს ზრდა და გაფართოება.
ისტორიისათვის
ისტორია ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული ყველაზე მავნე პროდუქტია. მისი თვისებები კარგადაა ცნობილი. ის იწვევს ოცნებებს, ათრობს ხალხებს, ყალბ მოგონებებს აღუძრავს მათ, რეფლექსებს პირს უხსნის, მათ ძველ ჭრილობებს ამღვრევს, მათ სიმშვიდეს განდიდებისა თუ დევნის მანიას უვითარებს, სიმწარეს, ზვაობას, ამაოებას უნერგავს და აუტანელს ხდის ერებს. ისტორია ამართლებს ყოველგვარ სურვილს; ის დაბეჯითებით არ გვასწავლის არაფერს, რადგან ყველაფერს შეიცავს და ყველაფრის ნიმუშს გვთავაზობს.
რამდენიმე წიგნი დაწერილა ამნაირი სათაურებით: „ამისა და ამის მაგალითები“, „იმისა და იმის გაკვეთილები“!.. არაფერია უფრო სასაცილო, ვიდრე მათი კითხვა იმ მოვლენების შემდეგ, რომლებიც ამ წიგნებში მომავლის თვალსაზრისით განმარტებულ მოვლენებს მოჰყვნენ. სამყაროს აწინდელ მდგომარეობაში საფრთხე იმისა, რომ ისტორიის საცთურს აჰყვე, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.
ჩვენი ეპოქის პოლიტიკურ მოვლენებს თან სდევს და მეტისმეტად ართულებს მათ მასშტაბურობის უმაგალითო შეცვლა, ან უმალ საგანთა წესრიგის შეცვლა. სამყარო, რომელსაც ამიერიდან ვეკუთვნით ჩვენ, ადამიანები და ერები, მხოლოდ და მხოლოდ ჰგავს, მხოლოდ და მხოლოდ მოგვაგონებს ჩვენთვის ჩვეულ სამყაროს. მას აქეთ, რაც სისტემა მიზეზებისა, რომლებიც განაგებენ თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბალს, მთელი დედამიწის ზურგზე გავრცელდა, ჩვენი პლანეტა ათასნაირი გამოძახილით უშუალოდ ეხმაურება ყოველგვარ ბიძგს. აღარ არსებობს ლოკალური საკითხები, აღარ არსებობს გადაჭრილი კითხვები, თუკი ისინი მხოლოდ ერთ წერტილში არიან გადაჭრილნი.
ისტორია, როგორც მას აღიქვამდნენ ოდესღაც, თითქოს სხვა არა იყო რა, თუ არა პარალელური ქრონოლოგიური ნუსხების ერთობლიობა, რომლებსაც დროდადრო შემთხვევითი გარდი-გარდმო ხაზები ჰკვეთდნენ. სინქრონიზაციის რამდენიმე ცდამ არავითარი შედეგი არ გამოიღო, გარდა იმისა, რომ დაამტკიცა მათი სრული უნაყოფობა. ის, რაც კეისრის დროს ხდებოდა პეკინში ანდა ნაპოლეონის დროს — ზამბეზში, თითქოს სხვადასხვა პლანეტაზე ხდებოდა. მაგრამ მელოდიური ისტორია უკვე შეუძლებელია. ყველა პოლიტიკური თემა ერთმანეთს ეწვნის და ყოველი მოვლენა დაუყოვნებლივ იძენს ერთდროულ და განუყოფელ მნიშვნელობათა კრებით ხასიათს.
ვინმე რიშელიესა თუ ვინმე ბისმარკის პოლიტიკა უკვალოდ იკარგება და თავის აზრს კარგავს იმ ახალ გარემოში. ცნებები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ თავიანთი შთანაფიქრისთვის, საგნები, რომლებიც მათ შეეძლოთ შეეთავაზებინათ თავიანთი ხალხების პატივმოყვარეობისათვის, ძალები, რომლებიც ფიგურირებდნენ მათ გამოთვლებში — ყოველივე ეს უბადრუკი ხდება. პოლიტიკოსების უმთავრეს მიზნად ითვლებოდა, ზოგისთვის კი ახლაც ითვლება, ტერიტორიების დაუფლება. ამის გულისთვის მიმართავდნენ ძალმომრეობას, ვიღაცას ართმევდნენ ამ ნანატრ მიწებს და ყველაფერი ნათქვამი იყო. მაგრამ ყველასათვის ნათელია, რომ ეს წამოწყებანი, რომლებიც შემოიფარგლებოდნენ საუბრით, რასაც მოსდევდა ორთაბრძოლა, რასაც მოჰყვებოდა ხელშეკრულება, მომავალში ისეთ გარდუვალ განზოგადოებებს გამოიწვევენ, რომ აღარაფერი აღარ მოხდება ამქვეყნად, თუ მასში ჩათრეული არ აღმოჩნდა მთელი მსოფლიო, და რომ შეუძლებელი გახდება ყოველგვარი წამოწყების თითქმის მყისიერი შედეგების წინასწარგანჭვრეტა და ლოკალიზება.
წარსულის დიად მთავრობათა მთელი გენია იწრიტება, უმწეო და, ასე განსაჯეთ, უმაქნისიც კი ხდება პოლიტიკური მოვლენების ასპარეზზე კავშირურთიერთობათა არნახული ზრდის გამო; ვინაიდან არ არსებობს ისეთი გენია, არც ხასიათისა თუ ინტელექტის ისეთი ძალმოსილება, არც ისეთი ტრადიციები (ბრიტანული ტრადიციების ჩათვლით), რომლებსაც ამიერიდან შეიძლება ჰქონდეთ იმის იმედი, რომ თავიანთი ნებით დაამუხრუჭებენ ან სახეს უცვლიან მთელი ადამიანური სამყაროს მდგომარეობას თუ რეაქციებს — სამყაროსას, რომელსაც უკვე აღარ ესადაგება უწინდელი ისტორიული გეომეტრია და უწინდელი პოლიტიკური მექანიკა. ევროპა მე მომაგონებს საგანს, რომელიც ანაზდეულად გადატანილ იქნა უფრო რთულ სივრცეში, სადაც მისთვის ნიშნეული და გარეგნულად თითქოს უცვლელი თვისებები სრულიად სხვა კანონზომიერებებს ექვემდებარებიან. კერძოდ, ყველა ძველებური წინასწარხედვა, ყველა ტრადიციული კალკულაცია უფრო ფუჭი გახდა, ვიდრე ოდესმე.
ამასწინანდელი ომის შედეგებმა დაგვანახა, რომ მოვლენები, რომლებიც უწინ დიდი ხნით და თავიანთი კარნახით განაპირობებდნენ მსოფლიო პოლიტიკის იერსახეს და საერთო მიმართულებას, მხარეთა სიმრავლის, მოქმედების არენის გაფართოებისა და ინტერესთა სირთულის გამო, რამდენიმე წლის შემდეგ თანდათანობით იწრიტებიან, იშრიტებიან და მკვეთრად უპირისპირდებიან თავიანთ უშუალო შედეგებს. უნდა მოველოდეთ, რომ ამნაირი სახეცვლილებები წესად იქცევა. რაც უფრო ღრმად შევტოპავთ, მით უფრო გამარტივდება ყველა შედეგი, მით უფრო გაჭირდება მათი წინასწარგანჭვრეტა, მით უფრო ნაკლებ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ პოლიტიკური ოპერაციები და თვით შეიარაღებული ჩარევები (ერთის სიტყვით, უშუალო და აშკარა აქციები) გაამართლებენ მათზე დამყარებულ იმედს. სიდიდეები, ფართობები, მასები, მათი ურთიერთკავშირები, ლოკალიზაციის შეუძლებლობა, გამოძახილთა უშუალობა სულ უფრო და უფრო მეტად აუცილებელს გახდიან თანადროული პოლიტიკისაგან ძირფესვიანად განსხვავებულ პოლიტიკას. შედეგები ისე სწრაფად იცვლებიან, აღარ შეესაბამებიან და, ასე განსაჯეთ, უპირისპირდებიან კიდეც თავიანთ მიზეზებს, რომ ამიერიდან შეიძლება სახიფათო, ბალღურად უნდილ და უგუნურ ცდად ჩაითვალოს იმისი ცდა, რომ ვეძიოთ მოვლენა, ვცადოთ მისი გამოწვევა ან ხელი შევუშალოთ მის თვითგამოვლენას. პოლიტიკურმა აზრმა შეიძლება ხელი აიღოს იმ ჩვევაზე, რომ იაზროვნოს მოვლენებით — ჩვევაზე, რომელიც, არსებითად, ისტორიითაა განპირობებული და განმტკიცებული. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში აღარ იქნება მოვლენები და მონუმენტური მომენტები: იქნება და მერე როგორი მომენტები იქნება! მაგრამ ისინი, ვისი ფუნქციაც არის მათი მოლოდინი, მომზადება თუ თავიდან აცილება, აუცილებლობის ძალით სულ უფრო და უფრო მეტად ისწავლიან, აღარ ენდონ მათ შედეგებს. საკმარისი აღარ იქნება სურვილისა და ძლიერების ურთიერთშერწყმა ამა თუ იმ აქციის განსახორციელებლად. არაფერი ისე არ დაზარალებულა უკანასკნელი ომის შედეგად, როგორც წინასწარხედვის პრეტენზია. მაგრამ ისტორიული ცოდნა, ვგონებ, ულევი იყო, არა?
დიქტატურისათვის
ყოველი პოლიტიკა, თვით ყველაზე ტლანქი და უხეში პოლიტიკაც კი, შეიცავს ადამიანისა და საზოგადოების გარკვეულ იდეას. შეუძლებელია გავიაზროთ საზოგადოება — მისი განვითარების ხანგრძლივობა, მისი შინაგანი კავშირი, მისი თავდაცვის საშუალებები გარეგან თუ შინაგან მიზეზთა წინააღმდეგ, რომლებიც მის გადაგვარებას ცდილობენ — იმ სახეების, იმ ხატების გარეშე, რომლებსაც ჩვენ მატერიალური სისტემებისა თუ ცოცხალი ორგანიზმებისა და მათ ფუნქციების ცოდნისაგან ვსესხულობთ. ხშირად მეტ-ნაკლებად მეცნიერულ წარმოდგენასა თუ ცნებას მანქანებისა და ორგანიზმების, ამ რთული მთლიანობების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვანიჭებთ ან ვარაუდით მივაწერთ გარკვეულ მიზანს. სახელმწიფოს ეტლსა თუ ხომალდს ადარებენ ხოლმე; ლაპარაკობენ ბერკეტებზე, ძალებზე, გორგოლაჭებზე; ან კიდევ მოქმედებაზე, კოორდინაციაზე, ხელისშემშლელ მიზეზებზე, საშუალებებზე, მატებასა თუ კლებაზე და ამ გზით სურთ გამოხატონ გარკვეული კავშირურთიერთობანი და გარკვეული მოვლენები, რომლებიც ადამიანთა ურიცხვ სიმრავლეზე არიან დამოკიდებულნი.
სახეების ფასი ის არის, რაც არის (მაგრამ როგორ ვიაზროვნოთ ამ საშუალებების გარეშე?). მათ შემოაქვთ წესრიგისა თუ უწესრიგობის, უნაკლო თუ მანკიერი ფუნქციონირების იდეები და, ამრიგად, საშუალებას გვაძლევენ მსჯელობისა თუ კრიტიკის საგნად ვაქციოთ ხან სავარაუდო მექანიზმის სტრუქტურა, ხან პიროვნება თუ პიროვნებები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ან მართავენ მას (აქ შეიძლება შემოგვეპაროს მაცთური ილუზიები პოლიტიკური ძალმოსილების — ხელისუფლების ძლიერების საზღვრებისა და რეალობის შესახებ, ხელისუფლებისა, რომელიც მით უფრო მყარი და მკაფიოდ გამოკვეთილი ჩანს, რაც უფრო მეტადაა დაშორებული ჩვენგან). ხანდახან ისედაც ხდება (და ყველგან ხდება), რომ გარემოებანი შიშს გვინერგავენ ზემოხსენებული მანქანებისა თუ ორგანიზმების არსებობის გამო. კონსტრუქციის მანკიერება, მუშაობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებანი, გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომელთა წინააღმდეგობის უნარიც მათ არ გააჩნიათ, არყევენ მათ წესრიგს და საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს და კეთილდღეობას; ადამიანებისა, რომლებიც მათ ელემენტარულ ნაწილებად გვევლინებიან. ისინი მოწმობენ, რომ ყველაფერი უვარგისი და უმაქნისი ხდება, რომ საფრთხე იზრდება, რომ უმწეობისა და გარდუვალი აღსასრულის შეგრძნება თანდათანობით გვეხვევა თავს და სულ უფრო და უფრო მძაფრდება; ბოლოს, ყველა ისე გრძნობს თავს, როგორც დასაღუპად განწირული ხომალდის მგზავრი.
სწორედ ამ დროს გარდუვალად ყალიბდება სულებში იდეა იმის საპირისპიროსი, რაც არის — დაბნეულობის, არეულ-დარეულობის, საყოველთაო ყოყმანის მაკომპენსირებელი იდეა... ეს საპირისპირო თუ მოპირისპირე აუცილებლად ვიღაცაა. ამ ვიღაცას ყველაში აქვს ფესვი გადგმული. როგორც შიმშილი იწვევს ნუგბარი ხორაგით დაზვინული ხონჩების ხილვას, ხოლო წყურვილი — სანუკვარი სასმელებისას, ასევე კრიზისის, წინასწარსაგრძნობი საფრთხის მტანჯველი მოლოდინი ბადებს იმის მოთხოვნილებას, რომ, ბოლოს და ბოლოს, იხილო ძალაუფლების მოქმედება, ჩასწვდე ამ მოქმედების შედეგთა არსს — და უმრავლესობის სულში აყალიბებს ძლევამოსილი, სწრაფი, გადამჭრელი, ყოველგვარი დაბრკოლებისა თუ პირობითობის, ყოველგვარი პასიური წინააღმდეგობისაგან თავისუფალი ქმედითობის ხატებას. ეს ქმედითობა შეიძლება მიეწერებოდეს ერთსა და მხოლოდ ერთს. მხოლოდ ერთ თავში შეიძლება აღიძრას ცნებების საქმედ ქცევის, უსრულქმნილესი კოორდინაციის წმინდა ხილვა. არის მსჯელობის ფაქტორთა გარკვეული ერთობლიობა და ორმხრივობა, ერთგვარი მძლეთამძლე ძალა იმ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებში, რაც მიუღწეველი და მიუწვდომელია მოთათბირე სიმრავლისათვის. ამრიგად, როცა დიქტატურა მყარდება, როცა ერთადერთი ხელში იღებს ძალაუფლებას, საზოგადოებრივი საქმეების მთელს მსვლელობას კონკრეტული, მიზანსწრაფული ნებელობა განაპირობებს და მართვა-გამგებლობის ყველა აქტი ერთი გარკვეული პიროვნების სტილით აღიბეჭდება, მაშინ როდესაც უსახო და უღიმღამო სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ არაადამიანურ მთლიანობად, სტატიური თუ ტრადიციული წარმომავლობის აბსტრაქტულ ემანაციად წარმოგვიჩნდება, რომელიც ხან რუტინით, ხან უსასრულო ხელის ფათურით მოქმედებს და მიიკვლევს გზას.
მართლაც, რა უჩვეულო ტკბობის წყარო უნდა იყოს (როგორც მომნუსხავი და მომაჯადოებელი სპექტაკლის მაყურებლისათვის) აზრისა და ძალმოსილების ურთიერთშერწყმა, შეგნება იმისა, რომ მთელ ხალხს აიძულებ აღასრულოს ის, რაც განკერძოებით დაისახე მიზნად და რომ ხანდახან მარტოდმარტო და დიდი ხნით ცვლი მთელი ერის ხასიათს, როგორც ეს შესძლო ოდესღაც ყველაზე დიდმა დიქტატორმა — კრომველმა, „ურჩხულმა და საოცრებამ“ პასკალისა და ბოსიუეს თვალში; კრომველმა, რომელმაც გარდაქმნა ინგლისის ენერგიული სული. დიქტატორი, ბოლოს და ბოლოს, მოქმედებათა მთელი სისრულის ერთადერთი მფლობელი ხდება. ის ისრუტავს და ითვისებს ყოველგვარ ფასეულობას, საკუთარ თვალსაზრისამდე დაჰყავს ყველა თვალსაზრისი. სხვა პიროვნებებს ის თავისი აზრის იარაღად აქცევს; აზრისა, რომელიც, მისი წარმოდგენით, ყველაზე სწორ და ყველაზე გამჭრიახ აზრად მიაჩნია ხალხს, რაკიღა ის ყველაზე თამამი და ყველაზე ბედნიერი აზრი აღმოჩნდა საყოველთაო მღელვარებისა და დაბნეულობის დროს. მან დაამხო უმწეო და მიხრწნილი ხელისუფლება, განდევნა უღირსი თუ უუნარო ხალხი და მათთან მიაყოლა კანონები და ჩვეულებები, რომლებიც იწვევდნენ უთავბოლობას, სიზანტეს, უსარგებლო პრობლემებს, ასუსტებდნენ სახელმწიფო ზამბარებს; განდევნილთა შორისაა თავისუფლებაც. ბევრი ადვილად ეგუება ამ დანაკარგს. უნდა ვაღიაროთ, რომ თავისუფლება ყველაზე ძნელი გამოცდაა, რომლის წინაშეც შეიძლება დააყენო ხალხი. თავისუფლებით სარგებლობის უნარი ყველა კაცსა და ყველა ხალხს როდი შესწევს და ალბათ, შეუძლებელი როდი იქნებოდა ამ უნარის მიხედვით დაგვეჯგუფებინა ისინი. მეტიც: თავისუფლება, ჩვენს დროში, არ არის და კაცთა უმრავლესობისათვის არც შეიძლება იყოს სხვა რამე, მოჩვენებითობის გარდა. თავისი არსითა თუ მტკიცებით ყველაზე უფრო ლიბერალურ სახელმწიფოსაც კი არასოდეს ესოდენ ვიწრო ჩარჩოში არ მოუმწყვდევია და განუსაზღვრავს, ყალიბში არ მოუქცევია, ჩხრეკის საგნად არ უქცევია, არ შეუზღუდავს და განაწესების პარაგრაფებად არ ჩამოუწერია კაცთა სიცოცხლე. არსებობის ზოგადი სისტემა არასოდეს ესოდენ სულისშემხუთველად არ დასწოლია ადამიანთა ყოფას და გრაფიკებით, კაცთა გრძნობებზე ზემოქმედების საშუალებებით, იძულებითი სიჩქარით, თავსმოხვეული მიბაძვით, „დიფერენცირების“ ბოროტად გამოყენებით და ა.შ., არასოდეს გარკვეული ორგანიზაციის პროდუქტთა მდგომარეობამდე არ დაუყვანია ისინი; ორგანიზაციისა, რომელიც ცდილობს აბსოლუტურად ერთმანეთს დაამგვანოს ადამიანები, თვით მათი გემოვნებისა თუ გართობის ჩათვლით. ჩვენ ვართ მონები ქმედითობისა, განუწყვეტლივ რომ გვავიწროებს და გვსრესს იმ მარწუხების წყალობით, რომლებსაც ჩვენ თვითონვე ვზრდით, რაკიღა სულ უფრო და უფრო მზარდ ზემოქმედებას ვახდენთ მთელს სასიცოცხლო გარემოზე. სისწრაფის მოყვარული ავიწროებს სისწრაფის მოყვარულს და იგივე ითქმის ტალღების, ზღვის სანაპიროებისა თუ მთების მოყვარეთა მიმართ. თუ ჩვენი ვნებების ურთიერთჭიდილით გამოწვეულ ყველა ამ ძალადობას დავუმატებთ შრომის თანადროული დისციპლინებით თავსმოხვეულ ძალადობათა სიმრავლეს, დავინახავთ, რომ დიქტატურა მხოლოდ აგვირგვინებს იძულებისა და კავშირურთიერთობების სისტემას, რომლის მსხვერპლნიც არიან თანამედროვე ადამიანები პოლიტიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში, თუმცა ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად აქვს გაცნობიერებული თავისი ხვედრი.
ასე თუ ისე, დიქტატორული ხელისუფლება, დამყარებისთანავე, ხალხის ორგანიზაციის მარტივი დაყოფით ამოიწურება: ერთი კაცი თავის თავზე იღებს სულის ყველა უმაღლეს ფუნქციას — ამიერიდან მხოლოდ მას ეკითხება ხალხისა და სახელმწიფოს „კეთილდღეობა“, „წესრიგი“, „მომავალი“, „ძალმოსილება“, „პრესტიჟი“, მოკლედ, ყოველივე ის, რისთვისაც ძალაუფლების ერთობა, ავტორიტეტი, სიმყარე უთუოდ აუცილებელია. ის უფლებას იტოვებს უშუალოდ იმოქმედოს ყველასფეროში და ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ყველა საკითხი. მეორეს მხრივ, ყველა სხვა კაცი, მათი ღირსებისა თუ პირადი კომპეტენტურობის მიუხედავად, ამ ერთპიროვნული ქმედითობის იარაღისა თუ მასალის მდგომარეობამდე დაიყვანება. ეს ადამიანური მასალა, სათანადოდ დიფერენცირებული, „ავტომატიზმის“ ერთობლივ ფუნქციას ახორციელებს.
ამნაირი დაყოფა მით უფრო არამყარია, რამდენადაც ხალხში, რომელსაც თავს ახვევენ დიქტატურას, უფრო მეტია დიქტატორული ბუნების, ესე იგი, გაგების მოსურნე და მოქმედების უნარის მქონე ხალხი. დიქტატურის შენარჩუნება მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს, ვინაიდან დიქტატურას, ყველასათვის აშკარა კრიტიკული სიტუაციის საპირისპირო უმოკლესი და უქმედითესი პასუხის ამ ერთგვარ სახეს, გამუდმებით ემუქრება საფრთხე იმისა, რომ ფუჭი და, გარკვეული თვალსაზრისით, ზედმეტიც კი აღმოჩნდეს იმ მისიის წარმატებით განხორციელების შედეგად, რომელიც მის მიზანს შეადგენს. ზოგიერთი დიქტატორი დროულად ახერხებს ძალაუფლებაზე უარის თქმას. ზოგი ცდილობს შეძლებისდაგვარად შეარბილოს თავისი ძალაუფლების სიმკაცრე და უფრო ზომიერ რეჟიმზე გადავიდეს — ეს ძალზე დელიკატური ოპერაცია გახლავთ. ზოგი, პირიქით, არავითარ საშუალებას არ ერიდება თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად. უშუალოდ იძულებითი ღონისძიებებისა და მუდმივი მეთვალყურეობის გარდა, ისინი პოულობენ საკმაოდ ქმედით საშუალებებს ახალგაზრდობის დრესირებისა და იმ ზარ-ზეიმის სახით, რითაც თვალს სჭრიან და თავს აწონებენ ხალხს ყოველი ახალი წარმატებისა თუ სისტემის ყველა თვალსაჩინო უპირატესობის გამო. ამ საქმეს ალევენ ისინი მთელს თავიანთ ნიჭს და ენერგიას, რომლის წყალობითაც შესძლეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მაგრამ ამნაირი პოლიტიკა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს ან მხოლოდ ძალზე შორეულ მომავალში გვპირდებოდეს ნაყოფის გამოღებას. მაშინ იწყება ოცნება იმაზე, თუ როგორ დაუბრუნდნენ საწყის პირობებს და როგორ მოახდინონ საყოველთაო სურვილისა და თვით იმ საფრთხის ორგანიზება, რომელთა წყალობითაც შეიქმნა დიქტატურა. ამ მომენტში შეიძლება ძალზე მაცთური აღმოჩნდეს ომის ხატება.
ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმე წელიწადში შვიდი (დიახ, თუ არ ვცდები, შვიდი) მონარქია დაემხო და თითქმის ამდენივე დიქტატურა დამყარდა, ხოლო ბევრ ქვეყანაში, სადაც რეჟიმი არ შეცვლილა, ეს რეჟიმიც საგრძნობლად შეირყა და შეტორტმანდა როგორც ფაქტებით, ისე ათასგვარი მოსაზრებებითა და შედარებებით, რასაც მეზობელ ქვეყნებში მომხდარი ცვლილებები იწვევდა ადამიანთა სულში. უნდა აღინიშნოს, რომ დიქტატურა ამჟამად ისევე გადამდებია, როგორც თავისუფლება იყო ოდესღაც.
თანადროული სამყარო, რომელმაც დღემდე ვერ შესძლო ახალი ორგანიზმისა და ახლადშექმნილი ორგანოებისათვის მიესადაგებინა თავისი სული, თავისი მეხსიერება, თავისი სოციალური ჩვეულებები ანდა თავისი პოლიტიკური თუ სამართლებრივი ხელშეკრულებები, გამუდმებით იხლართება კონტრასტებსა და წინააღმდეგობებში, ყოველწლიურად რომ იჩენენ თავს როგორც ისტორიული ხასიათის კონცეფციებსა თუ იდეალებს შორის (რომლებიც შეადგენენ მის ინტელექტუალურ მონაპოვარსა და მის ემოციურ ძალმოსილებას), ისე პოზიტიური და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნილებებს, კავშირურთიერთობებს, პირობითობებსა და სწრაფ ცვალებადობებს შორისაც, რომლებიც ყველასფეროში ერთბაშად ავლენენ მის უმწეობას და გამოუსადეგარს ხდიან მის ძველისძველ გამოცდილებას.
ეძებენ ეკონომიას, პოლიტიკას, მორალს, ესთეტიკას, ასე განსაჯეთ — თვით რელიგიას და, შესაძლოა, თვით... ლოგიკასაც. რა გასაკვირია, რომ ამ უთავბოლო ხელის ფათურში, ამ ძიებებში, რომლებიც მხოლოდ იწყებენ რაღაცას და რომელთა წარმატების ან დასასრულის წინასწარგანჭვრეტა სრულიად შეუძლებელია, „ინტელექტუალური ტირანის“ სახელგანთქმული ხატება არა მარტო თვალწინ გვიტრიალებს, არამედ თავსაც გვეხვევა ხოლმე აქა-იქ.